ინტელიგენტური როკი

თბილისი მოდისადმი ძალიან მგრძნობიარე ქალაქია. ეს მარტო ჩაცმა-დახურვას არ ეხება - ასეა მუსიკაშიც. შემოვა დასავლეთიდან მოდაში რაიმე მიმდინარეობა, შემსრულებელი, ან თუნდაც კონკრეტული სიმღერა და მერე მთელი წელი ვერსად დაემალები. ერთი წლის შემდეგ სხვა შეცვლის, მერე კიდევ სხვა და ასე - გაუთავებლად. მოკლედ, იცვლება მოდა - იცვლება მუსიკოსი. ეს ერთი პოლუსია.
მოდის მეორე პოლუსზე კლასიკოსები არიან. მათ რიგებში მოხვედრა ძალიან ძნელია. ქართული როკის 35-წლიან ისტორიას 4-5 კლასიკოსი თუ ჰყავს. მათ შორის არის ბოლო წლების ყველაზე პოპულარული ჯგუფი, ინგლისურენოვანი Soft Eject; ჯგუფი, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ქართველი ახალგაზრდები საუკეთესოდ მიიჩნევენ; ჯგუფი, რომელსაც უსმენს ყველა: ბავშვი, თინეიჯერი, სტუდენტი, ორმოცს გადაცილებული, სახელმწიფო მოხელე, ბიზნესმენი და, თქვენ წარმოიდგინეთ, საპენსიო ასაკის ინტელიგენტიც; ჯგუფი, რომელიც პოპულარული გახდა არა ტელეკამერებზე ფურთხებით, ან სკანდალური საქციელით, არამედ შრომითა და შემოქმედებით.
Soft Eject-ის წევრებმა ძალიან წყნარად, ზედმეტი ხმაურისა და აჟიოტაჟის გარეშე დაიპყრეს თბილისი. წარმატებისკენ საქმიანად, პროფესიულად მიდიოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები 1985 წელს შეიკრიბნენ, ჯგუფის შექმნის თარიღად 1989 წელს ასახელებენ, როცა პირველი ოფიციალური კონცერტი გამართეს. მას შემდეგ ჯგუფის შემადგენლობა თითქმის უცვლელია. თითქმის იმიტომ, რომ "პეჩოს" სტატუსი ჯერაც გაურკვეველია. არადა, მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ჯგუფის სახის ჩამოყალიბებაში. ჯგუფმა კი ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე სახე გამოიცვალა და ამჯერად ახალ იმიჯს იქმნის.
თავიდან ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, ანუ ისე, როგორც მთელ მსოფლიოშია მიღებული: როკ-მუსიკის აღმოჩენა მაგნიტოფონის მეშვეობით; კუსტარულად დამზადებული ელექტროგიტარის პირველი ბგერის აჟღერებისგან გამოწვეული ჟრუანტელი და, რა თქმა უნდა, "ბითლზი". ამას მოჰყვა "საიმონ ენდ გარფანკელი", "პინკ ფლოიდი" და მსუბუქი როკის რამდენიმე უმნიშვნელო წარმომადგენლის გავლენა.

ცხადია, მათ პირველ სიმღერებს ზემოთ ნახსენები შემსრულებლების მსუბუქი კვალი ეტყობოდა. თუმცა, არის კი ვინმე როკ-სამყაროში, ვისაც არ განუცდია ამ გენიოსების გავლენა?
Soft Eject ძალიან გამოირჩევა თბილისური სხვა როკ-ჯგუფებისგან. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ინტელექტია. და სწორედ ამ ინტელექტის ბრალია, რომ ისინი ძალიან მტკივნეულად ეკიდებიან საკუთარ შემოქმედებას. ვერ ნახავთ მეორე როკ-ჯგუფს საქართველოში, რომელიც იმდენს მუშაობს სასურველი ჟღერადობის მისაღწევად, რამდენსაც Soft Eject-ი. ისინი ძალიან მაღალ მოთხოვნებს უყენებენ საკუთარ თავს. ურჩევნიათ, ასი წელი ჩუმად იყვნენ, ოღონდ აკეთონ ის მუსიკა, რომელიც ღირებულად მიაჩნიათ. სწორედ ამის გამო, ისინი წლობით (!) იკეტებიან ხოლმე სტუდიაში და არავინ იცის, რას აკეთებენ. მაგრამ, როცა იქიდან გამოვლენ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ - მსმენელის სამსჯავროზე აუცილებლად რაღაც მაღალღირებულს გამოიტანენ. და ეს აუცილებლად იქნება ახალი, განსხვავებული, სულ სხვა რამ, ვიდრე წინა იზოლაციის დროს შექმნილი. ასე იყო ამჯერადაც, მაგრამ მანამდე...
იყო დრო, როცა Soft Eject-ს გერმანიაში უკეთ იცნობდნენ, ვიდრე საქართველოში. პირველი ოფიციალური კონცერტი შექმნიდან 4 წლის შემდეგ, 1989 წელს გამართეს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. ერთი წლის შემდეგ ბათუმის როკ-ფესტივალზე გამოვიდნენ, 1993 წელს კი მწვანეების როკ-აქცია იყო. ამას მოჰყვა რამდენიმე ტურნე გერმანიაში.
თავიდან საკუთარი შემოქმედება გერმანელებს, ბრემენელი მუსიკოსების მსგავსად, ქუჩიდან გააცნეს. მერე პარტიულ ღონისძიებებზეც დაუკრეს, კათოლიკურ დღესასწაულებზეც, საქველმოქმედო აქციებზეც იყვნენ, ქორწილშიც მოხვდნენ, ერთხელ ბორდელშიც გამოვიდნენ და საბოლოოდ კლუბებსა და ბარებში დაიმკვიდრეს ადგილი. ჯგუფის ბასისტი და მომღერალი ვახო ბაბუნაშვილი: "პანაშვიდის გარდა ყველგან დაგვიკრავს. იმედია, იქაც მოვხვდებით".
ბიჭები გერმანულ ტურნეებს განიხილავენ, როგორც მხოლოდ ფულის გაკეთების საშუალებას. თუმცა, ცხადია, ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვნად არ არის. თავად განსაჯეთ: ყოველ ღამე რამდენიმე საათი თამბაქოს კვამლისა და ალკოჰოლის ორთქლის ნაზავით გაჯერებული ბარის სცენაზე, ოდნავ შემთვრალი პუბლიკის წინაშე; ეს პუბლიკა ხომ გასართობად, შენ მოსასმენად არის მოსული, ეს ხომ ის პუბლიკაა, რომელიც არასდროს განიცდიდა მაღალი კლასის შემსრულებლების მოსმენის დეფიციტს. და შენ აიძულებ ასეთ პუბლიკას, ტაში დაგიკრას, უფრო მძაფრად გამოხატოს თავისი გრძნობები და მეტიც - კონცერტის შემდეგ შენი კასეტა იყიდოს.
რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო სკოლა იყო. სკოლა, რომელსაც ისინი ვერაფრით დაამთავრებდნენ თბილისში (რაც უნდა კარგად ესწავლათ). შეუძლებელია, ყველაფერ ამას უკვალოდ ჩაევლო. 1994 წელს თბილისს უკვე მაღალპროფესიული ჯგუფი დაუბრუნდა.
იმ პერიოდიდან იწყება Soft Eject-ის პოპულარობის ზრდა სამშობლოში. თუმცა, თვითონ ჯგუფს პოპულარობის მისაღწევად ბევრი არაფერი გაუკეთებია. ყველაფერი თითქოს თავისით გამოვიდა.
თავიდან იყო ჭორები ძალიან მაგარ ჯგუფზე. მერე ერთი სიმღერის ცოცხალი ჩანაწერი ტელევიზიის მეორე არხზე და ორი სიმღერა პირველ რადიოზე. ორი თუ სამი წერილი დამოუკიდებელ პრესაში და... ლეგენდაც შეიქმნა.
მცირე ეიფორიის შემდეგ ჯგუფმა ტაქტიკური პაუზა დაიჭირა. კიდევ ერთი წელი მოითმინა და პირველი სერიოზული კონცერტი თბილისში მხოლოდ 1996 წლის ზაფხულში ჩაატარა და თანაც როდის და როგორ!
როდის და სწორედ მაშინ, როცა თბილისში, ვაკის პარკში, ქართული როკის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ათდღიანი როკ-ფესტივალი "მარგარიტა" ტარდებოდა. მიწვევის მიუხედავად, ჯგუფი არ გამოვიდა ამ ფესტივალზე. მაგრამ, სწორედ ფესტივალის მსვლელობისას, ორი დღის განმავლობაში, თვითონ ჩაატარა კონცერტი გოფილექტის ბაღში. თავი რომ არ შეგაწყინოთ, ძალიან მოკლედ გეტყვით: როგორც დასწრებით, ისე შემოქმედებითი თვალსაზრისით ეს იყო სრულიად წარმატებული კონცერტი. მაინც რამ გამოიწვია ასეთი წარმატება? პირველ რიგში, ალბათ, ჯგუფის წევრების მაღალმა ინტელექტმა. თანამედროვე როკში პოპულარობის მოპოვების რამდენიმე გზა არსებობს. მათგან ყველაზე ადვილია, გახდე პოპულარული სკანდალურობით, ყველაზე ძნელი - შემოქმედებით. Soft Eject-მა ეს გზა აირჩია და მიზანსაც მიაღწია.

ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ, რომ ყველაზე პროფესიული ქართული როკ-კლიპი სწორედ მათ გააკეთეს. კლიპმა Please Just Carry On, რომლის ავტორი ქუცნა ამირეჯიბია, საყოველთაო აღიარება მოიპოვა. ამ პატარა, ვიზუალურმა ზღაპარმა უდაოდ დიდი სამსახური გაუწია ჯგუფს. მან არამარტო პოპულარული მუსიკის ძირითადი მომხმარებლების - თინეიჯერების და უფრო ასაკოვანი მელომანების დატყვევება შეძლო, არამედ ხანშიშესული ბებიებისა და ბაბუების ყურადღებაც მიიპყრო. ამ მხრივ Soft Eject-ს საქართველოში ბადალი არ ჰყავს.
გარდა ამისა, კლიპს სხვა დატვირთვაც ჰქონდა: ის დროდადრო ახსენებდა ფართო საზოგადოებას ამ ჯგუფის არსებობას. ამის მიზეზი ჯგუფის მეტად იშვიათი გამოჩენაა სცენაზე.
ბიჭებს კიდევ ერთი უკიდურესობა ახასიათებთ. ეს არის სისუსტე ქველმოქმედებისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უთქვამთ უარი კომერციულ კონცერტზე, არასდროს უუარიათ საქველმოქმედო ღონისძიებაზე გამოსვლა.
ასე იყო გერმანიაში, როცა ბიჭები ბავშვთა სახლის აღსაზრდელების წინაშე გამოვიდნენ. ასევე იყო საქართველოში: მწვანეების აქცია, კონცერტი მე-6 სკოლის მოწაფეებისათვის და რაც მთავარია, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დახურვასთან დაკავშირებული აქცია ვაკის პარკში. ჯგუფმა არამარტო მონაწილეობა მიიღო სოლიდარობის კონცერტში, არამედ, ფაქტობრივად, მისი გამართვის ინიციატორად მოგვევლინა.
ეს ყველაფერი იყო ახლო წარსულში. რა ხდება დღეს "სოფტლენდში" (ასე უწოდებენ ბიჭები ჯგუფის აურაში მოხვედრილ წარმოსახვით გარემოს)? დავიწყოთ სასიამოვნო ამბით: ჯგუფმა ახალი კლიპი გადაიღო, რომელიც უკვე იხილა ტელემაყურებელმა. მეორე ამბავი ნაკლებად სასიამოვნოა: ჯგუფის წამყვანი ვოკალისტი "პეჩო" - ირაკლი ჭელიშვილი, ფაქტობრივად, წასულია Soft Eject-იდან და ბიჭებს მხოლოდ სცენაზე თუ შეუერთდება ხოლმე. რაც შეეხება მესამე ამბავს, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, თუ რამდენად სასიამოვნოა: უკვე წელიწადზე მეტია, რაც ჯგუფი სცენიდან გაუჩინარდა და საკუთარ სტუდიაში გამოიკეტა. ეს კი, სულ ცოტა, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მუსიკოსები ახალ კომპოზიციებს ამუშავებენ.
ჯგუფმა რადიკალურად შეცვალა სტილი; ბიჭებმა უარი თქვეს წარსულზე და ახალ შემოქმედებით იმიჯზე მუშაობენ. Soft Eject ყოველთვის ცნობილი იყო მოკლე, ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიური სიმღერებით. ახალ კომპოზიციებს ძველი სიმღერებიდან მემკვიდრეობით მხოლოდ კეთილხმოვანება და გემოვნება ერგო. ამას კი შთაგონების უძირო ზღვა და გაჭირვების მუდმივი ტალკვესი - ფოლკლორი დაახვედრეს.
დღეს ფოლკით საქართველოში რამდენიმე როკ-შემსრულებელი საზრდოობს. ისინი, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, ქართულ ფოლკლორს ეყრდნობიან. Soft Eject აქაც გამოირჩევა მათგან. ქართულის გარდა, ჯგუფის ახალ კომპოზიციებში შევხვდებით ირლანდიურ, ევროპულ და აღმოსავლურ მელოდიებს. ახალი ნამუშევრები, ფაქტობრივად, პატარა პიესებს წარმოადგენს. მათ შესასრულებლად ტრადიციული როკ-კვარტეტის შემადგენლობა აშკარად არ არის საკმარისი. ამიტომ ჯგუფის სტუდიაში ხშირად ნახავთ ათასგვარ ეგზოტიკურ ინსტრუმენტს და მუსიკოსებს, რომლებიც საკმაოდ შორს არიან როკისგან, მაგრამ სიამოვნებით უმშვენებენ მხარს როკ-კვარტეტის წევრებს: გია ქარჩხაძეს (გიტარისტი და კომპოზიტორი), ნოდარ მანჩხაშვილს (დასარტყმელი ინსტრუმენტები), ვახო ბაბუნაშვილს (ბასისტი და კომპოზიტორი), "პეჩოზე" უკვე მოგახსენეთ.
წარმოიდგინეთ, რა სახალისო სანახავი იქნება მათი სტუდია ჩანაწერის გაკეთებისას: ბგერების, თემების კალეიდოსკოპი, გამოუცდელი თვალისთვის - საოცარი ქაოსი. სინამდვილეში კი ეს ქაოსი მართვადია. ამაში მაშინ დავრწმუნდებით, როცა რომელიმე მუსიკალური ფრაგმენტი დაფიქსირდება ფირზე. მხოლოდ მაშინ ხვდები, თუ რა დიდი ნიჭია, იყო ნამდვილი მუსიკოსი; გქონდეს უნარი - ხმაურისგან შექმნა ბგერათა ისეთი კომბინაცია, რომელიც აღტაცებაში მოიყვანს ყველას. ამაზე დიდი ბედნიერება, ალბათ, არ არსებობს მუსიკოსისთვის.

ბიძინა მაყაშვილი