პირველი ნაბიჯი ახალი თაობის მობილური სისტემებისაკენ GPRS

ვაგრძელებთ წინა ნომერში დაწყებულ საუბარს მობილური კავშირგაბმულობის ახალი თაობის სისტემების შესახებ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2000 წლის მეორე ნახევრისათვის დაგეგმილი იყო ე.წ. GPRS -ის ამუშავება (GPRS - General packet Ratio System, რადიოსერვისის ზოგადი პაკეტი).
შევეცდებით, შევაჩეროთ თქვენი ყურადღება ამ სისტემაზე და აგიხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს იგი თქვენთვის, ჩვენი აბონენტებისათვის. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში GPRS და მობილური ინტერნეტი ისევე პოპულარული იქნება, როგორც დღეისათვის GSM სისტემა ან პერსონალური კომპიუტერით ინტერნეტში მუშაობა.
თავს ავარიდებთ რთულ ტექნიკურ ტერმინებს, რომლებიც ბევრს არაფერს ეტყვის ჩვენს მკითხველს და განვმარტავთ, რომ GPRS მაღალი სიჩქარით ინფორმაციის, მონაცემთა გაცვლის საშუალებაა GSM სისტემის აბონენტებისათვის. რა თქმა უნდა, ეს განმარტება სრულად ვერ ასახავს ახალი ტექნოლოგიის გარკვეულ თავისებურებებსა და უპირატესობებს, რომელთა შესახებ ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.
რატომ გაჩნდა ახალი სისტემის შექმნის საჭიროება? საქმე ის გახლავთ, რომ GSM სისტემის სტანდარტის ჩამოყალიბებისას, რომელზეც მუშაობა 1982 წელს დაიწყო და რომელიც, პირველ რიგში, ითვალისწინებდა მომხმარებელთან მობილურ ხმოვან კავშირს, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ სულ ორი ათეული წლის შემდეგ ასე გაიზრდებოდა მოთხოვნა მობილური კავშირის გამოყენებით მონაცემთა გადაცემაზე. არსებულ GSM-ის სტანდარტში მონაცემთა გადაცემის სისტემა კი მხოლოდ სიმბოლურად ფიგურირებს და ემყარება მოკლე შეტყობინებების სისტემას (SMS) და 9.6 KBps სიჩქარით მონაცემთა გაცვლას, რაც აბონენტს საშუალებას აძლევს, მიიღოს ელექტრონული ფოსტა და ფაქსი. მაგრამ თანამედროვე პირობებში ინფორმაციის გადაცემის არსებული სიჩქარე ნაწილობრივადაც ვერ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს და მონაცემთა გაცვლის სისტემას პრაქტიკულად გამოუყენებელს ხდის. სწორედ ზემოაღნიშნული ნაკლოვანებებია მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთი მობილური ქსელის ოპერატორი, მათ შორის ჩვენი კომპანიისაც, თავს არიდებს არსებული სახით მონაცემთა გადაცემის სისტემის გააქტიურებას. მობილური სისტემის სხვა სტანდარტებისაგან განსხვავებით, სადაც ანალოგიური ნაკლოვანებები არსებობს, GSM სისტემამ შეძლო, დაეძლია სიჩქარის ბარიერი, რომელიც განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია არამარტო GSM სისტემისათვის, არამედ ზოგადად კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების შემდგომი განვითარებისაც.
სწორედ GPRS სისტემა გახდა ამოცანის გადაწყვეტის რეალური ბერკეტი. იგი საშუალებას აძლევს GSM სისტემის ოპერატორებს, დაიმკვიდრონ ადგილი თანამედროვე კავშირგაბმულობის ბაზარზე, მონაცემთა გადაცემის სფეროში. 1994 წელს ღშ სისტემაზე დაწყებული მუშაობა 1998 წლის ბოლოსათვის დასრულდა, რაც იმ პერიოდისათვის მხოლოდ სტანდარტის აღწერას მოიცავდა. სისტემის რეალური მოდელის შექმნაზე მწარმოებლებმა მუშაობა მოგვიანებით დაიწყეს. ასეთი სისტემის შექმნით, კონკურენტუნარიანი ბაზრის პირობებში, მრავალი ცნობილი კომპანიაა დაკავებული, მათ შორის: Nokia, Alcatel, Licent, Ericsson, Motorilla. დღეისათვის GPRS-ის სატესტო მოწყობილობებს მრავალი GSM ოპერატორი იყენებს, თუმცა, ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ ეწევა ახალი სისტემის კომერციულ ექსპლუატაციას. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლა საკმაოდ დიდ ინვესტიციებს საჭიროებს (ზოგიერთი ოპერატორისთვის ეს პროცესი უკვე საწყის ეტაპებზევე ათეულობით მილიონ დოლარს მოითხოვს), ოპერატორთა ნაწილი უახლოეს მომავალში აპირებს ახალი ტექნოლოგიის კომერციულ გაშვებას.
GPRS სისტემის დადებით მხარედ ითვლება ის, რომ ახალი ტექნოლოგიის დანერგვისას ოპერატორებს სჭირდებათ ახალ სიხშირულ დიაპაზონზე გადასვლა, რაც შესაბამისად, უფრო უმტკივნეულოს ხდის მიგრაციის პროცესს. თავის მხრივ, GPRS წარმოადგენს მოსამზადებელ ეტაპს მესამე თაობის ტექნოლოგიების დანერგვისა. ამ უკანასკნელზე მუშაობა რამდენიმე წელიწადში დასრულდება და იგი 2 Mhz დიაპაზონზე იმუშავებს.
დღეისათვის GPRS-ის სისტემა ისეთ ცნობილ კომპანიებში გადის ტესტირებას, როგორიცაა: ვოდაფონი, მობილკომი, სელნეტი, ტიმობილი, ეარტელი, რადიოლინია (იხ. სქემა).
ეს არასრული ჩამონათვალი, თავისთავად, მრავლისმთქმელია: ათეულობით კომპანიამ (მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება) დაიწყო GPRS-ის საცდელ ვერსიაზე მუშაობა.
GPRS-ის საშუალებით მონაცემთა გადაცემის მაქსიმალური სისწრაფე 115 Mbps წარმოადგენს, რაც შეუდარებლად მეტია ამჟამად არსებულ 9.6 Mbps სიჩქარეზე და ასევე აღემატება ფიქსირებული ხაზების საშუალებით მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს, რომელიც საქართველოს რეალური პირობების გათვალისწინებით, კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში.
ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ GPRS-ის მიღწევად მაღალ სიჩქარეზე; თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ აბონენტი ახალი ტექნოლოგიის გამოყენების დროს, ინფორმაციის გადაცემისას იმყოფება მუდმივ კავშირზე ე.წ. OnLine რეჟიმში, რაც მას საშუალებას აძლევს, მყისვე მიიღოს და გააგზავნოს საჭირო ინფორმაცია. ტელეფონის აპარატის ჩართვისას ან მომსახურების ზონაში შესვლისას აბონენტს ავტომატურად ენიჭება ე.წ. IP მისამართი, რომელიც საშუალებას აძლევს მას, რეალურ დროში გაცვალოს ინფორმაცია სხვა სისტემებთან. ასევე მუდმივად კავშირზეა პერსონალური კომპიუტერი, რომელიც GPRS სისტემის მობილური ტელეფონითაა დაკავშირებული ინტერნეტთან. ინფორმაციის რეალური გაცვლის დაწყებამდე ხაზის დაკავებისთვის თანხა არ არის გადასახდელი, რაც სისტემას მეტად ხელსაყრელსა და კომფორტულს ხდის მომხმარებლისათვის.
კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ამკვიდრებს ღშ სისტემა, მდგომარეობს გადახდის ახალ პრინციპში. ეს უკანასკნელი ძირეულად ცვლის აქამდე ჩამოყალიბებულ წარმოდგენას მობილური მომსახურების ანგარიშსწორების თაობაზე. GSM სისტემის აბონენტები უკვე მიჩვეული არიან, რომ მათი გადასახადი პირდაპირპროპორციულია გამოყენებული საეთერო დროისა, რაც გარკვეულ უხერხულობებს ქმნის მობილური ტელეფონის საშუალებით მონაცემთა გაცვლის დროს. ასეთ პირობებში მომხმარებელი ალბათ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში იმუშავებს მობილური ტელეფონის გამოყენებით ინტერნეტში. ანალოგიური ვითარებაა საქართველოში: ერთი საათი ინტერნეტში მუშაობა მობილური ტელეფონის გამოყენებით, დაახლოებით 17 ლარით ზრდის აბონენტის გადასახადს მობილური ქსელის ოპერატორთან, ამას ემატება 2 ლარი, რომელიც მან უნდა გადაიხადოს ინტერნეტის პროვაიდერთან მუშაობისათვის.
ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, GSM სისტემის გამოყენებისას, საგადასახადო სისტემა სხვა პრინციპზე იქნა აგებული: აბონენტი იხდის მხოლოდ გაცვლილი ინფორმაციის მოცულობის ეკვივალენტურ თანხას და არა გამოყენებული საეთერო დროის ღირებულებას, რაც მეტად ხელსაყრელია მომხმარებლისათვის.

მომსახურების ახალი სახეები, რომლებიც შეიძლება დაინერგოს GPRS-ის ბაზაზე

ინტერნეტსა და ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობის გარდა, GPRS-ის გამოყენებით შესაძლებელია მრავალი ახალი მომსახურების დანერგვა. საქართველოში რიგი მომსახურების განვითარება მაღალი სისწრაფის მობილური ქსელის საშუალებითაა შესაძლებელი. ამას ღშ სისტემაში არსებული ბილინგის შეღავათიანი, ბევრად უფრო მისაღები სისტემაც შეუწყობს ხელს. ასეთად შეიძლება, ელექტრონული ვაჭრობაც დავასახელოთ, რომლის ინტენსიური განვითარების მიმართ ბოლო დროს ევროკავშირი მნიშვნელოვან დაინტერესებას იჩენს. მობილური კომერციაც უფრო რეალური გახდება ახალი თაობის ტექნოლოგიებში, რომელიც მთლიანად დაემყარება მობილური აპარატების საშუალებით ინტერნეტთან კავშირს.
ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ ორიოდე სიტყვით შევჩერდებით GPRS ტექნოლოგიაზე დამყარებულ უახლესი კლასის მობილურ ტელეფონებზე, რომელთა მხოლოდ პროტოტიპებს თუ იცნობს ჩვენი მომხმარებელი. GPRS სისტემაზე მომუშავე აპარატი ალბათ ცოტას თუ უნახავს - მათი მცირე რაოდენობით წარმოების გამო. ეს აპარატები მობილურ ტელეფონებს ნაკლებად მოგვაგონებს თავისი მაქსიმალურად გაზრდილი ეკრანით, რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია ახალი ტექნოლოგიების დანერგვისას და რომელიც განკუთვნილია მონაცემთა ფართო სპექტრის მისაღებად, მოკლე შეტყობინებიდან - მულტიმედიური ინფორმაციის ჩათვლით. მოტოროლას ერთ-ერთ ბოლო გამოფენაზე წარმოდგენილ GPRS სისტემის აპარატში (მაშინ ეს ტელეფონი იშვიათობას წარმოადგენდა და იგი მოტოროლას თანამშრომელთა დიდ ნაწილს ნანახიც კი არ ჰქონდა), ჩამონტაჟებული იყო ე.წ. HTML ბროუზერი. ეს უკანასკნელი საშუალებას აძლევდა მომხმარებელს, ინტერნეტ-გვერდი დაეთვალიერებინა პერსონალური კომპიუტერის ანალოგიური პროგრამის საშუალებით. ამ აპარატის სიახლეებიდან გამოვყოფთ კიდევ ერთს: აპარატი საშუალებას იძლევა, ტელეფონის ეკრანზე სპეციალური "ფანქრის" გამოყენებით ხელნაწერი ტექსტი შევიტანოთ ტელეფონში, რაც შეტყობინებების გაცვლის დროს განსაკუთრებით მოსახერხებელია.

დღეს შეგნებულად არ შევჩერდით იმ სერიოზულ სირთულეებსა და პრობლემებზე, რომლებიც თან ახლავს ახალი ტექნოლოგიების წარმოებას, განვითარებასა და დანერგვას. მთავარია, რომ ახალი თაობის ტექნოლოგიებისაკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, წინ კი ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება გველის.

ლევან ბუჩუკური

მარკეტინგის, მომხმარებელთა მომსახურებისა
და პერსპექტიული დაგეგმარების დირექტორი