ყველა მიხვდება თქვენს მისიას?

ჩინგიზ აითმათოვი

...თქვენს სავალ გზებზე ისტორია ურთიერთგამომრიცხავია. ჩვენი ცხოვრება ორ კონტრეპოქაზე გადის და ორივე - უპრეცედენტო მოვლენების ქმედებათა კონტექსტში.
უდიდესი როლი შეასრულა თქვენმა პიროვნებამ, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო მოღვაწის ინტელექტს, მე-20 საუკუნის ჰუმანურ იდეებს, ეროვნულ იდეალებს და საკაცობრიო ღირებულებებს.
რაც დრო გადის, მით უფრო მეტ სირთულეს აწყდებით, მაგრამ იმავდროულად სულ მეტი ნათელი გადგებათ საზოგადოებისა და თქვენი მშობლიური ერის საკეთილდღეოდ. მაგრამ ყველა გაიგებს, ყველა მიხვდება თქვენს მისიას? - რას იზამ, ასეთები არიან ადამიანები, ასეთია საზოგადოების არსი, ასეთია ლიდერის ხვედრი.

მაშინ... პატრონად აქ მის ნახვას არავინ ელოდა

ვლადიმერ ლომეიკო
იუნესკოს გენერალური დირექტორის
საგანგებო მრჩეველი

1985 წლის 2 ივლისს ედუარდ შევარდნაძის პირველ კაცად გამოჩენა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტში მოულოდნელი იყო როგორც ჩვენთვის, სმოლენსკის მოედანზე მაღლივი შენობის "ბინადართათვის", ისე მთელი მსოფლიოს დიპლომატიური კორპუსისათვის. მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, დამოუკიდებელ პატრონად აქ მის ნახვას არც ის ელოდა, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მიხეილ გორბაჩოვსაც, რომელიც ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ შეცდომებს არ უშვებდა, როგორც ჩანს, თავის თავთან განმარტოებულსაც კი ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთადერთი და სრულუფლებიანი გამგებელი თავად შეიქნებოდა. მისი ვარაუდი ის იყო, რომ გრომიკო, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ყველას თრგუნავდა თავისი ავტორიტეტით, შეეცვალა საერთაშორისო საქმეებში ახალბედა შევარდნაძით და, ამდენად, თვითონ შეესრულებინა საგარეო პოლიტიკური უწყების ფაქტობრივი ხელმძღვანელის როლი. და, თუმცა, პარტიის გენერალური მდივნის უფლებამოსილებანი მართლაც შეუზღუდავი იყო, გორბაჩოვმა სწორად ვერ გათვალა თავისი გეგმა: სამინისტროს მეშვიდე სართულის 706-ე კაბინეტში დაჯდა ამ სახლისა და საქმის ნამდვილი პატრონი.
"ხანდახან ხდება, რომ როცა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდები, თითქოს რაღაც ძალა ხელს წაგკრავს და მდგომარეობიდან გამოჰყავხარ; ამ დროს ვფიქრობ, რომ ზეადამიანური ძალა გეხმარება".

ედუარდ შევარდნაძე
"დრონი", N37, 1993

კარგად მახსოვს, როგორ მოგვნუსხა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან პირველ შეხვედრაზე შევარდნაძის ნათქვამმა სიტყვებმა, სწრაფად რომ გავრცელდა ყველა კაბინეტში: "მე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, მით უფრო, რომ მუშაობა განსაკუთრებით გამიჭირდება ანდრია ანდრიას ძე გრომიკოს ავტორიტეტისა და მემკვიდრეობის ფონზე. რა ვარ მე მასთან, მსოფლიო პოლიტიკის კრეისერთან შედარებით? მხოლოდ ნავი... ოღონდ, მოტორიანი".
... თავის მოადგილეებთან პირველი შეხვედრებით დაწყებული და საგარეო საქმეთა სამინისტროს განყოფილებათა და ქვეგანყოფილებათა ხელმძღვანელების გაცნობით დამთავრებული, საუბრების დროს შევარდნაძე აღწევდა ერთი შეხედვით შეუმჩნეველ, მაგრამ თავისთვის და მთელი სამინისტროს შემდგომი მუშაობისათვის ფრიად მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ გამარჯვებებს, რათა დაემკვიდრებინა პიროვნული, ადამიანური, შემდეგ კი უკვე პროფესიონალის ავტორიტეტი.
... და მაინც, რამ გამაოცა და რა დამამახსოვრდა შევარდნაძესთან შეხვედრების შემდეგ?
იმან, თუ როგორ ისმენდა და ყურად იღებდა სხვის აზრს და არასოდეს ჩქარობდა, წინასწარ გამოეთქვა საკუთარი აზრი. ეს ეხებოდა "თავისიანებსაც" და უცხოელებსაც. ბევრჯერ დავსწრებივარ მის საუბრებს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებთან, საგარეო საქმეთა მინისტრებთან, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეებთან და მივხვდი, თუ რამდენად მიმზიდველი იყო ეს სტილი, რომელიც ქმნიდა პატივისცემისა და ნდობის ატმოსფეროს. ეს უბრალო მანერა არ იყო. ამის მიღმა იმალებოდა აზრთა და გრძნობათა დაძაბული შინაგანი მუშაობა, გულწრფელი ინტერესი თანამოსაუბრისადმი, რომელზეც ბევრი იყო დამოკიდებული. ბოლოს, ამაში იგრძნობოდა ძვალსა და რბილში გამჯდარი ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციები, როგორც ყურადღების გამოვლინება და პატივისცემა სტუმრისა და თანამოსაუბრისადმი. ადამიანური ურთიერთობის კულტურა - ყოველივე ის, რასაც ფესვები მისივე ერის ცივილიზაციაში ჰქონდა გადგმული.
... მახსოვს, თბილისში, 1995 წლის ივლისში, საერთაშორისო ფორუმის - "კულტურათა დიალოგი სოლიდარობისთვის, აგრესიულობისა და შეურიგებლობის წინააღმდეგ" - მონაწილენი როგორ გააოცა იმან, რომ შევარდნაძემ, რომელმაც გახსნაზე სიტყვა წარმოთქვა, არ დატოვა ფორუმი, როგორც ამას სხვა ხელმძღვანელები აკეთებდნენ; მთელი სამი დღე ჩვენთან და ფედერიკო მაიორთან ერთად იყო, უსმენდა გამომსვლელებს, ესაუბრებოდა მათ. ფორუმის დახურვის დღესაც, დასკვნით მიტინგზე იგი ყველასთან ერთად იდგა ღია ბორცვზე და მას შორიდანაც ყველა ხედავდა.
ეს არ ყოფილა ყოყოჩობა. ეს იყო პატივისცემის გამოხატულება სტუმრების მიმართ და იგი, როგორც მასპინძელი და როგორც ვაჟკაცი, რისკის ფასად, თავის მოვალეობად მიიჩნევდა, ყოფილიყო იმათთან, ვინც შინ, საქართველოში მოიწვია. ასეთი დარჩა ჩემს მეხსიერებაში ედუარდ შევარდნაძე. ამასვე მოწმობდა თბილისის შეხვედრის მონაწილეთა სოლიდარობის სატელეფონო ზარები და დეპეშები იუნესკოს შტაბბინაში, როდესაც აგვისტოს დამლევს, ფორუმიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა შევარდნაძეზე თავდასხმა...
და სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ესპანელი ფედერიკო მაიორი, რომელმაც თავისი ქვეყნის გამოცდილებით კარგად იცოდა, თუ რა არის ასეთი ძალმომრეობა, იუნესკოში გამოსვლისას აღელვებული ლაპარაკობდა თბილისის ფორუმზე, ერთიანობისა და სოლიდარობის ატმოსფეროსა, შევარდნაძისა და მისი თანამებრძოლების ვაჟკაცობისა და ღირსებისადმი მისი პატივისცემის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი
ბილ კლინტონი:

"თქვენი მრავალი მეგობარი მთელ მსოფლიოში უნდა დაფიქრდეს წვლილზე, რომელიც თქვენ პლანეტაზე მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებაში შეიტანეთ. ასევე იმაზე, თუ რაოდენ გადამწყვეტია თქვენი ხელმძღვანელობა საქართველოში მაშინ, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა მტკიცდება, კეთილდღეობა მატულობს და რეფორმები ეკონომიკისა და დემოკრატიის მშენებლობის დარგში სწრაფად ვითარდება. ეს მართლაც ისტორიული მიღწევებია, რომლებიც შთააგონებენ მათ, ვინც თქვენში ეძებს მაგალითს."

საფრანგეთის პრეზიდენტი
ჟაკ შირაკი:

"საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ ედუარდ შევარდნაძეს, რომელთანაც ხშირი კონტაქტი მაქვს. ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მოვლენების მისეული ხედვა და ჰუმანიზმი. არ მიკვირს, რომ ის, როგორც ხელმძღვანელი, თავის ქვეყანას აძლევს განმსაზღვრელ იმპულსს, კარს უღებს საქართველოს, რათა იგი რაც შეიძლება წელგამართული შევიდეს მესამე ათასწლეულში."

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
სულეიმან დემირელი:

"ისტორიაში არსებობს ისეთი გადამწყვეტი მომენტები, როცა ერთადერთი პოლიტიკოსი, ლიდერი, სახელმწიფო მოღვაწე განგების მიერ მოწოდებულია, გარდატეხა მოახდინოს მოვლენათა მსვლელობაში.
... ნებისმიერი მოვლენის ისტორია ყოველთვის პიროვნების ისტორიაა. სწორედ ასეთი ლიდერია ედუარდ შევარდნაძე. ისტორიის კრიტიკულ მომენტში, როცა "ცივი ომის" საშიშროება რეალური გახდა, მან დიდი გონიერებითა და გამჭრიახობით დაიწყო მოქმედება საერთაშორისო არენაზე, რათა ისტორიის მსვლელობა შეეცვალა.
უდავოა, რომ იგი იყო ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომლის წყალობითაც მოხერხდა ისტორიის ამ თავის დახურვა და ახლის გახსნა.
ედუარდ შევარდნაძის სიმამაცემ და შორსმჭვრეტელურმა მოღვაწეობამ არამარტო ხელი შეუწყო მისი ქვეყნის გათავისუფლებას, არამედ უკეთესი მომავლის იმედით აღავსო მილიონობით ადამიანი. მისი გამჭრიახობისა და გმირული პოზიციის წყალობით იმედმა შიში დათრგუნა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ შევარდნაძის გონივრული ხელმძღვანელობით საერთაშორისო თანამეგობრობაში კუთვნილი ადგილი დაიკავა. და მართლაც, დღესდღეობით საქართველო კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის ფაქტორია.
... ედუარდ შევარდნაძემ გადამწყვეტი როლი შეასრულა ისეთი მომავლის შექმნაში, სადაც მშვიდობა, თავისუფლება, იმედი და აყვავება, ბოლოს და ბოლოს ხანგრძლივი რეალობა გახდება. მაშასადამე, მსოფლიო ყოველთვის ედუარდ შევარდნაძის მადლიერი იქნება მისი ასეთი ძალისხმევისათვის."

"ჩვენ, გერმანელებს, შეგვიძლია ედუარდ შევარდნაძეს მადლობა იმით გადავუხადოთ, რომ მის საქართველოს დავეხმაროთ"

გასული წლის ოქტომბერში, ბერლინის საკათედრო ტაძარში, ედუარდ შევარდნაძეს ლუდვიგ ვიუნშეს პრემია გადაეცა.
ლუდვიგ ვიუნშეს ფონდის უმაღლესი ორგანოს - კურატორიუმის პრეზიდენტის, პროფესორ იუსტუს ფრანცის თქმით, ლუდვიგ ვიუნშე იმ თაობის სიმბოლოა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის აღმშენებლობა ნულიდან დაიწყო.
იქვე, ბერლინის საკათედრო ტაძარში სიტყვა წარმოთქვა
ჰანს დიტრიხ გენშერმა.

"დღეს ლუდვიგ ვიუნშეს სახელობის პრემიით ჰამბურგის ლუდვიგ ვიუნშეს ფონდი აჯილდოებს გამორჩეულ პიროვნებას. ედუარდ შევარდნაძე ახალი ევროპის ერთ-ერთი არქიტექტორთაგანია, ევროპისა, რომელიც ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებს. იგი იმ პიროვნებებს განეკუთვნება, რომლებმაც შორსმჭვრეტელობით, გამბედაობითა და დაჯერებულობით დაანგრიეს კედელი - ევროპასა და ბერლინს რომ ჰყოფდა. ედუარდ შევარდნაძისათვის ამ პრემიის სწორედ აქ გადაცემა იმ ადამიანისათვის პატივის მიგებაა, ურომლისოდაც გაერთიანებული ბერლინი, გაერთიანებული გერმანია და განუყოფელი ევროპა არ იარსებებდა. ფონდი ამ პრემიის მინიჭებით პატივს მიაგებს ევროპულ სახელმწიფო მოღვაწეს, საქართველოს პატრიოტს, გამბედავ და შორსმჭვრეტელ მოღვაწეს - ედუარდ შევარდნაძეს. იგი პატივს მიაგებს ადამიანის უფლებების, ღირსებისა და თავისუფლებისათვის მებრძოლს, პატივს მიაგებს ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ევროპაში ახლა მბრძანებლობს კანონი და არა ძალის კანონი. ის, რომ ევროპაში ახლა თანაცხოვრების ახალი კულტურაა შესაძლებელი, ხალხთა ძმობასა და თანასწორობას რომ ეფუძნება, ამ კაცის დამსახურებაც გახლავთ.
დღეს პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც ჩვენ, გერმანელებმა, ძალიან ბევრი რამის გამო უნდა ვუთხრათ მადლობა. მის ავტობიოგრაფიულ წიგნს "მომავალი თავისუფლებას ეკუთვნის" ედუარდ შევარდნაძე ასეთი სიტყვებით იწყებს: "მოვლენის ისტორიის მიღმა ყოველთვის ადამიანის ისტორია დგას". ეს, რა თქმა უნდა, ედუარდ შევარდნაძეზე ითქმის. ედუარდ შევარდნაძის ხასიათს კვალი დაამჩნია მისმა საოცრად ლაღმა სამშობლომ, ქართულმა სოფელმა მამათმა. ეს არის კაცი, რომელიც მშობლიურ ფესვებს არასოდეს მოწყვეტია. ვისაც უნახავს, თუ როგორ საუბრობს იგი თავისი სამშობლოს შესახებ, გაბრწყინებული თვალებითა და ნოსტალგიის გრძნობით, მიხვდება, თუ რაოდენ ღრმაა ეს ფესვები. ის, რომ მისთვის სამშობლოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კარგად ვიგრძენი, როდესაც მასთან ერთად მოვინახულე ჩემი მშობლიური ქალაქი ჰალე.
... ჩვენ ერთმანეთს მოსკოვში, მის ბინაშიც შევხვდით ისე, როგორც ხშირად შევხვედრივართ მისი მინისტრობის ჟამს და ისე, როგორც მე მას ბონში, ჩემს სახლში ვმასპინძლობდი ხოლმე. ვიგრძენი, რომ მას თავისი სამშობლოს - საქართველოს ბედი ადარდებდა. მკითხა, ჩემს ადგილას რას იზამდიო. მაშინ საქართველოში დაბრუნებას სთხოვდნენ. მე ვუთხარი: "მე ამ თხოვნას შევასრულებდი-მეთქი და ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილი გაქვთ, იმიტომ, რომ თქვენს სამშობლოში სტუმრობისას გავიგე, თუ რას ნიშნავს თქვენთვის თქვენი სამშობლო, ისევე, როგორც თქვენ გაიგეთ, თუ რას ნიშნავდა ჩემთვის ჩემი სამშობლო, რომელიც თქვენ დამიბრუნეთ". ასე წავიდა ის საქართველოში მაშინ, როდესაც ქვეყანა თითქმის უპერსპექტივო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იგი ამ თხოვნაზე დათანხმდა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა, გაართმევდა თუ არა თავს ამ გარემოებებსა და პრობლემებს.
... დღევანდელი ჯილდო სახელმწიფო მოღვაწე ედუარდ შევარდნაძის ღვაწლის აღიარება გახლავთ. ეს გახლავთ ამ დიდი ადამიანის მიმართ გერმანელთა მადლიერების გამოხატულება. მაგრამ ჩვენი ვალი გაცილებით უფრო დიდია. თუკი ჩვენ გვსურს, პატივი მივაგოთ იმას, რაც ამ სახელმწიფო მოღვაწემ ევროპისათვის გააკეთა, მაშინ ჩვენ, გერმანიამ, ევროპის შუაგულში უნდა ვიკისროთ ევროპაში ჯერ კიდევ დარჩენილ დაპირისპირებათა აღმოფხვრის პასუხისმგებლობა.
ჩვენ, გერმანელებს, შეგვიძლია ედუარდ შევარდნაძეს მადლობა იმით გადავუხადოთ, რომ მის საქართველოს დავეხმაროთ, რომელიც ახლა დემოკრატიზაციისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის რთულ გზაზე დგას.
ჩვენ გვსურს, ქვეყანას, რომელიც ასე მჭიდროდ არის დაკავშირებული გერმანიასთან, აქვს მასთან მრავალი კულტურული და ისტორიული კონტაქტი, იმ ევროპისაკენ გავუკვალოთ გზა, რომლის ნაწილადაც ის ყოველთვის აღიქმებოდა. ამიტომაც ლუდვიგ ვიუნშეს პრემიით დაჯილდოება არამარტო პატივის მიგებაა ევროპული სახელმწიფო მოღვაწის ედუარდ შევარდნაძისათვის, არამედ ამ დიდი ქართველის მიმართ ჩვენი მადლიერების გამოხატულებაცაა.
დღეს მე ვულოცავ კაცს, რომლის მეგობრობითაც ვამაყობ. ამ ჯილდოს მიღებას ვულოცავ ევროპელ შევარდნაძეს და სახელმწიფო მოღვაწე შევარდნაძეს.
ვულოცავ კაცს, რომლისთვისაც ადამიანობა ამდენს ნიშნავს და ის ახალი ევროპა, რომლის შექმნისთვისაც ედუარდ შევარდნაძემ ამდენი გააკეთა, სწორედ ასევე ადამიანური უნდა იყოს".

აზერბაიჯანის პრეზიდენტი
ჰეიდარ ალიევი:

"მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ჩვენს სახელმწიფოებს, მთავრობებს შორის ხელმოწერილ დოკუმენტებს, რომლებმაც განსაზღვრა ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიული ხასიათი, დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისათვის ამიერკავკასიასა და მთელ კავკასიაში. საქართველო და აზერბაიჯანი ყველაზე დიდი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია კავკასიაში, მათ აქვთ განსაკუთრებით გამორჩეული და ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. მოხარული ვარ, რომ ედუარდ შევარდნაძე სწორად აფასებს ჩვენი რესპუბლიკების შესაძლებლობებს და ჩვენს თანამშრომლობას მეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთელი კავკასიისათვის.
ედუარდ შევარდნაძე - დიდი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე - ამავე დროს ძალიან უბრალო, გულითადი ადამიანია. მიხარია, რომ მეგობრულმა ურთიერთობებმა ჩვენ შორის, რასაც ხანგრძლივი ისტორია აქვს, დღეს თვისებრივად ახალი ხასიათი შეიძინა, რაც ხელს გვიწყობს და გვეხმარება საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში.
ვაფასებ ედუარდ შევარდნაძის დიდ შრომისუნარიანობას, თავისი ხალხისთვის თავდადებას. ეს საშუალებას მაძლევს, გამოვთქვა მტკიცე რწმენა, რომ იგი კიდევ უფრო მეტს გააკეთებს საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და განვითარებისათვის."

რუსეთის ექს-პრეზიდენტი
ბორის ელცინი:

"ედუარდ შევარდნაძეს აქვს გასაოცარი უნარი, გაიძულოს, პატივი სცე მას."

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა სტრასბურგში, ევროპის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე

ქალბატონებო და ბატონებო!
გამოგიტყდებით, მსოფლიოს ტრიბუნებსა და აუდიტორიებს შეჩვეული არცთუ ახალგაზრდა კაცი, მღელვარებას ვერ ვფარავ. აუწერელია იმ სიხარულისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელსაც ახლა განვიცდი. ვლაპარაკობ რა არა მარტო ჩემს თანამედროვეთა და თანამოქალაქეთა სახელით, ასე მგონია, აქ - ევროპის ცენტრში, თავს დაგვტრიალებენ ჩვენი დიდი წინაპრების სულები და მე მათი სახელითაც გამოვდივარ თქვენს წინაშე. დღეს აღსრულდა ყველა დროის, ყველა თაობის ქართველთა ოცნება - საქართველო დიდი ევროპის ბინადარი გახდა. მადლობა შენ, უფალო, საუკუნეთა და ათასწლეულთა ოცნება რომ აუხდინე ჩემს ხალხს.
მე წარმოვადგენ ერს, რომლის მრავალი თაობა ათასწლეულთა და საუკუნეთა განმავლობაში ოცნებობდა ევროპულ ცივილიზაციასთან ერთობაზე. ქართული კულტურა, ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, ღირებულებათა სისტემა, შუა საუკუნეების სოციალური წყობაც კი ევროპული იყო თავისი არსით. თუმცა, არც აზიური აზროვნების მწვერვალები იყო მიუწვდომელი ჩემი ერისათვის. ჩემი დიდი წინაპარი, ქართველი განმანათლებელი და დიპლომატი, სულხან-საბა ორბელიანი აქ, საფრანგეთში, ამ შესანიშნავი ქვეყნის დედაქალაქში, მეფე-მზე ლუი მეთოთხმეტეს ბრწყინვალე კარზე დიდი ყურადღებით, პატივითა და ზარ-ზეიმით მიიღეს. მაშინ საფრანგეთმა და მისი სახით ევროპამ ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო. მაგრამ, ვაი რომ, საქართველო მაშინ ცოტა შორს იყო ევროპისაგან, ისევე როგორც ევროპა - საქართველოსაგან.
"დროს საოცარი თვისება აქვს - განვლილ მოვლენებს იგი ახალი სხივით აცისკროვნებს, გვიჩვენებს მათ სიდიადეს, მკაფიოდ წარმოგვისახავს წარსული წლების საქმეებს და შეუცდომელ შეფასებას აძლევს მათ".

ედუარდ შევარდნაძე
"საქართველოს კომუნისტი", N7, 1975

თქვენ მოგმართავთ, ჩემო მრავალტანჯულო სამშობლოს შვილებო! ბედნიერნი ვართ, რომ საქართველოს ხანგრძლივი და გმირული ისტორიის მესამე ათასწლეულის მიწურულს სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად, ეტვირთა აწ უკვე აღსრულებული აზრის სიმძიმე. ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანება იმავდროულად ხომ უდიდესი პასუხისმგებლობაც არის.
ჩვენი მრავალჭირგამოვლილი სამშობლოსათვის ევროპული ოჯახის წევრობა გულისხმობს როგორც ადამიანის უფლებებისა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვას, ასევე საკუთარ სახელმწიფოში სუვერენული ძალმოსილებისა და რეალური დამოუკიდებლობის ყოველდღიურ დადასტურებას, ვინაიდან ევროპული თანამეგობრობა თავისუფალ ერთა კავშირია.
რამდენიმე წუთში საქართველოს დროშა აღიმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შენობასთან. ჩვენი სახელმწიფო დროშა ქართველი ერის გმირული ისტორიის ანარეკლია.
მინდა ყველამ, ვინც ამ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობს, ნათლად გააცნობიეროს, რომ ეს არის ტრიუმფი, დაგვირგვინება, გამარჯვებით დასრულება იმ მრავალსაუკუნოვანი ბრძოლისა, რომელსაც მცირერიცხოვანი, მაგრამ მაღალი კულტურის მქონე ერი აწარმოებდა ენის, მამულისა და სარწმუნოების გადასარჩენად.
საქართველო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ევროპული ცივილიზაციის განაპირა გოდოლი, მისი პირველი და უკანასკნელი ციხესიმაგრე გახდა. ეს დროშა, სიმბოლურად რომ ვთქვათ, არასდროს დაშვებულა. იგი კვლავაც ფრიალებს, ვითარცა ნიშანი ბედნიერებისა და თავისუფლებისაკენ ერის მარადიული სწრაფვისა.
ჩემი ქვეყნის სახელით დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც შენიშნა და აღიარა საქართველოს კეთილშობილური, გულწრფელი სწრაფვა და ყველაფერი იღონა ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად.
გმადლობთ.

27 აპრილი, 1999