მაჩვენე შენი ჩანახატები და გეტყვი, ვინა ხარ...

წარმოიდგინეთ, რომ ოფისში ხართ, ან საღამოს - სახლში. ამ დროს მობილურმა დარეკა. სერიოზული სასაუბრო გაქვთ. ხშირად ხდება, რომ ასეთ დროს, საუბრისას, ფანქარს ან ფლომასტერს წამოავლებ ხოლმე ხელს და ქაღალდზე მექანიკურად რაღაცას ჯღაბნი.
ეს ფურცლები მერე, როგორც წესი, კალათში ხვდება; არადა, თურმე, ჩვენ შესახებ მათ საკმაოდ ბევრის თქმა შეუძლიათ. მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ასეთ დროს ხაზებს ავლებ, თუ კვადრატებს ხატავ... მნიშვნელობა აქვს, შავ კალმისტარს აიღებ მექანიკურად, თუ რომელიმე ფერის ფანქარს ან ფლომასტერს.

აი, მაგალითად, თუ ფურცელზე მექანიკურად პარალელურ ხაზებს ავლებთ ხოლმე, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავში დაჯერებული ადამიანი ბრძანდებით, თქვენს გზას მიჰყვებით და სხვისი გავლენის ქვეშ ნაკლებად ექცევით.
თუ პარალელურ ხაზებს უმეტესად კლაკნილი ან სწორი ხაზები აკავშირებს - ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალზე კომუნიკაბელური ადამიანი ხართ, იოლად გამოგდით სხვებთან ურთიერთობა და... მოქნილი აზროვნების პოლიტიკოსი ბრძანდებით.
დააკვირდით თქვენს ჩანახატებს. თუკი მათ ხშირად შეკრული ბადის ან გადაბმული კვადრატების ფორმა აქვთ, ეს შესაძლოა, იმას მიუთითებდეს, რომ ყოველდღიური ყოფით დაიღალეთ და თქვენი ცხოვრება ციხედაც კი გეჩვენებათ.

ზოგჯერ შესაძლოა, ფურცელზე გეომეტრიული ფიგურები ჭარბობდეს, რომელთა შიგნითაც წერტილია დასმული. ეს იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ჩანახატების ავტორი საკუთარ თავში ჩაღრმავებული ადამიანია, აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ცხოვრების მიზანი.

როდესაც ნახატზე კლაკნილი ან სწორი ხაზები ერთმანეთს კვეთს, ეს შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ მათი ავტორი იოლად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ.

თუ უნებურად სხვადასხვა ფორმის გეომეტრიული ფიგურები გამოგყავთ ქაღალდზე, რომლებიც დასრულებული და შეკრული არ არის, დააკვირდით საკუთარ თავს - მერყევი ხასიათი ხომ არა გაქვთ? გადაწყვეტილებების მიღება ხომ არ გიჭირთ?

ხოლო თუ თქვენს ჩანახატებზე სხვადასხვა ფორმის შეკრული გეომეტრიული ფიგურები მეორდება, ეს შესაძლოა, იმაზე მიგვანიშნებდეს, რომ თქვენ ძლიერი, საკუთარ ძალებში დაჯერებული ადამიანი ბრძანდებით, ყველაფრის მოწესრიგება და ბოლომდე მიყვანა გიყვართ.

სხვადასხვა მიმართულებით გაბნეული სხივები, ძირითადად იმას უნდა მიანიშნებდეს, რომ თქვენ მუდმივად ძიების მდგომარეობაში იმყოფებით; ეძებთ კონტაქტებს; ეძებთ ნამდვილ საკეთებელს; ეძებთ ცხოვრების მიზანს.

ეს, რაც შეეხება ჩანახატებს; ხოლო ის, თუ რომელი ფერი აარჩიეთ თქვენდა უნებურად ამ ჩანახატების გასაკეთებლად, კვლავ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით თქვენზე.

ყვითელი - პრაქტიციზმის მაუწყებელია; საღი აზრის, ზომიერებისა და წესრიგის ფერია. რაც შეეხება უფულობას, თქვენ მას უბრალოდ არ დაუშვებთ, ყოველთვის გაქვთ მარაგი შავი დღისათვის. სიყვარული და სექსი ნაკლებად გაღელვებთ, ვიდრე კეთილდღეობისათვის, ოჯახისა და ბავშვებისათვის ზრუნვა.

თუკი ყავისფერს ირჩევთ - ეს ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცას მალავთ. ყავისფერი იდუმალი, მაგიური ძალის ფერია. თქვენ არც ისე გულუბრყვილო ხართ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, და ხასიათიც ძლიერი გაქვთ.

მწვანე - უმეტესად ამ ფერს თხის რქის, ქალწულისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ირჩევენ. თქვენ პრაქტიკული ადამიანი ხართ, ლოიალური, გაწონასწორებული. ერთგული მეუღლე, საიმედო მეგობარი. ბევრი თქვენ ცივ და მკაცრ ადამიანად გთვლის, სინამდვილეში კი ნაზი და მოსიყვარულე გული გაქვთ. თქვენ არ ესწრაფვით წარმატებას, არ გიტაცებთ თავგადასავლები. გირჩევნიათ მშვიდი ცხოვრება და საკუთარ თავში ჩაღრმავება. გეადვილებათ სწავლა, განსაკუთრებით - ზუსტი მეცნიერებები. თქვენ არ გაშინებთ მარტოობა, თუმცა, ადამიანებთან ურთიერთობაც მშვენივრად გამოგდით. ანგარიშს უწევთ საზოგადოებრივ აზრს, ითვლება, რომ კონტაქტური ადამიანი ბრძანდებით, თუმცა, ზოგჯერ გიყვართ, სხვებს მიუთითოთ ნაკლზე. სამსახურში გაფასებენ, როგორც კარგ სპეციალისტს. სიყვარულში უპირატესობას მშვიდ, გაწონასწორებულ ურთიერთობებს ანიჭებთ, რომლებიც მეგობრობასა და ნდობას ეფუძნება.

წითელი - ვინ არ იცის, რომ წითელი ფერი გმირებისა და ბელადების ფერია. თქვენ ყოველთვის მიისწრაფვით ლიდერობისაკენ და ხასიათიც აქტიური და მტკიცე გაქვთ - ზოგჯერ შეიძლება მკაცრი და აუცილებლად ადვილად აგზნებადი. მაშინაც კი, როდესაც სულგრძელობას და კეთილშობილებას იჩენთ, თქვენთვის საშიშია ძალაუფლების მინიჭება, რადგან ძალიან მალე ისწავლით მბრძანებლობასა და ულმობლობას.
ფრთხილად იყავით, ეს არა მხოლოდ დიდი სიყვარულის ფერია, არამედ დიდი სიძულვილისაც. თქვენ ძალზე ბევრს მიაღწევთ ცხოვრებაში, მაგრამ არ შეგიძლიათ მარცხის გადატანა. გემუქრებათ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების, ეგოიზმისა და სიჯიუტის საფრთხე. სიყვარულში ცდილობთ, ლიდერი იყოთ. ოჯახი თქვენთვის ძალზე ბევრს ნიშნავს, თუმცა, თუკი დაოჯახებული არ ბრძანდებით, ამას ყოველმხრივ უარყოფთ. და კიდევ ერთი - გახსოვდეთ, რომ წითელი ამავე დროს ტკივილის, ავადმყოფობის ფერია.

ლურჯი - სამწუხაროდ, თქვენ მათ რიცხვში იმყოფებით, ვისაც საერთოდ არ უმართლებს სიყვარულში და ეს დიდი უსამართლობაა. ღრმა განცდებისას თქვენ ისე შეგიძლიათ თავის დაჭერა, რომ არავის აზრადაც არ მოსდის, შეგიცოდოთ. ხალხს ეჩვენება, რომ თქვენ ყოველთვის ყველაფერი წესრიგში გაქვთ. სამსახურში პატივს გცემენ და გაფასებენ, მაგრამ თქვენთან იშვიათად მეგობრობენ. პედანტობა და წინდახედულობა ცუდ სამსახურს გიწევთ სიყვარულში. ო, როგორ გაკლიათ ლამაზი სისულელეების კეთების უნარი, სულში კი მეოცნებე და პოეტი ხართ. სცადეთ, რაიმე არასტანდარტული ჩაიდინოთ. მაგრამ ეს თქვენ, ალბათ, გაგიძნელდებათ, რადგან თქვენნაირი ადამიანებისაგან, უმეტესად არაჩვეულებრივი მონაზვნები, ბერები და მკაცრი მასწავლებლები გამოდიან.

შავი - ნამდვილად მოგწონთ ეს ფერი? ასეთ შემთხვევაში თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ და თქვენი ამოცნობა არც ისე იოლია. სამაგიეროდ, თქვენ თავად იოლად ხვდებით, ვინ - ვინ არის, და შეგიძლიათ სხვათათვის სისუსტეების მიტევება. გემჩნევათ მელანქოლიისადმი მიდრეკილება, გიყვართ საკუთარ თავში ჩაღრმავება. თქვენ მათ რიცხვში ბრძანდებით, ვინც ყოფიერების არსზე ჩაფიქრებულა. სიყვარულში გრძნობიერება გამოგარჩევთ.

მოკლედ, ასე - თუკი ჩვენი დახასიათებები მოგეწონათ და თანაც თვლით, რომ თქვენს ჭეშმარიტ ბუნებას დაემთხვა, მაშინ ეს საუბარი სერიოზულად მიიჩნიეთ, ხოლო თუკი, თუნდაც რაიმე არ მოგეწონათ - ჩათვალეთ, რომ ეს თამაშია, მხოლოდ თამაში და მეტი არაფერი...