ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ...

მის სანახავად ერთსა და იმავე სპექტაკლზე, თურმე, ათჯერ და ოცჯერ შედიოდნენ... და მაშინაც კი, როცა სცენაზე მძაფრი ტრაგედია თამაშდებოდა, მაყურებელი მის გამოჩენას ტაშითა და ოვაციით ხვდებოდა.
ვისაც "ქეთო და კოტე" უნახავს, ალბათ, არ დაავიწყდება: "ძმებო, როცა მოვკვდები" და "ნემეცურიც იცოდა", კინტოურის ცეკვა და "დავაქორწინეთ, მააშ"...
"ახოვანი, შესანიშნავად ჩამოქნილი, ლამაზი ტანის, დიდი ოსტატის ხელით გამოქნილი ქანდაკების მსგავსი", - წერდა მის შესახებ ვერიკო ანჯაფარიძე. დღემდე დადის ლეგენდები გიორგი შავგულიძის საოცარ გარეგნობასა და მამაკაცურ მომხიბვლელობაზე.
ამბობენ, კოტე მარჯანიშვილმა იგი ქუთაისში, თეთრ ხიდზე აღმოაჩინა, სადაც იმ დროს ვაჟკაცობა და კაიბიჭობა ხიდის მოაჯირიდან რიონის ტალღებში ლამაზი ნახტომით ფასდებოდა. ქუთაისის თეატრში რეჟისორმა გიორგი შავგულიძე 1928 წელს მიიყვანა, მაშინ ის თვრამეტი წლისა იყო. იმ დღიდან, ჯერ ქუთაისსა და შემდეგ თბილისში, მისი მფარველი კოტე მარჯანიშვილი იყო. პირველი სერიოზული როლი გიორგი შავგულიძემ 1931 წელს შეასრულა სპექტაკლში "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ". კარლ ტომასის როლში მან უშანგი ჩხეიძე შეცვალა, არადა, უშანგი ჩხეიძის შემდეგ თამაში ახალბედა კი არა, გამოცდილი მსახიობისთვისაც კი დიდი რისკი იყო. რეჟისორის ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1933 წელს კოტე მარჯანიშვილი მოსკოვში დაიბარეს და იქიდან აღარ დაბრუნებულა.
დაახლოებით იმ დროს რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილში ახალგაზრდა და მომხიბვლელი მსახიობი ლიზა ვაჩნაძე გადადის. იწყება გულთამზესა და ერასტის სიყვარული სცენაზე, "ყვარყვარე თუთაბერში", კურიოზები - კულისებში და დიდი რომანი - ცხოვრებაში. 1934 წელს გიორგი შავგულიძე და ლიზა ვაჩნაძე დაქორწინდნენ. ერთი წლის შემდეგ ტყუპი ბიჭი შეეძინათ. ისინი წულუკიძის ქუჩაზე, ბნელ, უსარკმლო პატარა ოთახში ცხოვრობდნენ. მძიმე პირობებმა ერთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.


დრო გადიოდა, ის კი არაფერს ითხოვდა - არც თეატრში და არც ცხოვრებაში. როგორც იხსენებენ, ის არ აჩენს მსახიობისთვის საჭირო ბრჭყალებს, არ იბრძვის სასურველი როლებისთვის, არ ერევა ინტრიგებში; მის ნებისმიერ, ეპიზოდურ თუ მთავარ როლში თითქმის შესაძლებელზე მეტია ჩადებული. იქმნება ერთიმეორეზე უკეთესი და დასამახსოვრებელი სახეები. მას ცნობენ ქუჩაში, აღიარებს კრიტიკა, აღმერთებს ხალხი...
გიორგი შავგულიძეს თეატრალური განათლება არ მიუღია, მაგრამ, როგორც ამბობენ, მას უცნაური ალღო და ინტუიცია ჰქონდა. როლის მიღების შემდეგ საოცრად იცვლებოდა. ხშირად უნახავთ თეატრის დაცარიელებულ დარბაზებში მოსიარულე, განმარტოებული, ჩაფიქრებული, ამ დროს ვერავის ამჩნევდა. ყოველ რეპეტიციაზე რაღაც ახალი, თავისი მიჰქონდა. თანდათან ქმნიდა გმირის სახეს, ერთადერთსა და განსხვავებულს, ისეთს - როგორსაც მხოლოდ გიორგი შავგულიძე ხედავდა. თითქოს წვრილმანებია, მაგრამ მის ამ წვრილმანებზე მერე დიდხანს აღტაცებით ლაპარაკობდნენ: ჰასტინგსის სიცილი "რიჩარდ III-ში", სიკვდილით დასჯის წინ, გულსაბნევის მოსაძებნად ტახტის ქვეშ კოხტას (მძღოლი) გულაღმა შეძრომა ("მარინე"), ხოლო პოლიკარპე კაკაბაძემ, რომელიც საშინლად ვერ იტანდა თურმე ტექსტის შეცვლას, შავგულიძისეული იმპროვიზაცია ერთ-ერთი პიესის ბოლო გამოცემაშიც კი შეიტანა.
მისი თეატრალური როლები მხოლოდ ფოტოებზე და იმ ადამიანების მოგონებებშია შემონახული, ვისაც გიორგი შავგულიძე სცენაზე უნახავს. ათვალიერებ ფოტოებს და ამაოდ ეძებ მსგავსებას ჭყონდიდელსა ("დავით აღმაშენებელი", 1946 წელი) და საიათნოვას ("მეფე ერეკლე", 1942 წელი) შორის. ეს ორი სახე საოცრად განსხვავდება ერთმანეთისგან - ისე, როგორც ხარიტონი ("კოლმეურნის ქორწინება", 1938 წელი) და დათიკო შევარდნაძე ("დაჭრილი არწივი", 1958 წელი), ოქტავიოს კეისარი ("ანტონიოს და კლეოპატრა", 1951 წელი) და ლორდი ჰასტინგსი ("რიჩარდ III", 1957 წელი); ზუსტად ისე, როგორც დავითი და ნიკო განსხვავდებიან კინოფილმებში: "დავით გურამიშვილი" და "ქეთო და კოტე", ან ერემო და აპარეკა ფილმებიდან: "ბედნიერი შეხვედრა" და "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან"... და როგორც ამბობენ, ეს სახეები კიდევ უფრო მეტად არ ჰგვანან იმ გიორგი შავგულიძეს, რომელსაც ოჯახის წევრები და მეგობრები იცნობდნენ, რომელიც უბრალოდ ქუჩაში დადიოდა.
გიორგი შავგულიძე ყველა როლისთვის გრიმს თვითონ იკეთებდა, საგრიმიოროც საკუთარი ხელით აიშენა კულისებში. "წარმოდგენაზე ორი საათით ადრე მოდიოდა, ჩაიკეტებოდა ოთახში, ველოდით კარის გაღებას, რადგან ვიცოდით, ამ კარიდან მსახიობის რომელიმე გმირი გამოვა - კეისარი ან ხარიტონი, საიათნოვა ან ყორჩი-ხანი - აუცილებლად საინტერესო გარეგნობის, ისეთი პლასტიკის, რომლის გამოძერწვაც ქართულ თეატრში მხოლოდ გიორგი შავგულიძეს - გრიმის დიდოსტატს, ყოველ წვრილმანში დაუზარელს, სამოსელის საკუთარ სხეულზე მორგების ჯადოქარს შეეძლო", - იგონებდა სესილია თაყაიშვილი...
გიორგი შავგულიძის გრიმი, ჩაცმულობა, მიმიკა, ინტონაცია მაყურებლისთვის იმდენად გასაგები იყო, რომ ხანდახან ქართულის არმცოდნე მაყურებელი უარს ამბობდა თარგმანზე და, თანაც, საკმაოდ უცნობი პიესების წარმოდგენებზე... ისეც მომხდარა, დარბაზში მყოფს მერე, კულისებში, უგრიმო გიორგი შავგულიძეში ვეღარაფრით შეუცვნია საყვარელი გმირი.
მის მიერ შექმნილ ოქტავიუს კეისარსა და ხარიტონზე, საიათნოვასა და ჭყონდიდელზე უამრავი რამ დაწერილა და თქმულა. განსაკუთრებით კი ოქტავიუს კეისრის ოქროს კულულებზე - მან პარიკზე უარი თქვა, თავს გაადიდებსო, და გრიმი საკუთარ თმებში შეიზილა, რომელსაც ყოველი სპექტაკლის მერე ბენზინით იშორებდა. ამბობენ, მას ერთნაირად მოხდენილად შეეძლო ეტარებინა ჩოხა და ფრაკი, რომაული ტოგა და სამხედრო ფარაჯა, ისე, თითქოს ამ ტანსაცმლისთვის ყოფილიყო დაბადებული.
გიორგი შავგულიძე კინოში პირველად 1938 წელს გადაიღეს. 1942 წელს კი რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა სპეციალურად მისთვის შექმნა როლი ფილმში "გიორგი სააკაძე". ხოლო 1946 წელს "დავით გურამიშვილის" სასინჯი გადაღებების დროს სცენარის ავტორი არაფრით არ უჯერებდა რეჟისორებს, რომ ახალგაზრდა და მოხუცი დავითი ერთი და იგივე მსახიობი იყო. "დავით გურამიშვილი" პირველი ფილმი გახლდათ, რომელიც ლენინგრადში, ერმიტაჟში გადაიღეს. გადაღებები ძირითადად თეთრ მისაღებ დარბაზებში მიმდინარეობდა. გიორგი შავგულიძე თურმე დღეში რამდენჯერმე ადიოდა ზამთრის სასახლის კიბეზე და ერთ დღეს ნიკოლოზ სანიშვილს კიბის გარკვეულ კუთხეზე მიუთითა: "ასე თუ ახვალ, ისეა აშენებული კიბე, რომ თვითონ აყავხარ ზემოთ..." 1948 წელს ვახტანგ ტაბლიაშვილმა იგი "ქეთო და კოტეში" გადაიღო. სიკოს და ნიკოს კუპლეტები ოპერის მსახიობებს უნდა შეესრულებინათ. როგორც ჩანს, ისინი ამ საქმეს ზედმეტად პროფესიულად უდგებოდნენ და მარილი იკარგებოდა. მსახიობების გასამხნევებლად და საჩვენებლად ვასო გოძიაშვილმა და გიორგი შავგულიძემ შეასრულეს სიმღერა; საბოლოოდ ფილმისთვის სწორედ მათი ვარიანტი ჩაწერეს.
1958 წელს ლადო გუდიაშვილს იუბილე გადაუხადეს. მარჯანიშვილის თეატრიდან მას გიორგი შავგულიძემ მიულოცა. ავანსცენაზე ორმოცსაფეხურიანი კიბე ეშვებოდა. კინტოს ფორმაში გამოწყობილი მსახიობი, ხელში წითელი მიხაკით ჩამოდიოდა კიბეზე. ყოველ საფეხურზე მისი შეყოვნება გუდიაშვილის ნახატებს მოგაგონებდათ თურმე. ჩამოვიდა სცენაზე და კინტოური იცეკვა - ცეკვა, რომელიც ერთ-ერთი როლისთვის თავად ლადო გუდიაშვილმა ასწავლა...
როცა გიორგი შავგულიძე გასტროლებზე ქუთაისში ჩადიოდა, ქალაქის კინოთეატრებში ყოველდღე "ქეთო და კოტეს" აჩვენებდნენ. მთელი ქალაქი მხოლოდ მასზე ლაპარაკობდა და ქუჩაში გავლა თითქმის შეუძლებელი იყო.
ოთარ მამფორია მოსკოვში, რესტორან "არაგვში", გიორგი შავგულიძესთან გატარებულ ერთ საღამოს ასე იხსენებს: "გაიღო კარი, გამოჩნდა შავგულიძე; მოდის და ფეხადგმული ალვის ხესავით მოირხევა. მედუდუკეებმა უმალ იცნეს და თაყვანის ნიშნად ყარალაშვილის "სამშობლო" მიაგებეს. ამ ჰანგზე შეწყობილი მოძრაობით მოდის იგი, ხელთათმანივით მოტკეცილი "აზიაცკები" და ღილკილოებით აბნეული შავი ხალათი აცვია. მოდის და მაგიდებთან მსხდომნი, ქალი და კაცი თვალს აყოლებენ..."
მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობა და სიყვარული არ აკლდა, კარგი როლი, როგორც ჩანს, მისთვის საოცნებო იყო, განსაკუთრებით კი - ბოლო წლებში. თეატრზე გულდაწყვეტილს რამდენჯერმე უთქვამს მეუღლისთვის: "გოსკინპრომში" გადავალ სამუშაოდო... ალბათ, ის მაინც ვერასოდეს შეძლებდა თეატრის მიტოვებას. ოცნებობდა, სცენაზე დონ კიხოტი ეთამაშა, მაგრამ...
მან სამოცზე მეტ სპექტაკლში მოასწრო მონაწილეობა და თხუთმეტამდე ფილმში გადაიღეს.
იქნებ ეს არც ისე ცოტაა ერთი მსახიობისთვის, მაგრამ ძალიან, ძალიან ცოტა - ისეთი მსახიობისთვის, როგორიც გიორგი შავგულიძე იყო.
1959 წელს გიორგი შავგულიძე 49 წლისა იყო...
"იმ საბედისწერო დღეს, როცა თბილისში, პლეხანოვის გამზირზე გიორგი შავგულიძეს ტროლეიბუსი დაეჯახა, პირქვედამხობილი მისი ზორბა სხეული ხალხმა ხელში აიტაცა, გულში ჩაიკრა, საყვარელ შემოქმედს ნაადრევი ცრემლი დააფრქვია, მაგრამ მათ არანაკლებ ეცოდებოდათ მძღოლი, რომელიც კედელს თავს ახლიდა და ბღაოდა.
ეს მოხდა ცხოვრების სცენაზე, სადაც მსახიობი უგრიმოდ იყო და მაყურებელი - უთეატროდ..." (ოთარ მამფორია).
"ლერწამივით მოსული, ლამაზი, ბავშვივით უშუალო და მიამიტი, ზოგჯერ ნიკო ფიროსმანის ტყუპისცალად მეზმანებოდა. ანგელოზები ეჯდა სულში ნიკალასავით. თავდავიწყებით ქმნიდა ხატებს ნიკალასავით, ღვინოც უყვარდა ნიკალასავით, შემდეგ კი გაჰქრა ნიკალასავით; მოულოდნელად, ყოვლად უაზროდ დათმო სამზეო", - წერდა დიდი ხნის შემდეგ თენგიზ აბულაძე. დიდი ხნის შემდეგ დაიწერა მიხეილ ქვლივიძის ის ცნობილი ლექსიც - "კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს", და ეს სიტყვებიც: "ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ, ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას..."

ელისო კაპანაძე