რობერტ სტურუას ვნებანი

ეს რუბრიკა ჩვენი ჟურნალის წინა ნომრებიდან გემახსოვრებათ. დავინტერესდით, ვინ არის მაგთის აბონენტთა აზრით, ყველაზე პოპულარული მსახიობი, მწერალი, მხატვარი, ბიზნესმენი და ასე შემდეგ...
ამჯერად მაგთელებმა ყველაზე პოპულარულ ქართველთა შორის ბატონი რობერტ სტურუა დაასახელეს.

ორმოქმედებიანი პიესა მონოსპექტაკლისათვის *

* ერთი აუცილებელი წინაპირობა...
თუ ზემორე სტრიქონების წაკითხვისას რობერტ სტურუას საუბრის მანერას (ცხვირში ლაპარაკს) არ წარმოიდგენთ, ყველა აქ ნათქვამი, ტყუილი, მართალი, თამაში და გულწრფელობა ბუნებრიობას დაკარგავს.

* მოგვიანებით იტყვის: "ერთხელაც გაიგებენ, როგორ
ოსტატურად ვატყუებდი ყველას" (?!)

* შეუძლია, დღე და ღამე ატაროს რეპეტიციები უშაქრო
ყავით და სიგარეტით, სამი წუთით ჩამოდოს თავი სკამის საზურგეზე და შემდეგ ისე განაგრძოს მუშაობა, თითქოს მთელი დღე ეძინა; თუ შოკოლადები აქვს თან, ეს უკვე იდეალური პირობაა.

* "ექსტრემალურ" სიტუაციებში მყოფი სტურუა
თვალებს ხუჭავს და სიბნელეში გაჩენილ მობორიალე იქსებს (X) ხედავს. ამ მოშინაურებულ იქსებს სხეულის "კრიტიკულ უბნებში" აგზავნის და როგორც ამტკიცებს, "პროფესიონალების" მიერ დადგენილი კუჭის წყლული სწორედ X-ებმა გაუქრეს...

მოქმედების დრო - XX საუკუნის დასასრული. მოქმედების ადგილი - საქართველო. სააზროვნო სივრცე - განუსაზღვრელი. რეალობა - დრამატული.
მოქმედი პირნი:
რეჟისორი - (მოუხელთებელ-გამოუცნობ-მისტიკური) რობერტ სტურუა.
ხმა - !
ვნებები - "ყვარყვარე", "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III", "მეფე ლირი", "ცხოვრება სიზმარია" და ა.შ. ... და კიდევ სხვაგანაც...
თეატრი - რეჟისორის ვნებების ადგილსამყოფელი.

მოქმედება I
ეპიზოდი პირველი
ეპიზოდი ითვალისწინებს სტურუას წარმომავლობის გარკვევას პარტოკრატი წინაპრების მოშველიებით... და რა შუაშია, მაგრამ უსაზღვრო ფანტაზიის უნარის - სტურუას მთავარი ღირსების - ამბავსაც.
რ. სტურუა - პარტოკრატიული კი არა, ბოლშევიკური ოჯახიდანა ვარ, ბაბუაჩემმა სტალინი მიიღო პარტიაში, მამაჩემმა ამ გზას უღალატა - მხატვარი იყო, მე უფრო წინ გადავდგი ნაბიჯი...
რაც შეეხება ფანტაზიას... სულ მეგონა, რომ ფანტაზიის ნაკლებობას განვიცდიდი. მიშა თუმანიშვილთან სწავლის პერიოდში მივხვდი, როგორ უნდა განავითარო ფანტაზია: აღმოჩნდა, რომ ძალიან უბრალო საიდუმლოა, ყოველ შემთხვევაში - თეატრისათვის, მაგრამ ამ საიდუმლოს მე ვერ გავამხელ.
ხმა - ეს საიდუმლო ჩანს სპექტაკლებში...
რ. სტურუა - იქ ჩანს შედეგი, მაგრამ როგორ ვაღწევ ამას, ხომ არ ჩანს...
ხმა - ყოფაქცევაში რა ნიშანი გყავდათ?
რ. სტურუა - ყოფაქცევაში ყველას ხუთიანი ჰყავდა სკოლაში.
ხმა - და ზუსტი იყო ეს შეფასება?
რ. სტურუა - (მხრებს იჩეჩს და გვერდზე იყურება)*

ეპიზოდი მეორე
ეპიზოდი გვამცნობს, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მესამე სართულიდან როგორ ჩამოდის მეორეზე და აღმოჩნდება რუსთაველის თეატრში, სადაც, მიშა თუმანიშვილისა და დოდო ალექსიძის გადაწყვეტილებით, დგამს სადიპლომო სპექტაკლს, თეატრში დიდხანს აჭიანურებენ მის მიღებას რეჟისორის შტატზე, თუმცა, ერთი გარემოება ყველაფერს ცვლის, ბიძამისი გადაჰყავთ ცეკაში... (ოჰ, ეს პარტოკრატები!)
რ. სტურუა - მერე, როგორც ერთგული ქმარი, ვარ რუსთაველის თეატრში, ხანდახან ვღალატობ უცხოელებთან, სიბერეში რაღაც გამიტკბა ეს ღალატი, თუმცა, მეექვსე სპექტაკლს ვდგამ და რეპეტიციები მეზიზღება*, თეატრისაგან გული მერევა უკვე. ვერ გავთვალე, რომ პატარა შესვენება მჭირდება ერთი სპექტაკლიდან მეორემდე, ხელიდან ხელში გადავდივარ, როგორც უწესო ქალი.
ხმა - რეჟისორის პროფესია ჰგავს უწესო ქალის პროფესიას?
რ. სტურუა - (იცინის) თუ გავითვალისწინებთ, რომ დრამატურგები არიან მამაკაცები...

ეპიზოდი მესამე
ამბავი იმისა, თუ რამდენი ადამიანის ბედი განაპირობა მისმა არსებობამ, როცა პროფესიონალი არტისტები სახლში დასვა უროლოდ, 10, 15 წელი. ის არტისტები, რომლებიც სტურუას წარმატების თანაავტორები იყვნენ.
... და კიდევ დიქტატურაზე.
რ. სტურუა - სანამ სახლში დავსვამდი, მათ ბევრი როლი ითამაშეს. ვინც უროლოდ დარჩა, არ ნიშნავს რომ უნიჭოები არიან, მე არ მიყვარს მოლიერი, მაგრამ ის სულაც არაა ცუდი დრამატურგი. უბრალოდ, იცვლება თაობა, სტილი...
ხმა - ხომ შეიძლებოდა, თაობების სინთეზი მომხდარიყო...
რ. სტურუა - ვცდილობდი, მაგრამ ყველას მთავარი როლი უნდა... საერთოდ, უკეთესია, რიგითი რეჟისორი იყო: როცა სამხატვრო ხელმძღვანელი ხარ, ყველაზე უნდა იფიქრო.
ხმა - რად გინდოდათ ეს ზედმეტი ფუნქცია, სამხატვრო ხელმძღვანელობა...
რ. სტურუა - ალბათ, მაინც პატივმოყვარეობამ დამძლია. ისე, რიგითი რომ ვყოფილიყავი, მაინც მეტყოდნენ, რატომ არ აკავებ ამა თუ იმ არტისტს. მე მგონი, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყველასათვის მისაღები და მოსაწონია, პრეზიდენტი რა, ყველას მოსწონს?
ხმა - ამიტომ ამბობენ, რომ დიქტატორი ხართ?
რ. სტურუა - რეჟისორი დიქტატორი უნდა იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ის აგებს კონსტრუქციას და არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი ამ შენებაში. რაც შეეხება მსახიობებს, თუ ისინი საინტერესოს შემომთავაზებენ, მე პატივმოყვარეობას წავშლი და მივიღებ მათ წინადადებას. უბრალოდ, ჩემი დიქტატურა ისაა, რომ ძალიან არ გადავუხვიოთ ძიებებში...

ეპიზოდი მეოთხე -
კულმინაცია
რ. სტურუა - მსახიობისა და რეჟისორის ურთიერთობა - ეს არის სასიყვარულო აქტი, რომელშიც ორივე მხარე მონაწილეობს და რომელსაც მარტო ვერ გავაკეთებ, პასუხი უნდა მივიღო, ამ აქტში შეიძლება ისეთი რამ შემომთავაზოს მეორე მხარემ, რაც მე არ ვიცი.
ხმა - ხშირად იცვლით პარტნიორებს?
რ. სტურუა - როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, მაგრამ ხომ ხდება, რომ განახლებას განიცდის ძველი სიყვარული, აფეთქებები ხომ არსებობს...
ხმა - და თქვენ აკეთებთ სანახაობას, სადაც იქნება ვნების დღესასწაული.
რ. სტურუა - დიახ, დაახლოებით ასეა.
I მოქმედების დასასრული

სავარაუდო ანტრაქტის დროს

- ბუტია ხართ, არა?
- მე მგონი არა, მსახიობები ამბობენ ასე, თორემ ბუტია რომ ვიყო, თეატრშიც აღარ ვიქნებოდი, რაღაც მომენტში მეწყინება, მაგრამ უცბად "გამდის". თეატრი - ეს არის ადგილი, სადაც გულს გატკენენ.
- და თქვენც ხშირად ტკენთ სხვებს?
- აბა რა. ისე, მგონია, რომ მე უფრო მომთმენი ვარ, კეთილი, კაცთმოყვარე, უფრო სუსტი, ვიდრე ძლიერი.
- ხშირად ამბობთ ხოლმე - უკვე ნერვები ამეშალა. მაინც, რაზე გეშლებათ ნერვები?
- თუ ვიღაცა ღალატობს საკუთარ პრინციპებს...
- ერთხელ თქვით, არ მიყვარს ინტელექტუალური ქალებიო...
- ისიც გაითვალისწინეთ, რომ სულელი ქალიც ძნელი ასატანია. მე მგონია, ძალიან ჭკვიანი უნდა იყოს ქალი, რომელიც მალავს, რომ ჭკვიანია.

მოქმედება II
ეპიზოდი პირველი

"ტარტალია - როგორ მძულს თეატრი!
პანტალონე - თეატრისთვის ჭკუას ვკარგავ!" ("ქალი გველიდან")

ხმა - სად ხართ აქ?
რ. სტურუა - ორივეგან.
ხმა - თავად როგორი მსახიობი ხართ, თამაშობთ ურთიერთობებს თუ არა...
რ. სტურუა - არტისტს ვერ მოატყუებ, ის უცებ ხვდება ყველაფერს, ამ სამყაროში ურთიერთობების თამაში შეუძლებელია, მე არა ვარ ნიჭიერი მსახიობი, მაგრამ გამოცდილებამ მასწავლა ამბის თხრობა ისე, რომ მოგასმენინებ, ინტერესით დაგსვამ დარბაზში. მოყოლა შემიძლია საინტერესოდ და გამომუშავებული მაქვს ამა თუ იმ სახის ჩვენების კარგი დონე, როლის თამაში კი არ შემიძლია.
ხმა - სპექტაკლი მაყურებელზე ჩატარებული ექსპერიმენტია?
რ. სტურუა - რეჟისორი თუ დაივიწყებს, რომ ის თვითონაც მაყურებელია, სპექტაკლი მოკვდება, სპექტაკლი გასაგები უნდა იყოს მაყურებლისთვის, თეატრი ხომ ისედაც მისტიკურია, დავუშვათ, მაკბეტი. სად არის, რომელ სივრცეში ინახება... მუსიკას და ნახატს აქვს მატერიალური მხარე - ნოტები და ტილო, თეატრი ეფემერულია, ჩვენ უფრო რაინდები ვართ ამ მხრივ...
ხმა - დოგმატური რელიგიის მიხედვით თეატრი ითვლება ცოდვად, ჩარევად ღმერთის ფუნქციებში...
რ. სტურუა - მე არ ვთვლი თეატრს ცოდვად. ჩვენ არსს ვქმნით, რათა ათი მცნება შევახსენოთ მაყურებელს. თუ ცოდვილები ვთამაშობთ წესიერ ხალხს, არ ნიშნავს, რომ ამის უფლება არა გვაქვს. ყველა ადამიანში მიდის ბოროტისა და კეთილის ბრძოლა. ჩვენ, არტისტები, ყველაზე პატიოსანი ხალხი ვართ. ჩვენ ნაკლს ვერ ვმალავთ ვერც სცენაზე და ვერც ცხოვრებაში, მუდმივად ხალხის ფოკუსში ვართ და იმიტომ. ისე, რა უფრო პატიოსანია - ჩანდეს თუ მალავდე?

ეპიზოდი მეორე
ეპიზოდი გვახსენებს, რომ რობერტ სტურუა ყოველთვის იყო თამამი, მეამბოხე, დაპირისპირებული ამა თუ იმ კონკრეტულ მოვლენასთან, ხელისუფლებასთან, მისი სპექტაკლები ერთგვარად წინასწარმეტყველური და მამხილებელია, მაგრამ ამავე დროს, იმავე ხელისუფლებისაგან ყოველთვის მიღებული, აღიარებული და პრივილეგირებული გახლდათ.
რ. სტურუა - ჩვენ ქედს არ ვუხრიდით მთავრობას, მაგრამ მე მპატიობდნენ იმას, რასაც სხვას ვერ აპატიებდნენ, მაძლევდნენ უფრო მეტ უფლებას, ვერ გეტყვით, რატომ... ეტყობა, დავიმსახურე.
ხმა - სიტყვებით რომ ვითამაშოთ, "ცხოვრება თეატრია", "ცხოვრება სიზმარია", თეატრი სიზმარია, რა იქნება გამოღვიძების შემდეგ?
რ. სტურუა - როცა რიჩარდ მესამეს უყურებს ადამიანი (ნახევარი დარბაზი რიჩარდის მსგავსია), კიცხავს რიჩარდს, სპექტაკლის მერე მიდის სახლში, ცოტა ხანს მიჰყვება ეს განცდა, დილით კი ისევ აგრძელებს თავის რიჩარდულ ცხოვრებას, გამოღვიძებისას უბრუნდება. ჩვენ ვერ ვასწორებთ ვერაფერს, ვერ ვცვლით ადამიანს, უბრალოდ, ვახსენებთ იმას, რაც დავიწყებულია.

ეპიზოდი მესამე
სენტიმენტალური სტურუა, რომელიც ბოლო დროს ფილოსოფიას ჩაუღრმავდა, ფიქრობს, რომ მაყურებელსაც უნდა სხვა საიდუმლოს ახსნა - ცხოვრების ფილოსოფიური გაგება. იმაზეც ფიქრობს, როცა თეატრიდან წავა, რას გააკეთებს.
რ. სტურუა - დავწერ, დავხატავ, მოვისმენ... (იღიმება) და საკუთარ X-ებს დაველაპარაკები...*
ხმა - ამბობენ, რომ თქვენ ხართ გენიოსი...
რ. სტურუა - (სახე ეცვლება, ფერიც...) სასიამოვნოა ამის მოსმენა, მაგრამ გენიოსები სხვა კატეგორიაა (შემცბარია, რატომღაც თვალებს ხუჭავს - დარცხვენილი ბავშვის პოზა), სასაცილოდ მეჩვენება ეს აზრი.
ხმა - უკვე ნერვები აგეშალათ?
რ. სტურუა - დიახ!
ხმა - (ნელ-ნელა იკარგება)
(ფარდა)

ქეთევან სადღობელაშვილი