გრამფირფიტიდან კომპაქტდისკამდე

ანზორ ერქომაიშვილის მონათხრობი

ეს რუბრიკა ჩვენი ჟურნალის წინა ნომრებიდან გემახსოვრებათ. დავინტერესდით, ვინ არის მაგთის აბონენტთა აზრით, ყველაზე პოპულარული მსახიობი, მწერალი, მხატვარი, ბიზნესმენი და ასე შემდეგ...
ამჯერად მაგთელებმა ყველაზე პოპულარულ ქართველთა შორის ბატონი ანზორ ერქომაიშვილი დაასახელეს.

არტემის ბადიში

ერთხელ ვასილ მახარაძემ, ცნობილმა ლოტბარმა, ერთ მოხუცთან წარმადგინა: ბატონო თეოფილე, ეს ახალგაზრდა არტემ ერქომაიშვილის ბადიში (შვილიშვილი) გახლავთო. თეოფილე დაეყრდნო თავის ჯოხს, გამომცდელად ამათვალიერა და მკითხა: "არტემის ხარ, ბიჭო, შენ?" პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი, რომ თეოფილემ გიდელის დასაკიდი თოკის მარყუჟივით გამონასკვა კრიმანჭული. ვასო მახარაძემ პირველი ხმა დააწია; მე მივხვდი, თეოფილემ "ალიფაშა" წამოიწყო, და ბანი შევაშველე. თეოფილე ლომთათიძე მაშინ 80 წელს იყო გადაცილებული, მაგრამ ხმაში ბზარიც კი არ ემჩნეოდა. კრიმანჭულის ისეთი კორიანტელი დააყენა, რომ გულში ვიფიქრე, ღმერთო, ტონალობიდან არ გადამაგდოს-მეთქი. გავუძელი... როცა სიმღერა დავამთავრეთ, თეოფილემ გადამკოცნა და მითხრა, კი ყოფილხარ არტემის ბადიშიო.
გამახსენდა ჩემი პირველი საკონცერტო ნათლობა... მამაჩემის და ბაბუაჩემის ჩახვეულ ხმებს ვეღარ გავუძელი, ტონალობას ავცდი, გავჩერდი და "სემესალა, ბაბუ"-მეთქი, ვუთხარი სკამზე შემდგარმა, ოთხიოდე წლის ბავშვმა ბაბუას, რითაც მაყურებლის გულიანი ხარხარი და ოვაცია გამოვიწვიე.
- შენ კი არა, ჩვენ შეგვეშალა, - დამამშვიდა ბაბუამ - აბა, ერთხელ კიდევ დავიწყოთ და აღარ შეგვეშლება, - მითხრა მან ტკბილად და თავიდან დამაწყებინა. მართლაც, აღარ შეგვშლია. აქედან მახსოვს ბაბუაჩემი, აქედან მომყვება იგი დღემდე როგორც წინაპარი, აღმზრდელი, მეგობარი, მასწავლებელი...

წინაპრები

ჩვენს გვარს სამასი წლის ტრადიცია აქვს. საერთოდ, ოჯახსა და გვარს უდიდესი როლი აქვს შესრულებული ქართული სიმღერის გადარჩენაში, არამარტო გურიაში, არამედ მთელ საქართველოში. ყოველთვის ცდილობდნენ, მომღერალს მომღერალი ოჯახიდან მოეყვანა ცოლი და ტრადიცია მომავალ თაობებშიც გაგრძელებულიყო.
წარმოშობით სოფელ ასკანიდან ვყოფილვართ. ჩვენი წინაპრები იქიდან გადასულან აკეთში, უფრო სწორედ, ასათიანს თავისი ყმა, ივანე ერქომაიშვილი სიძისთვის, სოფრომ მგელაძისთვის უჩუქებია. ცხრა წლის ივანეს ქორწილში იმნაირი კრიმანჭული უთქვამს, მოხიბლულან მთელი სტუმრები. ამის მერე დაიჟინა სიძემ, შენი ყმა მაჩუქეო და პატარა ივანეც პატარძალს მზითვად გაატანეს. ივანემ იქაური ქალი ითხოვა, შეეძინა სამი შვილი. უმცროსს გიგო ერქვა.
გიგო მაკვანეთში დასახლდა. დაოჯახდა. შეეძინა ათი შვილი. ოჯახში ყველა მღეროდა, მაგრამ სამი გამორჩეულად - ძმები არტემ, ანანია და ლადო ერქომაიშვილები.
გიგოს მამისგან დაჰყვა ნიჭი. უბადლო მომღერალი იყო. დაუმეგობრდა შემდეგში გამყივანის განთქმულ შემსრულებელს - გიორგი ბაბილოძეს, გიორგი იობიშვილს და შექმნეს ახალგაზრდული ტრიო, რომელიც მალე მთელ გურიაში გახდა ცნობილი. მერე შემოიამხანაგეს განთქმული მომღერლები: ივლიანე კეჭაყმაძე, ერმილე მოლარიშვილი, ნანიკო ბურძგლა. ამასობაში შვილებიც წამოესწრო და მოგვიანებით გუნდში მიიყვანა უფროსი ვაჟი, ბაბუაჩემი, არტემ ერქომაიშვილი და თავისი სიძე ლუკა თოიძე. ამ ჯგუფმა 1907 წელს, თბილისში, პირველ გრამფირფიტებზე 49 გურული სიმღერა ჩაწერა.

პირველი გრამფირფიტები

1902 წელს, თბილისში, სააქციო საზოგადოება "გრამოფონის" ხმის ჩამწერი სტუდია გაიხსნა. იწერდნენ იმ დროს პოპულარულ არტისტებს, მომღერლებს, გუნდებს, გამოდიოდა კატალოგები.
გიგო ერქომაიშვილის გუნდი თბილისში მასიკო სალუქვაძემ ჩამოიყვანა. იყო ასეთი პიროვნება, ლიხაურელი, გურული სიმღერის მოყვარული და მცოდნე, თბილისში სამკერვალოები ჰქონდა გახსნილი. გიგოს უთხრა - ჩემი ხარჯით ჩაგიყვანთ თბილისში, ინგლისელები არიან ჩამოსულები, თქვენ რომ მღერიხართ ახლა, მაგას ჩაიწერენ და მოგასმენინებენო.
მართლაც, მთელი თვე უპატრონა მასიკო სალუქვაძემ გიგო ერქომაიშვილის გუნდს თბილისში. სასტუმროში აცხოვრა, კონცერტები გაამართვინა, აკაკი წერეთელს შეახვედრა, ყველანი დაასაჩუქრა, გიგოს კი გრამოფონი აჩუქა.
ხმისჩამწერ სტუდიაში მომღერლებს სთხოვეს, გამოეცხადებინათ, ვინ რომელ ხმას ასრულებდა. ივლიანე კეჭაყმაძე იყო ამის დიდოსტატი, სხვებიც აცხადებდნენ, მაგრამ უმეტეს სიმღერებს ენაკვიმატი ივლიანე კეჭაყმაძე აცხადებს: "გიგო ერქომაიშვილო, გალობა თქვი, ერთი", და ბოლოს: "ვაშა გიგო, ვაშა" - ერთმანეთს უწონებდნენ, უფასებდნენ ნამღერს.
გიგოს გუნდმა გურული სიმღერების გარდა ჩაწერა აჭარული ?ვოისა რერა? - ეს სიმღერა დაკარგული იყო და აჭარაშიც არავის ახსოვდა. გადარჩა ასევე "კუჩხი ბედინერის" ძუკუ ლოლუასეული ვარიანტი - იშვიათი ვარიანტია, არაჩვეულებრივად ლამაზი. გიგო ერქომაიშვილი და ცნობილი მეგრელი ლოტბარი ძუკუ ლოლუა მეგობრობდნენ, ხშირად ფოთში ხვდებოდნენ და ერთმანეთს გურულ-მეგრულ სიმღერებს ასწავლიდნენ.
ამ გრამფირფიტებმა იშვიათი, უნიკალური ჩანაწერები შემოგვინახა.

ქორწილიდან "მოპარული" სიმღერა

გურიაში, ქორწილში მასპინძლები და მაყრები ერთმანეთს სიმღერაში ეჯიბრებოდნენ. სუფრას თავისი წესი ჰქონდა. პირველად აუცილებლად საგალობელს იმღერებდნენ, "საღვთო მადლმა შეგვკრიბა ჩვენ", მერე - "მასპინძელსა მხიარულსა", თამადის სადღეგრძელოს მოჰყვებოდა სუფრული "თამადებს გაუმარჯოს", თამადა პირველ სასმისს მშვიდობისას ასწევდა და "ჩვენ მშვიდობას" იმღერებდნენ, და ასე მთელი წვეულების მანძილზე. თამადა თვითონ არეგულირებდა "მოქიშპეებს", წესი ასეთი იყო - შენ რომ იმღერებდი, მეორე ჯგუფს უნდა გადაეტანა და თავისი ვარიანტი ემღერა. ორპირული სიმღერები იყო ეს და რომელიც უკეთესად იმღერებდა, გამარჯვებაც მას დარჩებოდა, შემფასებელი ხალხი იყო. ამ შეჯიბრმა განავითარა სწორედ სიმღერები. სწავლობდნენ, იმახსოვრებდნენ ახალ ვარიანტებს და მერე თავისებურად მღეროდნენ, აფერადებდნენ და ავსებდნენ მათ. ყველა დიდმა მომღერალმა, ასე ვთქვათ, თავისი "დაღი დაასვა" ამა თუ იმ სიმღერას ან ხმას. ეს სიმღერები მომღერლის გვარით არის შემორჩენილი. მაგალითად "ხასანბეგურას" ვარლამ სიმონიშვილისეული ბანი, ან სამუელ ჩავლეიშვილის, არტემ ერქომაიშვილის თუ ხუხუნაიშვილის ვარიანტი. კარგი გურული მომღერალი ორჯერ ერთნაირად არ იმღერებდა. ასჯერ რომ გემღერებინა, ასჯერვე სხვადასხვანაირად გამოუვიდოდა, რაღაცას შეცვლიდა აუცილებლად.
ერთხელ, გიგო ერქომაიშვილმა გაიგო, აჭარაში რაღაც ახალ სიმღერას მღერიანო. გიგო ერქომაიშვილი, გიორგი ბაბილოძე და გიორგი იობიშვილი გურიის მოსაზღვრე სოფელ ქაქუთში ჩავიდნენ, შეერივნენ მაყრებს და ასე დაუპატიჟებლად აღმოჩნდნენ ქორწილში. წესისამებრ, გაიმართა სიმღერაში შეჯიბრი ხუცუბნელებსა - პატარძალი ხუცუბნიდან იყო, და ქაქუთელებს შორის. მხოლოდ გამთენიისას იმღერეს ქაქუთელებმა ახალი სიმღერა და მაყრებმა ვეღარ გაიმეორეს, რომ ვერ გაიმეორეს, მეორედ იმღერეს. გიგო და მისი მეგობრები თავიანთ ხმებს იმახსოვრებდნენ. როცა მესამედ გაიმეორეს, ამათ უკვე ზეპირად იცოდნენ. იმავე საღამოს ახალი სიმღერა მეზობლის ქორწილში იმღერეს და "მოაგებინეს".
ეს სიმღერა "ალიფაშა" იყო.

2000 გურული საგალობელი

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო გალობის გურულ-იმერული კილო. ბაბუამ გალობა ძალიან ცნობილი მგალობლისაგან, მელქისედეკ ნაკაშიძისგან ისწავლა, რომელსაც თავის დროზე საგალობლები ანტონ დუმბაძისგან უსწავლია. აი იმ კილოს, საგალობლების მეცხრამეტე საუკუნის კილოს, დუმბაძის კილოს ეძახიან, იმიტომ რომ დუმბაძემ განაშვენა (ასეთი ტერმინი გამოიყენება საგალობლებისთვის), ე.ი. გაამშვენიერა საგალობლები. თვითონ ანტონ დუმბაძე და მისი შვილი დავითი მღვდლები იყვნენ. უკვე ღრმად მოხუცებული ანტონ დუმბაძისგან 1600-ზე მეტი საგალობელი ჩაიწერა იტალიიდან დაბრუნებულმა, ცნობილმა საოპერო მომღერალმა ფილიმონ ქორიძემ.
1860 წელს თბილისში შეიქმნა საგალობლების აღმდგენი კომიტეტი. გურიიდან ჩამოიყვანეს მგალობელ-მომღერლები ნესტორ კონტრიძე - ცნობილი ბანი, ივანე ხავთასი და ბაბუაჩემის მასწავლებელი - მელქისედეკ ნაკაშიძე. ყველა გურულმა მომღერალმა გალობა არ იცოდა, ეს კიდევ ცალკე ხელოვნება იყო. მელქისედეკ ნაკაშიძე გალობის საუკეთესო მცოდნედ ცნეს და დაუნიშნეს ხელფასი ოცი მანეთი, რომ გალობის სწავლება გაეგრძელებინა. ივანე ხავთასსა და ნესტორ კონტრიძეს - 10-10 მანეთი.
ბაბუა იხსენებდა, რომ მათ ჰქონდათ თავისებური ნოტები, ე.წ. "ნემვები", რომლებიც უადვილებდათ საგალობლების შესწავლას, დამახსოვრებას და მერე შეხსენებას. დღეში ხანდახან ათი საგალობელიც შეუსწავლიათ. მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში ბაბუაც და სხვა მგალობლებიც მალავდნენ, რომ საგალობლები იცოდნენ, საშიში იყო, შესაძლო იყო, დახვრეტა არ აცდენოდათ. ბაბუა მორწმუნე კაცი იყო, 2000 საგალობელი აწვა ბეჭებზე, ამის "გადაგდება" არც ისე იოლი იყო.
როდესაც კონსერვატორიის სტუდენტებმა "გორდელა" ჩამოვაყალიბეთ და საგალობლები კარგა ხნის შემდეგ პირველად ვიმღერეთ, ბაბუას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

"დამანჭული" კრინი ანუ კრიმანჭული

რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი კრინი არ არის, როგორც კლასიკურ სიმღერაში. უფრო დაგრეხილი, ჩახვეული კრინია, კრინ - მანჭული - შესაძლებელია, ეს სახელწოდება აქედან წამოვიდა. კრიმანჭული ძირითადად ნახტომებზეა აგებული, კვინტასა და სეპტიმაზე, ამ სიმღერის დროს უფრო ყელისმიერი ბგერები იხმარება - ირია, ურუა - აი, ამ შორისდებულებით იმღერება და განსაკუთრებული ტემბრის ხმას მოითხოვს. კრიმანჭული და გამყივანი, მაღალი, ჩუქურთმასავით ხმებია, რომლებიც აფერადებს და ალამაზებს დანარჩენ ხმებს. მაგრამ მაინც განსხვავდება ერთმანეთისაგან. გიორგი ბაბილოძე ცნობილი გამყივანი იყო. გამყივანი ყივილის მსგავსი ხმაა, მაღალი ფიგურაციული იოდლი; თვითონ წამყვანი ხმა არ არის, მაგრამ ამოუწურავი იმპროვიზაციის შესაძლებლობა აქვს. საერთოდ, იმპროვიზაცია გურული სიმღერის ერთ-ერთი მახასიათებელია. სიმღერის კარგმა მცოდნემ, რასაკვირველია, ყველა ხმა უნდა იცოდეს, ამასთანავე, უნდა ესმოდეს, დანარჩენები როგორ მღერიან. თუ ყველა ხმა არ ესმის და იდეალურად არ იცის, მაშინ იმპროვიზაციის საშუალება არ ექნება. ამ დროს ის თავის ხმაზე არც ფიქრობს, სხვას უგდებს ყურს და თვითონ უფარდებს, აქ საოცარი ვერტიკალური აკორდიკა და ლინეარული მოძრაობაა.
ზოგს ჰგონია, რომელიც მაღალია, ის არის პირველი ხმა. არა, გურულ სიმღერაში პირველი არის შუა ხმა, იგივე მწყები. პირველობა სიმაღლის მიხედვით კი არ განისაზღვრება, არამედ ფუნქციის მიხედვით. გამწევი თვითონ არის მთავარი ხმა, ესე იგი, პირველი წამყვანია, თუმცა ყველაზე ნაკლებ მოძრავია; მაგრამ მთელი სიმღერის ღერძი პირველი ხმაა, ეს არის საყრდენი, რომელზეც გამყივანი და ბანი თავიანთ სამღერს აგებენ. როცა კრიმანჭული შუა ხმა და ბანია, მაშინ ყოველთვის შუა ხმა იწყებს.
ოთხხმიან სიმღერებში, გურულ-აჭარულ ნადურებში კი ხმები ასე ნაწილდება: გამყივანი - ხანდახან მომღერალი კომბინაციას აკეთებს გამყივანის და კრიმანჭულისგან, ყური თუ მიჩვეული გაქვს, ძნელი გამოსაცნობი არ არის. შემდეგ დამწყები - პირველი ხმა, შემდეგ მაღალი ბანი, შემხმობარი, რომელიც ასევე საყრდენია და გარკვეულ ფაზებში მთელი ტონალობა უჭირავს, სადაც ოთხხმიანობაა, და ჩვეულებრივი მოძრავი ბანი - მეოთხე ხმა. აი, ეს ოთხხმიანობაა, უნიკალური მოვლენა მთელ მსოფლიოში.

"...ამ სიმღერებს შენახვა უნდა, პატრონი უნდა..."

იტალიაში, "რუსთავის" გასტროლების დროს, კონცერტის შემდეგ ჩემთან ერთი ჭარმაგი კაცი მოვიდა. დაბღვერილი და უხასიათო მეჩვენა. მეკითხება: - რაც თქვენ დღეს მოგვასმენინეთ, აქედან თუნდაც ერთი სიმღერა რომ დაიკარგოს, პასუხს ვინ აგებსო. ეს ხომ მარტო თქვენი საკუთრება არ არის, ისევე, როგორც ლეონარდო და ვინჩი და ვენეცია მთელი კაცობრიობის საკუთრებააო. საშინლად ღელავდა. ჩვენ დავამშვიდეთ - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიმღერები არ დაიკარგოს-თქო.
ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლებმა დიდი საქმე გააკეთეს და დღევანდელი სიდუხჭირის პირობებშიც არ გაჩერებულან. მარტო "რუსთავმა" არსებობის მანძილზე ექვსასზე მეტი სიმღერა ჩაწერა, ბიჭუნათა ანსამბლმა "მართვემ" კი მთელი თაობა შემოაბრუნა ხალხური სიმღერისაკენ. ქართულ სიმღერებს ამერიკელები, იაპონელები, შვედები თუ კორსიკელები მღერიან.
მაგრამ პრობლემა ის არის, რომ 1902 წლიდან მოყოლებული დღემდე მთელი საუკუნის განმავლობაში ჩაწერილი სიმღერები იკარგება. ძველი ფირფიტები იმსხვრევა, ფირები ჩამოიფცქვნა, გაფუჭდა. ამის გამო, რამდენიმე წელიწადში ქართველმა კაცმა შესაძლოა, ვეღარც მოისმინოს ჰამლეტ გონაშვილის ხმა, ძველ მომღერლებზე რომ არაფერი ვთქვა. თუ ეს ყველაფერი არ გადავიტანეთ თანამედროვე ლაზერულ დისკებზე, დავიღუპებით.
მე მინდა თბილისში ქართული ხალხური სიმღერის გადამრჩენი საერთაშორისო ცენტრი დავაარსო. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობენ და უდიდეს პატივს სცემენ ქართულ ხალხურ სიმღერას. ცნობილია, რა დიდი შეფასება მისცეს მას სტრავინსკიმ, რომენ როლანმა, ზიგფრიდ ნადელმა კი თქვა: ევროპული პოლიფონია საქართველოდან უნდა მოდიოდესო.
უცნაურია, საქართველო, როგორც კუნძული, მოქცეულია იმ ქვეყნებს შორის, რომელთა სიმღერებიც მონოდიური და ერთხმიანია, ჩვენთან კი ასეთი მრავალხმიანობა... ფანტასტიკაა.
მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, სხვადასხვა ფონდს, უცხოელ კოლეგებს, ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც ქართული სიმღერის გადარჩენით თავიანთ სახელებსაც უკვდავყოფენ. თუკი შევძელი და XXI საუკუნეს გადავეცი ჩვენი უძვირფასესი საგანძური, თუკი მოვასწარი და გავაკეთე, მერე მშვიდად წავალ ამ ქვეყნიდან.
"ანზორ, ბაბუ, შენ მუსიკალური ტრადიციების მატარებელი მეშვიდე თაობა ხარ ჩვენს ოჯახში... ამ სიმღერებს შენახვა უნდა, პატრონი უნდა... ეს ის სიმდიდრეა, რომელიც არც ფულზე იყიდება და არც ოქროთი აიწონება... რომლის დაკარგვას ერი არ გვაპატიებს..."
შვიდი ბედნიერი რიცხვია.

ნანა ზურაბიშვილი