როგორ ივსება სიცარიელე

იქნებ იმისთვის ვცხოვრობთ, გავიგოთ, რა არის ჩვენი საკეთებელი. ვისწავლოთ... და ის აუცილებლად მოვა. ან უნდა მოვიყვანოთ. სულ ერთია როგორი სახით, მთავარია, გავიგოთ, მთავარია, მოვიდეს...
"ახლა დროის შეგრძნება გამძაფრებული მაქვს, მენანება ყოველი წუთი, ყოველი წამი". ქალბატონ მზია შავთვალაძის ერთი ჩვეულებრივი დღე არაჩვეულებრივად გათენდა: გაიღვიძა და მეუღლეს უთხრა, ქარგვა უნდა დავიწყოო. ამ გათენებამდე არასოდეს უფიქრია ქარგვაზე. ეს სურვილი თავისით მოვიდა და მერე ყველაფერი შეიცვალა. "არ ვამბობ, რომ ახლა არ ვუშვებ შეცდომებს, მაგრამ მივხვდი, რომ აქამდე სხვანაირად უნდა მეცხოვრა; ალბათ ეს ისაა, რაც ყოველთვის უნდა მეკეთებინა."
ჩარჩოზე გადაჭიმული ტილო ან ხავერდი, ძაფი - მულინე ან აბრეშუმი, პატარა, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი უჯრედები, ჯერ ცარიელი... მუშაობა: დღეში ხუთი-ექვსი საათი, თავდახრილი... სიცარიელე ნელ-ნელა ივსება, განუზომელია ამ შევსებით გამოწვეული სიამოვნება და შევსებული სივრციდან გადმოსული ენერგია.
"როცა ვიწყებ მუშაობას, უკვე ვიცი, რაც მინდა; შემდეგ იშვიათად ვცვლი ფერებს, ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ვიმუშაო; ოჯახის წევრებიც ძალიან მიწყობენ ხელს... ვიხსენებ და წარმოდგენა მიჭირს, როგორ ვცხოვრობდი მანამდე".
მანამდე კი იყო ცხოვრება... როგორც ქალბატონი მზია ამბობს, არაფრით გამორჩეული... ჯერ იყო სკოლა, შემდეგ - ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, შემდეგ - ასპირანტურა, შემდეგ კი - ამავე უნივერსიტეტში ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრა, სადაც მეცნიერ თანამშრომლად დღესაც მუშაობს. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი...
დიდი, ნათელი ოთახი, ერთი შეხედვით, ყველაფერი ჩვეულებრივი: ჭერი, იატაკი, ავეჯი... კარგი გემოვნება და კიდევ რაღაც. კედლები? დიახ, კედლები - მათზე მთელი სამყაროა, საოცარი და უჩვეულო სამყარო... ოჯახის წევრებისათვის ეს სამყარო ისეთივე ახლობელი და ბუნებრივია, როგორც მისთვის. ხანდახან, თურმე, ასე ხუმრობენ - კედლებს რომ შეავსებს, ალბათ, ჭერზეც გადავაო. კედლები კი მართლაც ნელ-ნელა ივსება.
ბევრი ნაქარგი - კედლებზე, უფრო მეტი - გაჩუქებული. სოკოები, პეიზაჟები, წმინდა ნინო... მამაღმერთი... "განსაკუთრებული პასუხისმგებლობისა და მოწიწების გრძნობა მაქვს, როდესაც რელიგიურ თემებზე ვმუშაობ. ეს პროცესი დიდ კონცენტრირებას მოითხოვს, ამ დროს აბსოლუტურად გამოთიშული ვარ ყველაფრისაგან, თითოეულ ნაქარგში ჩემი სულის ნაწილს ვდებ; დიდს არაფერს, სულ პაწაწკინტელა საქმეს ვაკეთებ..."

ეს "პაწაწკინტელა საქმე" გამოფენილი იყო სათნოების სახლ "კათარზისში", ცისფერ გალერეაში, თვითნასწავლ მხატვარ ქალთა რესპუბლიკურ გამოფენაზე; ამ გამოფენაზე ქალბატონი მზიას ნამუშევრები ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსის შემდეგ მოხვდა. მერე იყო გამოფენა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში. აღსანიშნავია, რომ ამ ცენტრთან ურთიერთობა დღესაც წარმატებით გრძელდება. ცენტრის ხელშეწყობით მისი ნამუშევრები მილანსა და მადრიდშიც გამოიფინა. 2000 წლის იანვრიდან მზია შავთვალაძე ამერიკელ მქარგველთა გილდიის წევრია, ოქტომბერში კი ამერიკაში გამგზავრებას გეგმავს.
"როდესაც აკეთებ, არ ფიქრობ, სხვას როგორ მოეწონება; მთავარი მაინც შექმნის პროცესია. ეს რაღაც გადმოუცემელი, ენით აუწერელი მდგომარეობაა: იკვეთება კონტური, იცვლება ფერები, ივსება სიცარიელე შენი ნაფიქრით, ემოციით, შენით... ამ პროცესს ვერ დააჩქარებ...
ოქრომკედით ნაქარგ მარტვილის ჯვარზე რვა თვე ვმუშაობდი. ოქრომკედით ქარგვა ძირძველი ქართული ტრადიციაა. იგი ურთულესი ტექნიკით სრულდება. ხელით ვგრეხ ძაფს და ხელით ვმუშაობ. მუშაობის დროს ფიზიკური და სულიერი ძალები გაერთიანებულია. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ტრადიცია აღდგეს. ამჟამად დეკორატიულ ხურჯინზე ვმუშაობ. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ნამუშევრის საბოლოო სახე მოფიქრებული არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარზე მეტი მოქარგულია. ხურჯინისათვის ხავერდზე ვქარგავ, მუშაობისას ბუნებრივი, მცენარეული საღებავით შეფერილ ძაფებს ვიყენებ...
ახლა, როცა წარსულზე ვფიქრობ, მახსენდება ორი შემთხვევა, რომელმაც, ალბათ, რაღაცნაირად გავლენა მოახდინა ჩემს ცნობიერებაზე. ბავშვობაში, ჩვენი ოჯახის ნათესავმა, რომელიც ძალიან კარგად ქარგავდა, შემომთავაზა, გასწავლიო, მაგრამ მაშინ ამაზე არც მიფიქრია. ერთხელ ფანტი გავითამაშეთ, ვის შეხვდებოდა მისი მოქარგული ხელსახოცი; ფანტი მე შემხვდა. უფრო მოგვიანებით, როცა უკვე გათხოვილი ვიყავი და პატარაც მყავდა, დამესიზმრა: ანგელოზმა ორი მონეტა ჩამომიგდო და მითხრა, თოთხმეტი წლის შემდეგ ღმერთს შეხვდებიო. თოთხმეტი წლის შემდეგ დავიწყე ქარგვა... ადრე ვერც წარმომედგინა, რომ ამგვარი რამის გაკეთებას შევძლებდი, ახლა კი ქარგვა ჩემთვის მთელი ცხოვრებაა, ნამდვილი ცხოვრება..."
ნამდვილი ცხოვრება სხვადასხვა ფორმით მოდის. ის მოვა და მერე უკვე შენს ცხოვრებას აძლევს სახეს - ცხოვრებას, რომელიც, თურმე, არც შეიძლებოდა სხვაგვარი ყოფილიყო.

ნათია კალანდაძე