"ორმა უბრალო თავის ქალამ, რომელთა ღირებულება ოქროს ზოდებზე მეტია,
მსოფლიოს ყველა პრეისტორიკოსი საჯდომზე მოსვა"...
ანუ Curriculum Vitae

C.V.
დავით ოთარის ძე ლორთქიფანიძე, დაბადებული 1963 წელს, თბილისში.
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის განყოფილების გამგე.

მამა - საქვეყნოდ ცნობილი ქართველი არქეოლოგი. ბავშვობიდან გათხრები, საველე ცხოვრება. შემდეგ გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი თბილისის უნივერსიტეტში, მერე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი ხდება.
მოსკოვი - საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ასპირანტურა. 1992 წელს - საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "პირველყოფილი ადამიანები და ბუნებრივი გარემოს ურთიერთკავშირების თავისებურებანი მთიან რეგიონებში".

რატომ პალეოანთროპოლოგია?
დ.ლ.: იმიტომ, რომ ბავშვობიდან მიყვარდა დეტექტივები... ადამიანის ევოლუცია კი, ერთი ჩახლართული და ძნელად ასახსნელი რომანია.
და კიდევ. საფრანგეთში ვხედავდი, როგორ დახტოდნენ ისტორიის მუზეუმში ფრანგი ბავშვები და გამიჩნდა შური... მომინდა, ქართველ ბავშვებსაც ასე ეთამაშათ ასეთ მუზეუმში?.

პალეოანთროპოლოგია ადამიანის წარმოშობის ისტორიას შეისწავლის. ის, როგორც მეცნიერება, დარვინის შემდეგ განვითარდა. იმ ხნიდან დღემდე ადამიანის ყველა სავარაუდო ნამარხის აღმოჩენა დიდი მოვლენა გახლავთ.
1999 წლის 12 მაისს მსოფლიოს მრავალმა საინფორმაციო სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა: "ადამიანის პირველი მიგრაციის ნამარხი კვალი ნაპოვნია საქართველოში..." და ახმაურდა მსოფლიოს პრესა, ავტორიტეტული ექსპერტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ეს გახლდათ ყველაზე დიდი მოვლენა, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში მოხდა ამ სფეროში, ანუ "ლუსის" აღმოჩენის შემდეგ.
მოკლედ თუ ვიტყვით, ჩვენთან აღმოჩნდა აფრიკის შემდეგ ყველაზე ადრეული ადამიანის წინაპარი.
ალბათ, ყველასთვის ცნობილია ნეანდერტალელის ჩონჩხის აღმოჩენა გერმანიაში. პითეკანთროპი იავაზე, სინანთროპის აღმოჩენა ჩინეთში, მაგრამ ბოლო 50 წლის განმავლობაში პალეოანთროპოლოგიური კვლევის ეპიცენტრი აღმოსავლეთ აფრიკაში გადაადგილდა. ლიკის ოჯახის საოცარმა აღმოჩენებმა მთლიანად შეცვალა წარმოდგენა ადამიანის ევოლუციის შესახებ. ამას მოჰყვა ავსტრალოპითეკ "ლუსის" აღმოჩენა, რომელიც ადამიანის ყველაზე ადრეულ წინაპრად აღიარეს.
დღეს პალეოანთროპოლოგების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ნამარხი ადამიანების ნაშთებს. თითოეული ახალი ნაპოვნი ახალ დისკუსიებს იწვევს. დაობენ თითოეულ მორფოლოგიურ ნიშანზე, მუდმივად ზუსტდება ბიოლოგიური კლასიფიკაცია, და ა.შ. მაგრამ დღეს ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ჩვენი ბიოლოგიური წინაპრები, პირველი ჰომინიდები აფრიკაში წარმოიშვნენ და დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ კონტინენტზე სახლობდნენ.
ხოლო თუ როდის და რატომ გავრცელდნენ ევრაზიაში - ეს მუდმივი დავის საგანია.
დღემდე გაბატონებული აზრის თანახმად, პირველი ჰომო, რომელიც ევრაზიაში დაახლოებით მილიონი წლის წინათ გავრცელდა, იყო Homo erectus-ის ჯგუფის წარმომადგენელი. აფრიკის გარეთ მისი გავრცელება დაკავშირებული იყო ქვის იარაღების ტექნოლოგიაში პროგრესის გაჩენასთან, ე.წ. აშელურ კულტურასთან.
სწორედ ამ კითხვაზე იძლევა სრულიად ახალ პასუხებს დმანისის აღმოჩენები.

C.V.
1997 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის განყოფილების გამგე. იმავე წლიდან ჟურნალების: "ევროპის პრეისტორიის" და "ევრაზია - არქეოლოგია, ეთნოლოგია და ანთროპოლოგია" საერთაშორისო რედკოლეგიის წევრი.

დ.ლ.: "ახალი მონაცემების საფუძველზე ჩვენ ვადასტურებთ, რომ ადამიანის აფრიკის გარეთ გავრცელება მოხდა მინიმუმ 1.7 - 1.8 მილიონი წლის წინათ და ის ამ დროს კვლავ მხოლოდ პრიმიტიულ იარაღებს იყენებდა. დმანისში ნაპოვნი ქვის მასალა, რომელიც შესწავლილია ქალბატონ მედეა ნიორაძის ხელმძღვანელობით, იდენტურია აფრიკაში ნაპოვნი არქაული მასალისა, რომელიც 2,5 - 2 მილიონი წლით თარიღდება. მორფოლოგიურად დმანისელი ჰომინიდი უშუალოდ უკავშირდება ადრეულ აფრიკელ ჰომოებს. მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები უყოყმანოდ გვეთანხმებიან, რომ ეს პირველი ნამარხებია ევრაზიაში, რომლებიც აფრიკულ ნიშნებს ამჟღავნებს.
რამ აიძულა ადამიანი, გასულიყო აფრიკის გარეთ" ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანი არ "გამოუგდიათ" აფრიკიდან; ეს იმიტომ მოხდა, რომ მას შეეძლო და მას უნდოდა ახალი ტერიტორიების ათვისება. ვფიქრობ, აქ ეკოლოგიურმა და ბიოლოგიურმა ფაქტორებმაც იმოქმედა. მას შემდეგ, რაც ჰომინიდების ადგილსამყოფელი ტყეებიდან სავანებით შეიცვალა, ახალ გარემოსთან ადაპტაციამ ანატომიურ აგებულებაშიც გამოიწვია ცვლილებები; იზრდება სხეულის ზომები და ტვინის მოცულობა, ორგანიზმი ენერგეტიკულად მდიდარ საჭმელს - ხორცს საჭიროებს. მას შემდეგ, რაც ჰომო ხორცის მჭამელი ანუ კარნივორი ხდება, მისი არეალი ფართოვდება.
ვინაა დმანისელი ჰომინიდი? მისი წინაპრების ნაშთები მხოლოდ აფრიკაშია ნაპოვნი. საქართველოში ისინი ახლო აღმოსავლეთის გავლით მოხვდნენ. ხოლო შთამომავლები საქართველოდან გავრცელდნენ როგორც ევროპის, ისე აზიის მიმართულებით.
როგორ გამოიყურებოდა იგი? მდედრის სიმაღლე 150 სანტიმეტრია (გამოთვლილია დმანისში ნაპოვნი ტერფის ძვლის მიხედვით). თავის ქალის მორფოლოგია საკმაოდ განსხვავებულია, ტვინის მოცულობა თანამედროვეს თითქმის ორჯერ ჩამოუვარდება.
იგი ამზადებდა ქვის იარაღებს. შესაძლოა, იყენებდა ცეცხლსაც, თუმცა დმანისში ამის კვალი დაფიქსირებული არ არის. საქართველოში იმ დროს სავანის მსგავსი ლანდშაფტი იყო, მაგრამ უფრო ტენიანი კლიმატით და წყლის მეტი რესურსით, ვიდრე მის სამშობლოში, აფრიკაში. დმანისში ნაპოვნი ძვლები ადასტურებს, რომ აქ ბინადრობდნენ ხმალკბილა ვეფხვები, ჟირაფები, მარტორქები, სპილოები, სირაქლემები და სხვა ცხოველები. დმანისელი, სავარაუდოდ, შემგროვებლობას და პატარა ცხოველებზე ნადირობას ეწეოდა, იგი დიდი მტაცებლების ნანადირევ ლეშებსაც ხშირად იყენებდა; ასე რომ, ხმალკბილა ვეფხვების არსებობა საშიშროების გარდა, გარკვეულ უპირატესობასაც წარმოადგენდა.

C.V.
1998 წელს დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით მომზადდა საქართველოს ბუნების ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
1999-2000 წლებში მონაწილეობდა ექსპოზიციების სამეცნიერო კონცეფციის მომზადებაში პარიზის ადამიანის მუზეუმსა და ტოტაველში. 1999 წლიდან პარიზის ადამიანის მუზეუმის რენოვაციის საერთაშორისო კომიტეტის წევრი.
2000 წელს სადოქტორო დისერტაციის წინასწარი დაცვა თემაზე - "ბუნებრივი გარემოს ევოლუცია სამხრეთ კავკასიაში და ადრეული ჰომინიდების (Hominidae) განსახლების ძირითადი ეტაპები".

აღმოჩენა საერთოდ უცნაური რამ არის. რეალურად ეს შესაძლოა, უბრალო შემთხვევითობა იყოს, შეიძლება, უცებ თავზე ვაშლი დაგეცეს, ან მიდიოდე და ქვას წამოჰკრა ფეხი.
საქმე ის არის, შეჩერდე, და მერე მიხვდე - ფეხი როგორ ქვას წამოჰკარი...
და კიდევ ერთი, - შემთხვევით ქვეყნად არაფერი ხდება. და აღმოჩენაც თვითონ პოულობს თავის აღმომჩენს. მას, ვინც ეს დიდი შრომითა და თავდადებით, უდიდესი ნდომითა და მისწრაფებით დაიმსახურა.

დ.ლ.: "დმანისის ნაქალაქარზე გათხრები უკვე რამდენიმე ათეული წელია მიმდინარეობს. სხვადასხვა დროს მათ ცნობილი ქართველი მეცნიერები ლევან მუსხელიშვილი და ვახტანგ ჯაფარიძე აწარმოებდნენ, ამჟამად გათხრებს ბატონი ჯუმბერ კოპალიანი ხელმძღვანელობს. 1983 წელს შუა საუკუნეების ორმოებში ნაპოვნ ძვლებში პროფესორმა აბესალომ ვეკუამ მარტორქის კბილი აღმოაჩინა, რომელმაც იმავე წელს ნაპოვნ სხვა ნამარხებთან ერთად საშუალება მისცა, განესაზღვრა ამ შრეების გეოლოგიური ასაკი - ადრე პლეისტოცენი (დაახლოებით 2-1.5 მლნ. წლის წინანდელი გეოლოგიური ეპოქა)
1984 წლიდან სამუშაოები სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. ახალი ერა დმანისში 1991 წლიდან დაიწყო. ჰომინიდის ქვედა ყბის აღმოჩენა პროექტში გერმანელი კოლეგების ჩართვას დაემთხვა, რამაც დმანისში სამუშაოების გაფართოებას და საერთაშორისო აღიარებას შეუწყო ხელი."

წლევანდელი წლის 12 მაისს, მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სამეცნიერო ჟურნალმა "საიენსმა" ქართველი მეცნიერების აღმოჩენას პუბლიკაციების სერია მიუძღვნა.
რამდენი მეცნიერია მსოფლიოში და რამდენი მათგანი ინატრებდა, სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც მოხვედრილიყო "საიენსში".
ამ წერილის შემდეგ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ საბოლოოდ გაიზიარა ქართველი მეცნიერების 10 წლის წინანდელი მოსაზრება: დმანისელი ადამიანების ნაშთების ასაკი დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი წელია და დღევანდელი მონაცემებით ის უძველესია არამარტო ევროპაში, არამედ საერთოდ, აფრიკის გარეთ..
"საიენსის" პუბლიკაციას მოჰყვა წერილები "ნიუ იორკ თაიმსში", "ვაშინგტონ პოსტში", "თაიმ მეგეზინში", "ნიუს უიკში", "ნეიშენელ ჯიოგრაფიკში" და ისევ "საიენსში".

დ. ლ.: "მე ბედნიერება მქონდა, 1991 წლის დეკემბერში აკადემიკოს ლეო გაბუნიასთან ერთად ფრანკფურტში დიდ საერთაშორისო ფორუმს დავსწრებოდი, რომელიც იავის პითეკანთროპების აღმოჩენის 100 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი და რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა დიდი პალეოანთროპოლოგი მონაწილეობდა. ჩემი ცხოვრების წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩება ის რეაგირება, რომელიც მათ დმანისის ქვედა ყბის დანახვაზე ჰქონდათ. პალეოანთროპოლოგის რეაქცია ორიგინალის ხილვისას ცალკე თემაა. ძნელია გადმოვცე, რა გრძნობებს გამოხატავდა მრავალი ცნობილი მეცნიერის თვალები დმანისის თავის ქალების დანახვისას! რამდენმა დიდმა პალეოანთროპოლოგმა დაასრულა თავისი კარიერა ისე, რომ არ მიუღია მონაწილეობა ნამარხი ადამიანების აღმოჩენაში.
1991 წელს ლეო გაბუნიას მიერ დასმული დიაგნოზი - დმანისის ქვედა ყბა ჰომო ერექტუსების აფრიკულ ჯგუფს (Homo ergaster) უკავშირდებაო, დღესაც ძალაში რჩება. ეს მოსაზრება, ისევე, როგორც დმანისელის ასაკი, მაშინ ბევრმა არ გაიზიარა. მთავარი არგუმენტი იყო - "ეს შეუძლებელია". ამასთან უნდა ითქვას, რომ პალეოანთროპოლოგიის კონსერვატიულ სამყაროში არც ისე ადვილია რევოლუციური იდეების დამკვიდრება, მით უმეტეს, როცა ეს იდეები პატარა ქვეყნის წარმომადგენელს ეკუთვნის. საერთოდ ქვედა ყბა და კბილები ნაკლებ დიაგნოსტიკურია, ვიდრე თავის ქალები. პროფესიონალებს შორის ასეთი გამოთქმა არსებობს: "თავის ქალები შექმნა ღმერთმა, ხოლო ყბა ეშმაკის ნახელავია". ზოგიერთი უცხოელი მეცნიერი ქვედა ყბის ერთი შეხედვით პროგრესული ნიშნის მიხედვით მას ადამიანის გვიანდელ ფორმებს უკავშირებდა. დმანისში თავის ქალების აღმოჩენამ საბოლოოდ დაადასტურა ბატონი ლეოს მაშინდელი მოსაზრება და გაფანტა ბევრის ეჭვები.
ეს ნაპოვნი მართლაც ბედნიერმა შემთხვევამ განაპირობა. სახელმწიფო მუზეუმში სპეციალური პროგრამა გვაქვს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს ჩვენს მეცნიერებას ვაცნობთ. ეს პროგრამა საველე ექსკურსიებსაც ითვალისწინებს. ერთ-ერთი ასეთი ექსკურსიის დროს ახალგაზრდა მეცნიერებმა გოჩა კილაძემ და დავით ჟვანიამ მოსწავლეთა ჯგუფი დმანისში წაიყვანეს. გოჩას, გადმორეცხილ ქანში, ერთ-ერთი ნატეხი საეჭვოდ მოეჩვენა და თბილისში წამოიღო. ერთი შეხედვით თავის ქალის ფრაგმენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რისი, ძნელი სათქმელი გახლდათ.
ბატონ აბესალომ ვეკუას გუმანმა არ უმტყუნა, 31 მაისს პირველი თავის ქალა აღმოჩნდა, რომელიც ზრდასრულ მამაკაცს ეკუთვნის, მეორე კი ახალგაზრდა ქალისაა და იგი 22 ივლისს, სისტემატური გათხრების შედეგად იქნა ნაპოვნი - მას პირველად ახალგაზრდა მეცნიერი გიორგი ნიორაძე შეეხო. 1991 წლის შემდეგ დმანისში კვლევის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა, პროექტი საერთაშორისო გახდა. მასში ამერიკელი, ფრანგი და ესპანელი კოლეგები ჩაერთვნენ.?

ასე აღმოჩნდა საქართველო მსოფლიო მეცნიერების ცენტრში.
ყველაზე პრესტიჟული გამოცემები ყველაზე აღფრთოვანებულ შეფასებებს არ იშურებენ:
"საქართველო პირველი ევროპელების სამშობლოა და ქართველი მეცნიერების აღმოჩენებმა ორჯერ დააძველეს პირველი ევროპელის ასაკი" ("ლე მონდი").
"ორმა უბრალო თავის ქალამ, რომელთა ღირებულება ოქროს ზოდებზე მეტია, მსოფლიოს ყველა პრეისტორიკოსი საჯდომზე მოსვა..." ("ლიბერასიონი").
საქართველოს აღმოჩენებმა ბოლო მოუღეს ესპანურ-იტალიურ დავას - ვინ იყო პირველი ევროპელი?, - წერდა გაზეთი "ფიგარო".

C.V.
დავით ლორთქიფანიძე აწარმოებს საველე სამუშაოებს გარეჯში, დმანისსა და დასავლეთ საქართველოს მღვიმეებში.
დმანისისა და გარეჯის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი.
ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენებზე გამოქვეყნებული 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

დ.ლ.: "ეს მიღწევები მთელი გუნდის შრომის შედეგია. დღეს მეცნიერება მხოლოდ ინტერდისციპლინარულად და საერთაშორისო თანამშრომლობით შეიძლება განვითარდეს. ბევრის წარმოდგენით, პალეოანთროპოლოგია რომანტიკული პროფესიაა; მაგრამ მერწმუნეთ, ის მარტო გათხრები არაა. ეს არის კვლევა, რომელშიც ტრადიციულ მეთოდებთან ერთად, ფართოდ გამოიყენება საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების, კერძოდ, ბირთვული ფიზიკის და მოლეკულური ბიოლოგიის უახლესი მიღწევები.

დათოსთან უდიდეს აღმოჩენებზე საუბრისას მხოლოდ ერთ სიტყვას თუ გაიგონებთ: "ჩვენ".
ხოლო ჩვენ ძალიან ვამაყობთ მათით, ვინც ამ "ჩვენ"-ში იგულისხმება.

დ.ლ.: "სხვათა შორის, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიხარული 1999 წლის 22 ივლისს, როცა დმანისში მეორე თავის ქალა ნაწილობრივ გამოჩნდა, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დმანისის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯუმბერ კოპალიანმა მობილური ტელეფონით მაცნობა. მე უმალ გავემგზავრე დმანისში და ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. ასე რომ, "მაგთის" ზარი, ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენას უკავშირდება.
"საიენსის" პუბლიკაციის შემდეგ ჟურნალისტების წარმოუდგენელი შეტევა იყო. იგი BBC-სა და NBC-ის მთავარ თემად იქცა. განუწყვეტლივ მირეკავდნენ, რომ ინფორმაცია მიმეწოდებინა. მაშინ გარეჯის მიდამოებში ვიყავი გათხრებზე და მხოლოდ მობილით შემეძლო ინტერვიუს მიცემა. ეჭვი გამოთქვეს, მობილურით ჩაწერილი ინფორმაცია არ ივარგებს, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი ხარისხი არ იქნებაო. მე ვუთხარი, მაგთი GSM-ის კავშირის ხარისხი ძალიან კარგია და პრობლემა არ გექნებათ-მეთქი. მართლაც ასე იყო, ეს ინტერვიუები ეთერში გავიდა...
1999 წელს ლიკის ფონდმა დააფინანსა ჩვენი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარეჯის მიდამოებში კვლევას. ნოემბერში აღმოჩნდა კიდეც პრიმატის ნაშთი, რომლის ასაკი დაახლოებით 8-8,5 მილიონი წელია. ის ადამიანების მსგავსი მაიმუნების (დრიოპითეკების) ყველაზე გვიანდელი წარმომადგენელია და დაახლოებით 1 მილიონი წლით გვიან შემორჩა, ვიდრე სხვა ტერიტორიებზე. დამტკიცდა, რომ საქართველოს ტერიტორია პრიმატებისათვის (და ალბათ ადამიანებისთვისაც) ხელსაყრელი ბუნებრივი გარემოთი ხასიათდებოდა სხვადასხვა გეოლოგიურ ეპოქებში. აქ ცალკეული სახეობის გადაშენება უფრო გვიან ხდებოდა, ვიდრე სხვაგან ევროპაში?.

თურმე, ამგვარი მიწა-წყალი გვაქვს. თურმე, ამგვარია საქართველო და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და ჭიქით ხელში გულზე მჯიღის ბრაგუნი. და ყველაფერ ამას, ამ აღმოჩენებს, ამ მეცნიერულ კვლევებსა და მათ უდიდეს საკაცობრიო მნიშვნელობას უნდა შევხედოთ არა მხოლოდ სიხარულით და სიამაყით, არა მხოლოდ აღფრთოვანებით, არამედ დაფიქრებითა და ეროვნული პასუხისმგებლობის სრული შეგრძნებით.
რა როლი და მისია დააკისრა განგებამ საქართველოს ამ აღმოჩენით, რაზე უნდა ვიფიქროთ და რას გავუფრთხილდეთ? ნუთუ ეს მხოლოდ წარსულში წვდომა და რკვევაა?! ან იქნებ ამ აღმოჩენებმა რაღაც გაცილებით მეტი მოგვიტანა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღისა და მომავლის თვალსაზრისით...
კვლევა დმანისსა და მის მიდამოებში, აკადემიკოს ლეო გაბუნიას ხელმძღვანელობით, კვლავაც გრძელდება და ფართოვდება...

დმანისი ახლა კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს.
ახლა აქაც იწერება ადამიანთა მოდგმის Curriculum Vitae.

მარინა ვაშაყმაძე