შენაძენი მობილურის მეშვეობით

მას მერე, რაც 1979 წელს ჩიკაგოში პირველი მობილური კავშირი განხორციელდა, ბევრი რამ შეიცვალა. ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მობილური ტელეფონით შესაძლებელი იქნებოდა არამარტო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უპრობლემოდ დარეკვა, არამედ ვიდეოინფორმაციის მიღება, მსოფლიოს ახალი ამბების ტელეფონის დისპლეიზე ამოკითხვა, ანდა სასურველი პროდუქციის შეძენა ინტერნეტით... და ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წამში ღილაკზე თითის დაჭერით ხდება. 80-იანი წლების ბოლოს ეს ყოველივე ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა. სულ რაღაც ათიოდე წლის შემდეგ კი - უკვე რეალობაა.
ამა წლის მაისში კომპანია Motorola-ს მიერ ბარსელონაში გამართულ სიმპოზიუმზე გამოითქვა ვარაუდი, რომ სულ მალე მობილური ტელეფონით მონაცემთა გადაცემა ჩაენაცვლებოდა კომუნიკაციის ტრადიციულ ფორმას - საუბარს. კერძოდ, მესამე თაობის ტექნოლოგიების შემოსვლა, რაც ძირითადად მონაცემთა გადაცემის სისწრაფესა და ხარისხზეა ორიენტირებული, 30-35%-მდე შეამცირებს ხმოვანი კომუნიკაციის ხვედრით წილს ბაზარზე. ამავე სიმპოზიუმზე წარმოდგენილ იქნა მესამე თაობის ტექნოლოგიების ერთ-ერთი სიახლე, რაც მობილური ტელეფონებით ფინანსური ანგარიშსწორებისა და ტრანსაქციების განხორციელებას გულისხმობს.
Moibile Commerce - ასე უწოდებენ მობილური ტელეფონის მეშვეობით სავაჭრო და საქმიანი ოპერაციების ჩატარებას მსოფლიოში, რაც ქართულად სიტყვასიტყვით, მობილურ კომერციას ნიშნავს, შინაარსით კი სწორედ ანგარიშსწორებისა და ტრანსაქციების განხორციელებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ მობილური აპარატით ფინანსური ანგარიშსწორებების განხორციელების საშუალება დღესდღეობით ევროპისა და ამერიკის 19 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს და მათი რიცხვი დღითი დღე მატულობს.
მობილური კომერციის განვითარებას წინ უსწრებდა ე.წ. ელექტრონული კომერცია (e-commerce), რაც ვაჭრობაში ინტერნეტის გამოყენებით მონაწილეობას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ინტერნეტის საშუალებით სასურველი პროდუქციის შეძენა ან მომსახურების გაწევა სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა, მობილური ტელეფონით ყოველივე ზემოთქმულის განხორციელება ნამდვილ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავად თავისი ხანმოკლე არსებობისა, ელექტრონულ კომერციას ბევრი მომხმარებელი გამოუჩნდა და მისმა ბრუნვამ მილიარდებს მიაღწია. დღეისათვის მსოფლიოში მობილური ტელეფონის 400 მილიონამდე მფლობელია და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მობილური ტელეფონის საშუალებით განხორციელებული სხვადასხვა ტრანსაქციის პოტენციურ მომხმარებლად შეიძლება მივიჩნიოთ.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კავშირგაბმულობის კომპანია და საფინანსო ინსტიტუტი მობილური ტელეფონის საშუალებით სავაჭრო და საქმიანი ოპერაციების ჩატარების განსხვავებულ მოდელებს გვთავაზობს. მობილური კომერციის პიონერად ბრიტანული კომპანია Cellnet ითვლება, რომელმაც 1997 წელს აბონენტებს მომსახურების სრულიად ახალი ტიპი შესთავაზა. Alcatel-ის სპეციალურად შექმნილი აპარატისა (Alcatel One Touch Pro) და კომპანია Gemplus-ის მიერ დამზადებული თანამედროვე მომსახურებით აღჭურვილი SIM ბარათის მეშვეობით აბონენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მობილური ტელეფონის ეკრანზე დაინახონ საკუთარი საკრედიტო ბარათიდან განხორციელებული ოპერაციები და შეამოწმონ ბარათზე დარჩენილი კრედიტის ოდენობა.
Cellnet-ის მიერ შეთავაზებულმა მომსახურებამ საფუძველი ჩაუყარა ახალ პროექტს ელექტრონული კომერციის დარგში, France Telecom -ისა და ფრანგული ბანკების Credit Commercial de France-ისა და Credit Mutuel-ის ერთობლივ ინიციატივას: აბონენტებს საშუალება მიეცათ, ინტერნეტის მეშვეობით განეხორციელებინათ შესყიდვა; ტერმინალებად გამოიყენეს კომპანია მოტოროლას მიერ გამოშვებული, ჩვენში ფართოდ გავრცელებული, Motorola StarTac-ის ახალი მოდელი და Motorola StarTac-1. სისტემის მუშაობის სქემა მეტად მარტივია. აბონენტი ტელეფონით უკვეთს პროდუქციას, შემდეგ თავისი მობილური ტელეფონის ეკრანზე იღებს მოკლე შეტყობინებას, პროდუქციის განფასებას. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლისათვის ფასი მისაღებია, ის ტელეფონში ათავსებს საკრედიტო ბარათს, კრეფს პერსონალურ კოდს; შესაბამისი თანხა ავტომატურად იხსნება მისი ანგარიშიდან და ის უკვე ახალი ნივთის მფლობელია! აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ინფორმაციის სრული უსაფრთხოება გარანტირებულია მობილურ ტელეფონში ინტეგრირებული საკრედიტო ბარათის წამკითხავი მოწყობილობით.
მობილური ტელეფონების წამყვანი მწარმოებელი კომპანიები ინტენსიურად ამუშავებენ ტელეფონის მოდელებს, რომლებიც გათვალისწინებულ იქნება საკრედიტო ბარათების გამოყენებისას. თუმცა, ოპერატორი კომპანიები პარალელურად აგრძელებენ მუშაობას, რათა ეს სერვისი დღესდღეობით ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისათვის. ავსტრიული კომპანია Mobilkom-ის აბონენტს შეუძლია, შეიძინოს მატარებლის ბილეთი მობილური ტელეფონის მეშვეობით ისე, რომ არც ერთი შილინგი არ გადაიხადოს ნაღდი ფულით. აბონენტი წინასწარ უკვეთს ბილეთს, ხოლო საფასურს იხდის სატელეფონო საუბრების ქვითართან ერთად. ბილეთის მისაღებად აბონენტმა მხოლოდ თავისი მობილური ტელეფონი უნდა წარადგინოს რკინიგზის სადგურში მისვლისას; უფრო სწორად - ტელეფონის აპარატზე მოსული მოკლე შეტყობინება, კოდირებული ინფორმაციით, რომელშიც მითითებულია გადახდილი თანხის ოდენობა.
ახალმა ტექნოლოგიებმა ბიძგი მისცა იმ კომპანიების აქტიურობას, რომელთა საქმიანობის სფერო ელექტრონული ვაჭრობაა. ასეთ კომპანიებს ძირითადად ის ფირმები წარმოადგენენ, რომლებიც სპეციალიზებული არიან ინტერნეტით პროდუქციის ან მომსახურების რეალიზაციაში. WAP (Wireless Application Protocol) ასე ეწოდება ახალ სტანდარტს, რომელიც საშუალებას აძლევს მობილური ტელეფონის მფლობელს, დაუკავშირდეს ინტერნეტს და მობილური ტელეფონის ეკრანზე დაათვალიეროს ინტერნეტის WWW გვერდებზე მოთავსებული ინფორმაცია. მობილურმა კომუნიკაციამ იმდენად ფართო სფერო მოიცვა, რომ სპეციალისტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში იგი სრულიად შეცვლის საქმიანი ადამიანების მუშაობის სტილს მსოფლიოში.
ელექტრონული კომერციის სფეროში წარმოდგენილი სიახლეებიდან ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს შვედური კომპანია Ericsson-ისა და Visa International-ის ერთობლივი პროექტიც, რომელიც მიზნად ისახავდა ელექტრონული ვაჭრობის სფეროში უსაფრთხოების გაუმჯობესებას. ერთ-ერთი პირველი ერთობლივი პროდუქტი ტელეფონის აპარატია, რომელიც 2000 წლის ბოლოს გამოვა ბაზარზე. ეს ტელეფონი იმით გამოირჩევა წინამორბედებისაგან, რომ მასში, გარდა ხმოვანი სიგნალის გადამცემი მოწყობილობისა, ინტეგრირებულია საკრედიტო ბარათის წამკითხავი მოწყობილობა და მონაცემთა გადაცემის სისტემა. ამიტომ აღნიშნულ პროდუქტს "ელექტრონული საფულე" უწოდეს.
1999 წლიდან Nokia ევროპაში ახორციელებს ერთობლივ პროექტს ელექტრონული საბანკო საქმიანობის ლიდერთან, ფინურ-შვედურ საბანკო ჯგუფ MoritaNordbanken-თან. აღნიშნული პროექტი საშუალებას მისცემს მობილური ტელეფონების მფლობელებს, უსაფრთხოების სრული დაცვით შეიძინონ ესა თუ ის პროდუქცია ინტერნეტში Visa-ს საკრედიტო ბარათით. როგორც ცნობილია, უსაფრთხოება ყოველთვის ასოცირდებოდა საკრედიტო ბარათის საშუალებით განხორციელებულ ოპერაციებთან. იმისათვის, რომ მიღწეულიყო უსაფრთხოების მაღალი დონე ელექტრონულ კომერციაში, ევროპულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა შექმნეს კონსორციუმი. მასში გაერთიანდნენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: SmartTrust (ფინეთი), Brokat Infosystems, Siemens, Manessman Mobilfunk, E-Plus Mobilfunk (გერმანია), და ა.შ. კონსორციუმის შექმნის მიზანია, შემუშავდეს ციფრული ხელმოწერის სტანდარტი, რაც უთუოდ გაზრდის უსაფრთხოების დონეს მობილური ტელეფონით ამა თუ იმ საქონლის შეძენისა და მომსახურების დროს.
მობილური და ელექტრონული კომერციის განვითარების მეტად სწრაფმა ტემპმა ბევრი ისეთი კომპანიის ყურადღება მიიპყრო, რომლებიც მობილურ კავშირგაბმულობასთან ადრე არაფრით იყვნენ დაკავშირებული. მსოფლიოში სახელგანთქმული კორპორაცია Microsoft-ის პრეზიდენტი ბილ გეითსი თვლის, რომ ახალ ტექნოლოგიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მობილური ინტერნეტის განვითარებისთვის. მას კარგად ესმის ახალი პროექტის მნიშვნელობა და ზრუნავს მისი ფართომასშტაბიანი დანერგვისათვის. Microsoft-ს გადაწყვეტილი აქვს, გამართოს მოლაპარაკება მობილური აპარატების მწარმოებელ წამყვან კომპანიებთან, რათა იგი გახდეს პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი.
მობილური კომერციით დაინტერესებულ მომხმარებელთა პოტენციური ბაზარი დღესდღეობით ძალიან დიდია. ანალიტიკოსების აზრით, სამი წლის შემდეგ, 2003 წელს უკვე 111 მლნ. ადამიანი ისარგებლებს მობილური კომერციის მომსახურებით. ამის სტიმულირებისათვის 2000-2003 წლებში გამოშვებული და რეალიზებული ტელეფონის აპარატების 15% ისეთი პროგრამული უზრუნველყოფით იქნება აღჭურვილი, რომელიც მფლობელებს საშუალებას მისცემს, ინტერნეტის მეშვეობით მიიღონ საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქციის ან მომსახურების ჩამონათვალისა და მათი ფასების შესახებ; ასევე - სპორტული მატჩების შედეგები, ამინდის პროგნოზი, მატარებლებისა და თვითმფრინავების მოძრაობის განრიგი, საბანკო სავალუტო კურსები, სიახლეები ბირჟებიდან აქციების კოტირების შესახებ. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის ბოლოსათვის მსოფლიოს 40 მილიონი მომხმარებელი გამოიყენებს მობილურ აპარატს საბანკო ოპერაციების განხორციელების მიზნით.
სულ მალე მსოფლიოს კავშირგაბმულობის კომპანიების, და მათ შორის მაგთი GSM -ის აბონენტებს ფანტასტიკურ შესაძლებლობებთან შეხვედრა მოუწევთ. ამ სტატიის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მომხმარებელს ამ ეტაპზე გაუადვილოს ტექნიკური ინოვაციის აღქმა, შემდგომ კი მისი სწორად და ეფექტურად გამოყენება.

გიორგი ავალიანი
მაგთიკომის რეალიზაციის
დეპარტამენტის უფროსი