ნათლობა

უწმინდესი და უნეტარესი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

"არ უნდა შეგვეშინდეს საკუთარი ცოდვების მონანიებისა"
ედუარდ შევარდნაძე
"საქართველოს რესპუბლიკა", N3, 1994

მიმაჩნია, რომ ედუარდ-გიორგი შევარდნაძის ცხოვრებაში ნათლობა არ ყოფილა მოულოდნელი მოვლენა. იგი დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა ამისათვის და გადაწყვეტილება უცებ, ერთ დღეში არ მიუღია. სამთავროს დედები იხსენებენ, მცხეთაში მუშაობის დროს როგორ ადიოდა ხოლმე იგი მონასტერში და ყოველნაირად ეხმარებოდა მათ.
ბატონი ედუარდი სულ ამბობდა: მე მინდა ეს იყოს გაცნობიერებული, შეგნებული, გულწრფელი, ღვთის რწმენით ნაკარნახევი ნაბიჯიო.
ვფიქრობ, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნამ ბატონი ედუარდის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. ეს იყო მეტად დიდი და მძიმე მოვალეობა. ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფი პირები ხშირად ვარდებიან ისეთ სიტუაციაში, როდესაც გრძნობენ, რომ ღვთის გარდა სხვა შემწე არავინ ჰყავთ. რუსეთიდან ბატონი ედუარდი უკვე აშკარად, დაუფარავად მორწმუნე დაბრუნდა. საქართველოში ჩამოსული პირველად სიონის ტაძარში მოვიდა. ამის თაობაზე წინასწარ არც შევთანხმებულვართ. ეს მისი სურვილი იყო.

... ნათლობით ბატონი ედუარდის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა. მინდა ერთი ფაქტი გამოვყო მისი ბოლოდროინდელი მოღვაწეობიდან. საბერძნეთში სტუმრად ყოფნისას იგი ეწვია ათონის მთას და მოილოცა ეს ცნობილი სავანე. იგი იმ იშვიათ ხელისუფალთაგანია, ვისაც მოუწია ამ წმიდა მიწაზე ფეხის დადგმა და ათონის დიდებულ სიწმინდესთან მიახლება. შემთხვევით კი ამქვეყნად არაფერი ხდება.
... რა აძლევს ძალას და უფლებას ადამიანს, რომ მსოფლიო მნიშვნელობის საქმეს შეეჭიდოს? ახლო წარსულში ასე ამბობდნენ: ისტორია წარმოშობს დიდ პიროვნებებსო.
მე კი ბიბლიის ჭეშმარიტებას გავიხსენებ. უფალი ბრძანებს: "მე ვარ გონიერება, ჩემია ძალა; ჩემით მეფობენ მეფენი და ჩემით აწესებენ სამართალს მთავარნი; ჩემით მთავრობენ მთავარნი და დიდებულნი - ქვეყნის ყველა მსაჯულნი" (იგავნი 8, 14-16).
არიან ადამიანები, რომელთაც ღვთისგან ერთი ნიჭი აქვთ მიცემული, სხვებს - ორი, ზოგს - მრავალი.
დიდია განგება ღვთისა და საკვირველ არიან საქმენი მისნი. ბატონი ედუარდ-გიორგის ცხოვრება ამ სიტყვების ნათელი დადასტურებაა. მას დიდი მისია ერგო წილად და ძალიან დიდ განსაცდელსაც გაუძლო, მაგრამ ვინც მისცა ეს მძიმე და ფრიად საპატიო ჯვარი, იგივე შეეწევა კიდეც მის ტვირთვაში. მთავარია, არ გაწყდეს კავშირი პიროვნებასა და უფალს შორის, ანუ ადამიანური ნება არ დაუპირისპირდეს ღვთისას. გაღებული ღვაწლი მაშინ იქნება სათნო ღვთისთვისაც და ხალხისთვისაც.

... დღეს ხელისუფლების სათავეში ყოფნა მეტად ძნელია. მაოცებს ბატონი ედუარდის მოთმინების უნარი და შემოქმედებითი ენერგია. ცხოვრება, როდესაც მას მოსახლეობის თვალით უყურებ, სხვანაირად აღიქმება. ხელისუფლის პოზიციიდან კი განსხვავებულად ჩანს. ხალხი ვერასოდეს გაიგებს, და ეს ბუნებრივიცაა, რამდენი ფიქრი და ტკივილი ახლავს თითოეულ ნაბიჯს, რის დათმობაა საჭირო, ან რას რა უპირატესობა აქვს. დღეს ხომ უკვე მსოფლიო მასშტაბითაა ბევრი რამ გასათვალისწინებელი, რათა პატარა საქართველომ აღიდგინოს თავისი მთლიანობა - სულიერიც, ტერიტორიულიც, ზნეობრივიც; დაუმტკიცოს ყველას, რომ ღირსია თავისუფლებისა და მისი ხვალინდელი დღე მშვიდობიანი და ნათელი უნდა იყოს!
მაგრამ, ვიმეორებ, მთავარია სინერგია - კავშირი პიროვნებასა და ღვთის ნებას შორის, რომ არჩევანი სწორი იყოს. ასეთი ადამიანი კი ყოველთვის გაიმარჯვებს!
ასეთად მიმიჩნევია ბატონი ედუარდ შევარდნაძეც.