სამი სიხშირული დიაპაზონით...
ანუ მობილური ტელეფონით ამერიკაში

ვინც თვალყურს ადევნებს ჩვენს ჟურნალს, აუცილებლად შეამჩნევდა, რომ პერიოდულად მიმოვიხილავთ მობილური ტელეფონების ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებს. მესამე ნომერში მოკლედ უკვე გაგაცანით მოტოროლას ახალი მოდელი L7089 - პირველი აპარატი, რომელიც სამ 900/1800/1900 MHz სიხშირეზე მუშაობს. უკანასკნელ პერიოდში, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, მოტოროლა ისევ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც სამ სიხშირეზე მომუშავე აპარატებს აწარმოებს.
სულ ახლახან მაგთიკომმა უზრუნველყო როუმინგის მომსახურება ამერიკის კონტინენტზე და სამ სიხშირეზე მომუშავე აპარატი ქართველი მომხმარებლისათვის კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, დაწვრილებით მოგითხროთ მის შესახებ.

სამ სიხშირეზე მომუშავე ტელეფონის იდეა ამერიკაში ალბათ GSM 1900 ამუშავების პირველსავე დღეს გაჩნდა, თუმცა, მისი ხორცშესხმა არცთუ მარტივი საქმე აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, მობილური ტელეფონების მწარმოებელი მსოფლიო ლიდერები კარგა ხანს მხოლოდ 900/1800 MHz და ცალკე 1900 MHz სიხშირეზე მომუშავე აპარატებს აწარმოებდნენ. გამონაკლისი ამ ბიზნესში თითქოს ნაკლებად ცნობილი კომპანია ოსცჰ-ი აღმოჩნდა, რომელსაც მანამდე მობილური ტელეფონის სულ რამდენიმე მოდელი ჰქონდა გამოტანილი ბაზარზე. მისი Bosch 718 World, მართლაც ახალი სიტყვა იყო, რომელიც ერთდროულად 900/1900 MHz სიხშირეზე მუშაობდა, მაგრამ მომხმარებელი დარგის ლიდერებისგან სიახლეს ელოდა.

1999 წლის დასაწყისში გამოვიდა Motorola L7089, რომელიც პირველი იყო სამსიხშირიანი ტელეფონების სერიაში და სპეციალისტების და ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. სამი სიხშირის გარდა, მას ბევრი ტექნიკური პარამეტრიც საკმაოდ კარგი აღმოაჩნდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა იმ დროისათვის ბაზარზე არსებულ კონკურენტ მოდელებს: Nokia 6110, Bosch World Com 718, Ericsson 888.
აპარატის წარმატება იმანაც განაპირობა, რომ მოტოროლამ უკვე წარმოებულ მოდელს კი არ დაამატა მესამე სიხშირე, არამედ შექმნა ახალი, სამსიხშირიანი ტელეფონი, რომელიც განსხვავებულ პლატფორმაზე ააგო და მრავალი ტექნოლოგიური სიახლით დატვირთა. მოტოროლას კლასიკური მენიუ, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს განიცდიდა, უკვე აღარ პასუხობდა მომხმარებლის გაზრდილ მოთხოვნებს და მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა კონკურენტი კომპანიების პროგრამულ ნაწილს. ახალ, სამსიხშირიან მოდელებში მოტოროლამ ბევრი რამ შეცვალა და თანამედროვე ევროპული ტელეფონების მენიუებს დაუახლოვა. მიუხედავად იმისა, რომ მოდელში იგრძნობა ზოგიერთი ფირმის მენიუს გავლენა, ფუნქციების თანმიმდევრობა და მენიუს სტრუქტურა საკმაოდ საინტერესო შთაბეჭდილებას ტოვებს.
მოტოროლას სამსიხშირიანი მოდელები ბაზარზე გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგაც უნიკალური აღმოჩნდა, 900/1800/1900-ზე მუშაობის თვალსაზრისით. თუ 900/1800 MHz აპარატების წარმოება თითქმის ყველა მწარმოებელმა აითვისა, სამ სიხშირეზე მომუშავე მობილური ტელეფონი 2000 წლის გაზაფხულისთვისაც კი არც ერთ სხვა მწარმოებელს არ წარუდგენია. მხოლოდ Ericsson-მა გამოაცხადა თებერვალში მისი ახალი, სამსიხშირიანი მოდელის შესახებ, რომელიც 2000 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება ბაზარზე, ხოლო Nokia-მ მარტის დასაწყისში წარადგინა 1900 Mhz მომუშავე აპარატი, რომელიც მხოლოდ ორ სიხშირეზე - 900/1900-ზე მუშაობს.
თანამედროვე დიზაინსა და ბატარეის მაღალ პარამეტრებთან ერთად, Motorola L7089 აპარატი საკმაოდ მსუბუქია და მხოლოდ 108 გრამს იწონის. აპარატში გამოყენებულია მხოლოდ მოტოროლას აპარატებისათვის დამუშავებული ე.წ. Optimax ეკრანები, რომლებიც მაღალი კონტრასტულობით გამოირჩევა და კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის ხუთსტრიქონიან ეკრანთან მუშაობას.
ტელეფონს საკმაოდ მაღალი მექანიკური სიმტკიცე ახასიათებს, რასაც აპარატის კორპუსის ექვს ჭანჭიკზე დამაგრება უზრუნველყოფს. ამ საკითხს კომპანიამ ალბათ StarTAC-ის პირველი პარტიის გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიაქცია, რადგან ეს StarTAC-ის სუსტი მხარე იყო.
პირველად მოტოროლას L7089 მოდელებში შემოტანილ იქნა ე.წ. ხმოვანი დარეკვის ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ხმოვანი სიგნალით დარეკოს წინასწარ დაპროგრამებულ 25 ნომერზე და ჩართოს 9 სხვადასხვა ფუნქცია. ეს სერვისი, რომელიც პირველად Philips-მა შემოიტანა, თანდათან პოპულარული ხდება, თუმცა, იგი მწარმოებლის პრესტიჟზე უფრო მეტყველებს, ვიდრე გამოყენების თვალსაზრისით პრაქტიკულობაზე.
მოტოროლას წინა მოდელებში საკმაო პოპულარობით სარგებლობდა ე.წ. ხმოვანი ჩანაწერის (Voice Note ) ფუნქცია, რომელიც ახალ ტელეფონშიცაა გადმოტანილი. იგი მოტოროლას გარდა, კიდევ რამდენიმე მწარმოებელთან გვხვდება, თუმცა, 3 წუთამდე ჩანაწერის ხანგრძლივობა ჯერჯერობით კონკურენტი კომპანიების მოდელებისთვის არ არის დამახასიათებელი.
L7089-ში შენარჩუნებულია მოტოროლას მომხმარებლისთვის კარგად ცნობილი ვიბროზარი (VibroCall), რომელსაც გარკვეული კატეგორიის აბონენტი მობილური ტელეფონის აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევს. სხვა მობილური ტელეფონების მწარმოებლებისგან განსხვავებით, მოტოროლას ტელეფონებზე შესაძლებელია ვიბრაციის და შემდგომ ჩვეულებრივი ხმოვანი ზარის ჩართვა, რაც უფრო მეტ გარანტიას გაძლევთ, არ გამოგრჩეთ ზარები.
პირველად მოტოროლას ტელეფონების ისტორიაში Motorola L7089-ს გაუჩნდა გარე მოწყობილობებთან კავშირის ახალი საშუალება: ამიერიდან აპარატს შეუძლია ინფრაწითელი ტექნოლოგიის საშუალებით ინფორმაციის მიმოცვლა პერსონალურ კომპიუტერთან.
სავსებით შესაძლებელია, ჩვეულებრივი მომხმარებელი ზემოთ ჩამოთვლილ საკმაოდ რთულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე მეტად, ერთი შეხედვით, სრულიად უბრალო სიახლემ გაახაროს. კომპანიის წინა მოდელებში მიღებული და გამოტოვებული ზარები ერთად ინახებოდა, რაც მომხმარებელს გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა. L7089-ში კი ეს ზარები ცალ-ცალკეა დაყოფილი და მითითებულია გამოტოვებული ზარის მიღების დრო.
ჩვენ აღარ შევჩერდებით აპარატის მრავალ ტექნიკურ პარამეტრზე, რომლებიც შესაძლოა, უფრო პროფესიონალთა ინტერესის სფეროში შედიოდეს. ასევე თავს ავარიდებთ იმ ფუნქციების განხილვას, რომელთა გამოყენება ჯერჯერობით შეუძლებელია ქსელის კონფიგურაციიდან გამომდინარე. დავამატებთ მხოლოდ, რომ აპარატის უამრავი აქსესუარი (ჩვეულებრივი და მაღალი ტევადობის ბატარეები, მანქანის დამტენი, მანქანის მოწყობილობა) უკვე ხელმისაწვდომია ჩვენი მომხმარებლისთვის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თბილისში ფუნქციონირებს მოტოროლას ავტორიზებული სერვის-ცენტრი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, აპარატებს საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას გაუწევს.
L7089-ის შემდეგ მოტოროლამ კიდევ გამოუშვა სამ სიხშირეზე მომუშავე ტელეფონები Motorola P7389 და Motorola L7389, რომელთა მუშაობას საქართველოში მობილური ინტერნეტის შემოსვლის შემდეგ განვიხილავთ.

ლევან ბუჩუკური
მაგთიკომის მარკეტინგის და
აბონენტთა მომსახურების
დეპარტამენტის უფროსი