ახალი ათასწლეული...
ახალი თაობის ტექნოლოგიები კავშირგაბმულობაში

პირველი მობილური ტელეფონის გამოჩენიდან მხოლოდ ორი ათეული წელი გავიდა, მობილურ კავშირგაბმულობაში კი უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველი თაობის სისტემები ანალოგურ ფიჭურ პრინციპზე იყო აგებული და მხოლოდ საუბრის გადასაცემად გამოიყენებოდა. მეორე თაობის მობილურმა სისტემებმა (რომელსაც GSM სტანდარტიც მიეკუთვნება) გააუმჯობესა გადაცემის ხარისხი, სიგნალის დაცულობა და უზრუნველყო მონაცემთა მცირე სიჩქარით გადაცემა, ხოლო GSM სისტემებისთვის - ქვეყნებსა და კონტინენტებს შორის ავტომატური როუმინგის მომსახურება.
მეორე თაობის ციფრული მობილური ტელეფონების დამკვიდრების შემდეგ დაიწყო მზადება შემდგომი თაობის მობილური კავშირგაბმულობის სტანდარტების ჩამოყალიბებისათვის. ამ მიზნით, საერთაშორისო კავშირგაბმულობის გაერთიანება
ITU-მა (International Telecomunication Union) 1985 წელს დააარსა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც 1996 წლიდან IMT-2000 ეწოდა. ამ სახელწოდებაში "2000" მიანიშნებდა როგორც ახალი ათასწლეულის ტექნოლოგიას, ასევე ამ ტექნოლოგიისათვის გამოყოფილ ახალ სიხშირულ დიაპაზონს - 2 გიგაჰერცს.
მესამე თაობის (3G) ტექნოლოგია უზრუნველყოფს ხმისა და გამოსახულების დიდი სიჩქარით გადაცემას (ეს სიჩქარე სავარაუდოდ 2 Mbps იქნება, ამჟამად არსებული 9.6 Kbps ნაცვლად), მულტიმედიასა და ინტერნეტის მომსახურებას, მონაცემთა გაცვლას მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერ-ინტერნეტს შორის.
3G ტექნოლოგია მეორე თაობის ქსელების მომსახურების ხარისხსაც გააუმჯობესებს, რაც ახალი ტიპის მომსახურების დამატებით მოხერხდება.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, პირველ ეტაპზე იარსებებს საერთო სტანდარტი - მესამე თაობის ტექნოლოგიის აპარატებისთვის. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა საერთო სისტემის შექმნა ყველა კონტინენტზე მომუშავე ოპერატორებისთვის. არსებული ინფორმაციით, 3G ტექნოლოგიას, სულ ცოტა, სამი სტანდარტი ექნება და პირველი 3 ტერმინალები მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე იმუშავებს.
ევროპული ქვეყნების არჩევანით, GSM სტანდარტიდან მესამე თაობის ტექნოლოგიაზე გადასვლას უზრუნველყოფს W-CDMA (WideBand Code Division Multiple Access) ინტერფეისი, რომელიც შვედურმა კომპანია Ericsson-მა დაამუშავა. W-CDMA-ის მთავარი კონკურენტი კი Qualcomm-ის cdma2000 ტექნოლოგია გახდება, რომელზეც სავარაუდოდ გადავლენ იაპონიის ის კომპანიები, რომლებიც ამჟამად cdmaOne ტექნოლოგიაზე მუშაობენ. გამონაკლისი იქნება იაპონური DoCoMo, რომელიც სისტემის განვითარებას W-CDMA-ს დაუკავშირებს. რაც შეეხება TDMA (Time Division Multiple Access) ტექნოლოგიაზე მომუშავე (ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკის ოპერატორებს), 3G სტანდარტი მათთვის UMC-136 სახელით არის ცნობილი.
მესამე თაობის სტანდარტის სპეციფიკაციები კვლავაც დამუშავების პროცესშია, ევროპის ტელეკომუნიკაციის სტანდარტების ინსტიტუტი UMTS (Universal Mobile Telecommunications System) სტანდარტზე მუშაობს, რომელიც IMT-2000 სპეციფიკაციებს აკმაყოფილებს. გამოიყო სიხშირული სპექტრები ახალი UMTS სისტემისათვის: 1885-2025 MHz და 2110-2200 MHz დიაპაზონი IMT-2000-ის შემდგომი განვითარებისთვის, სადაც მესამე თაობის ტექნოლოგიის მომსახურების სატელიტური კავშირის ნაწილისთვის აღებულ იქნა 1980-2010 და 2170-2200 MHz შუალედები. 3G ტექნოლოგიის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება, თუმცა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე გაიცა ლიცენზიები UMTS სტანდარტის ექსპლუატაციაზე, ბევრგან კი ეს მოთხოვნა განხილვის პროცესშია. დროს არც მწარმოებელი კომპანიები და ოპერატორები კარგავენ. ისინი საცდელი გაშვებებით და აპარატურის ტესტირებით არიან დაკავებულნი. მაგალითად, კომპანიებმა Not\rtel Network და BT (British Telecomunications plc) ჯერ კიდევ 1999 წლის დასაწყისში გამოაცხადეს 3G/UMTS პროტოტიპების მოწყობილობისა და ტერმინალების ერთობლივი გამოცდა, რათა უკეთესად შეესწავლათ მესამე თაობის სისტემების ტექნოლოგია და მომავალი ბაზარი. იგივე BT და Panasonic-ის ალიანსი უკვე მუშაობს მობილურ ტელეფონში ჩამონტაჟებული ვიდეოკამერით, სატელევიზიო ეკრანითა და მონაცემთა გადაცემის 64 Kbps-ს აღმატებული სიჩქარით.
რაც შეეხება კომერციული მომსახურების დაწყებას, ამჟამად ევროპისათვის 3G -ის ამოქმედების თარიღად 2002 წელს ასახელებენ, თუმცა, არც ამ თარიღის შემდგომ კორექციას გამორიცხავენ. იაპონია კი ვარაუდობს, რომ მესამე თაობის ტექნოლოგიებს ევროპაზე ერთი წლით ადრე დანერგავს.

UMTS-ზე საბოლოოდ გადასვლამდე კი გასავლელია გარკვეული ეტაპები, რომელთაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ ახალი სისტემის სრულმასშტაბიან დანერგვამდე:
GSM Phase2+ GSM Phase 2+
(9.6 Kbps)
HSCSD High Speed Circuit switched data
(38.4 Kbps)
GPRS General Packet Radio System
(114 Kbps)
UDGE Enhanced Data GSM Environment
(560 Kbps)
UMTS Universal Mobile Telephone Service
(2Mbps)

HSCSD - მონაცემთა დიდი სიჩქარით კომუტირების არხი
High Speed Circuit switched data

ამ ტექნოლოგიის მეშვეობით მობილური ტელეფონის მომხმარებელი იმაზე სწრაფად მიიღებს მონაცემებს მობილური აპარატით, ვიდრე ეს ამჟამად არსებული GSM ქსელის საშუალებით ხერხდება. გადაცემის სიჩქარე ამ დროს 38.4 Kbps-ს აღწევს და უახლოვდება ჩვეულებრივი ფიქსირებული ტელეფონებისთვის განკუთვნილი მოდემით მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს. HSCSD უკვე ფართოდ უხსნის გზას მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე ახალი სახის მომსახურების შემოტანას. GSM-ისათვის სტანდარტული 9.6 Kbps სიჩქარის შემდეგ, HSCSD პირველი წინგადადგმული ნაბიჯია 3G მულტიმედია სერვისებისთვის.

GPRS - რადიოსერვისის ზოგადი პაკეტი
General Packet Radio System

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეტაპო ტექნოლოგია, მეორე თაობის სისტემებიდან UMTS-ზე გადასვლისას. ხშირად GPRS მოიხსენიება, როგორც GSM - IP (GSM ინტერნეტ პროტოკოლი), რადგან ეს ის ტექნოლოგიაა, რომელიც GSM აბონენტს 114 Kbps სიჩქარით პირდაპირ ინტერნეტ პროვაიდერთან აკავშირებს. GPRS ტექნოლოგია იმითაც განსხვავდება წინა თაობის სისტემებისაგან, რომ ამ დროს აბონენტს მუდმივი კავშირი აქვს სადგურთან, ანუ ე.წ. On-Line რეჟიმშია. ახალ სისტემასთან ერთად იცვლება ანგარიშსწორების პრინციპიც, რადგან ღშ სისტემაში გადასახადის სიდიდე დამოკიდებული იქნება არა აბონენტის მიერ გამოყენებულ საეთერო დროზე, არამედ გადაცემული მონაცემების მოცულობაზე.

EDGE - მონაცემთა გადაცემის გაუმჯობესებული დონე GSM - ისთვის
Enhanced Data GSM Environment

ეს სისტემა GSM -ის ოპერატორებს საშუალებას მისცემს, არსებული GSM რადიოსიხშირეებით აბონენტებს პრაქტიკულად GSM ტექნოლოგიისთვის მაქსიმალური სისწრაფე - 384 Kbps-ზე შესთავაზონ მულტიმედიის მომსახურება.
ექსპერტების აზრით, EDGE -ს დანერგვა GSM ოპერატორებისთვის შედარებით უმტკივნეულოდ და დიდი ფინანსური დანახარჯების გარეშე მოხდება, რადგან მას მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები დასჭირდება ოპერატორების პროგრამულ და მოწყობილობის ნაწილში. სისტემა იმუშავებს GSM -ისთვის დამახასიათებელი TDMA (Time Division Multiple Access) ინტერფეისითა და რადიოსიხშირული სტრუქტურით, ასევე 200 Khz ბიჯიანი დიაპაზონით.
ალბათ, ძნელი წარმოსადგენია ახალი თაობის მობილური აპარატებიც. მათ შექმნაზე უკვე დაიწყეს მუშაობა მობილური ტელეფონების ცნობილმა მწარმოებელმა კომპანიებმა და დაამუშავეს მომავალი 3G აპარატის პროტოტიპები, თუმცა მას, ტრადიციული გაგებით, ძნელად თუ ვუწოდებთ მობილურ ტელეფონს. ამ აპარატში შერწყმულია ხმისა და ვიდეოგადაცემების ერთობლიობა. ასეთი ტერმინალების ტესტური გამოცდები უკვე დაწყებულია.
კომპანია Analysis-ის პროგნოზით, 2005 წლისთვის მობილური აპარატები ექნება ევროპის მოსახლეობის 40 %-ს (დაახლოებით 140 მილიონ ადამიანს). ამ აპარატების მესამედი სწორედ ახალი თაობის მულტიმედია სისტემებით იქნება აღჭურვილი.
UMTS სპეციალისტების განცხადებით, კავშირგაბმულობის ამ მიმართულების სწრაფი განვითარება 2005-2010 წლებისთვის დამატებით რესურსებს მოითხოვს და ტექნოლოგიის შემდგომი სრულყოფისათვის ახალ სიხშირეს - 2.5 GHz ან 1 GHz-ს ასახელებენ.
მაგთი GSM ემზადება ახალი ტექნოლოგიების შესახვედრად და იმედოვნებს, რომ დროულად ჩაებმება ახალი სისტემების დანერგვაში. ასე რომ, თბილისში პირველი ვიდეოტელეფონის გამოჩენამდე არცთუ დიდი დროა დარჩენილი.

ლევან ბუჩუკური
მაგთიკომის მარკეტინგის და
აბონენტთა მომსახურების
დეპარტამენტის უფროსი