უსასრულო პერფორმანსი ანუ ბენდენა და ყაბალახი

მასზე ამბობდნენ, არაბუნებრივად ნიჭიერი ბავშვიაო. ოთხი წლისა დგებოდა, თურმე, როიალთან და უცნაურ მელოდიებს აგებდა პატარა თითით. დედას უკვირდა, ამ პატარა ბავშვმა ეს მელოდია სად მოისმინა, ან როგორ დაიმახსოვრაო. აბა, იმას როგორ წარმოიდგენდა, რომ მელოდია იქვე ჩნდებოდა...
ათი წლისას უკვე საავტორო კონცერტი ჰქონდა.
ცამეტი წლისას - შემოქმედებითი საღამო ხელოვნების მუშაკთა სახლში.
ის კი არადა... "დათო უთუოდ ნიჭიერი ბავშვია, ხოლო ნიჭს მოვლა და გაფრთხილება უნდა. იგი კარგად სწავლობს, უყვარს წიგნების კითხვა, წერს ლექსებს, ხატავს, გატაცებულია ჭადრაკით... ახლა კიდევ მუსიკაც. მეტისმეტი ხომ არ არის" ჭარბად ხომ არ ვტვირთავთ მოზარდს? იქნებ, უკეთესია მისი შემოქმედებითი "უნივერსალიზმის" შეკვეცა?!" - შიშს გამოთქვამდა მაშინდელი გაზეთი "თბილისი".
ერთი რამ, რაც იმდროინდელმა კორესპონდენტმა ზუსტად ამოიცნო, დათოს შემოქმედებითი უნივერსალიზმი გახლდათ. ეგ არის მხოლოდ, კიდევ კარგი, არავინ დაუჯერა და ამ უნივერსალიზმის შეკვეცა არ მოინდომა.
მოკლედ, ვნებები ღელავდა... გაზეთები ხმაურობდნენ...
"დათო ევგენიძის კონცერტი"...
"პატარა კომპოზიტორი"...
დათო კი სკოლაში სწავლობდა, ტოლებში დარბოდა და, როგორც მაშინ იყო მიღებული, ათასგვარ უფასო წრეზე დადიოდა... მხოლოდ ხანდახან, განმარტოებით, თავისი ბავშვური ცხოვრებით დაგროვილ სათქმელს ხუთხაზა სტრიქონებში ჩაჭედილი თეთრი და შავი ბურთულებით იწერდა ხოლმე.

"მთელი სამყარო მიბმული თითზე,
ეხეთქებოდა ხელისგულს ისევ,
რეზინა გაწყდა და დედამიწა
ჭრელი ბურთივით მიგორავს ხიდზე"...

დათოს ბავშვობიდან უცნაური ჩაცმა უყვარდა... გამოეწყობოდა "მაზალო" ტანსაცმელში და გამოვიდოდა ქუჩაში. შეეძლო, მუსიკალურ სკოლაშიც წასულიყო ასე, თავისი პიონერული ბავშვობისათვის სრულიად შეუფერებლად.
გამოხდა ხანი და მოსკოვში სასწავლებლად წასული დათო პერიოდულად ჩამოგრიალდებოდა ხოლმე თბილისში და ნაცნობ-მეგობრებს აკვირვებდა თავისი უცნაური გარეგნობითა და მოდური მისწრაფებებით. წლები გადიოდა და დათო ევგენიძის ყოველ ჩამოსვლას თან მოსდევდა "იქაური ცხოვრებიდან" ჩამოყოლილი ლეგენდები - წარმოუდგენელ წარმატებებზე, აღიარებაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე საქვეყნოდ ცნობილ უცხოელ კინოვარსკვლავებთან; დათოს კავშირებზე, დათოს საზღვარგარეთულ გასტროლებზე, "დათოს ფიუჟენ ბენდზე", "დათოს ნიუ ბენდზე", "დათოს ნიუ ნიუ-იორკ ბენდზე", დათოს მოწყობილ ფესტივალზე კანარის კუნძულებზე და ასე შემდეგ...
ყოველივე ეს შორეულ და მომხიბვლელ შარავანდედში ხვევდა "ბედის ნებიერს" და როცა ყოველ ჩამოსვლაზე ლაღი და ხალისიანი, ფრაკის მაგივრად მაისურსა და ჯინსებში გამოწყობილი (და, თანაც, ეს საყურე ყურში...), ელვარე და სპონტანური ასოციაციებით აღსავსე კონცერტებს მართავდა, ყველაფერი ჩანდა ისეთი მსუბუქი, ისეთი იოლი, ისეთი მისაწვდომი... როგორც ჯადოსნური ჯოხის აქნევა...
დიახ, სწორედაც რომ ჯადოსნური ჯოხი, აბა, სხვა რა...
რა საჭიროა, ყველამ იცოდეს, როგორ ღამდებოდა და თენდებოდა ტკივილსა და ჭიდილში, როგორ იკარგებოდა "სრულიად შემთხვევით" კონკურსებზე პარტიტურები და როგორ აღდგებოდა ყველაფერი ერთ საღამოში, როგორ ქრებოდა და კვლავ ჩნდებოდა პლასტიკური სახე საბალეტო დივერტისმენტში. კონკურსის წინა დღეს როგორ დარჩა ტაქსში საფორტეპიანო კონცერტის პარტიტურა - მთელი წლის ნაშრომი; და როგორ დაიწერა ერთ ღამეში, წარმოუდგენელი ძალისხმევით, სრულიად ახალი, გასაორკესტრებლად კი არა, პირდაპირ - ყველა ინსტრუმენტისათვის; როგორ გადაიქცა მოარულ ლეგენდად, მოსკოვში, კონსერვატორიაში, გამოცდის წინ, ნახევარ საათში გარჩეული და მერე ბრწყინვალედ შესრულებული ჰინდემიტის რომელიღაც ურთულესი ნაწარმოები...
რა საჭიროა, რომ ეს ყველამ იცოდეს.
ყურში საყურე, ბენდენა და ჯადოსნური ჯოხი... მორჩა და გათავდა.

"ნუ დამირეკავ...
თუკი რამე გაქვს სათქმელი ცუდი,
ქუჩაში გადი,
გააჩერე მანქანა იქვე,
დაელოდე ტროლეიბუსს ანდა
ხალხით გაჭედილ მეტროში ჩადი,
სანამ შენ მოხვალ,
იქნებ ის ცუდი, ცუდი არ იყოს..."

ქართული საზოგადოებრიობა დათო ევგენიძეს ძირითადად ამ კონცერტებით იცნობს. და კიდევ - სიმღერებით, რომანსებით, მუსიკით კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის.
დათო ევგენიძე ძალიან პოპულარულია.
მის კონცერტებზე თითქმის შეუძლებელია მოხვედრა, თუ თადარიგი დროზე არ დაიჭირე. ყოველთვის სრული ანშლაგია და ყოველთვის გულწრფელი, აღფრთოვანებული ოვაციები.
თვითონ დათო თვლის, რომ მისი ამგვარი მუსიკის საეტაპო კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში იყო, რომელსაც სახელად "ING" ერქვა (ing-ის დამატებით ინგლისურში ის ქმედება აღინიშნება, რომელიც ამ წუთს ხდება). მახსოვს, შუქი არ იყო და სანთლების განათებით და კიდევ დარბაზის ენერგიით საოცარი განწყობა შეიქმნა, პირველი ნოტიდან ბოლომდე ერთ ამოსუნთქვაზე გავედიო, - იხსენებს დათო.
"მერე იმის დახვეწაზე მივდიოდი, რაც იქ იყო, მაგრამ სპონტანურობის პერიოდმა ამოწურა ჩემი ინტერესი. პრაქტიკულად, ეს ეტაპი "შაბათით" დავასრულე."
ო, თქვენ ყველას, ცხადია, გახსოვთ "შაბათი" - წარმოუდგენელი საღამო ოპერის თეატრში. ვინც იქ ვერ მოხვდა, ალბათ, შემდეგ ეკრანზე ნახა...
უცნაური, ძნელად გადმოსაცემი მუსიკა, სცენაზე - დათო, კამერული ორკესტრი, "ქართული ხმები", ხალხური საკრავების ანსამბლი: ზურნა, დუდუკი, დოლი და ქამანჩა, "ბიგ-ბენდი", "აკაპელა", ჯაზ-კვინტეტი და ორი არფა.
მუსიკა იქვე იბადება და იქვე ახალ თვისებრიობაში გადადის, დარბაზი მონუსხულია და ატაცებული - საოცარი ენერგია, საოცარი სანახაობა...
როგორ მინდოდა, მერე სადმე წამეკითხა ან მომესმინა ამ კონცერტის მუსიკალური ანალიზი.
თვითონ დათო კი ყველაფერ ამას ორი სიტყვით ასე გადმოგვცემს: "მე გავაკეთე იმ მუსიკალური კულტურების სინთეზი, რაც ბავშვობიდან მესმოდა. წარმოიდგინე, თბილისური შიდა ეზო, სადაც გამოღებული ფანჯრებიდან ერთდროულად ფორტეპიანოს ხმაც ისმის, თანამედროვე მუსიკაც, ზურნა-დუდუკიც და სუფრული სიმღერებიც..."
ალბათ მას, ვინც "შაბათზე" მოხვდა, არასოდეს დაავიწყდება ეს საღამო - ენერგია, რომელიც სცენასა და მსმენელს აერთიანებს და რომლის გაცვლითაც იქმნება რაღაც საერთო სივრცე, რაღაც სხვა და რაღაც ძალიან ექსკლუზიური, რისი დაგეგმვა და გამეორება უბრალოდ შეუძლებელია.
"პარიზში, სენ-ჟერმენის თეატრში მთხოვეს, იგივე გამემეორებინა, მაგრამ ვერ შევძელი, სულ სხვა რამე გამოვიდა. იგივე ხალხური მელოდიები, იგივე შემადგენლობა, იგივეს მცდელობა, მაგრამ... მხოლოდ კონცეფცია გავიმეორე..."

"ბნელ დარბაზში თეთრი როიალი
ნისლის
უსასრულო ნოტებს ფიფქებივით
ისვრის..."

"ასე მგონია, ეს ეტაპი დავასრულე. ახლა უფრო დაწერილი მუსიკის პერიოდი მაქვს".
ეს პერიოდი დათო ევგენიძეს კარგა ხანია აქვს. ეს არის მხოლოდ, ამ მხრივ დათოს ჩვენში რატომღაც ნაკლებად იცნობენ.
მახსოვს, წინანდალში, ახალგაზრდა შემოქმედთა სემინარზე, ცნობილმა მუსიკისმცოდნეებმა და კომპოზიტორებმა დათოს საფორტეპიანო კონცერტი და რეკვიემი პირველად მოისმინეს და მერე მთელი ღამეები ამ მუსიკაზე აღფრთოვანებულ მსჯელობასა და საუბარს მოანდომეს.
მოკლედ, იქნებ სწორედ ამიტომ, დათო თვლის, რომ ჯაზური მუსიკის სპონტანურობის ექსპერიმენტი დასრულებულია და ახლა მეტი დრო უნდა დაუთმოს კლასიკას.
მან უკეთ იცის... მაგრამ მგონია, რომ მის ურიცხვ თაყვანისმცემელთა უდიდეს ნაწილს, ძალიან, ძალიან დააკლდება მისი ახალი "ექსპერიმენტები".

'ვიღაც გაივლის და უცებ გკითხავს
ცეცხლი არა გაქვს?
შენ მოისინჯავ ყველა ჯიბეს,
სულშიც ჩაძვრები...
იქ შეიძლება იპოვნო კიდეც,
მაგრამ რატომღაც ის უკვე წავა..."

"ახლა ვწერ ბალეტს სანკტ-პეტერბურგის "მარიინის" თეატრისათვის. კონტრაქტი მაქვს მთავარ ბალეტმაისტერთან, მახარ ვაზიევთან. ქორეოგრაფი ან ნოი მაიერი იქნება, ან ირჟე კილიანი. მოლაპარაკებები სწორედ ახლა მიმდინარეობს.
ბალეტს "სტუმარი" ჰქვია. ლიბრეტო მე და ლაშა ბუღაძემ დავწერეთ. ამბავი დღევანდელ დღეს ხდება. ღმერთის ასული დედამიწაზე ჩამოდის - ანუ საბალეტო სცენაზე".
და ჩვენ ამ ბალეტს დაველოდებით. ვინ იცის, იქნებ სანკტ-პეტერბურგშიც კი მოვხვდეთ პრემიერაზე; ხოლო თუ ვერა, მაშინ კვლავ ძველებურად მოვა ჩვენამდე დიდი ამბავი და მოძახილი დათოს უცხოურ წარმატებებზე; და ძველებურად დაგვწყდება გული, რომ ეს სადღაც, სხვაგან ხდებოდა და არა ჩვენთან; და ძველებურად გავიგებთ იმას, რომ ხელოვანს დიდი გზა და ასპარეზი სჭირდება, რომ სხვაგან რაიმე კარგის კეთება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამშობლო ნაკლებად გიყვარს...
სხვათა შორის, როცა დათო ევგენიძე სამშობლოსა და საქართველოზე ლაპარაკობს, როცა თავის მშობლიურ სოფელსა და წინაპრებზე გიყვება რამეს, მისი მუდმივი თავსაბურავი გურულ ყაბალახს უფრო წააგავს, ვიდრე ბენდენას.

"ვდგავარ მარტო სული ზღვაზე
სიბერის და სიზმრის ზღვარზე
საღამოს ცხრის ნახევარზე
ჩამავალ ცის ნახევარზე..."

"იცი, ჩამავალი მზის ნახევარ პერიოდში მგონია ჩემი თავი..."
კი, ლამაზი ნათქვამია, მაგრამ რა დროს მაგეებზე ლაპარაკია.
ასეთი დათო, სევდიანი და დაფიქრებული, მისმა ახლობლებმა კარგად იციან. მაგრამ დათო უმეტესად მაინც სხვა არის, ენერგიისა და იდეების ზღვა, ცოცხალი, მოძრავი და ზღვარსგადასული. მოსიყვარულე და დიდი ბავშვი.
მყუდრო და თბილი ოჯახის მამა, სათნო და ლამაზი ქალის მეუღლე.
ნინოს ეძღვნება:

"გეუბნები რომ მიყვარხარ მეასეჯერ
მე ასე ჯერ არასდროს მყვარებიხარ".

"კანარების დროინდელი კვარტეტი აღვადგინე. ახალ ციკლს ჰქვია "10 წლის შემდეგ", ასაკიც დიუმას რომანის გმირებისა გვაქვს".
ნეტავ, რა იქნება 10 წლის შემდეგ...
რა და, ალბათ, ბევრი ახალი რამ, მაგრამ ბევრი რამ ზუსტად ისეთი, როგორც აქამდე...
ისევ შევხვდებით თბილისის ქუჩებში ძველებურ დათო ევგენიძეს. ისევ გამოჩნდება მოდურ "ტუსოვკებზე" უცნაური და გამომწვევი. გამართავს კონცერტს და ბევრ რამეს დაგავიწყებს, თუნდაც დროებით, თუნდაც მანამდე, სანამ მას უსმენ...
ანდა გამართავს მორიგ პერფორმანსს, ისეთს, ვთქვათ, როგორც მოსკოვის ცნობილ გალერეაში "არტ ფიქჩერზში" ჰქონდა, სადაც სათქმელი მუსიკით დაიწყება და, როცა ნოტი აღარ ეყოფა, შემოვა ფერი, სიტყვა, ქმედება - "უწონადობის ანატომია..."
მისი ცხოვრებაც უსასრულო პერფორმანსია... ან კონტრაპუნქტი, სადაც ხან ერთი თემა წამოიწევს, ხან მეორე, ხან მესამე და კვლავ პირველი...
და ეს თემები, ცალ-ცალკე ან ყველა ერთად, შექმნიან სახეს, უცნაურ და უნიკალურ ფენომენს - დათოს.
"ცხოვრება - ჩემი ყველაზე რთული ნაწარმოები"...
და კიდევ კარგი, რომ არავინ დაუჯერა ბავშვობისდროინდელი კორესპონდენტის დამმოძღვრელ რჩევებს.
ცოდვა გამხელილი ჯობს, და როცა პირველად გავიგე, რომ დათო ლექსებს წერდა, არ გამიხარდა...
მერე შიშით და უხერხული ღიმილით გამოვართვი ლექსები დათოს და... გავიხარე. მერე მომინდა, ყველასათვის მეჩვენებინა, თუნდაც, დღეს - თქვენთვის...
ერთ-ერთ დასავლურ ინტერვიუში დათო ევგენიძეს დასავლელი კორესპონდენტი ეკითხება:
"ძნელია, იყო ვარსკვლავი?"
ალბათ, ძნელია, მით უმეტეს ჩვენებურ ნისლიან ცაზე.
რა ვუყოთ მერე, სამაგიეროდ, აქაური კვამლიც ტკბილია...

მარინა ვაშაყმაძე