შენ ხარ სვეტიცხოველი

ღვინობისთვის თოთხმეტი რიცხვისთვის, როცა შემოდგომა ყველაზე მეტად ოქროსფერია, როცა შემოდგომა და ზამთარი ისევ ებრძვის ერთმანეთს, მილეთის ხალხით არის სავსე საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა. მცხეთობა, სვეტიცხოვლობა - დღესასწაული, რომელიც ერთად უყრის თავს მორწმუნეებს თუ ურწმუნოებს. წელიწადში ერთხელ ქალაქს ყველაზე ბევრი სტუმარი ჰყავს, ყველაფერი ისეა, როგორც ადრე. ისევე ერთვის ერთმანეთს მტკვარი და არაგვი, ისევე დაჰყურებს მცხეთას და ჯვრის მონასტერი. ისევე მშვიდად დგას სვეტიცხოვლის ტაძარი... ამ დღეს აქ ყველაზე მეტი მლოცველია, ყველაზე მეტი ანთებული სანთელი. ათასი სავედრებელი წვდება უფალს ისევე, როგორც სულ თავიდან, როცა ამ ადგილას ხის ეკლესიას ჩაეყარა საფუძველი და პირველად გაისმა ლოცვასავით: "საყდარო წმიდაო, სუეტო ნათელო, კუართო საღმრთოო".
სვეტიცხოველი - ცალკე სამყარო, ათასი საოცრებით, იდუმალებით, დიდებულებით, ფერთა თამაშით, სიწმინდე და მატიანე საქართველოს ქრისტიანობისა, მეხსიერება ქრისტიანი ერისა. ვინ იცის, იქნებ მართლაც მის გალავანთან მთავრდება ჩვენი ეპოქის "ჩქამი და სინათლე". იქნებ მართლაც იცვლება ხოლმე იგი განთიადისას თუ დაისის დროს და კონსტანტინე გამსახურდიას თქმის არ იყოს; "დილით ხვლიკისფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მისი მრუდე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა"... თურმე, მართლა შესაძლებელი ყოფილა ქვისათვის სულის შთაბერვა, მართლა უფრო მეტად უკვდავი აღმოჩნდა სვეტიცხოველი, ვიდრე "ასი ათასი მოკვდავის სული".
ალბათ, საოცარი მადლი უნდა გფარავდეს, რომ დროს აჯობო, მიწისძვრებს გაუძლო, მტერს ათასჯერ გაუმკლავდე და იდგე მდუმარედ, ამაყად, გქონდეს უამრავი სათქმელი, დიდი წარსული... არ გელეოდეს მრევლი და შენს კედლებში პოულობდნენ შვებას გაჭირვებულნი, ლექსებს გიძღვნიდეს უბრალო ხალხი; რამდენი ასეთი ლექსი, რამდენი ლეგენდა, რამდენი დაუჯერებელი ამბავი შემოინახა დრომ თორმეტი მოციქულის სახელზე აგებულ სვეტიცხოვლის ტაძარზე, რომელსაც იმთავითვე სასწაულმოქმედის სახელი დაუმკვიდრდა. "სნეულნი მოვიდოდეს და განიკურნებოდეს, ვიდრემდის მეფემან შეუქმნა საბურველი ძელისა გარემოს სვეტსა მას და დაფარა სევდისაგან" ("მოქცევაი ქართლისაი").
ლეგენდები ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულზე, იდუმალზე იქმნება ხოლმე. ჩვეულებრივ, ისინი თითქოს დაუჯერებელი, ლამაზი ამბებია, რომლებიც ისე მოგწონს, გინდა, ირწმუნო. ასეც იმახსოვრებ, ასეც გადასცემ შენს შემდგომ თაობებს... ასე მოვიდა დღემდე ლეგენდაც სვეტიცხოველზე.

გადმოცემის თანახმად, მცხეთის მკვიდრ ელიაზარს, რომელიც იესო ქრისტეს ჯვარცმას დასწრებია, უფლის კვართის ნაწილი რგებია და საქართველოში ჩამოუტანია. მცხეთაში კი მისი და - ქრისტეს სჯულის გულმხურვალე მოწამე - სიდონია შეჰგებებია, ტირილით გულში ჩაუკრავს უფლის კვართი და იქვე განუტევებია სული. ვერავის აურთმევია ძვირფასი კვართი სიდონიას ხელიდან და ამიტომაც ამ კვართითვე დაუკრძალავთ იგი, ხოლო მის საფლავზე საკვირველი ხე ამოსულა, რომლის ქვეშ ზამთარ-ზაფხულ ყვაოდნენ "ყუავილნი მრავალფერნი და სურნელი" ("მოქცევაი ქართლისაი"). მაგრამ ამბავი აქ არ მთავრდება. სასწაულები ხომ მარტო ქრისტეს სიცოცხლეში არ ხდებოდა, მისი ჯვარცმის მერე უფრო ხშირად და უფრო ბევრ ადგილას, რადგან მის მიმდევართა რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა...
გაივლის დრო და 337 წელს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდება და პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი ჰკითხავს წმინდა ნინოს: "სადა უშენო სახლი ღმერთსა?"
ნინო კი იტყვის: "სადაცა მეფეთა გონება მტკიცე არს."
და ქრისტიანული ტაძრის აგებაც იწყება იქ, სადაც დაფლული იყო უფლის კვართი. შვიდი სვეტი გამოთალეს საფლავზე ამოსული საოცარი ხიდან თურმე. ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი, ყველაზე დიდი და გაბრწყინებული, მიწას არ მიჰკარებია, ჰაერში დაკიდებულა, ნათელსა და სურნელს გამოსცემდა. სწორედ ეს იყო სვეტი ცხოველი - სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი, რომლის სახელიც ეწოდა ტაძარს და რომლის პირველსახეც იყო ხის ეკლესია. როგორც მკვლევართა ერთი ნაწილი ვარაუდობს, ამის მერე მირიან მეფეს საბერძნეთიდან გამოუთხოვია ქვის მთლელნი და კირითხურონი და დაწყებულა ქვის ეკლესიის აგება, რაც 20 წელიწადს გაგრძელებულა. სვეტიცხოვლის ეს მეორე ნაგებობა V საუკუნის პირველ ნახევარში დანგრეულა არჩილის მეფობის პერიოდში და უკვე ვახტანგ გორგასალი მესამედ აშენებს სვეტიცხოველს... მხოლოდ შემდეგ, გიორგი I-ის მეფობისას, მელქისედეკ კათალიკოსის თაოსნობით, ხდება სვეტიცხოვლის საფუძვლიანი განახლება.
თუმცა, ტრადიციულად მკვლევარები სვეტიცხოვლის ტაძრის აგების ძირითად თარიღად XI საუკუნის დასაწყისს ასახელებენ.
გაივლის დრო და ახლა უკვე XV საუკუნეში თითქმის მთლიანად დანგრეულ ტაძარს ალექსანდრე პირველი განაახლებს და ასე უძველესი ჩუქურთმებით და მოხატულობით მოაღწევს ჩვენამდე. სვეტიცხოვლის კედლებს შემოუნახავთ ევსტათი ანტიოქიელის ფრესკა, რომელზეც ჭარმაგი მღვდელმთავარი მეფე მირიანს სახარებას გადასცემს და აკურთხებს მცხეთის ტაძარს. აქვეა ზოდიაქოს ცნობილი რკალი - ამ ტიპის ფრესკა ერთია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თუმცა, ძირითადად ტაძრის მხატვრობა, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. წმინდანთა სახეები და შესამოსელი ქართულია, წარწერები - ქართული და ბერძნული. აქ დროის გამოთვლაც უჩვეულოდ ხდებოდა - ტაძრის კედელზე გამოსახული მზის საათით.
ჟამთა სვლასთან ერთად ახალ-ახალი ლეგენდები იბადებოდა... როგორც ჩანს, ქართველებს არ აკმაყოფილებდათ ძველი თქმულებები და უკვე მე-11 საუკუნეში სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარ არსუკისძეს შეაყვარებენ მეფის რჩეულ ქალს, ახალგაზრდა ოსტატს თავის მასწავლებელს დააჯაბნინებენ და ამის გამო ხელსაც მოჰკვეთენ. "დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია", - იტყვის მერე არსუკისძე ხალხისვე გამოგონილ ლექსში. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთ ფასადზე გამოსახულ მარჯვენას მართლაც აქვს ასეთი წარწერა: "ხელი მონისა არსუკისძისაი, შეუნდვეთ" და ჩვეულებრივ მნახველებს საუკუნეების მანძილზე სჯეროდათ ლამაზი ლეგენდის. თუმცა, თანამედროვე მკვლევარები სხვაგვარად ფიქრობენ. სვეტიცხოველზე გამოსახულ მარჯვენას ხელთ უპყრია გონიო - სამშენებლო იარაღი. ვარაუდობენ, რომ მოკვეთილ ხელს ამ იარაღს არ დააკავებინებდნენ, მარჯვენა გონიოთი - სიმბოლო უფროა მშენებლის ღვაწლის, ოსტატობის.
დღეს ჩვენ ვართ სვეტიცხოვლის მრევლი, ადრე ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II თუ გიორგი XII ყოფილან, რომლებმაც ტაძრის უწმინდეს კედლებს შორის პოვეს განსასვენებელი. ერეკლეს ბრძანებით აუგიათ კიდეც სვეტიცხოვლის გალავანი 1787 წელს. ტაძარში შესულს უკლებლივ ყველა ლეგენდის გჯერა, ყველა ლექსი გიტრიალებს თავში, აქ ვერავინ შეგედავება რწმენის სიმტკიცეში, შენთვის ეს არის ჭეშმარიტება, აკი ჯვრის დაწერაც აქ გადაწყვიტე, ამ სამყაროში, ამ ხატებთან...
სვეტიცხოველი მარტო უფლის ტაძარი და ხუროთმოძღვრების ძეგლი არ ყოფილა თურმე, რაღაც უფრო მეტი, ლოცვასავით შვების მომგვრელი. შენ ხარ სვეტიცხოველი... შენ ხარ სვეტიცხოველი - იწყება და მთავრდება უძველესი ლოცვა და შენ ფერსაც გრძნობ, მუსიკაც გესმის... და, რაც მთავარია, გჯერა, რომ მართლა "ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი".
როგორც შენი უძველესი ფესვი, უძველესი ენა, სიძლიერე - რომელიც გიცავს.

ეკა ქევანიშვილი