მობილური ინტერნეტი - გზა საინფორმაციო საზოგადოებისაკენ

ეს სტატია ისევ ახალ ტექნოლოგიებს ეძღვნება, უფრო ზუსტად, ამ ტექნოლოგიების გავლენას საზოგადოების ცხოვრების წესზე. გვინდა, გაგიზიაროთ უცხოეთის გამოცდილება, თუ როგორ შეცვალა ადამიანთა ცხოვრება ახალი სისტემების დანერგვამ და რამდენად მნიშვნელოვანია მობილური ტექნოლოგიები ახალი ტიპის საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
პირველი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის საქართველოში დაარსებიდან ხუთი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ოპერატორების რიცხვმა უკვე ოთხს მიაღწია, ხოლო აბონენტების საერთო რაოდენობამ 2000 წლის სექტემბრისთვის 100 000-ს გადააჭარბა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არსებობს GSM სტანდარტის თანამედროვე ქსელები, რომლებიც ფეხდაფეხ მიჰყვება ევროპულ ტექნოლოგიებს, ხოლო ბოლო პერიოდის საქართველოში დაინერგა ახალი თაობის სისტემები, რომლებიც მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც ტექნოლოგიების უკანასკნელ სიტყვას წარმოადგენს.

ჟურნალის წინა ნომერში ჩვენ უკვე შევჩერდით მობილური ტელეფონის მეშვეობით ინფორმაციის მოძიების სისტემაზე, შევეხეთ WAP პროტოკოლსაც, რომელიც აბონენტს საშუალებას მისცემს, ტელეფონის მეშვეობით ინტერნეტში მოიძიოს მისთვის სასურველი ინფორმაცია; ვისაუბრეთ GPRS სისტემაზეც, რომელიც დაკავშირების სიჩქარეს იმ დონეზე მიიყვანს, რომ კონკურენციას გაუწევს ფიქსირებული ქსელებიდან ინტერნეტში მუშაობის სიჩქარესაც. ექსპერტები ამ თვალსაზრისით საკმაოდ ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ: ხუთი წლის შემდეგ მობილური ინტერნეტის მომხმარებელი რამდენჯერმე მეტი იქნება ფიქსირებული ქსელების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. მობილური ქსელების აბონენტებს, ინტერნეტის გამოყენებით, ნებისმიერ მომენტში საშუალება მიეცემათ, მრავალფეროვანი ინფორმაციის შემცველი მილიონობით ვებგვერდი დაათვალიერონ.

ამ პროცესების ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ამ სისტემის დანერგვის შემდეგ მოხდება საზოგადოებაში. მობილური ინტერნეტი და მობილური ტელეფონის საშუალებით ინფორმაციის მოძიება გარკვეულწილად შეცვლის საზოგადოებრივ აზროვნებას და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ახალი სფეროს ჩამოყალიბებას განაპირობებს. მობილური კავშირისა და ინტერნეტის - ინფორმაციის ყველაზე დიდი წყაროს სიმბიოზს მივყავართ მობილური გადაწყვეტილებების მიღებამდე.

მობილური გადაწყვეტილება - ეს სრულიად ახალი ფენომენია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გააზრებული, თუმცა, მისი მნიშვნელობა ახალი ტიპის საზოგადოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებაში დღეისთვისაც ნათელია. ამგვარ საზოგადოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ დინამიკასა და ეკონომიკურ აღმავლობაში. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს იაპონური კომპანია DoCoMo-ს მობილური ინტერნეტის სისტემა i-mode-ის პირველი წლის გამოცდილება, რომელმაც შეცვალა იაპონელთა ცხოვრების წესი და ახალი ტიპის საზოგადოების ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი.

1991 წელს დაარსებული ეს კომპანია იაპონიის მრეწველობის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მიღწეული შედეგებით DoCoMo მართლაც მაღალ შეფასებას იმსახურებს: აბონენტების ყველაზე დიდი რაოდენობა მსოფლიოში, ყველაზე დიდი კაპიტალდაბანდება მობილურ კავშირგაბმულობაში, მობილური ინტერნეტის i-mode-ს საშუალებით 5000 ვებგვერდის დათვალიერების რეჟიმი.

თანამედროვე იაპონელთა ცხოვრება უკვე გარკვეულწილად დაუკავშირდა მობილური ინტერნეტის რეჟიმს. მობილური ქსელის აბონენტები მუდმივად თვალს ადევნებენ მობილური ტელეფონის ეკრანს, სადაც მათთვის საინტერესო ვებგვერდზე ცვლილებები აისახება. დღეს უკვე მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებული 230-მდე მომსახურებაა შექმნილი, რომელთა შორისაა: საბანკო მომსახურება, ბილეთების შეკვეთა, სასტუმროების დაჯავშნა და მრავალფეროვანი სერვისი გასართობი ბიზნესის სფეროდან. DoCoMo-ს ხელმძღვანელთა აზრით, ბაზარზე არსებული ვითარება დამახასიათებელია მოახლოებული რადიკალური ცვლილებებისა. ექსპერტების აზრით, ორ-სამ წელიწადში იაპონიის ყველა აბონენტი მობილური ინტერნეტის მომხმარებელი გახდება (2000 წლის აპრილის მონაცემებით, 128 მილიონიან იაპონიაში 58 მილიონი ადამიანი სარგებლობს მობილური მომსახურებით). იქმნება ახალი სამომხმარებლო კულტურა, ანუ ადამიანს უჩნდება სურვილი, მუდმივად თვალი ადევნოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, განუწყვეტლივ და ნებისმიერ ადგილზე მიიღოს სიახლეები ბიზნესის სფეროდან და რაც მთავარია, ასეთი ინფორმაციის საფუძველზე, შეძლოს ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება ითქვას, იაპონია ის ქვეყანაა, სადაც ცხოვრობს და მუშაობს "მობილური საზოგადოება". ასეთი სოციუმის ჩამოყალიბების განმსაზღვრელ ფაქტორს კი მობილური ინტერნეტის მომხმარებლების კრიტიკული მასა წარმოადგენს.

ალბათ, შესაძლოა კამათი იმაზეც, რამდენად საინტერესოა ჩვენთვის იაპონიის გამოცდილება; ნაადრევი ხომ არ არის უახლეს ტექნოლოგიებზე ფიქრი ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ეკონომიკური სირთულეების გამო მრავალი ინოვაცია თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის. ნამდვილად ვერ დავეთანხმებით ამ შეხედულებას. ასე რომ იყოს, მაგთიკომიც არ იარსებებდა, რადგან, ექსპერტთა პროგნოზით, მობილურ ბაზარს საქართველოში 70 000 ზღვარისთვის მხოლოდ 2003-2004 წლებისათვის უნდა გადაებიჯებინა, მაგთიკომმა კი თავისი დაარსებიდან სამი წლის შემდეგ დაამტკიცა, რომ აბონენტთა ეს რაოდენობა მარტო ერთ წარმატებულ კომპანიას შეიძლება ჰყავდეს. ჩვენი აზრით, საქართველოსთვის მოსახლეობის ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვა უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე იმ ქვეყნებისთვის, სადაც უკვე კარგად არის განვითარებული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა.
ეკონომიკის განვითარების დაბალი დონე, რა თქმა უნდა, შემაფერხებელია მობილური კავშირგაბმულობის განვითარებისთვის. მიუხედავად ამისა, მაგთიკომმა ერთი ამოცანა მაინც წარმატებით გადაჭრა - ამიერიდან კავშირგაბმულობა საქართველოს ეკონომიკური წინსვლის შემაფერხებელი ფაქტორი აღარ გახდება.

ლევან ბუჩუკური
მარკეტინგის,
მომხმარებელთა მომსახურებისა
და პერსპექტიული
დაგეგმარების დირექტორი