ჯერჯერობით

... ზოგმა მითხრა, ჯერ ოცის არ არისო, ზოგმა მითხრა, ოცის უნდა იყოსო, მერე თვითონ მითხრა, რომ 1972 წლის 8 აპრილს დაიბადა...
... იყო წარსული, ჩვეულებრივი თუ არაჩვეულებრივი წარსული, უბრალოდ ბავშვობა, შესაძლოა გამორჩეული აზროვნება, შესაძლოა ყველაფრისადმი განსაკუთრებული მიდგომა...
... სახელდახელოდ მოწყობილი სცენა, გამოგონილი მიკროფონი, სამი-ოთხი სკამი, ოჯახის წევრების გაღიმებული სახეები... მერე ამ სცენაზე გამოდის ბავშვი, მღერის, ცეკვავს, თავს ირთობს და სხვასაც ართობს, მერე ოვაციები... და ერთი მსახიობის თეატრის ფარდა ეშვება...
ქეთი ფარესაშვილს უსაშველოდ ჰყვარებია სიმღერა. თუკი რაიმე მელოდიას მოისმენდა, მაშინვე იმეორებდა, ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. მოსწონდა უცხოური სიმღერები და მათი თავისებურად შესრულება. აშკარა იყო, რომ ხმისა და სმენის ნაკლებობას არ განიცდიდა (თურმე, მისი ბაბუაც ამ მხრივ განსაკუთრებული ნიჭის პატრონი ყოფილა)...
... მერე წლები გადის და ქეთიც იზრდება. მუსიკალურ განათლებას ნიჭიერთა ათწლედში იღებს, სცენისადმი ლტოლვა კი არ ნელდება... სკოლის კიბეებზე ისევ იმართება კონცერტი, ხან მარტო მღერის, ხან კი საქსოფონის აკომპანემენტით, რომელსაც მისი მეგობარი დათო ლოლაძე უკეთებს...
... და ყველა ურჩევს ქეთის: გამოდი ნამდვილ სცენაზე, სხვებისთვის იმღერე, მაგრამ მაშინ ყველაფერი ეს არარეალურად ეჩვენება...
ამთავრებს უცხო ენების ინსტიტუტს და მაინც მღერის, უსმენს სხვას და მერე მღერის...
"... და ერთ დღეს, დათომ კასეტა მომცა, მითხრა, მოუსმინეო, ტანია-მარია მღეროდა და მაშინ თითქოს საოცრება მოხდაო, უსაშველოდ მომინდა, მისი სიმღერები შემესრულებინა, განსაკუთრებით "ომ ომ ომ (ჩჰი ჩჰი ჩჰი)"-იმ მომხიბლა - ბრაზილიური ცეკვაა, ტანიამ კი კომპოზიცია შექმნა"...
ყველაფერს თვითონ აკეთებდა, თვითონ ემზადებოდა, საკუთარ თავზე მუშაობდა და ბოლოს ჩაწერა კიდეც სიმღერა.
ტანია-მარია პორტუგალიურ ენაზე მღერის, ქეთიმ კი არ იცოდა პორტუგალიური, უბრალოდ მუსიკის ენით ხვდებოდა შინაარსს, სწვდებოდა არსს და მერე მისეული ინტერპრეტაციით ასრულებდა.

... მაგრამ ძალიან მოხიბლა პორტუგალიურმა. ლექსიკონებს ვაბარებდიო ხალხს და მთელი დღე ამ ლექსიკონებში ვიჩიჩქნებოდიო, სიტყვებს ვეძებდი, რომ სიმღერის შინაარსი გამეგოო, ძალიან ვწვალობდიო, მაგრამ სურვილი და სიყვარული ამ წვალებას მიქარწყლებდაო... მერე, როგორც იქნა, პორტუგალიური ენის სპეციალისტიც იპოვა - ვანო ცაგარეიშვილი და ახლა ნელ-ნელა ამ ენასაც ეუფლება...
... და ერთ მშვენიერ თუ არაჩვეულებრივ დღეს, ეს იყო 1995 წელს, ქეთი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარდგა პუბლიკის წინაშე და მაშინ მიხვდა, რომ მისი ადგილი სწორედ სცენაზე იყო, მან სწორედ იქ შეასრულა ტანია-მარიას კომპოზიცია და დიდი მოწონებაც დაიმსახურა...
ამას მოჰყვა ფესტივალი "ხელები", შემდეგ კი - "მარგარიტა" და ერთ-ერთი მთავარი პრიზი "მის მარგარიტა 96" სწორედ მას ხვდა წილად: "იცი, რა ლამაზია ეს გვირგვინი" - ულამაზესი".
კოკა-კოლას რეკლამა ქართულად, თურმე, პირველად ქეთის გაუხმოვანებია 1997 წელს, სტამბულში... ეს ისე, ცნობისთვის...
და საერთოდ, რას მღერის ქეთი?
ქეთის რეპერტუარის 99 %-ს უცხოური სიმღერები შეადგენს: "ტანია-მარიას სიმღერების რამდენიმე კომპოზიცია მაქვს, ეს იყო ბიძგი, მაგრამ სამბებს ბევრი ჯაზმენი მღერის და მეც თითქმის ჩემეული ინტერპრეტაციით ვასრულებ ამ სამბებს".
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ქართული სიმღერა რატომ არა?
არა, კაცმა რომ თქვას, არც კი ჩნდება ასეთი კითხვა, მაგრამ მაინც:
"საოცარია ქართული ხალხური სიმღერა და ქართული სუფრული, გული მწყდება, რომ თანამედროვე საესტრადო სიმღერები შესაფერის დონეზე არ დგას..."
მაგრამ არის ერთი კომპოზიტორი, რომელიც ძალიან მოსწონს ქეთის - ეს არის გიორგი ცინცაძე და აპირებს კიდეც, შეასრულოს მისი სიმღერები.
ახლა ერთი პატარა ამბავი. სულ პატარა ამბავი. დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან აინტერესებს, მეც ძალიან მაინტერესებდა. თითქმის ყველას გექნებათ ნანახი აიეტი TV-ის სარეკლამო რგოლი. როგორ მოხვდა ქეთი იქ? ან მსახიობი ზურაბ ყიფშიძე როგორ მოგვევლინა ახალ ამპლუაში? - ალბათ თქვენც გაინტერესებთ:
"მელოდია გიორგი ცინცაძემ შექმნა, ტექსტი - ნიკო გომელაურმა, ხოლო ჩაცმულობაზე მოდელიერმა იკა ბობოხიძემ იზრუნა. კლიპის რეჟისორი ნიკო მარია, ოპერატორი - გიორგი ბერიძე. სწორედ ნიკომ გადაწყვიტა, რომ მე უნდა შემესრულებინა ეს სიმღერა. შემდეგ კი ყველა ერთად დავსხედით, ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და საბოლოოდ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩემთან ერთად ზურასაც უნდა ემღერა. ზურა ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანია და არც სიმღერა გასჭირვებია. მშვენიერი ტემბრი აქვს...
ქეთი მანამდეც პოპულარული იყო, ამ კლიპის გადაღების შემდეგ კი ქვეყანამ გაიცნო, მაგრამ ქეთის არასოდეს უფიქრია, გამხდარიყო პოპულარული, ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა: "პოპულარობა სასიამოვნოა, მაგრამ დამოკიდებულებას არაფრის და არავის მიმართ არ მიცვლის".
მას საკმაოდ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, განსაკუთრებით - სადღესასწაულო დღეებში, ისე კი მოღვაწეობს "დათოს კლუბში" და კლუბ "ელიტაში". დათოს კლუბში ხუთშაბათობით და შაბათობით მღერის. ჯაზ-კლუბი მისთვის სკოლასავით არის. ის აქ სწავლობს და რაც მთავარია: "ვცდილობ, უფრო გავიზარდო". დახელოვნებაში კი მას "დათოს ჯაზ-სოულ-კლუბის" მუსიკალური მენეჯერი გია მანჯგალაძე და შესანიშნავი პიანისტები ძინი ვირსალაძე და გია რაქვიაშვილი ეხმარებიან.
ქეთიმ სიამაყით აღნიშნა, რომ "დათოს კლუბში" მოღვაწეობდნენ ცნობილი ჯაზმენები: თამაზ ყურაშვილი, დათო მაზანაშვილი, დათო ჯაფარიძე, ნუკრი აბაშიძე, ზურაბ რამიშვილი, გულიკო ჭანტურია, მაიკლ პეტრუჩიანი და სხვა...
დღეს კი ქეთისთან ერთად ჯაზ-სოულ-კლუბში მაია ბარათაშვილიც მღერის.
ქეთი განსაკუთრებულ უპირატესობას ჯაზს ანიჭებს. მისი თქმით, იმღერო ჯაზი, ეს ნიშნავს იაზროვნო, გააკეთო ყველაფერი, რაც მოგესურვება, გახდე სრულიად თავისუფალი, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად დახვეწილი უნდა იყოს...
ალბათ, ნებისმიერი მომღერლის სურვილია, თავადაც შექმნას მელოდია, სიმღერა და მერე, ეს მელოდია თუ სიმღერა ამაყად წარუდგინოს მსმენელს. არა, შეიძლება ვცდები კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ასეა...
რას ფიქრობს ამაზე ქეთი?
"ძალით ვერ ცდი სიმღერის დაწერას, ეს თავისთავად უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი არაფერი დამმართვია. არა, მელოდიის შეკოწიწება კი შემიძლია, რადგან მუსიკალურ ათწლედში ჰარმონია გავლილი მაქვს, მაგრამ ასე არ მინდა, ეს ღირებული არ იქნება, თუმცა ძალიან გამიხარდება, თუკი ამის უნარი აღმომაჩნდება.
ქეთი ბევრს მუშაობს, ძალიან ბევრს: სურს, უფრო მეტს მიაღწიოს, ხანდახან თავსაც ისჯის, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ თავისი საქმიანობის სიყვარულით მოსდის: ?ძირითადად არ ვარ ხოლმე კმაყოფილი, ძალიან ბევრს მოვითხოვ საკუთარი თავისგან. ყოველთვის მრჩება ისეთი გრძნობა, რომ უკეთესად შემეძლო, მაგრამ ვერ გავაკეთე."
ამბობენ ხოლმე, ძნელიაო საკუთარ თავზე ლაპარაკი, ალბათ ასეა. ქეთისაც უჭირს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ აქ თავმდაბლობა რა მოსატანია?
"ვფიქრობ, ნორმალური მომღერალი უნდა გამოვიდე, ისეთი, მსოფლიოში გამოჩენა რომ არ შემრცხვეს. ეს მე ვფიქრობ ასე"...
ისე კი ქეთი ძალიან ბევრს ფიქრობს, ფიქრობს და მიდის იმ დასკვნამდე, რომ:
"უარყოფითი პიროვნება ნამდვილად არ ვარ, მიყვარს სიკეთე და ვაღმერთებ თავისუფლებას".
ქეთი არასოდეს არაფერს გეგმავს. მან დღეს არ იცის, ხვალ რას გააკეთებს. უბრალოდ იცის, რომ აუცილებლად იმღერებს, იცის, რომ ცხოვრებას გააგრძელებს... და მაინც, ის ალბომის ჩაწერას აპირებს...
ქეთი საკუთარი თავის ყველაზე მკაცრი შემფასებელია. თუმცა, ქეთის სურვილია, მისი შემოქმედება ხალხმა შეაფასოს... ხალხიც ხომ ძალიან მკაცრია...
როგორც ყველა ადამიანი, ქეთიც ოცნებობს რაღაცაზე, რეალურზე თუ არარეალურზე - ეს ჯერჯერობით არავინ იცის, ამქვეყნად უსაფუძვლო ალბათ არაფერია, ჰოდა...
"მინდა, რომ ნამდვილად ვიმღერო ჯაზი, მინდა, რომ ჯაზში ჩემი ხელწერა იგრძნობოდეს"...
ის კიდევ ოცნებობს რაღაცაზე, თუ გაინტერესებთ, იქნებ გითხრათ კიდეც, აჯობებს, გითხრათ... მისი ოცნებაა, ტანია-მარიასთან ერთად იმღეროს და სულ, სულ ყველაზე დიდი ოცნება კი ბრაზილია... რიო... სცენა...
და ეს იქნება.

ნინო თარხნიშვილი