ეს "შერეკილი" იდეალისტები

... დედამიწას შავი ღრუბელივით ჩამოაწვა უცხოპლანეტელთა ხომალდები. მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქის თავზე უზარმაზარი თეფში დაეკიდა და კაცთა მოდგმას გადაშენებით დაემუქრა. "იქიდან" ჩამოსულებმა გათიშეს თანამგზავრული კომუნიკაციები, კომპიუტერები, მობილურები, რაციები. მოკლედ, ადამიანებს კავშირის თანამედროვე საშუალებები მოუსპეს. საინფორმაციო ვაკუუმი მხოლოდ ძველმა და "მშობლიურმა" მორზეს ანბანმა გაარღვია და უკვე რამდენიმე წუთში მსოფლიომ იცოდა, როგორ გამკლავებოდა მტრად მოსულებს... ვისაც ამერიკული მხატვრული ფილმი "Independence Day" ("დამოუკიდებლობის დღე") უნახავს, იოლად ამოიცნობს ამ ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდს. ჩვენ კი, ასეთი "შემაშფოთებელი" შესავლით იმიტომ დავიწყეთ, რომ თქვენთვის მივიწყებული, მაგრამ მუდამ გამოსადეგი ტელეგრაფი და მისი შექმნის ისტორია გაგვეხსენებინა.
XIX საუკუნე მართლაც გამორჩეული იყო კაცობრიობის ისტორიაში. მრავალმა მეცნიერმა განიცადა პირველაღმომჩენის სიხარული. პირველად იმდენი რამე აღმოაჩინეს, ჩამოთვლაც გაჭირდება. პირველი ტელეგრაფი, რადიო, ნათურა, ფოტო, ავტომობილი, კინოფილმი, ტელეფონი... და კიდევ ბევრი პირველი.
პირველ ტელეგრაფს რაც შეეხება.
ქრისტეშობამდე 450 წელს ბერძენი ფილოსოფოსების ფლექსენის და დემოკრიტეს ჩირაღდნული ტელეგრაფის შექმნის იდეა ვერ განხორციელდა, მაგრამ სახელწოდება ტელეგრაფი (Tele - შორს, grapho - ვწერ) სწორედ იმ დროიდან შემორჩა.
XVIII საუკუნიდან მოყოლებული ფიქრობდნენ, ინფორმაციის გადაცემის ისეთი მექანიზმები შეექმნათ, რომლებიც არ იქნებოდა დამოკიდებული წყალზე, ქარზე, დარსა თუ ავდარზე.

1780 წელს საფრანგეთში ძმებმა შაპებმა ოპტიკური ტელეგრაფის თავისებური სისტემა შექმნეს. სახლის სახურავზე მოწყობილი იყო ე.წ. "სემაფორები", სხვადასხვა ფერის მოძრავი ხარიხებით და ფანრებით. ინფორმაციის გადაცემა პირობითი ნიშნებით ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნები ბურუსში არ ჩანდა, ნაპოლეონ ბონაპარტმა მაინც მშვენივრად შეძლო, შაპების სისტემა ბრძოლაში გამოეყენებინა.
ამპერის გამოგონილმა ელექტრომაგნიტმა შაპის ოპტიკური ტელეგრაფი ისტორიას დაუტოვა. XIX საუკუნის 30-იან წლებში ელექტრომაგნიტური ტელეგრაფის შექმნის იდეა მოსვენებას არ აძლევდა რუსეთში ბარონ შილინგს, ნაღმების ცნობილ გამომგონებელს, გერმანიაში - გაუსსა და ვებერს, ინგლისში - უიტსტონსა და კუკს.
შილინგის რთულად მოწყობილ ტელეგრაფში ყურადღებას იქცევდა ორი სიახლე - სადენის აბრეშუმის ძაფით იზოლაცია და სასიგნალო მოწყობილობა (ზარი). დანიელმა ფიზიკოსმა ერსტედმა ყურადღება მიაქცია პატარა ფოლადის ისარს, რომელიც კომპასივით ჩრდილოეთს აჩვენებდა, დენის სადენთან მიახლოებისას კი მიმართულებას იცვლიდა. შილინგმა მაგნიტური ისარი ტელეგრაფისთვის გამოიყენა და ახალი მოდელის "ისრიანი ტელეგრაფი" შექმნა. ინგლისელმა კუკმა ჰორიზონტალური ისარი ვერტიკალურით შეცვალა. მაგრამ ტელეგრაფით შესაძლებელი მოკლე ინფორმაციის გადაცემა ვერ აკმაყოფილებდა იმდროინდელ მოთხოვნებს.
ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ახალი გამოგონების ავტორი ამერიკელი მხატვარი სემუელ მორზე გახდებოდა და რადგან ტელეგრაფის გამოგონება უშუალოდ მორზეს უკავშირდება (რა ტყუილად იწვალეს ევროპელებმა!), საინტერესო იქნება, გავიგოთ, როგორ მივიდა იგი ამ გენიალურ აღმოჩენამდე.
ბავშვობიდან ხატვით გატაცებულ მორზეს 19 წლის ასაკში ელექტრობის შესახებ მოსმენილი ლექციიდან ერთი ფრაზა ჩარჩა გონებაში: "დენის მიმართულების ნებისმიერ ადგილას ელექტრობა შესაძლოა, ხილული გახდეს..." და ამის შემდეგ აეკვიატა ტელეგრაფის შექმნის იდეა.
მორზე პორტრეტულ ფერწერას ცნობილ ამერიკელ მხატვრებთან ეუფლებოდა. შემდეგ მამამ სასწავლებლად ინგლისში გააგზავნა. ამ ხნის განმავლობაში იგი დამოუკიდებლად ეცნობოდა ქიმიისა და ფიზიკის მიღწევებს და არაფერი იცოდა იმ ევროპელი მეცნიერების შესახებ, რომლებიც ტელეგრაფიით იყვნენ დაინტერესებულნი. მორზეს ტელეგრაფის პირველი ნიმუში მხატვრის გაკეთებული რომ იყო, მაშინვე მიხვდებოდი - აპარატი მოლბერტზე ჰქონდა მოწყობილი.
1829 წელს სემუელ მორზე ისევ ევროპაშია და ძველი ოსტატების მხატვრობას ეცნობა. 1832 წელს გემით ბრუნდება ამერიკაში. ამ გემის სახელი "Sully" ("სალი") მორზეს გამოგონების მეშვეობით გახდა ცნობილი. ერთ-ერთმა მგზავრმა, დოქტორმა ჯეკსონმა, ელექტრომაგნიტზე მოუთხრო შეკრებილ საზოგადოებას. მათ შორის იყო ცნობილი, მაგრამ ღარიბი მხატვარი, ნიუ-იორკის ეროვნული სამხატვრო აკადემიის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი, სემუელ მორზე.
ისევ გაახსენდა აკვიატებული ფრაზა ...ელექტრობა შესაძლოა, ხილული გახდეს...
მთელი ღამე ფიქრობდა და ამუშავებდა თავის იდეას. დილით ნახაზები გემის მგზავრებს აჩვენა, რომლებმაც შემდეგ, სასამართლოშიც დაუმოწმეს, რომ ელექტრული ტელეგრაფის გამოგონება მოხდა 1832 წლის შემოდგომაზე. "Sully"-ის კაპიტანი, ალბათ, ძალიან ამაყობდა, მისი გემი ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილე რომ გახდა.
თუმცა, აღიარებამდე კიდევ ბევრი გაჭირვება, დამცირება და უიმედობა უნდა გადაეტანა სემუელ მორზეს. ყველა ფიქრობდა, რომ ნიჭიერი მხატვარი უსარგებლოდ ფლანგავდა დროს. გაღატაკებული მორზე მოსწავლეებს ხატვას ასწავლიდა და ამით ირჩენდა თავს.
ამერიკის ხელისუფლება რომ ვერ დააინტერესა ტელეგრაფის იდეით, ისევ "ბებერ" ევროპას მიაშურა. მაგრამ იქ თავისი "შერეკილებიც" ბლომად ჰყავდათ. თანაც, იმ დროს პარიზი ახალგამოგონილმა ფოტოგრაფიამ დაიპყრო.
მორზე დაუახლოვდა ცოცხალი სურათების თეატრის მფლობელს და მხატვარს - დაგერს და მისი "დაგეროტიპული კამერა" ამერიკაში წაიღო. ახლა ფოტოების ბეჭდვით შოულობდა პურის ფულს.
1843 წლის ზამთარში მორზე ვაშინგტონში ჩავიდა. ამერიკის კონგრესისთვის 30 000 დოლარი უნდა ეთხოვა ვაშინგტონსა და ბალტიმორს შორის სატელეგრაფო ხაზის ასაშენებლად და აპარატის გამოსაცდელად. კონგრესმენები აღშფოთებას ვერ მალავდნენ - ამხელა თანხა ამ სულელური ფანტაზიის განხორციელებაში როგორ უნდა დაიხარჯოსო. მხოლოდ ერთი კონგრესმენი - სიბლი იცავდა მორზეს იდეას და გაიტანა კიდეც. რა ეშველებოდა კაცობრიობას, სიბლის მსგავსი გონიერი მხარდამჭერები რომ არ ჰყოლოდათ "შერეკილად" მონათლულ გამომგონებლებს. წინ კიდევ ამერიკის სენატში ელოდა გამოცდა, სენატის მერე კი თავად პრეზიდენტის სანქცია იყო საჭირო. მორზეს უკან დასახევი გზა არ ჰქონდა, ცხოვრების მიზანთან ის უკვე ძალიან ახლოს იყო. მაგრამ... სენატის მოსაცდელში მდგომ მორზეს ნაცნობი სენატორი მიუახლოვდა და სახლში წასვლა ურჩია. იგი დაბრუნდა ღარიბული სასტუმროს პატარა ოთახში და გადაწყვიტა, აღარასოდეს ეფიქრა ტელეგრაფზე, ყველაფერი დაევიწყებინა და ბედს დამორჩილებოდა.
კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო - სწორედ რომ ასეა.
დილით მასთან სენატიდან გამოგზავნილი ახალგაზრდა გოგონა ენი ელსვორთი მივიდა და პირველმა მიულოცა გამარჯვება. სიხარულისგან დაბნეულმა მორზემ ქალიშვილს სთხოვა, ტელეგრაფის ამუშავებისთანავე მისგან მიეღო პირველი დეპეშა.
"What halt God wrought" (ღვთის შეწევნით, უდიდესი საქმე აღსრულდა) - მორზეს ანბანით გადაცემული ეს დეპეშა სამუზეუმო ექსპონატი გახდა.
მორზეს ანბანი წერტილების და ტირეების მარტივი კომბინაციაა. მაგალითად: . - არის ა, - . . ბ, - - . . ი, - ტ. ქართული ანბანით მორზეს კოდი პირველად 1860 წელს, თბილისი-ფოთის სატელეგრაფო კავშირის დროს გამოიყენეს.
მორზეს გამოგონება სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. თავიდან სადენებს ჰაერში აბამდნენ, თან იზოლაციისთვის გზადაგზა ფისით ფარავდნენ. ამ უმძიმეს სამუშაოს მანამ ასრულებდნენ, სანამ ინგლისელმა ექიმმა მონტგომერიმ, სინგაპურში ყოფნისას, არ აღმოაჩინა მცენარეული ნივთიერება - გუტაპერჩი. გუტაპერჩით სადენის იზოლაციამ ბიძგი მისცა წყალქვეშა ტელეგრაფის განვითარებას. სადენებმა გადალახეს მდინარეები, ზღვები, ოკეანეები და კონტინენტები ერთმანეთს დააკავშირეს.
ხანდაზმული სემუელ მორზე, ერთ დროს შიმშილსა და გაჭირვებაში მყოფი, ახლა ვეღარ აუდიოდა მის პატივსაცემად მოწყობილ მდიდრულ წვეულებებს. 1858 წელს კი ათმა ევროპულმა ქვეყანამ იგი ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
მორზეს ტელეგრაფის აპარატს XIX საუკუნის ყველაზე საკვირველი გამოგონება უწოდეს.
მართლაც, საკვირველია, ადამიანის გონებაში პატარა იდეიდან როგორ ყალიბდება უდიდესი აღმოჩენა, ფანტაზია როგორ იქცევა სინამდვილედ.
XIX საუკუნის "შერეკილი" მეცნიერების უდიდესი აღმოჩენები XX საუკუნის უდიდესი აღმოჩენების მშობელია. ვინ იცის, წინ რამდენი საკვირველება გველის, მითუმეტეს, რომ ახალ ათასწლეულში შევაბიჯეთ. ახალ საუკუნეს კი, ალბათ, თავისი "შერეკილები" ეყოლება, რომლებიც კიდევ ბევრჯერ გააკვირვებენ კაცობრიობას აღმოჩენის მოლოდინში, სადღაც მიმალული აღმოსაჩენით.
მთავარია, ღმერთმა იდეა "გიკარნახოს".

ნანა ზურაბიშვილი