გადაფრენა გუგულის ბუდეზე და უკან

პირველი ნაწილი
მწერალი კაცის ბიოგრაფია

რა გინდათ ჩემგან? - ამოვილუღლუღე და გამახსენდა, საპირველმაისოდ ცისფერი პერანგები და ყავისფერი ჰალსტუხები დაგვირიგეს დეკანატში. მერე კი სტიპენდიებიდან დაგვიქვითეს ამ სამოსის ფული...

გენერალი როდიონოვი და პორტობელოელი შავი სემი"

სულ რაღაცას ვიგონებდი. ბებიაჩემიც და დედაჩემიც მატყუარას მეძახდნენ. მატყუარა არ ვიყავი, უბრალოდ ისე უფრო ლამაზი გამოდიოდა. მერე ვეღარ დავანებე თავი. რაღაცას გამოიგონებ, წლობით გრძელდება ხოლმე. ეგეთი ორი წიგნი მაქვს, ფურცლებს ვერ დაითვლი, მაგრამ ვერ დავამთავრე გამოგონება...
სკოლა რომ დაამთავრა, უნივერსიტეტში ჩააბარა ისტორიის ფაკულტეტზე, მერე საქართველოს ისტორიის კათედრაზე დარჩა. 17 წელია, უნივერსიტეტის თანამშრომელია.
პარალელურად პრესაში დაიწყო მუშაობა - ფულისთვის მივედი. რთული პერიოდი იყო. იმ დროს დაარსდა რეზონანსი, დამფუძნებელი ჩემი უბნელია, ქუჩაში შემხვდა და მითხრა - ესე და ესეო.
და გიო ახვლედიანი რეპორტიორი გახდა. პარლამენტის სხდომებს აშუქებდა. ახლა ვხვდები, რომ ძალიან ცუდი რეპორტიორი ვიყავი, საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა... ინტერვიუებს არ ვიღებდი, მაგრამ ვუსმენდი. ისე, კარგი ბიჭები გავიცანი, ჟურნალისტები და რა ვიცი... ვფიქრობ, რაიმე დასამახსოვრებელი ამ ფრონტზე ვერ შევქმენი...
სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველად პრესაში ვინმე აკა მორჩილაძე - პარლამენტზე წერდა. რაღაც სხვადასხვა გვარებიც იყო და ისინიც ზუსტად აკასავით წერდნენ რეზონანსში, მაგრამ ამისათვის ყურადღება დიდად არავის მიუქცევია. საერთოდ ბევრი ფსევდონიმი მქონდა, ჩვეულებრივი სახელები და გვარები იყო დათო კანდელაკი, იკა ჯაფარიძე, აკა მორჩილაძე... გამორჩეული სახელი და გვარი რომ არ ყოფილიყო - ლონგინოზ ბაგრატიონი და ასე შემდეგ...
მნიშვნელოვანი და სოლიდური პარლამენტის რეპორტიორი, მოულოდნელად ყვითელი პრესისადმი ამჟღავნებს ინტერესს და არც მეტი, არც ნაკლები გაზეთ შოკოლადის თავკაცი ხდება. ვითომ რედაქტორი ვიყავი, არც ამ რედაქტორობისა ვიცოდი რამე და რომ ვისწავლე, მერე გაზეთიც დაიხურა. თვენახევარში ერთხელ გამოდიოდა, კუპონების დრო იყო და ამ კუპონების ხურდაობა. ვიღაც გამავრცელებლებს ვხვდებოდი, მახსოვს, ერთი სომეხი იყო, მეორე თათარი - ქალაქელი ულვაშიანი ბიძა.
სისულელეებს ვბეჭდავდით, რაღაც ფოტოებს. ჩანაფიქრი ეგეთი იყო - ეროტიკული ფოტო გაყიდის... მაგრამ მაინც არ ავშენებულვართ. მე თვითონ ცუდი კორექტორი ვარ და გაზეთში რაღაც საშინელებები მიდიოდა. იმ სისულელეებს რა წამაკითხებდა, ყოველ ნომერში ორი ათასი კორექტურა იპარებოდა...
პარადოქსული დრო იყო, ქუჩაში სროლა, უბედურება... და გამოდიოდა გაზეთი შოკოლადი...

კუნძული

იმ ღამით მივედი სახლში და გადავწყვიტე, უეჭველად დავწერო რაღაც...
გადაფრენა მადათოვზე და უკან

მოკლედ, გამოდიოდა გაზეთი შოკოლადი, რეზონანსში ვინმე აკა მორჩილაძე და კიდევ რამდენიმე ზუსტად ისეთივე ვინმე კვლავ თავდადებით აშუქებდა პარლამენტის ამბებს...
და უცებ... ქალაქში გამოჩნდა მოგზაურობა ყარაბაღში.
და უცებ... აკა მორჩილაძე გახდა ბევრის ახლობელი და ძველი ნაცნობი, მათიც, ვინც ჯერ არც კი იცოდა, ვინ არის გიო ახვლედიანი.
მკვდარი ფულის ეპოქა იყო. ჩემს ამხანაგს რაღაც ფირმა ჰქონდა. წავიდა თურქეთში და იქიდან ფეხსაცმელების პარტია ჩამოიტანა, მერე ციმბირში წაიღო... საბოლოოდ ხელში 35 000 კუპონი შერჩა. მკვდარი ფული იყო, რაღაცნაირად თუ გააცოცხლებდი... და მივეცით სტამბას. არც მახსოვს, მე მგონი ფსიქიატრიულის სტამბა იყო გლდანში... ასე გამოვიდა მოგზაურობა ყარაბაღში.
ამ ქალაქს კარგა ხანია, ვერაფრით გააკვირვებ, ვერც კარგით - ვერც ცუდით...
მერე დაიწყო კამათი და ბჭობა, მიღება-არ მიღება, მოწონება-არ მოწონება... საქმეც ეგ იყო... აბა, წიგნებზე ვიღა კამათობს...
და ასე უცებ, შეუმჩნევლად და მოულოდნელად გაჩნდა კუნძული...
არ მიგრძვნია პოპულარობა, რა ვიცი, ასეთი დრო იყო... შაბათობით ისევ რეზონანსში ვწერდი სულელურ მოთხრობებს, ტყუილს, მართალს, თითო გვერდს ვავსებდი...
როგორც გითხარით და როგორც ბავშვობის მეგობრები ადასტურებენ, ბავშვობიდან სულ წერდა და წერდა.
მსიამოვნებდა, კარგი გასართობი იყო. სულ დიდ თემებს ვეჭიდებოდი და ვერ ვამთავრებდი. ყარაბაღი რაღაც იოლად და სწრაფად გამოვიდა, წყნეთში ვწერდი ღამღამობით, რომ დავამთავრე, აფხაზეთის ომი დაიწყო. სამზარეულოში ვიჯექი და ვბეჭდავდი. ჩემმა ცოლმა ტელევიზორი ჩართო და გავიგეთ, რომ ომი დაიწყო. 14 აგვისტო იყო.
ექვსი თვის მერე რომ დამეწერა, ალბათ, აფხაზეთზე იქნებოდა. ისე, დიდი უზრდელური წიგნია, მე მინდა გითხრა... უბრალოდ იმ დროისათვის რაღაც აზრი ჰქონდა... ერთი წლის შემდეგაც აღარ მომწონდა, მაგრამ რაღას გაექცეოდი. ისეთია, ვითომ - მე ვარ და ჩემი ნაბადიო. პატარა რომ ხარ და სხვანაირად უყურებ... ისე კი, ეს ცუდად არის გამოყვანილი, ის - კარგად, პირდაპირ გაიგეს... რატომ ილანძღებიანო, ამ კავკასიელებმა დაწყვიტეს ერთმანეთი და აღარც უნდა იგინონ?
მოკლედ, დავამთავრე. კარგა ხანს იდო, მერე გამოიცა. მერე, დაბეჭდილი კაი ხანს რედაქციაში იდო. რაღაც ნაწილი ქუჩებში დავარიგეთ, მაღაზიებში შეგვქონდა. მერე რეზონანსში რემონტი იყო და ბლომად გადავყარეთ...
- გადაყარეთ?
- ჰო, გადავყარეთ, ოცი ცალი წამოვიღე მარტო სახლში...
ეს კაცი ამ ქალაქს ნამდვილად გააკვირვებს...
ჯერ პატარა კუნძულს ქალაქის შუაგულში, მერე ქალაქს, მერე ქვეყანას. მერე...
- მაგარი რამეა, - თქვეს ბიჭებმა ჩემს ძველ უბანში.
- ვაიმე გავგიჟდით, - თქვეს სტუდენტმა გოგოებმა უნივერსიტეტში.
- ეს ბიჭი იტყვის... - თქვა სულ სხვა გემოს მოყვარულმა მამაჩემმა.

მეორე ნაწილი
საგანგებო დანართი

აჰა, წამოვედით... მერე გოგოს გასაგონად ჰყვებოდა, როგორ დავდიოდით აღმა-დაღმა, მთელი აღმართი ამას დასჭირდა, ჩვენს თავგადასავლებს. ძალიან თავადურ რამეებში გამრია. გოგო კი აშკარად არ მენდობოდა...
სულები და ხბორები

და მერე იყო ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები და ბევრი დიდი თუ პატარა პუბლიკაცია ქართულ პრესაში, იყო გადაფრენა მადათოვზე და ყოველთვის იყო XX საუკუნე.
ბოლო დროს სულ ხელით ვწერ, კომპიუტერითაც მიწერია, პატარა ძველი ლეპტოპი მქონდა, ბავშვს ვაჩუქე, სწავლობს. ყველაზე გამართულად დაწერილი მოთხრობა კომპიუტერზე გამომივიდა. გართობის ფორმაა - ადიხარ, ჩამოდიხარ, დაქრიხარ... კარგია, მაგრამ შუქი, ისა, ესა... მოკლედ, ბავშვს ვაჩუქე და მივხვდი: ზამთარში ლამპის შუქზე ხელით - ყველაზე კარგად გამომდის. აი, მადათოვი ორ კვირაში დავწერე. ჩავუჯდებოდი თურქულ ლამპას, სარკე რომ აქვს. იმაზე მოვამთავრე ეგ საქმე.
ორი კვირა და მთელი ცხოვრება...
რა იოლია, დაასხი - დალიე...
მადათოვი - ქართული ბესტსელერიაო... მართლა ძალიან ბევრმა წაიკითხა. დანარჩენს მაგიდაზე ან საწოლთან უდევს და აპირებს... ზოგიერთს ისიც კი სჯერა, რომ უკვე წაკითხული აქვს...
და ეს კარგია.
გიო მიიღეს. და მის ნაწერებსა და პიროვნებაში ყველამ იპოვა რაღაც თავისი.
და იგი გახდა პოპულარული.
ხოლო მწერლის პოპულარობა დღევანდელ საქართველოში, თანაც ისეთის, როგორიც აკა მორჩილაძეა, რაღაცას ძალიან კარგსა და იმედიანს უნდა ნიშნავდეს...
ძალიან მადლობელი ვარ, მაგრამ მე ეს პოპულარობა რაში უნდა მომეხმაროს... ემოციურ დონეზე კარგია, ოჯახს უხარია. მე მეუხერხულება, რა ვიცი... ჩემთვის დისკომფორტია, და საერთოდ, სასაცილოა ამაზე ლაპარაკი, არც შეიძლება.
შეუძლებელია, კაცმა ამით იცხოვროს. კაი ხანს ალბათ ასე იქნება. ეს არ არის მწერლური ცხოვრება - რითაც მე ვცხოვრობ. ეს არის სამოყვარულო ხელგარჯილობა თავისუფალ დროს... ყველაზე კარგად სარბიელში ვარ - გადასარევ ბიჭებთან ერთად.
აკა მორჩილაძეს რაზე აღარ დაუწერია, პარლამენტის სხდომებზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ბევრი - სპორტსა და ფეხბურთზე. აკა მორჩილაძე ჟურნალისტიკიდან მივიდა მწერლობაში, ზუსტად ისევე, როგორც... არ ვიტყვი. მერე მას დააბრალებენ, თავი იმათ შეადარაო. არადა, მართლა ცოდვა იქნება, რადგან თითქმის არ მეგულება მასზე მეტად მოზომილი და თავმდაბალი ადამიანი. ესეც პოზაა - იტყვის ვიღაც სხვა. აბა, სხვაგვარად როგორ ახსნას საყოველთაო თავის გატანის გარემოცვაში ამგვარი რამე.
და იყოს პოზა. მე, პირადად, ასეთი პოზა ძალიან მომწონს. როცა მწერალზე სხვანი მეტად და ბევრად მეტად ლაპარაკობენ, ვიდრე თვითონ საკუთარ თავზე.

მესამე ნაწილი
რამდენიმე ქრონიკა

განა ბალზაკი ანდა ალფრედ დე ვინი ფილოსოფოსობდნენ?
გადაფრენა მადათოვზე და უკან

ინტერვიუზე ძნელად თანხმდება. საერთოდ არ ჩანს ტელევიზორში და არასოდეს ებმება პოლემიკებში. მოკლედ, რატომღაც ჯიუტად არ სურს, მწერლის სახელს ზედ საზოგადო მოღვაწის სახელი რომ წაუმატოს.
ამ ბოლო ხანს უფრო მეტად ვგრძნობ ყურადღებას. იცი, რთულია. ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი ამბავი და არ მიყვარს ეს საზოგადოებრივი ფაქტორების შემოჭრა. დამიწყებენ ხოლმე რაღაცეებს, არ არის ჩემთვის საინტერესო. თუ საინტერესო იქნება, სახლში ვიტყვი, სამზარეულოში. არ ვთვლი, რომ რაკი ვწერ, ვიღაცეები უნდა მოვიდნენ და ჭკუა მკითხონ. მე რომ ჭკუა მქონოდა, სხვანაირი ვიქნებოდი - ამ ქვეყანაში როგორიცაა საჭირო, ისეთი. საზოგადოებრივი ცხოვრება არ არის ჩემთვის მოგონილი, მითუმეტეს ამ ფორმით, როგორიც ჩვენთანაა. არ შეიძლება, რომ კაცი უბრალოდ წერდეს, იყოს თავისთვის და ჰკითხო თუ მაინცდამაინც იმ წიგნზე და არ ჰკითხო, მაგალითად: წყალსადენზე, ნავთობსადენზე, კარგია თუ ცუდი? თავისუფალი და გულახდილი მხოლოდ მაშინ ვარ, როცა რაღაცეებს ვწერ და ვიგონებ. გულახდილობისთვის ეკლესია არსებობს. იცი, მე შეცდომები მაქვს დაშვებული ცხოვრებაში და ამის გამო ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, რაღაცეები მოგიწონო ან დაგიწუნო. მე მირჩევნია, შაბათ საღამოს მეგობრებთან ერთად ვუყურო ფეხბურთს. ღამის ორ საათზე ჩაი უნდა დავლიო, ეგეთი წესი მაქვს, ვერ შემაცვლევინებ. და მერე კიდევ, წიგნია ბოლობოლო, წიგნით ვის აკვირვებ მსოფლიოში, გიკვირს, რომ რაღაცა დაწერე? ეგ არის შენი ამბავი, რაღაცა შენს თავს დაუმტკიცე და გსიამოვნებს. მერე, მეორედ თუ წაიკითხე ეს წიგნი, თუ გარისკე, მიხვდები, რომ ეს ესე არ არის, ეს ისე არ არის და შეიძლება, ერთი წიგნი გაუთავებლად წერო და წერო. ჩემი წიგნები მე ძალიან მაღიზიანებს. შემიძლია, ახლავე დავწერო ოცი გვერდი, როგორ უნდა დამეწერა ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები. აბსოლუტურად არ არის საინტერესო, მე ვის ვაძლევ ხმას, ან რატომ ვაძლევ, რატომ არ მივედი ღია ეთერში, არ წავედი დახურულ ეთერში. არ მინდა. მე იმიჯს კი არ ვუფრთხილდები, ჩემს ცხოვრებას ვუფრთხილდები.
მე არ შემიძლია, შევაფასო მეფე ერეკლე. რომ გახადეს, 90 ჭრილობა ჰქონდა 80 წლის კაცს... და მე რომ არც ერთი ჭრილობა არ მქონია, ამაზე ვილაპარაკო? ცუდი იყო, კარგი იყო, რუსებს შეგვაერთა... ერთი ჭრილობა გაქვს, რომ ლაპარაკობ?
მჯდარხარ განჯაში ჭლექიანი, მაგიდასთან, ეს განცდები გქონია?...

დანართი
ძირითადი ამბების
შენიშვნები და განმარტებანი

განმარტება პირველი

აქ... ფოლკლორს სწავლობს და ძველ მეფეთა ამბებს აგროვებს. თანაც მას მოგზაურობა უყვარს. აი, თქვენ, ყოფილხართ ამერიკაში?
გადაფრენა მადათოვზე და უკან

საცხოვრებლად?
ჩემთვის გვიანია, შეიძლება ჩემი შვილები წავიდნენ... კარგია, იმდენი ფული გქონდეს, წახვიდე ერთი-ორი წლით, ქვეყანა ნახო, რასაც აკეთებენ მწერლები დასავლეთში...
შენ კი ქართველი მწერალი ხარ...
თარგმანზე? რა ვიცი, არ მიფიქრია, ამას ცალკე კაცი უნდა და ორი კაცი. და არც ის მგონია, რომ იქ შეღწევა იყოს შესაძლებელი შენი თემატიკითა და შენი გაქანებით.
ერთადერთი შანსი პოსტსაბჭოთა სივრცეა. მქონდა რაღაც ვარიანტები, მაგრამ ვერ მივყევი. ბედის საძებნელად მოსკოვში ვერ ჩავალ. ჯერ მარტო იმიტომ, რომ წვერს ვატარებ და არც რუსულად ჩემი წიგნისთვის და არც 5000 დოლარისთვის არ გავიპარსავ...

განმარტება მეორე

ერთხელ ზვიად რატიანმა თქვა, აკა მორჩილაძის ნაწერებში არასოდეს არ იგრძნობა ჭკუის სწავლება და მორალის კითხვაო...
ნაღდი იყო.
მაშინ არც იმან და არც მე არ ვიცოდით, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა, მეფე ერეკლეს 90 ჭრილობა ყოფილიყო ან განჯაში ჭლექით გარდაცვლილ პოეტზე ფიქრი... და კიდევ ბევრი და ძალზე ბევრი რამ, რაც გიო ახვლედიანს უნდა, იცოდეს, რაც უკვე იცის და რაც უფლებას არ აძლევს, ვინმე განსაჯოს.
თავისთვის არის და რომანებს წერს, თუმცა, არის გამონაკლისი...
XX საუკუნეს არა აქვს კორპორაციული წყობის იერი, არც კლანია, დრო ისე გადის, ვერც კი ვხედავთ ხოლმე ერთმანეთს. არავინ ცდილობს, თავისი აზრი თავს მოგახვიოს. პენ-ცენტრის წევრიც ვარ, ის სხვა არის, საერთაშორისო ორგანიზაციაა და ბევრი წევრია. XX საუკუნე უბრალოდ კლუბია, სადაც შეხვედრები ყოველთვის სასიამოვნოა.
ეს წინააღმდეგობები და ლიტერატურული დაჯგუფებები ლიტერატურას სულაც არ ეხება. ეგ არის საბჭოთა კუდები, რომლებიც ყველაფერში დარჩა. ახლა ამბობენ, საბჭოთა კავშირი კარგი იყოო, რა იყო კარგი? აერობიკა რომ ნახეს პირველად, იქიდან ხტებოდნენ... სტრიპტიზად წარმოიდგინეს.

განმარტება მესამე

ერთი უცნაური რამ ხდება. გიო ახვლედიანი სულ სხვადასხვაგვარად და სხვადასხვა ენით წერს. ბუნებრივია, ხან საფეხბურთო ამბებს ჰყვება გაზეთის სვეტში, ხან მოსაწევით დაბოლილი ბიჭების პრობლემებს, ხან ძველ თბილისში ჩარჩენილი აშუღის ამბავს, ხან მადათოვზე შეფარებული ხაფო მხატვრის ბიოგრაფიას.
და მაინც, აკა მორჩილაძეს ყოველთვის იცნობ... და თუ ამას როგორ ახერხებს, მინდა, დავწერო, მაგრამ მაინც თავს შევიკავებ. ჯობს, იმათ წერონ, ვისაც ეკუთვნის - კარგი ან ცუდი. მე წავიკითხავ და გავიხარებ, რადგან უკვე კარგა ხანია, მის ნაწერებზე არაფერი წამიკითხავს.

ორი წიგნი მაქვს, ფურცლებს ვერ დაითვლი, მაგრამ ვერ დავამთავრე გამოგონება. ერთი 93 წელს დავიწყე, ორასი ნაბეჭდი გვერდი იქნება. მერე, რომ წავიკითხე, არ მომეწონა. ვოცნებობ, რომ ის წიგნი დავწერო. როგორც მე მინდა, ისე თუ დავწერე, ეგებ საერთოდ აღარც არაფერი გავაკეთო. თავიდან ჰგავდა იუმორისტულ რომანს, მერე ეს დამთავრდა... მსოფლიოში დამთავრდა ამ ტიპის რაღაცა. მერე რაღაცა ავანტიურული გადასვლები იყო, მერე ივლინ ვო წავიკითხე და... მერე, მადათოვის კუნძული დავწერე, მერე აკროიდის წიგნები წავიკითხე და ახლა ვნანობ, ეს რატომ დავწერე-მეთქი და ასეა ხოლმე... ისე მიქრის ეს მსოფლიო ლიტერატურა, უკანმოუხედავად მიდის, მიექანება, ვერ ეწევი. ლიტერატურა არის საერთო - რა ენაზეც არ უნდა წერო. რად მინდა, 29 წელს გამოცემულ წიგნს რომ მიბეჭდავ, 30 წელში რომ აღარ უნდოდათ, 50-ში რომ სასაცილო გახდა. იცვლება ყველაფერი... კი, ისიც მომეცი, რაც გამომატოვებინე შენივე მიზეზით, მაგრამ რად მინდა ჰენრი მილერი 120 ათასი, როცა 5 ათასს არ მიბეჭდავ დღევანდელს.
როცა კითხულობ, ყველაფერი იცვლება...
აბა, დღეს თქვი, რომ კამო და ბაჭუა კუპრაშვილი ვაჟკაცები იყვნენ. საუკეთესო შემთხვევაში შენ ხარ უიმედო რომანტიკოსი და უარეს შემთხვევაში - აგენტი. არადა, იქნებ წავიკითხე, გამოვიკვლიე, მომწონს-არ მომწონს, არ შეიძლება, უნდა იცოდე. კამოს, შეიძლება, თავისი სიბრიყვისგან ჰქონდა ეს ტკივილი. ეს შეჭამა, ის შეჭამა... ბაჭუა კუპრაშვილი ყველაზე კოლორიტული კაცი იყო ქართულ რევოლუციაში, მღვდლის შვილი. ლევან დადეშქელიანს ქალიშვილი მოსტაცა სვანეთიდან და ცოლად შეირთო. ორჯერ ჰქონდა სახრჩობელა მისჯილი, ეგზარქოსმა ნიკოლოზს უთხრა, იმან იმას უთხრა და... ბოლოს საბჭოთა საქართველოში მანდატი დააგდო. მერე დახვრიტეს, ბებერი, რა თქმა უნდა, კაი კაცებმა, ვისზეც ჩვენ გული ვერ დაგვწყდება - აი, ასეთი ამბები ძალიან ბევრია, არა მაქვს შესწავლილი...
მარქსი პროვინციელი პუბლიცისტების დასაცინი არ არის, მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ კომუნისტი ვარ. შვიდი თაობა რაბინი იყო. ისეთი გერმანულით წერდა, ჩვენ რომ დღეს ასეთი ქართულით ვწერდეთ... მე, პირადად, რომ შემეძლოს, ბედნიერი ვიქნებოდი. მარქსი დებილია, მაგის დედა... არ შეიძლება. გადაშალონ და წაიკითხონ, მარქსზე რეები წერია. შორს არის სადღაც... ახლოს არის ტელევიზორი და ტელევიზორში არის კრედიტი, დებეტი და არ გამოვა ეგრე ცხოვრება... სპეციალისტები გვჭირდება. კადრები წყვეტენ ყველაფერსო, ხომ ამბობდნენ. ყველგან პრობლემაა, იპოვო ადამიანი, რომელმაც იცის, ან ვიღაცა, ვინც სანახევროდ იცის.

თბილისის ფერთა
გასაგები ერთი ამბავი

ქუჩა სახიფათოა, წაეყრები ხოლმე დავიწყებულ ცხოვრებას. არ ეძებ და წაეყრები, რუსთაველზე, მიდი-მოდიან ვიღაცეები, შენი დავიწყებული ცხოვრება რომ დააქვთ და არა, არა და შემოგაფრქვევენ სადღაც შენახულ წუთებს. საყელო აიწიე, ჯიგარო! ჩქარი ნაბიჯით გადაიარე ქუჩები, რუსთაველები. ვიტრინებს უყურე.
მაგრამ რას იზამ, როცა მხარზე გიტყაპუნებს ხელს...
სულები და ხბორები

ჟურნალ სტუდიაში დათო ტურაშვილის წერილი დაიბეჭდა გიო ახვლედიანზე. ხოლერა ერქვა - არც მახსოვს, რატომ, მაგრამ ასე შევარქვით ბავშვობაშიო. წერილი ასე მთავრდება: ხოლერა, იგივე აკა მორჩილაძე, სინამდვილეში გიო ახვლედიანი, საშინელი თავმდაბლობის მიუხედავად, ერთმა გაზეთმა მაინც დაითანხმა ინტერვიუზე, სადაც ხოლერამ გულწრფელად თქვა - ჩხუბი ბავშვობიდან არ მიყვარდა და ხელიც არავისთვის დამირტყამსო. ჩხუბი არც მე მიყვარდა, მაგრამ ზოგჯერ გვიწევდა და გიოს მართლა არავისთვის დაურტყამს ხელი - რადგან, როგორც ყველაფერში, ჩხუბშიც უცნაური იყო და მხოლოდ ფეხით ჩხუბობდა ხოლმე...

- სისულელეა, - დაადევნა ბაიარდმა - ქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი ამბებიც ხდება.
- თავი დამანებე, - კარი მიაჯახუნა ყორღანოვმა - რა იქნება, თავი რომ დამანებოთ?
აკა მორჩილაძე, გადაფრენა მადათოვზე და უკან

მარინა ვაშაყმაძე