მერი

1912 წელი.
საქართველოში ჩამოსულ ნიკოლოზ მეორეს ქართველი ქალები რომ წარუდგინეს, აღტაცება ვერ დამალა: "კჭêîé öâåòíèê!" - წამოიძახა და შემდეგ ერთ-ერთს პირდაპირ უთხრა: "დðåøíî ხûòü òჭêîé êðჭñèâîé".
ამ სიტყვების ადრესატი, მერი შერვაშიძე, სულ მალე იმპერატორის დედის ფრეილინა გახდა და რადგან მამაც, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე, რუსეთის დუმის წევრი იყო, ოჯახი პეტერბურგში ცხოვრობდა.
იმპერატორის კარის ფრეილინები განსაკუთრებული სილამაზისა და წარმომავლობის მიხედვით იყვნენ შერჩეულნი, მაგრამ ყველას როდი რგებია ისეთი პატივი, როგორიც მერის.
თურმე, თავად იმპერატორის დედის, მარია ფიოდოროვნას გასვენებაზე, იქ, სადაც ოთხი ფრეილინა უნდა მდგარიყო, ნიკოლოზ მეორემ მხოლოდ სამი დაითვალა. ვინ აკლია? - იკითხა მან და პასუხიც მოისმინა - მერი შერვაშიძე! ამ დროს მერიც გამოჩნდა და მშვიდად დაიკავა თავისი ადგილი. არადა, იმპერატორის შემდეგ დარბაზში ვინმეს შესვლა წარმოუდგენელი იყო.
ამბობენ, ეს ქართული ნაკლი მერის ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა, ყოველთვის ყველგან აგვიანებდა და სადაც უნდა გამოჩენილიყო - წვეულებაზე, საღამოზე თუ ეკლესიაში, მთელი საზოგადოების ყურადღებას იპყრობდა. ყველა ცდილობდა, როგორმე დაენახა იგი - ლამაზი, დახვეწილი და დიდებული.
მერის მამა, პროკოფი შერვაშიძე როცა გარდაიცვალა, ოჯახი ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა. თუმცა, სენაკშიც ჩადიოდნენ გრიგოლ მხეიძესთან, რომელიც მერის ბაბუად ეკუთვნოდა, დიდი სახლი ჰქონდა და თურმე იმდენად შეძლებული ყოფილა, რომ სენაკიდან ფოთამდე რკინიგზა გაუყვანია.

1918 წელი იყო. მერის საქმრო - ნიკოლოზ მეორის ფლიგელ-ადიუტანტი - გიგუშა ერისთავი პეტერბურგიდან ქუთაისში ჩამოვიდა. მან და მერიმ მთავარანგელოზის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი.
მერი შერვაშიძე აფხაზეთის მთავართა შთამომავალი იყო, ერისთავის მეუღლე და ყოფილი ფრეილინა. პარადოქსია, მაგრამ 1921 წელს, იმ უმძიმეს დროს, ათას სხვათაგან განსხვავებით, მერი შერვაშიძე მშვიდად და ლეგალურად ავიდა ბათუმიდან გამავალ გემზე. იგი იმხანად უკვე საფრანგეთში მყოფ მეუღლესთან მიემგზავრებოდა. გემი თურქეთის გავლით მიდიოდა საფრანგეთში და გიგუშა ერისთავი კონსტანტინოპოლში დახვდა მეუღლეს. სწორედ კონსტანტინოპოლში მიიღო მერიმ სილამაზის კონკურსში მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.
საქართველოში კი... საქართველოდან ბევრი ასეთი გემი გააცილეს...
და აიკრძალა ყველაფერი... ყველაფერი, რაც კი ბაგრატიონიდან ბაგრატიონამდე მოიაზრებოდა: ცისფერი სისხლი, გვარი, ჯიში - ამაყი და კეთილშობილი, "მარაოს ნიავზე გაციებული" ქალის ხატება, აიკრძალა დახვეწილობა, სინატიფე და ბევრად მეტიც - საქართველოს წარსული და ისტორია 1921 წლამდე.
... და სცილდებოდნენ გემები ნაპირს, და მრავალი წლით თან მიჰქონდათ რამდენი რამე, მაგრამ ტოვებდნენ გაცილებით მეტს, რაც მთავარია, ტოვებდნენ იმედს და დიდ ოცნებას...
"შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი"... დანამდვილებით არავინ იცის, ვის ეძღვნება ეს სტრიქონები... მკვლევართა გარდა, ეს არც არავის აინტერესებს...
ყველა ქართველმა გალაკტიონის "მერის" სახება მერი შერვაშიძის სახელს დაუკავშირა. უცნაურია, მერი არც ცნობილი საზოგადო მოღვაწე გახლდათ და არც ემიგრანტთა კრებებს ესწრებოდა თავგამოდებით. მაგრამ იგი დაკარგული საქართველოს და სულიდან ამოგლეჯილი კდემისა და სილამაზის სიმბოლოდ იქცა, ნამდვილ სახებად, რომელზეც, დიახაც, უნდა ეწერათ და ეოცნებათ ქართველ პოეტებს.

ალექსანდრე დიუმა ამბობდა: წარმომავლობა ადამიანს ხელებზე, ფეხებსა და თმებზე ეტყობაო. ჩვენში არისტოკრატიულობა რაფინირებას, განათლებას, სულიერ წონასწორობასა და კეთილშობილებას გულისხმობს. მერი შერვაშიძის პიროვნებაში ყველაფერი ეს შერწყმული იყო. იგი ახსოვთ მაღალი, აღნაგი, მუქი თაფლისფერი თვალებითა და წაბლისფერი თმით. არასოდეს იცინოდა, მხოლოდ იღიმებოდა, ჰყავდა ახლობელთა ვიწრო წრე, მაგრამ ყველა, ვინც იცნობდა, აღნიშნავდა, თავმდაბალი იყოო, თავმდაბალი და სათნო.
პარიზში მერი შერვაშიძე პრესტიჟულ მეთექვსმეტე რაიონში დასახლდა, რუ დე ლა ტურზე, ბულონის ტყესთან ახლოს, სადა, მაგრამ მაინც კომფორტულ ბინაში.
ერთი ხანობა ოჯახს ძალიან გაუჭირდა. მერისთან ერთად პარიზში ცხოვრობდნენ მისი დედა, ნინო მხეიძე და ტყუპი დები, ელენე და თამარი. ნინომ ერთ-ერთ ცნობილ სამკერვალოში დაიწყო მუშაობა. რაღაც დროის შემდეგ ოჯახმა უკვე თავადაც შეძლო სალონის გახსნა. ამბობენ, მერი შერვაშიძე სწორედ მაშინ გახდა კოკო შანელის მოდელი. მრავლისმნახველი პარიზელები განსაკუთრებით აღნიშნავდნენ მერის ჩაცმის სტილს და ღვთისაგან ბოძებული სილამაზის წარმოჩენის უნარს. ცნობილი მხატვრის, საველი სორინის დახატული მერის პორტრეტი მონაკოს პრინცის სასახლეშია დღესაც (მიუხედავად იმისა, რომ მხატვარმა ეს ტილო ქართველებს უსახსოვრა).
მისი სახე გურიის ერთ-ერთი ეკლესიის ფრესკაზეც გამოუხატავთ რესტავრაციის შემდეგ.
საქვეყნოდ ცნობილ მხატვარს, მან რეის, რომელიც ამავე დროს ფოტოგრაფიით იყო გატაცებული, მისი ფოტოპორტრეტი შეუქმნია. ეს ფოტო მან რეის ალბომიდან მერი შერვაშიძის ერთ-ერთმა შთამომავალმა, ეკა ჯაფარიძემ მოგვაწოდა.
1935 წელს, საფრანგეთში მყოფმა გალაკტიონმა თურმე შემთხვევით მოჰკრა თვალი მერი შერვაშიძეს. იგი ლუვრის წინ, პარკში იჯდა და ადრინდელზე უფრო ლამაზი იყო. ამის შემდეგ პოეტმა კიდევ რამდენიმე ლექსი მიუძღვნა "მერის", ჩვენთვის - მერი შერვაშიძეს...
გავიდა ხანი... ოთხმოციან წლებში "სუხიშვილების" ანსამბლი პარიზში ჩავიდა. ანსამბლის ერთ-ერთი სოლისტი მერი შერვაშიძის ბიძაშვილის შვილი, მარინა მხეიძე გახლდათ. შეხვედრა წარმოდგენის შემდეგ ჰქონდათ დათქმული.
"კულისებიდან სცენაზე მოცეკვავეების რიგთან ერთად გამოვედი და... მთელი რიგი წინ კი არა, დარბაზში იყურებოდა, მეც გავიხედე და... დარბაზის შუაგულში, დაგვიანებით შემოსული მერი შერვაშიძე იჯდა..." იგონებს მარინა მხეიძე.
მაშინაც, როგორც ყოველთვის, ლამაზი, ნატიფი და დიდებული იყო...
გიგუშა ერისთავი ადრე გარდაიცვალა. მასა და მერის მემკვიდრე არ დარჩენიათ და მერი დისშვილებს, კონსტანტინესა და ნინოს ზრდიდა. სამწუხაროდ, "კოწიკო" გარდაიცვალა, ხოლო ნინო ნიცაში გათხოვდა.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები მერი შერვაშიძემ მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. იქ მას ყველაფერი ჰქონდა: ნათელი ოთახი, ტელეფონი, ჰყავდა მომვლელი და თაყვანისმცემელიც კი, რომელიც სასადილოში ყოველდღე ახვედრებდა ყვავილებს.
გარდაიცვალა 97 წლისა, ბოლო დღემდე შეინარჩუნა სილამაზეც, კეთილშობილებაც და დიდებულებაც.
... ყველაფერი ლამაზი კიდევ ერთი ნიშანია ღვთიური გამოცხადებისა. ადამიანები სილამაზესა და იდეალებს აქ, ჩვეულ მიწაზე ვეძებთ დაუსრულებლად... ხოლო თუ ადამიანზე ცოტათი მეტი ხარ, შეიძლება ვერც მოითმინო და სულ სხვაგან დაუწყო ძებნა, თუნდაც, ამისთვის მეორე სართულიდან მოგიხდეს გადახტომა:
"შენ მაინც ვერსად გიპოვე მერი!"

თეა თოფურია