მობილური ტელეფონის ბატარეის შესახებ

მიუხედავად იმისა, თუ რა მოდელის ტელეფონით სარგებლობთ, მოტოროლა დ 160-ით, რომელიც ასე პოპულარული იყო ორი წლის წინათ, თუ ერიქსონის ბოლო მოდელით, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი აპარატის ეფექტური ფუნქციონირების წინაპირობა ბატარეის გამართული მუშაობაა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში განხორციელებული მარკეტინგული კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მობილური აპარატის შერჩევისას აბონენტისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ტელეფონის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობაა (აპარატის ფასის, ზომისა და დიზაინის გათვალისწინებით). ამ საკითხზე ჩვენს ჟურნალში პუბლიკაციები ჯერჯერობით არ დაბეჭდილა, ამდენად, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მობილური ტელეფონის ბატარეის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოწოდება.
შევეცდებით, ტექსტი მინიმალურად დავტვირთოთ ტექნიკური ტერმინებით და პოპულარულად მოგაწოდოთ თქვენთვის ზოგჯერ ასე საჭირო ინფორმაცია.

როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონის ბატარეა

აპარატის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ტელეფონის ბატარეას, რომელიც ერთი და იმავე მოდელის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, განსხვავდებოდეს. ეს ფაქტორი ხშირად აპარატების გასაყიდი ფასების მნიშვნელოვან განსხვავებას განაპირობებს, რასაც მომხმარებელი ზოგჯერ შეცდომაში შეჰყავს. მაგალითისათვის შეიძლება დასახელდეს ერთი და იმავე მოდელის ორი აპარატი, რომელთაგან ერთს 650 MAh ტევადობის LiIon ბატარეა აქვს, მეორეს კი - 500 MAh-ს NiCd.
პირველ შემთხვევაში აპარატის შედარებით ძვირი ფასი სრულებით ბუნებრივია და ბატარეაზე ეკონომიის გაკეთება, ალბათ, მიზანშეწონილი არ იქნება.
ბატარეის მრავალი პარამეტრი მის შიდა მხარეზეა მითითებული, ამიტომ ნუ დაიზარებთ, აპარატის ყიდვამდე მოხსენით მას ბატარეა და დაკვირვებით გაეცანით მასზე დატანილ ინფორმაციას. დამზადების ტექნოლოგიის გარდა, რომლის შესახებ ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებთ, იქვეა მითითებული ბატარეის ტევადობა, გამოხატული MAh-ში (თუმცა, ზოგიერთი მწარმოებელი, მაგალითად, Nokia, ტევადობას ბატარეაზე არ მიუთითებს, მის ნაცვლად აღინიშნება ბატარეის ტიპი).
ბატარეა 650 MAh თუ 500 MAh, ალბათ, ბევრის მთქმელი არ არის მომხმარებლისთვის, მაგრამ ამ მონაცემების მიხედვით აპარატის ტექნიკურ აღწერილობაში შესაძლებელია ბატარეის სამუშაო პარამეტრების გაგება. ბატარეის სამუშაო პარამეტრები ხასიათდება მუშაობის ხანგრძლივობით ლოდინის რეჟიმში (Standby Time) და მუშაობის ხანგრძლივობით საუბრის რეჟიმში. მაგ: თუ ბატარეის პარამეტრები არის 60 სთ. ლოდინის რეჟიმში და 1 სთ და 40 წთ. საუბრის რეჟიმში - ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ტელეფონი ან მხოლოდ 60 სთ. ლოდინის რეჟიმში (საუბრის გარეშე), ან განუწყვეტელი საუბრისას 1 სთ-ისა და 40 წთ-ის განმავლობაში. რეალურად, რა თქმა უნდა, რაღაც შუალედურ რეჟიმთან გვაქვს საქმე, რომელსაც ლოდინისა და საუბრის რეჟიმების გარკვეული შეფარდება ქმნის.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატარეის პასპორტში მითითებული და რეალური მუშაობის რეჟიმები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამის პირველი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ მობილური ტელეფონების მწარმოებლები ხშირად სარეკლამო მიზნებისათვის ამ პარამეტრებს უმეტესწილად აზვიადებენ. მაგრამ მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ოპერატორის ქსელის კონფიგურაციაზე. ნუ ჩაგვითვლით მიკერძოებად, თუ ვიტყვით, რომ მაგთი GSM -ის ქსელი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. უცხოელი ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ მაგთი GSM -ის ქსელის კონფიგურაცია უმეტეს შემთხვევაში უმჯობესია, ვიდრე ზოგიერთი ცნობილი ევროპელი ოპერატორისა. მიუხედავად ამისა, ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა საქართველოში შეიძლება ნაკლები აღმოჩნდეს, ვიდრე უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბატარეის ხანგრძლივ მუშაობას მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ასობით საბაზო სადგური, რომლებიც ამ ქვეყნებშია განთავსებული.

ბატარეის დამზადების ტექნოლოგია

ბატარეის დამზადების რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს, რის შედეგადაც მათ განსხვავებული სამუშაო პარამეტრები და გამოყენების წესები გააჩნია.
დღესდღეობით NiCd ტექნოლოგია ვეტერანია მობილური ტელეფონების ბაზარზე; დიდი ხნის განმავლობაში ეს ერთადერთი ტექნოლოგია იყო, რის წყალობითაც ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი და გავრცელდა პორტატიული ტექნიკის ბაზარზე. რამდენიმე წლის წინათ გამოშვებული მობილური ტელეფონების უმრავლესობა სწორედ ამ ტექნოლოგიის ბატარეებით არის აღჭურვილი. ტექნოლოგიის ნაკლად პირველ რიგში ე.წ. მახსოვრობის ეფექტს ასახელებენ, რაც იმაში ვლინდება, რომ აკუმულატორის გამოყენებისას, განუმუხტაობის შემთხვევაში, იწყება მისი პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუარესება. ამასთანავე, NiCd -ის ბატარეები, სხვა ტექნოლოგიის ბატარეებთან შედარებით, დიდი ზომებით ხასიათდება.
ამრიგად, თუ თქვენი ტელეფონის ბატარეა NiCd ტექნოლოგიით არის დამზადებული, მისი პარამეტრების შესანარჩუნებლად ეცადეთ, ბოლომდე განმუხტოთ იგი. ეს ერთადერთი გზაა იმისა, რომ ბატარეა დიდხანს გემსახუროთ.
Ni MH ტექნოლოგია NiCd -ის შემდეგ გამოჩნდა, მაგრამ მანაც ვერ გაამართლა ის იმედი, რომელსაც ექსპერტები მასზე ამყარებდნენ. მიუხედავად ამისა, ეს აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია NiCd-თან შედარებით: ახალ ტექნოლოგიას, იმავე ზომის პირობებში, დაახლოებით 30 %-ით მეტი ტევადობა აქვს და ამავე დროს მახსოვრობის ეფექტისაკენ ნაკლებად მიდრეკილია.
LiIon - სულ ორიოდე წელია, რაც ამ ტექნოლოგიით დამზადებული ბატარეები ფართოდ გავრცელდა მობილური ტელეფონების ბაზარზე. საკმაოდ ხელსაყრელმა პარამეტრებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მის დანერგვას და დღეისათვის უდიდესი ნაწილი ახალი ტელეფონებისა სწორედ ამ ტექნოლოგიით დამზადებული ბატარეებით არის დაკომპლექტებული. ასეთი ბატარეის ტევადობა ორჯერ აღემატება იჩდ-ის იმავე ზომის ბატარეის ტევადობას და ამავე დროს თითქმის მთლიანადაა განთავისუფლებული მახსოვრობის ეფექტისაგან. ალბათ, გასაკვირი არ არის მისი მაღალი ფასი NiCd და NiMH ბატარეებთან შედარებით. ნაკლოვან მხარედ ითვლება ამ ტიპის ბატარეის პარამეტრების მკვეთრი გაუარესება დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ.
LiPoL - ლითიუმ-პოლიმერიის ტექნოლოგია ბაზრის სიახლეა. ასეთი ტიპის ბატარეას საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ Ericsson T28-ში შეხვდებით. მისი სამუშაო პარამეტრები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება LiIon-ის ტექნოლოგიის ბატარეისაგან, თუმცა, ახალი ტექნოლოგიის ბატარეას ერთი საკმაოდ საინტერესო თავისებურება ახასიათებს: ლითიუმ-პოლიმერიის ტექნოლოგიით შესაძლებელია, დამზადდეს სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის ფიგურა; ამიტომ ამ ტიპის არასტანდარტული ფორმის ბატარეებიც მზადდება. მრავალი მწარმოებლისთვის ასეთი შესაძლებლობა მეტად ხელსაყრელი აღმოჩნდა.

როგორ გამოვიყენოთ ბატარეა ისე, რომ მაქსიმალურად დიდხანს იმუშაოს

იმისათვის, რომ თქვენი ტელეფონის ბატარეამ დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოს სამუშაო პარამეტრები, სასურველია, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
1. ახალი NiCd და NiMH ტიპის ბატარეების შეძენისას აუცილებელია, პირველი დამუხტვის ციკლი გაგრძელდეს ჩვეულებრივზე მეტ ხანს (მიუხედავად იმისა, რომ დამუხტვის ინდიკატორი გიჩვენებთ ბოლომდე მის დამუხტვას). ბატარეა თავის სამუშაო მდგომარეობას მიაღწევს მხოლოდ ორი-სამი დამუხტვა-განმუხტვის ციკლის შემდეგ.
2. გახსოვდეთ, რომ NiCd და NiMH ტიპის ბატარეებისათვის რეკომენდებულია დამუხტვამდე მათი მთლიანი განმუხტვა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართვა დამმუხტავ მოწყობილობაში. სპეციალური განმუხტვის მოწყობილობის უქონლობის შემთხვევაში განსამუხტად შესაძლებელია, ტელეფონი დატოვოთ ჩართულ მდგომარეობაში, თავისთავად, სრულ გამორთვამდე. გასაგებია, რომ სრული განმუხტვის საშუალება ყოველთვის არ არის, მაგრამ გირჩევთ, ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ მაინც გაიმეოროთ. ასეთი რეჟიმის დაცვა მნიშვნელოვნად გაგიმარტივდებათ, თუ იქონიებთ სათადარიგო ბატარეას.
3. დამუხტვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ოთახის ტემპერატურაზე. ნუ შეეცდებით, დამუხტოთ ძალიან გაცივებული ან გაცხელებული ბატარეა, მიიყვანეთ იგი ოთახის ტემპერატურამდე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეთ დამმუხტავ მოწყობილობაში.
4. მოერიდეთ ბატარეის დატოვებას დამმუხტავ მოწყობილობაში რეკომენდებულზე მეტ ხანს (ეს არ ეხება პირველ დამუხტვას). ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი სამუშაო პარამეტრების დაქვეითება.
5. არ გამოიყენოთ ისეთი დამმუხტავი მოწყობილობა, რომლის გამოსასვლელი პარამეტრები განსხვავებულია კომპლექტში შემავალი მოწყობილობის პარამეტრებისაგან, რამაც შეიძლება, მწყობრიდან გამოიყვანოს არამარტო ბატარეა, არამედ მობილური ტელეფონიც.
ვიმედოვნებთ, ჩვენი პრაქტიკული რჩევები გამოგადგებათ მობილური ტელეფონის გამოყენებისას.
როდესაც ბატარეის თემას შევეხეთ, არ შეგვეძლო, არ გაგვემახვილებინა თქვენი ყურადღება კიდევ ერთ სიახლეზე: ცნობილი შვედური კომპანია Ericsson-ის ერთ-ერთ ბოლო მოდელში ჩამონტაჟდა სპეციალური ფუნქცია, რომელიც აპარატის მფლობელს საშუალებას აძლევს, კლავიშზე თითის დაჭერით განსაზღვროს მისი ბატარეის მდგომარეობა, ანუ აპარატი გიჩვენებთ ბატარეის მუშაობის დარჩენილ დროს ლოდინისა და საუბრის რეჟიმებში. მიუხედავად იმისა, რომ ნაჩვენები დრო შეუძლებელია ჩაითვალოს ზედმიწევნით ზუსტად (ამის შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ), ვიმედოვნებთ, Ericcson T28-ის მფლობელები მაინც კმაყოფილი დარჩებიან შეთავაზებული სიახლით.

ლევან ბუჩუკური
მარკეტინგის, მომხმარებელთა მომსახურებისა
და პერსპექტიული დაგეგმარების დირექტორი