ეკლიანი გზით მწვერვალებისაკენ...

ჯაფარიძეთა ოჯახი, მთამსვლელი ჯაფარიძეები, და-ძმა ჯაფარიძეები - მათზე ასე წერდნენ და ასე იხსენებდნენ.
სიმონი, ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეები... შეუძლებელია, ერთის შესახებ დაიწყო საუბარი და იქ მეორე, მესამე არ ახსენო...
უცნაური ოჯახი - სხვადასხვა პროფესიის, მაგრამ ერთ საქმეზე შეყვარებული და შეწირული - უცნაური წევრებით... ერთი ოჯახის სამი დიდი ისტორია და ქართული ალპინიზმის ისტორიაც.
და მაინც, დღეს მხოლოდ ერთ მათგანზე ვსაუბრობთ - ალექსანდრა ჯაფარიძეზე.
"მრავალი ქალის როლი განმისახიერებია ჩემი მოღვაწეობის მანძილზე, მაგრამ ნამდვილად გამიჭირდებოდა, მეთამაშა ისეთი ქალის როლი, რომელშიც ასე იქნებოდა ქალური სინაზე და დიდი ვაჟკაცობა შერწყმული, როგორც ეს თქვენშიაო", - უთქვამს მისთვის, ერთ-ერთ საიუბილეო საღამოზე, ვერიკო ანჯაფარიძეს...

მთებამდე...

ზემო იმერეთში, რაჭის საზღვარზე, არის ერთი მაღალმთიანი სოფელი - ხრეითი. დღეს ამ სოფელში მთამსვლელ ჯაფარიძეთა სახლ-მუზეუმია. ასწლოვანი მუხებისა და ცაცხვების ჩრდილსშეფარებული იმერული ოდა და ხალხში გაბნეული ათასი მოგონება სახელოვან თანასოფლელებზე...
საუკუნის დასაწყისში აქ ერთი ჩვეულებრივი, მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. ბიჭია და ლიდა ჯაფარიძეებს შვიდი შვილი ჰყავდათ, ალექსანდრა მეოთხე იყო. ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ თვრამეტი წლის ალექსანდრა ხრეითში ბრუნდება და სოფლის ბავშვებს საკუთარ სახლში წერა-კითხვას ასწავლის. 1913 წელს სოფელი სკოლისთვის ოროთახიან ფიცრულ სახლს აშენებს. სკოლის პირველი გამგე და ყველა საგნის პირველი მასწავლებელი ალექსანდრაა. "დასაწყისში მერხები და სხვა ინვენტარი არ გვქონდა - ბავშვები ოთახის კედლების გასწვრივ იდგნენ ჩამწკრივებულნი და ისე სწავლობდნენ ანბანს... ვუყურებ და საოცარი გრძნობა მეუფლება. რა დიდი მანძილია ჩემს მოგონებებში შემორჩენილ და ახლანდელ ხრეითს შორის..." ახლანდელი ხრეითის საშუალო სკოლა ალექსანდრა ჯაფარიძის სახელობისაა.
1916 წელს იგი ქუთაისში, ხოჯევანოვას კერძო გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად მიიწვიეს. სამი წლის შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი ხდება. პარალელურად გეოფიზიკურ ობსერვატორიაში იწყებს მუშაობას, რომლის დირექტორიც 1921 წლიდან ალექსანდრე დიდებულიძე გახლდათ...
იმ დროისთვის უკვე ცოცხალი აღარაა ვანო, უფროსი ძმა, რომელიც პეტერბურგში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1905 წლის გამოსვლების დროს დაიჭირეს და პეტრე-პავლეს ციხეში ჩასვეს, სადაც ძვლის ტუბერკულოზით დაავადდა და მალევე გარდაიცვალა; მეორე ძმა - კალისტრატე რევოლუციონერია და ბაქოში მოღვაწეობს. მართლაც, უცნაურია ცხოვრება: 1921 წელს ბაქოდან წამოსულ მე-11 წითელ არმიას ტაბახმელაზე სხვებთან ერთად უმცროსი ძმები, სიმონი და ალიოშაც ებრძვიან. კალისტრატე 1924 წელს თელავში მოკლეს, სადაც ის პოლიტსამმართველოს უფროსად მუშაობდა; ნოე, მეხუთე ძმა ჯერ ისევ პატარაა; ივდითი კი, ალექსანდრას ერთადერთი და - უკვე გათხოვილი.

1923 წელი, მყინვარწვერი
პირველი ასვლა

ნაწყვეტი დღიურიდან: "ის ერთადერთი გმირია, რომელმაც ჩემი გული დაიპყრო და დაიმონა. მე ახლა ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიჩენდი მერყეობას წამოსვლის დროს... მოთმინება მეკარგება, როდის გავემგზავრებით მისკენ... მივდივართ და... გვინდა, მიუდგომელს მივუდგეთ, მიუწვდომელს მივწვდეთ..."
აგვისტო-სექტემბერში გიორგი ნიკოლაძისა და ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე ორი ექსპედიცია ავიდა. ალექსანდრა, როგორც მეტეოროლოგიური ნაწილის დამკვირვებელი, ალექსანდრე დიდებულიძის ჯგუფში იყო. იმ დროს სიმონი, ალექსანდრას ძმა, გეოლოგიურზე სწავლობდა. 1924 წელს საქართველოში გეოგრაფიული საზოგადოება დაარსდა. მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილებას გიორგი ნიკოლაძე უძღვება. ცოტა ხნის შემდეგ, გიორგი ნიკოლაძე რამდენიმე წლით უცხოეთში მიემგზავრება, განყოფილებას კი სიმონ ჯაფარიძეს აბარებს. ალექსანდრასა და სიმონის გზები უკვე სხვაგვარად გადაიკვეთა.
1927 წელს და-ძმა ჯაფარიძეები, იაგორ კაზალიკაშვილი და გახა წიკლაური მყინვარწვერზე ახალი გზით ადიან. მათ მწვერვალზე მეტეოროლოგიური ჯიხური ააქვთ. იმ დროისათვის მსოფლიოში ასეთ სიმაღლეზე ტემპერატურის გაზომვის ეს პირველი შემთხვევა იყო. ავტომატური ჩანაწერის დიაგრამა პარიზში, მსოფლიო მიღწევათა გამოფენაზე გაიგზავნა, კვლევის შედეგები კი ინგლისის გეოგრაფიული საზოგადოების ჟურნალში დაიბეჭდა.
გიორგი ნიკოლაძე უცხოეთიდან სიმონ ჯაფარიძეს სწერდა: "შენზედ ამბობენ, მყინვარწვერზე აპირებ დასახლებასო და წელიწადში ერთხელ ან ორჯელ "დედამიწაზე ჩამოსვლას" მოახდენსო..." ოთხი წლის განმავლობაში იგი მყინვარწვერზე რვაჯერ ავიდა, სამჯერ - ალექსანდრასთან ერთად.
1929 წლის 27 აგვისტოს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების წევრები გიორგი ნიკოლაძე, პიმენ დვალი და სიმონ ჯაფარიძე თეთნულდის დასაპყრობად მიდიან... და თეთნულდიდან მხოლოდ გიორგი ნიკოლაძე ბრუნდება. სიმონ ჯაფარიძისა და პიმენ დვალის ცხედრები რამდენიმე დღის შემდეგ სვანმა მონადირეებმა იპოვეს.
"თეთნულდზე ფიქრობდა და ოცნებობდა ჩემი და ალექსანდრაც. გვწყუროდა შურისძიება," - წერდა მოგვიანებით ალექსანდრას მეორე ძმა, ალიოშა. ერთი წლის შემდეგ და-ძმა ჯაფარიძეები, იაგორ კაზალიკაშვილი და ადსილ ავალიანი "საზარელ" მწვერვალს იპყრობენ. ეს გახლდათ ქართველების პირველი ასვლა თეთნულდზე, ესაა ალიოშა ჯაფარიძის პირველი მწვერვალი და ალექსანდრა იყო პირველი ქალი, რომელმაც თეთნულდზე დაადგა ფეხი. მწვერვალზე დარჩა ფირფიტა წარწერით: "კავკასიონის მწვერვალთა მესაიდუმლის სიმონ ჯაფარიძის ხსოვნას, მისი დამსხვრეული მისწრაფებების აღსადგენად, აქ მოსული მისივე და-ძმისგან, ივლისი, 1930 წელი."
სიმონის დაღუპვა ალიოშას მთამსვლელობის მიზეზი გახდა. და-ძმა ჯაფარიძეები - ისევ მწვერვალებზე. ცხოვრება გაგრძელდა... და ამ ცხოვრებაში არ მოიძებნა დრო და ადგილი მათი პირადი ცხოვრებისთვის. არც სიმონს, არც ალიოშას და არც ქალბატონ ალექსანდრას საკუთარი ოჯახი არ შეუქმნიათ.
უცნობია, უყვარდა თუ არა ვინმე ქალბატონ ალექსანდრას; ცნობილია, რომ იგი ალიოშას ახლო მეგობარს უყვარდა, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. ალექსანდრამ ამ სიყვარულის შესახებ გვიან, გარდაცვლილის ოჯახისგან შეიტყო. მერე კი... მერე წარსული, ალბათ, სხვაგვარად გამოჩნდა და დიდი ხნის შემდეგ, ალექსანდრა ჯაფარიძის პირად არქივში კარგად გადანახული მისი ფოტოები იპოვეს.

1934 წელი, უშბა

ნაწყვეტი დღიურიდან: "ფიცს ვდებ ოჯახის წინაშე, რომ სრულიად დავანებო თავი ალპინიზმს, ოღონდ წლევანდელ ექსპედიციას მშვიდობით გადავურჩეთ... უშბაზე ხუთჯერ რომ ავიდე, ჩემს დამსხვრეულ გულს მაინც ვერ გამოაბრუნებს..." 20 აგვისტოს ექსპედიცია უკვე სვანეთშია. მოიერიშე ჯგუფში იაგორ კაზალიკაშვილი, გიო ნიგურიანი და და-ძმა ჯაფარიძეები არიან.
მწვერვალი ჯერ ისევ შორსაა, ჯგუფს რთულ მონაკვეთზე უღამდება. იქ შეიძლება მხოლოდ ერთმა გაათიოს ღამე. აუცილებელია ქვედა ბანაკში დაბრუნება. ხვალ? ხვალ ღმერთმა იცის, რა იქნება... "მე ვარჩევ იქ დარჩენას. გავათიე მარტომ შუა კლდეზე - თოკით კლდეზე მიბმულმა. ჩინებულად გავატარე ღამე, მეძინა კიდეც, სიმაღლე - 4550... საშინელი დაბრკოლებებია. საკვირველია, როგორ იფიქრეს პირველად ამაზე ასვლა... ავედით მწვერვალზე 15 საათზე. დავრჩით 2 საათს..." და იგი პირველი ქალი იყო, რომელიც უშბაზე ავიდა.
ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით 1935 წელს მწვერვალი ორწვერი დაიპყრეს, იმავე წელს - მყინვარწვერი და იალბუზი. 1938 წელს იგი ხუთკაციანი ჯგუფით რუსთაველის, აკაკი წერეთლისა და კიდევ რამდენიმე მწვერვალზე ადის. 1939 წელს სამჯერ, სხვადასხვა ჯგუფთან ერთად, მყინვარწვერი დალაშქრა. იმავე წელს წარმატებული ასვლა განახორციელა ქაბარჯინისა და მაილის მწვერვალებზე.
1940 წელს კი იყო კავკასიონის დიდი ტრავერსი - იმ დროისთვის საერთაშორისო ალპინისტური რეკორდი - 80 კმ. ურთულესი თხემით, 20 მწვერვალი, აქედან 10 - უძნელესი კატეგორია, დამხმარე ბაზების გარეშე და სურსათის მარაგის შეუვსებლად. ასეთ რთულ ტრავერსში ქალის მონაწილეობის ეს პირველი შემთხვევა იყო.
დრო გადიოდა. ამ პერიოდში ჯერ მამა გარდაეცვალა, შემდეგ - დედა. "ალბათ კიდევ ვივლი, მაგრამ - უსულოდ და უგულოდ. როგორ მინდა, ერთ უსახელო მწვერვალს დედის სახელი დავარქვა, მაგრამ ვერ გამიმხელია, იქნებ ეს ძალიან უხერხულია..." წერდა თავის დღიურში 1945 წელს, შხელდა-უშბის ტრავერსის დროს. მწვერვალისკენ ექსპედიციის ჯგუფი გაემართა... ალიოშა ჯაფარიძე, ქელეშბი ონიანი და ნიკოლოზ მუხინი. ალიოშა ჯაფარიძე იმ დროს უკვე საქვეყნოდ ცნობილი მთამსვლელი იყო...
"გული მეკუმშება, ასე მგონია, დაწყდა მთელი ძარღვები, რომ რამე უბედურება მოხდეს, რაღა უნდა ვქნა?! ჯერ სიკვდილი, მერე სირცხვილი... ჩემ გულზე წვიმს, მთელი ღამეები ვშფოთავ, ვტირი, ჭკუაზე აღარ ვარ. ვიცი, რომ საფრთხეში არიან და არსაიდან დახმარების შესაძლებლობა არაა. რა ვქნა, რა უმწეო მდგომარეობაში ვარ... ღმერთო, ნუ მომასწრებ რამე უბედურებას!" - წერს უკვე მას შემდეგ, რაც ჯგუფსა და ბარში დარჩენილებს შორის ყოველგვარი კავშირი გაწყდა. ნისლში გახვეული უშბის კალთებიდან კი, კარგა ხანს ისმოდა ჭექა-ქუხილისა და ზვავების ხმა...
12 ოქტომბერი ჯგუფის დაღუპვის ოფიციალურ თარიღად ითვლება. ალიოშა ჯაფარიძის ცხედარი მხოლოდ თორმეტი წლის შემდეგ ამოასვენეს "ყინულის ლოგინიდან"...
1948 წელს კი ალექსანდრა ჯაფარიძემ სინამდვილედ აქცია მითი ბეთლემის შესახებ: "ამრიგად, ლეგენდარული ბეთლემის გამოქვაბული ნამდვილად აღმოჩენილია. შევუდექით გამოქვაბულის გაზომვა-აღწერასა და ფოტოგადაღებას.." ლევან გოთუა, ჯაფარიძეების დიდი მეგობარი, გადასახლებიდან წერდა: "ქალმა დაამხო ძველი განდეგილი ბერი და ისევ ქალმავე აღმოაჩინა იგი - ალბათ თავისი სიძლიერის ხელმეორედ დასამტკიცებლად!"
ორი წლის შემდეგ ალექსანდრა ჯაფარიძე თავის მოწაფეებთან ერთად დიხ-თაუს მწვერვალზე ადის.



1953 წელი, მყინვარწვერი
მეცხრამეტე - (ბოლო) ასვლა

"სრულიად თავისუფლად ავედი, არ გამჭირვებია, მაგრამ გამოვემშვიდობეო", - სწერდა თავის მეგობარს, ცნობილ მთამსვლელსა და ექიმს, სოსო ასლანიშვილს. იმ დროს ალექსანდრა 58 წლის იყო და მყინვარწვერზე ჭიათურის მაღაროელთა 52-კაციან ალპინიადას უხელმძღვანელა. მის გვერდით, მყინვარწვერზე, მესამე ძმა, ნოე ჯაფარიძე იდგა. ასე სიმბოლურად გამოემშვიდობა იგი მწვერვალებს.
თუმცა, თავად გამომშვიდობებაც სიმბოლური იყო... რადგან სპორტის დამსახურებული ოსტატი, ალპინიზმის ინსტრუქტორი, საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე, მრავალი ქვეყნისა და ქალაქის ალპური კლუბის საპატიო წევრი და კიდევ ბევრი სხვა ჯილდოსა და ტიტულის მფლობელი ალექსანდრა ჯაფარიძე, 1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტის პედაგოგად მუშაობდა. წლების განმავლობაში, ათობით პატარა და მომავალში ცნობილი მთამსვლელისთვის, საყვარელი "დეიდა ალექსანდრა", "პატივცემული ალექსანდრა", "ალექსანდრა მასწავლებელი" მაგალითი, ძალა და გამარჯვების სიმბოლო იყო...
1957 წელს ლევან გოთუა ახალგაზრდა მწერალთა ალპინიადას აწყობს. მისი დაჟინებული თხოვნით, ალპინიადაში ალექსანდრა ჯაფარიძეც მონაწილეობს.
"რა დიდი იმედია ეს მათთვის, ვინც პირველად მიდის მთაში, ე.ი. ჩვენთვის. თუ ალპინიადაში არის ჯაფარიძე (ოღონდ ეს გვარი ჰქონდეს), ნურც ნაპრალების გეშინია, ნურც - ზვავისა. პატივცემულ ალექსანდრას სულ შავი აცვია, ახლახან დაასაფლავა 12 წლის წინათ ყინულებში დაღუპული ძმა. განახლებულმა გლოვამ თმის უკანასკნელი შავი ღერებიც გაუთეთრა," - წერდა ახალგაზრდა ედიშერ ყიფიანი. ალპინიადაში გურამ თიკანაძეც მონაწილეობდა და ის ცნობილი ფოტოც სწორედ იმ დროსაა გადაღებული...
თბილისში, იმ სახლში, სადაც ქალბატონმა ალექსანდრამ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა, დღეს მისი ძმისშვილი და მემკვიდრე, ივანე ჯაფარიძე ცხოვრობს. 25 წელი დასჭირდა მთამსვლელი ჯაფარიძეების არქივის შექმნასა და მოწესრიგებას. ფოტოები, ხელნაწერები, წერილები, დღიურები, გაზეთები, წიგნები და ჯერ კიდევ უამრავი გამოუქვეყნებელი მასალა და ინფორმაცია ქართული ალპინიზმისა და ჯაფარიძეების ოჯახის ისტორიიდან...
სიცოცხლის ბოლოს ალექსანდრა ჯაფარიძემ ცნობილი მთამსვლელის, მორის ჰერცოგის "ანაპურნა" თარგმნა ქართულად. წიგნის რედაქტირებას საავადმყოფოში აკეთებდა, ხოლო რეცენზია მისი გარდაცვალების დღეს დაიბეჭდა... ალექსანდრა ჯაფარიძე 1974 წელს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ვერის პარკში, ალპური კლუბის მახლობლად, სიმონისა და ალიოშას გვერდით.
საქართველოში მთამსვლელობით ვერავის გააკვირვებ. აქ ეს ვაჟკაცური საქმე საუკუნეებს ითვლის, "მიუწვდომლის სურვილთან" ერთად, ამაში, ალბათ, ჩვენი ქვეყანაცაა "დამნაშავე"...
და-ძმა ჯაფარიძეები - არც პირველნი და არც უკანასკნელნი...
და მაინც...
უბრალოდ ერთნი...
უბრალოდ ლეგენდარულნი.

ელისო კაპანაძე