გელათი ელის...

"დროს როცა უნდა, თოვს", და როცა უნდა, ივიწყებს; როცა უნდა, მიდის - თუ არადა ჩერდება; როცა უნდა, უძლებს, როცა უნდა - გვჩუქნის. გვჩუქნის სიხარულს, წელიწადის დროებს, წვრილმანებს და ზოგჯერ საოცრებებსაც...
გინახავთ დაისი გელათში? - გალავანშემორტყმული გელათის მონასტერი გარინდებული ითვლის წამებს, აკადემიის ნანგრევები მერამდენე ღამეს უძლებს - თითქოს მთვარეც ძველია, მეთორმეტე საუკუნის... არ არის ვითომ იგი დროის კარგად შემონახული სახსოვარი? რატომაც არა...
რვა საუკუნის წინანდელი საქართველო... მეფე დავით IV, აღმაშენებლად წოდებული... მაშინდელი ქვეყნის მეფობა - საქმე უძნელესი, თურქ-სელჩუკების ორასწლიანი ბატონობა, ქვეყნის შიგნით შუღლი და დაქსაქსულობა; მეფე - ერთ მხარეს, დიდებულთა ნაწილი - თავიანთ ციხესიმაგრეებში გამოკეტილი; წინ - გზა გასავლელი, ეკლიანი, სისხლიანი, წინ - ქვეყნის მომავალი... მთელი წელი ბრძოლა, მხოლოდ ზამთრობით ჩამოგდებული იძულებითი ზავი, ხელახალი მზადება, შეწყვეტილი ხარკი, კიდევ ერთი ბრძოლა, გამარჯვება... უძილო ღამეების, იარაღთან წოლის ფასად მოპოვებული მშვიდობა... სურვილი აღდგენის, შენების, შექმნის...
1106 წელი - ჯერ კიდევ გაცხარებული ბრძოლების პერიოდი; მეფე დავითს ცხრამეტი სასიცოცხლო წელი აქვს კიდევ და დიდგორის ბრძოლაც ელოდება, დედაქალაქის - თბილისის გათავისუფლებაც; მაგრამ მხოლოდ სამხედრო ძლიერება არ არის ქვეყნის ძლიერების ქვაკუთხედი. ერს თავისი სული აქვს, თავისი კულტურა, რომელიც ცხრაკლიტულში გამომწყვდეული ყველაზე ადრე სუსტდება. იცოდა ეს ქართველთა მეფეთ მეფემ და შეარჩია "ადგილი ყოვლად მშუენიერი და ყოვლად უნაკლულო" - მდინარე წყალწითელას მარცხენა სანაპირო, ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით, 11 კმ-ის მოშორებით - გადაშლილი სივრცე და გელათის მონასტრის საძირკველიც ჩაიყარა, ღვთისმშობლის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობა დაიწყო...

მაგრამ ეს არ იქნებოდა მხოლოდ ღვთის სახლი, მხოლოდ მონასტერი... ბევრად, ათასჯერ უფრო მეტი: შესაძლოა - საუკეთესო იარაღი გამარჯვებისათვის, საიმედო "ზურგი", მწიგნობრულ-სამეცნიერო მოღვაწეობისა და განათლების კერა... და ასეც მოხდა. დავითმა საგანგებოდ მოიწვია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, უცხოეთში არსებული ქართული მონასტრებიდან სასულიერო და საერო სწავლულნი. გაჩაღდა კვლევა და განმარტება გეომეტრიის, რიტორიკის, ასტრონომიის, გრამატიკის, მუსიკის, ფილოსოფიის... აქ ბოლომდე იხარჯებოდნენ იოანე პეტრიწი თუ არსენ იყალთოელი... გელათის აკადემიას საკუთარი რექტორი ანუ "მოძღვართ მოძღვარიც" ჰყავდა. სხვადასხვა დროს - ანტონი, საბა, ილარიონი, მანასე... ითარგმნებოდა არისტოტელე, იოსებ ფლავიოსი, პროკლე დიადოქოსი, ნემესიოს ემესელი... იქმნება ორიგინალური მწერლობის ნიმუშები, უნიკალური მოზაიკური მხატვრობა, არქიტექტურის დახვეწილი ფორმები... და გელათი ინათლება "სხვა ათენად", "ახალ ელადად", "მეორე იერუსალიმად". შემფასებლის როლში დროც მკაცრია და ადამიანიც, მაგრამ გელათის დიდებას წინ ვერაფერი აღუდგა.
მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის ფუძეში უზარმაზარი ქვებია (თითო არანაკლებ ორ-ნახევარი ტონისა) ჩადებული. ის ქვები მდინარე წყალწითელადან ტაძრამდე დაკიდებულ აღმართზე მეფე დავითმა ამოიტანაო საკუთარი ზურგით...
ხალხი იმასაც უამბობდა ხშირად ერთმანეთს - თითქოს ეშმაკი უშლიდა ხელს დავითს გელათის მშენებლობაში, მაგრამ მეფემ ის ეშმაკი შეიპყრო, ჯორად აქცია, ლაგამი ამოსდო, ზედ მოახტა და სამუდამოდ დაიურვაო...
სამუდამო განსასვენებლად კი უცნაური ადგილი აირჩია მეფემ - მონასტრის ჭიშკარი... გელათის სანახავად მისული სტუმარი შეცბება, მაგრამ გვერდს ვერ აუვლის საფლავს, შეუძლია მხოლოდ შეჩერდეს და საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ფსალმუნის სტრიქონები ამოიკითხოს: "ქრისტე, ესე არს განსასვენებელ ჩემი უკუნისი უკუნისამდე, რამეთუ მთნავს, ესე ამასა დავემკვიდრო მე". საუკუნეების შემდეგ კი ყველა ქართველისათვის უსაყვარლესი პოეტი ანა კალანდაძე მეფის ანდერძს ამგვარად შეგვახსენებს: "ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან. წყალობა ჰყავით..."
ღვთისმშობლის ტაძარი, გელათის მონასტრის მთავარი ეკლესია, დავითის მემკვიდრემ, დემეტრემ მოახატვინა და მეფის გარდაცვალების შემდეგ აკურთხებინა.

თითქოს სასწაულთმოქმედი ძალა იცავდა გელათს, ორჯერ გადაურჩა მტრისგან განადგურებას; იქნებ ამის გამო იყო მიჩნეული ეროვნული განძეულობისა და სიწმინდეთა დასავანებელ ადგილად; ასე აღმოჩნდა აქ უნიკალური ხახულის ღვთისმშობლის ხატი, აწყურის, ბიჭვინთის ხატები...
XVII საუკუნეების შუა წლებში იმერეთის მეფის კარზე დიპლომატიური მისიით მყოფ რუს ელჩებს ტოლოჩანოვსა და იევლევს ორჯერ მოუნახულებიათ გელათი და აქ უნახავთ ძალზე მდიდარი სალარო, წიგნთსაცავი, ოქრომჭედლობის იშვიათი ნიმუშები ხატების სახით.
გელათში მოჭედეს ხახულის ღვთისმშობლის ხატის კარედიც, რომლის სიგანე გახსნილი კარით ორ მეტრს აღწევდა, სიგრძე კი - მეტრ-ნახევარს. საკუთრივ ხატი X საუკუნეშია შესრულებელი ქართველი ოსტატის მიერ. მინანქრის ეს ხატი თავისი სიდიადითა და შესრულების ტექნიკით უნიკალურია მსოფლიოში.
მტრისგან აოხრებულ გელათის მონასტერს იმერეთის მეფე ბაგრატ III ალექსანდრეს ძე აღადგენს მოგვიანებით, წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიებს კვლავ აამოქმედებს და ამის გამო ბაგრატს გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებს ხალხი... იგივე ბაგრატი დააარსებს გელათში საეპისკოპოსო კათედრას.
გელათის გალავანში მოხვედრისთანავე დროში მოგზაურობაც იწყება: აქ ყველაზე ნაკლებად გრძნობ მეოცე საუკუნეს და თითქოს არც გინდა, იგრძნო; თითქოს ყურებზე ხელი აიფარე და წირვა-ლოცვა შემოგესმა, აკადემიიდან - ხმაური, სოხასტერიდან - დაყუდებული ბერების ბუტბუტი და ქსენონიდან, ანუ დავითის მიერ დაარსებული სამკურნალო თავშესაფრიდან - ავადმყოფთა კვნესა... მერე იქნებ სურვილი დაგებადოს, რომ თამარ მეფის საფლავის ძებნაც სწორედ აქ დაიწყო...
ქართველ მკვლევართა ვარაუდით, გელათის ტაძრის ერთ-ერთ ეკვდერში მართლაც დაუკრძალავთ თამარი. მე-12 საუკუნის წყაროებში აკი აღნიშნავდნენ კიდეც: "წამიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამმარხეს სამარხოს პატიოსანსა..." ან: "თამარ დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათს"... თუმცა, ეს მოსაზრება დღემდე მოსაზრებად რჩება. მაგრამ არ ვიცი, რას შევადარო პირველი შესვლა ტაძარში, როცა უზარმაზარ გუმბათთან ისეთი პატარა აღმოჩნდები, ლამის კედლებს მიაწყდე; კედლებიდან კი ათასი თვალი გიცქერს, შენ წინაშეა მონუმენტური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები - მოზაიკა და ფერწერა, რომლებიც მსოფლიომ აღიარა... ერთი მხრიდან დავით ნარინის ორი ფრესკა გადმოგყურებს - დავით ნარინი ერობასა და ბერობაში; მეორე მხრიდან - საეკლესიო კრებების უკლებლივ ყველა მონაწილე, წმინდანებისა და ანგელოზების იდუმალი სახეები და თავად მეფე დავითი... ფრესკაც ისეთივე დიდია და შთამბეჭდავი, როგორიც კაცი იყო ფიზიკურად თუ სულიერად. ცოტა ხანს თუ გაჩერდები ამ ფრესკასთან, თვალს თუ გაუსწორებ მეფის ფირუზისფერ თვალებს და ოდნავ მაინც იწამებ სასწაულს, იგრძნობ, როგორ გადმოვა შენში უცნაური ძალა, ალბათ, სიამაყის განცდა - თუ ქართველი ხარ, და გაოცების სიამოვნება - თუ უცხოელი...
გელათისთვის ეს სულ ერთია, იგი მხოლოდ საქართველოსი არ არის. იგი დგას და ელის ახალ-ახალ მნახველს, ახალ-ახალ გაოცებულ სახეებსა და აღტაცებულ შეძახილს, ელის ახლომახლო სოფლებიდან ამოსულ ერთგულ მრევლსა და შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულ მნახველებსაც.

ეკა ქევანიშვილი