წინასწარი გადახდის ბარათი მონო"

მონო" - ასე ეწოდება მაგთი GSM -ის წინასწარი გადახდის სისტემის ბარათს. მისი საშუალებით მომსახურებისათვის საჭირო თანხას ნებისმიერ დროს გადარიცხავთ თქვენს ანგარიშზე. ეს მოხდება მარტივი პროცედურის შესრულებით, სწრაფად, თქვენი დროისა და ნერვების მაქსიმალური დაზოგვით.
მონო ბარათი საშუალებას მოგცემთ, საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით დაგეგმოთ სატელეფონო ხარჯები. ამას ხელს შეუწყობს გაყიდვაში არსებული სამი განსხვავებული ღირებულების - 30, 60 და 120 - ლარიანი ბარათი.

როგორ გამოვიყენოთ მონო
დაივიწყეთ რიგში დაკარგული დრო, ანგარიშები, ქვითრები: როდესაც შეიძენთ თქვენთვის სასურველი ღირებულების ბარათს, გადააცლით ვერცხლისფერ დამცავ საფარს და ამოიკითხავთ 12-ციფრიან უნიკალურ კოდს, თქვენი მობილური ტელეფონიდან დარეკავთ მონო ბარათის მომსახურების ცენტრში, ნომერზე - 444, მოისმენთ ავტომოპასუხის ინსტრუქციას და აპარატზე აკრეფთ 12-ციფრიან კოდს. ასე მოხდება ბარათის გააქტიურება. ამ პროცედურის შესრულების შემდეგ მონო ბარათზე აღნიშნული თანხა ლარებით ავტომატურად დაირიცხება თქვენი ნომრის ანგარიშზე. თქვენი მომსახურება მოხდება ანგარიშზე არსებული თანხის ფარგლებში.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ აბონენტთა მომსახურების განყოფილებაში.
მომსახურების ცენტრი მოგემსახურებათ 24 საათის განმავლობაში, ზარი უფასოა და დარეკვა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც თქვენგან გამავალი ზარი გათიშულია.

რა უპირატესობით ისარგებლებთ, თუ შეიძენთ მონო ბარათს

- თავისუფლდებით ყოველთვიური სააბონენტო გადასახადისაგან;
- გექნებათ თავისუფალი არჩევნის საშუალება;
- ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ მომსახურების ცენტრს, ნომერზე - 444 და გაააქტიუროთ მონო ბარათი. აქვე გაიგებთ, თუ რა თანხაა დარჩენილი თქვენს ანგარიშზე, რა ხანგრძლივობის და ღირებულების იყო თქვენი ბოლო ზარი და როდის იწურება თქვენი კრედიტი;
- საერთაშორისო მომსახურება ხორციელდება დეპოზიტის გარეშე, საავანსო თანხის ფარგლებში;
- დაცული იქნებით მოულოდნელი გადახარჯვისაგან.

კომპანია მაგთი GSM -ს შექმნილი აქვს მონო ბარათის გავრცელების ფართო ქსელი: იგი გაიყიდება როგორც კომპანიის მომსახურების ოფისებში, ისე მისი დილერების მიერ. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მონო ბარათის შეძენა ყოველი მსურველისათვის მოსახერხებელი იყოს.

რა უნდა გვახსოვდეს

თქვენს ანგარიშზე თანხების მოძრაობა მთლიანად ავტომატიზებულია. იმისათვის, რომ ისარგებლოთ თქვენი მობილური ტელეფონით, წინასწარ უნდა გადაიხადოთ მომსახურების ღირებულება, ანუ უნდა შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ღირებულების მონო ბარათი და გაააქტიუროთ იგი.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ შემდეგ პირობებს:
- თუ თქვენი ავანსი ამოიწურა და ჯერ არ გაგიაქტიურებიათ ახალი ბარათი, კომპანია 5 დღით შეგინარჩუნებთ შემომავალ ზარებს, ანუ შესაძლებელი იქნება თქვენთან დარეკვა.
- შემომავალი ზარების გათიშვიდან 25 დღის გასვლის შემდეგ, თუ მანამდე არ მოხდება ავანსის განახლება, ნომერი ავტომატურად გაუქმდება. ამის შემდეგ თქვენი SIM -ბარათი უვარგისი გახდება და შეუძლებელი იქნება მისი აღდგენა.
- გახსოვდეთ, რომ მონოს გააქტიურებიდან 60 დღის მანძილზე უნდა ამოწუროთ საავანსო თანხა, ან გაააქტიუროთ ახალი ბარათი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ანულირდება. თუ თქვენ 60 დღის გასვლამდე გაააქტიურებთ ახალ ბარათს, ანგარიშზე დარჩენილ თანხას დაემატება ახალი ბარათის შესაბამისი თანხა და ჯამური თანხის ამოწურვის ვადა აითვლება ახალი ბარათის გააქტიურების დღიდან.
60 დღის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე თქვენ ყოველი ზარის დამთავრების შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას კრედიტის ვადის ამოწურვის თარიღის შესახებ.
- მონო ბარათის 12-ციფრიანი კოდის ასაკრეფად გეძლევათ 1 წუთი.
- მონო ბარათის 12-ციფრიანი კოდის 5-ჯერ არასწორად აკრეფის შემთხვევაში SIM -ბარათი დაიბლოკება, ხოლო 48 საათის შემდეგ SIM -ბარათი (ნომერი) ისევ ჩაირთვება.

- როგორც ყველაფერს, მონო ბარათსაც აქვს ვარგისიანობის ვადა. მისი მაჩვენებელია ბარათის უკანა მხარეს მითითებული გააქტიურების უკანასკნელი თარიღი. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ ბარათის გააქტიურების თარიღი არ უნდა სცილდებოდეს მასზე მითითებულ თარიღს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბარათი უვარგისი იქნება.

დამრგვალების წესი

მონო ბარათით სარგებლობისას ნალაპარაკები დროის დამრგვალება ხდება 30 წამამდე. მაგ: თუ თქვენ ილაპარაკეთ 1 წუთი და 20 წამი, დაგერიცხებათ 1 წუთისა და 30 წამის ღირებულება. დამრგვალების ეს წესი ვრცელდება როგორც საქართველოს ფარგლებში, ისე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და საერთაშორისო ზარებზე.

იმედი გვაქვს, მონო ბარათი ბევრ პრობლემას მოგიხსნით და ჩვენს მომსახურებას უფრო კომფორტულს გახდის. ამიერიდან თქვენ თავისუფალი იქნებით არჩევანში - როდის, სად და რამდენი ილაპარაკოთ!