ქალბატონებისთვის, ბატონებისთვის და მათთვის, ვინც ზღვაშია...

ეს კუნძული ლამანშისა და პა-დე-კალეს სრუტეებითაა გამოყოფილი ევრაზიისაგან.
300 წლის წინათ იქ ისეთივე ნისლი იყო, როგორიც ახლა არის ხოლმე. ნაპირი ერთდროულად სველდებოდა ცალკე წვიმისაგან, ცალკე - ზღვის ტალღებისაგან, და ამ ტალღებზე დაცურავდნენ გემები, რომელთაც მიჰქონდათ სხვადასხვა საქონელი სხვადასხვა კონტინენტისაკენ.
ხშირად წვიმდა ზღვაზეც; იყო ქარიც, ხანდახან იყვნენ მეკობრეებიც და ზოგი გემი ბრუნდებოდა, ზოგი - ვერა.
ნაპირებთან სხვა გემების მეზღვაურები იკრიბებოდნენ პატარა ტავერნაში, სვამდნენ სიდრს და დებდნენ სანაძლეოს. ზოგი ამბობდა, რომ გემი ჩაიძირებოდა, ზოგი ამბობდა, რომ - არა. და რადგანაც თვითონაც ზღვაში უნდა გასულიყვნენ, თავიანთ წილს, ვთქვათ, საათს ან რაღაც ამისთანას, ტავერნის მეპატრონეს უტოვებდნენ, რომელიც დაბრუნებისას მათ მოგებულს აძლევდა.
შემდეგ იდეა "განვითარდა" და მეზღვაურებმა გადაწყვიტეს, ყოველი გემის გასვლისას რაღაც დაეტოვებინათ ტავერნის მეპატრონისათვის. საბოლოოდ ეს ანაბარი ოკეანისაგან გამეტებულებს გადაეცემოდათ, ანუ მათ, ვინც დაზარალდა.
ეს იყო 300 წლის წინათ. ახლა იმ ადგილას, ანუ ლონდონში, ლოიდსის სადაზღვევო ბაზარია, იგი ისევ უწევს მფარველობას ზღვაში გამავალ გემებს, და არამარტო მათ.
1995 წელს ლამანშიდან კარგა მოშორებით, ანუ საქართველოში, სამმა ფიზიკოსმა (ჯგუფელებმა) და ერთმა მათემატიკოსმა სადაზღვევო კომპანია "იმედი L" დააარსა.

მეგობრებმა კარგად იცოდნენ, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში დაზღვევას განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება, სწორედ ამიტომ, თავიდანვე გადაწყვიტეს დასავლური სტილის კომპანიის ჩამოყალიბება საქართველოში. მათ საშუალება ჰქონდათ, მიემართათ პირადი დაზღვევის დარგში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისათვის ESG Re. ამ კომპანიის ხელმძღვანელობამ მათ ნდობა გამოუცხადა, საწყის ეტაპზე მრავალმხრივი კონსულტაციური დახმარება აღმოუჩინა, ხოლო ორწლიანი დაკვირვების შემდეგ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა და კომპანიაში ყოველგვარი სახელმწიფო გარანტიების გარეშე მსხვილი ინვესტიცია განათავსა.
სათანადო კანონის მიღებამდე სადაზღვევო კომპანიები დიდად არ განსხვავდებოდა ნებისმიერი სხვა შპს-საგან, ვთქვათ, მაღაზიისგან. მერე პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც მსგავსი კომპანიის მინიმალური კაპიტალი 500 000 ლარი მაინც უნდა ყოფილიყო. აქედან 80 % - ფულადი სახით.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L Int"-ს ამ ინვესტიციის წყალობით საქართველოს სადაზღვევო კომპანიებს შორის უდიდესი საწესდებო კაპიტალი გააჩნია, რომელიც 1 800 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს შეადგენს.
მიუხედავად საკმარისად დიდი საწესდებო კაპიტალისა, სადაზღვევო კომპანიებს უწევთ ისეთი რისკის დაფარვა, რომელიც მათ ფინანსურ შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. ეს საკმაოდ ჩვეულებრივი ვითარება კარგადაა ცნობილი სადაზღვევო ბიზნესში - სწორედ მსგავსი ამოცანების გადასაწყვეტად არსებობენ საგადაზღვევო კომპანიები.
რას ნიშნავს ეს?
მაგალითად, თუ საქართველოში არის სადაზღვევო კომპანია 500 000 ლარის კაპიტალით და მას დაზღვეული აქვს ობიექტი, რომლის ღირებულებაცაა 5 000 000 ლარი, დაზარალების შემთხვევაში ის ვერ შეძლებს ასეთი თანხის გადახდას. ამიტომაც, თვითონ სადაზღვევო კომპანია აზღვევს ამ რისკს საგადაზღვევო კომპანიასთან ან ლოიდსის ბაზარზე. ეს შეიძლება ასე განაწილდეს: 100 000 ლარის რისკი იქნება სადაზღვევო კომპანიაზე, ხოლო დანარჩენი 4 900 000 - საგადაზღვევოზე. შესაბამისად ნაწილდება კლიენტის მიერ შემოტანილი ფულიც.
ეს - ზოგადად; რაც შეეხება კონკრეტულად "იმედი L"-ს, რისკი, რომელიც მან თავის თავზე აიღო, გადაზღვეულია როგორც ლოიდსის ბაზარზე, ასევე ისეთი საგადაზღვევო კომპანიების მიერ, როგორიცაა: ლლიანზ, ანნოვერ ღე, ღოყალ & შუნოლლიაცე, შწისს ღე , და ა.შ.
"იმედი L"-ის საქმიანობა დღითი დღე ფართოვდებოდა. მათ საერთაშორისო დონეზე მოაწყვეს ცენტრალური ოფისი, გახსნეს 12 ფილიალი და დააზღვიეს ისეთი კლიენტები, როგორიცაა: სასტუმრო "მეტეხი", სასტუმრო "გუდაური", "საქართველოს ბანკი", საქართველოზე გამავალი ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, ყველა ქართული ავიაკომპანია, "რუსთავცემენტი", "მაგთიკომი", და ა.შ.
რაც შეეხება ამ უკანასკნელს, იგი თითქმის ყველანაირი რისკისგანაა დაზღვეული. მათ შორის მოგების არმიღებისაგან - ბიზნესის წყვეტის შედეგად; ვთქვათ, მოხდა სადაზღვევო შემთხვევა, ასეთ დროს აბონენტები ვერ ახერხებენ მობილურით სარგებლობას, იკარგება შემოსავალი - სწორედ ამ თანხას ანაზღაურებს "იმედი L".
მაგრამ, ძირითადად, დაზღვევის სახეები მაინც სამ ნაწილად იყოფა: პიროვნული, ქონებრივი და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.
"იმედი L" უფრო პიროვნული დაზღვევის განვითარებას ცდილობს, მათ შორის, ყველაზე მეტად - სამედიცინოსი. სპეციალურად ამისთვის შემუშავდა 8 პროგრამა, აქედან ყველაზე იაფი - "სამლარიანი", ე.ი. თუ ადამიანი ყოველთვიურად 3 ლარს გადაიხდის, მაშინ, საჭიროების შემთხვევაში, მისი ჰოსპიტალიზაციისთვის კომპანია გამოყოფს 500 დოლარს. ნათელია, რომ სამ-სამი ლარით ეს თანხა მხოლოდ 28 წლის შემდეგ გროვდება. ე.ი. თუ ვინმეს აქვს იმის იმედი, რომ ამ დროის მანძილზე ერთხელ მაინც არ მოხვდება საავადმყოფოში, მაშინ მას მართლაც არ უნდა დაზღვევა. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანები ავად ხდებიან და იმისთვის, რომ ისევ კარგად გახდნენ, ფულია საჭირო; ხშირად უფრო მეტი, ვიდრე შავი დღისთვის გადანახული თანხა, რომელსაც ხანდახან ვერც ვინახავთ, იმიტომ რომ ათას წვრილმანში გვეხარჯება; იმიტომ რომ გვგონია, უახლოეს პერიოდში არაფერი დაგვემართება, ჯანმრთელებიც ვიქნებით და ცოცხლებიც, მაგრამ...
"იმედი L"-ის მმართველი დირექტორი ალექსანდრე ლორთქიფანიძე სწორედ ახლა ფიქრობს სპეციალური პროგრამის შემუშავებას დაკრძალვის ხარჯებისათვის. ეს პროგრამა ძალზე პოპულარული იყო ომის შემდგომ ინგლისში და, სამწუხაროდ, ალბათ არც საქართველოსთვის იქნება აზრს მოკლებული.

წინასწარი მონაცემებით, ყოველთვიური გადასახადი ალბათ მინიმალური იქნება. სამაგიეროდ, პიროვნების გარდაცვალების შემთხვევაში კომპანია აანაზღაურებს მისი დაკრძალვის ხარჯებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამაში არც ჭირის სუფრა იგულისხმება და არც სხვა რამ მსგავსი, მაგრამ რაც იგულისხმება - ისიც საკმაოდ დიდი შეღავათია.
ასევე მნიშვნელოვანია სიცოცხლის გრძელვადიანი დაზღვევაც. მაგალითად: პიროვნება დაზღვეულია 10 წლით - 10 000 დოლარად. თუ იგი, ამ დროის განმავლობაში, გარდაიცვალა, ოჯახს ფული მთლიანად გადაეცემა, ხოლო თუ ყველაფერი კეთილად წარიმართა, მაშინ იგი იღებს იმ თანხას, რომელიც წლების განმავლობაში შეიტანა (ვთქვათ 3000 დოლარი), და კიდევ ამ სამი ათასის პროცენტს.
თუ კლიენტი უკვე 65 წლისაა, მას შეუძლია აირჩიოს: თანხა ერთიანად აიღოს, თუ აქციოს იგი პენსიად.
დაზღვევის ამგვარი ფორმა ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში და მალე ალბათ "იმედი L" -იც შეძლებს მის შემოთავაზებას.
ჯერჯერობით კი არის პრობლემებიც. საქართველოში ხალხმა მაინც არ იცის, რა არის დაზღვევა, რისთვის სჭირდება მას, და თუ არ სჭირდება, რატომ არ სჭირდება. ეს, უბრალოდ, მათი ყურადღების მიღმა რჩება. სადაზღვევო საქმე მთელ მსოფლიოში სტაბილურობის გარანტად ითვლება. ხშირად ასეც ხდება: თუ კომპანია აზღვევს ავტოტრანსპორტს - იგი შეაკეთებს გზებსაც, რომლებზეც ეს ტრანსპორტი ზიანდება. საბოლოო ჯამში მოგებული ისევ კომპანია რჩება, მაგრამ ამას მაინც სხვა გარემო და პირობები უნდა, რომლებიც, როგორც ბატონმა ალექსანდრემ ბრძანა, დღეს საქართველოში არ არსებობს. ისე, კარგი იქნებოდა, ყოფილიყო.
საინტერესოა, რისგან არის დაზღვეული თავად კომპანიის მმართველი დირექტორი. აღმოჩნდა, რომ მას აქვს სამედიცინო დაზღვევა; აუცილებლად გაიკეთებს საპენსიოსაც (როგორც კი სათანადო კანონი გამოვა); დაზღვეული აქვს ავტომანქანა, ხოლო იმის მერე, რაც სახლში წყალი ჩამოუვიდა და ყველაფერი გაუნადგურა, გადაწყვიტა, ბინაც დაეზღვია.
ეს წყალი ხანდახან ჩვენს ბინებშიც ჩამოდის, ხან - ცოტა, ხან - ბევრი...
მაგრამ ქვეყნად არსებობს ადგილები, სადაც მარტო წყალია და მეტი არაფერი. ამ წყალში გემები დაცურავენ, ისევე, როგორც 300 წლის წინათ. წვიმითაც ისევ ისე წვიმს, ქარიც ისევ ისე უბერავს და ოკეანისთვის ხომ, საერთოდ, სულ ერთია - დაზღვეულ გემს ჩაძირავს თუ დაუზღვეველს. ამას მხოლოდ ჩვენთვის აქვს მნიშვნელობა - იმათთვის, ვინც ნაპირზე ვდგავართ და ამ გემის დაბრუნებას ველოდებით.

თეა თოფურია