"მას "მასოვკაში" გადაღებაზეც დავთანხმდებოდი..."

"მე ჩემ თავს არ ვთვლი კომედიოგრაფად. სიცილი ჩემთვის თვითმიზანი არ არის, თუმც, ალბათ, შემეძლო მხოლოდ სასაცილო ფილმები გადამეღო. ჩემთვის სიცილი თხრობის მეთოდია - მე სხვაგვარად არ შემიძლია..."
გიორგი დანელია

არავის არ შეუძლია, გამოხატოს არსი მასზე უკეთესად... ჰო, სიცილი მისთვის სათქმელის გადმოცემის ფორმაა და არა ადამიანების გამხიარულების სურვილი. მისი ფილმების ჟანრს, როგორც წესი, ასე განსაზღვრავენ - "კომედია". მაგრამ ამ ფილმების ნახვისას უცნაურ, სევდიან განწყობაზე დგები და ხანდახან კიდეც გეტირება. ამ სიცილ-ტირილში კი გრძნობ, რომ რაღაც სულ სხვა, რაღაც სუფთა იღვიძებს შენში და ამიერიდან უკვე ცოტათი მაინც სხვაგვარი ხდები.
გიორგი დანელია თბილისში დაიბადა, 1930 წლის 25 აგვისტოს. 1955 წელს მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი დაამთავრა, 1959 წელს - უმაღლესი სარეჟისორო კურსები.

რჩეული ნაწარმოებები:
"სერიოჟა" - 1960 წელი, კარლოვი ვარის
საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზი
"დავდივარ მოსკოვის ქუჩებში" - 1963 წელი, პრიზები: კანი, მილანი, რომი
"არ დაიდარდო!" - 1969 წელი, პრიზები: მარ დელ პლატა, კარტახენე
"აფონია" - 1975 წელი, პრიზი: ტაშკენტი
"მიმინო" - 1977 წელი, პრიზები: მოსკოვი, აველინო
"შემოდგომის მარათონი" - 1979 წელი. პრიზები: სან-სებასტიანი, შამრუსი
"ქინ-ძა-ძა" - 1986 წელი, პრიზი: რიო დე ჟანეირო
"პასპორტი" - 1990 წელი
"ფორტუნა" - 2000 წელი

" - ვალიკო, თვითმფრინავი და ვერტალიოტი რომ გადავაბათ, რომელი მოერევა"
- ჯაჭვი, რა თქმა უნდა"...
პატარა ბიჭმაც დაუჯერა და შვეულმფრენი ჯაჭვით დააბა. არ უნდოდა, "მიმინო" რომ წასულიყო, მაგრამ შვეულმფრენი ჰაერში აიწია თუ არა, ჯაჭვიც გაწყდა. ის უბრალო რკინა იყო, რკინა კი ვერ აჩერებს იმას, რაც ცაში საფრენადაა მოწყობილი.
დიდი ხნის წინათ თავად გიორგი დანელიას ცხოვრებაშიც გაწყდა ერთი ამგვარი ჯაჭვი. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა არქიტექტორი ერთ-ერთი საპროექტო ბიუროდან "მოსფილმში" მივიდა და უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე ჩააბარა. ცოტა ხნის შემდეგ გამოვიდა პირველი ფილმიც "სერიოჟა". იგი დანელიასა და მისი თანაკურსელის, იგორ ტალანკინის მიერ იყო გადაღებული. "სერიოჟამ" კარლოვი ვარის ფესტივალზე მთავარი პრიზი მიიღო და მას შემდეგ დანელიას შვეულმფრენი მიწაზე აღარ დაშვებულა.
ყოველი გადაღების წინ იგი, ქართული საქორწინო ტრადიციის მსგავსად, თეფშს ამტვრევს და გადამღებ ჯგუფს ბედნიერებას უსურვებს. მერე იწყება მუშაობა. ზოგი ამბობს, რომ მასთან საოცრად რთულია, ზოგი ამბობს, რომ - პირიქით.
ასეა თუ ისე, გიორგი დანელიამ შეჩვევა იცის. იგი ეჩვევა მსახიობებს და მსახიობებიც ეჩვევიან მას. უყვარს ერთი და იმავე ხალხთან მუშაობა. ასე უფრო ადვილიცაა და უფრო შინაურულიც. ყოველთვის მოიძებნება როლი ბუბა კიკაბიძისათვის, ხოლო ევგენი ლეონოვი თითქმის ყველა მის ფილმშია გადაღებული. ამ ფაქტს თავად რეჟისორი ასე ხსნიდა - კარგად მყავს დაცდილიო.
ხანდახან ხდება, მსახიობის გარეგნობა არ შეესაბამება მისი გმირის სცენარულ სახეს. მაგალითად, სერიოჟაზე გარკვევით იყო ნათქვამი - ის ქერა და ცისფერთვალებააო, მაგრამ სამი ათასი ამგვარი ბავშვის "გასინჯვის" შემდეგ დანელიამ როლი შავტუხა ბორია ბარხატოვს მისცა. იგივე მოხდა "არ დაიდარდოს!" გადაღების დროსაც. ბენჟამენი ანუ ბუბა კიკაბიძე გამხდარი და შავგვრემანი იყო, სცენარში კი ეწერა: "წითური, მსუქანი, მოუქნელი..."
გიორგი დანელია თბილისში დაიბადა, მაგრამ "არ დაიდარდოს!" გადაღებამდე იგი საქართველოში არასოდეს ჩამოსულა. ეს მისი პირველი ფილმი იყო სამშობლოში და პირველი ფერადი ფილმი მის ცხოვრებაში. მან პირველად "აიძულა" რეზო გაბრიაძე, სცენარის ექვსი თუ შვიდი ვარიანტი დაეწერა და პირველად მიიწვია კინოში გადასაღებად ესტრადის მომღერალი ბუბა კიკაბიძე.
და ამდენი "პირველისა" და ამდენი ექსპერიმენტის შემდეგ შეიქმნა ერთხმად აღიარებული კინოშედევრი. ხოლო ფრანგული ამბავი ექიმ ბენჟამენის ცხოვრების შესახებ სრულიად ქართულ ამბებად გადაიქცა.
მისი ფილმები მართლაც ძნელი გადმოსაცემია, ძნელად მოსაყოლი, მათ უბრალოდ უნდა უყურო და მორჩა.
რამდენიმე ფილმში გიორგი დანელიას თავადაც მოუწია ეპიზოდური როლის შესრულება, ისე, დაუგეგმავად. საერთოდ დაუგეგმავად მას ბევრი რამ უწევს, მაგალითად: ოპერატორობა, მხატვრობა, კომპოზიტორობა, განსაკუთრებით კი - ეს უკანასკნელი.
მუსიკალური გაფორმება ფილმში მისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ფილმი. იგი თვითონაც უკრავს, უყვარს სინთეზატორზე იმპროვიზება და მანამ არ ეშვება კომპოზიტორებს, სანამ ისინი საჭირო მელოდიას არ დაწერენ. ეს კი, ცოტა არ იყოს, რთულია, რადგან საერთო აზრის მიხედვით დანელიას კარგი გემოვნება აქვს და ყველაფერი როდი მოსწონს. ამაზე, თავის დროზე, გია ყანჩელმა იხუმრა: "შეხედეთ, როგორ გენიალურად ერკვევა ეს ტურა მუსიკაში". და მართლაც, თუ სხვა ფილმებში მუსიკა მხოლოდ დროდადრო გაისმის, დანელიას ფილმში იგი ყოველთვისაა, მაშინაც კი, როცა არ ისმის.
როდესაც მსახიობები გიორგი დანელიაზე საუბრობენ, აქაც, თითქოს რბილი მელოდია ედება ყურს.
ბუბა კიკაბიძე: "ერთხელ, გადაღებაზე, ცუდად გავხდი და ნომერში ამიყვანეს. დილით რაღაცამ შემაწუხა; თვალი გავახილე, ვხედავ საწოლთან გია ზის და სძინავს, თანაც მარჯვენა ხელით ჩემი თითები აქვს ჩაბღუჯული. მთელი ღამე უთევია. ხელი კი იცით, რატომ ჩამჭიდა" გია არაჩვეულებრივად კეთილი ადამიანია და ალბათ (მე ასე ვფიქრობ!) ჰგონია, რომ ხელით შეუძლია ის სითბო და სიკეთე გადმოგცეს, რომლითაც მთელი მისი არსებაა სავსე".
ასეთი სითბოთი, მუსიკითა და გემოვნებით ძალიან ბევრი კინოსურათი შეიქმნა და გავიდა ხალხში...
"არასოდეს არც ერთ დანელიას დაკვრა არ უსწავლია; ისინი უბრალოდ იღებდნენ ინსტრუმენტს და უკრავდნენ". - ამბობს გია დანელიას მეუღლე და ამ ნათქვამში არაფერია გასაოცარი, ეს თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო.
გიორგი დანელია ხშირად ღიმილით აღნიშნავს, რომ მათ ოჯახში შვიდი იურისტია, მაგრამ თუ დანარჩენებს, ანუ ხელოვნების მსახურებს დავითვლით, გაცილებით მეტი აღმოჩნდება.
ვერიკო ანჯაფარიძე მას დეიდად ეკუთვნოდა. დედაც "მოსფილმის" რეჟისორი იყო, მერი ანჯაფარიძე. რეჟისორი და მხატვარი გახლდათ გიორგი დანელიასა და მსახიობ ლუბოვ სოკოლოვას ვაჟიც ნიკოლაი დანელია. სამწუხაროდ, იგი ოცდაექვსი წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო უმცროსი ვაჟი კირილი არაჩვეულებრივად ხატავს.
ამბობენ, რომ იგი მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე ამბავს იღებს. ამბავს, რომელშიც არარეალური ამბები ხდება და რომელშიც არ არიან ძალიან ცუდი და ძალიან კარგი ადამიანები. ის იღებს იმას, რაც სინამდვილეში არაფრით არ იქნება. არავის არ მოუვა აზრად, მართლა ვერტმფრენით წაიყვანოს ძროხა ბაზარში; არც სამსახურში მიმავალი ჩვეულებრივი მოქალაქე აღმოჩნდება უცხო პლანეტაზე; ფრუნზიკ მკრტჩიანიც როგორმე იშოვის მწვანე ფერის სათამაშო ნიანგს, რომელიც დანელიასეულ მოსკოვში მხოლოდ ნარინჯისფერია, მაგრამ ეს ყველაფერი მართლაც ასე რომ მოხდეს, ფილმი სხვა რამეზე გამოვა და არა იმ უსასრულო ადამიანურ სითბოსა და სიყვარულზე, რომლის გადმოცემაც რეჟისორს უნდა.
ბუნებრივია, საქართველოში განსაკუთრებით უყვართ ფილმები საქართველოზე. ანუ ფილმები, რომლებიც რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვითაა გადაღებული: "არ დაიდარდო!", "მიმინო", "ქინ-ძა-ძა", "პასპორტი"...
როგორც გიორგი დანელია იხსენებს, "მიმინოს" გადაღება ერთი დიდი ალიაქოთი იყო. სცენარი განუწყვეტლივ იცვლებოდა და არავინ იცოდა, რა იქნებოდა მერე. თავად ფილმის იდეა კი ასე წარმოიშვა: "მე გამახსენდა რეზო გაბრიაძის მონაყოლი - ერთი მფრინავი, რომელიც სადღაც მთებში ცხოვრობს, ყოველ დილით პერანგითა და სახლის ჩუსტებით გამოდის გარეთ, ვერტმფრენის საბურავს ფეხის მირტყმით ამოწმებს და მიფრინავს..." მთელი ფილმი ამ პატარა ამბავს მოჰყვა. მოულოდნელად გაჩნდა სცენარში ფრუნზიკ მკრტჩიანი, რომლის როლიც ჯერ საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, ხოლო შემდეგ კი ეს გმირი ეროვნებით რუსს უნდა ეთამაშა. შეიცვალა კიდევ ბევრი რამ, დაიწერა შლაგერი "ჩიტო-გვრიტო" და საბოლოოდ "მიმინო" კარგა ხნის განმავლობაში ანშლაგით მიდიოდა საბჭოთა კინოთეატრებში.
რეზო გაბრიაძე: ?ჩემი პირველი შთაბეჭდილება მისი გაცნობის შემდეგ - გაკვირვება იყო. აღმოვაჩინე, რომ დანელია თვითონაც ძალიან კარგად წერს. გულწრფელად გეტყვით, ვერც გავიგე, რისთვის დასჭირდა სცენარისტი. ეს ამბავი ბოლომდე გაურკვეველი დარჩა ჩემთვის. მასთან მუშაობა ერთსა და იმავე დროს ძალიან იოლიცაა და ძალიან რთულიც. იოლია გამოიგონო, ეძებო მოულოდნელი სიუჟეტური სვლები. რთულია ფიზიკურად - თოთხმეტი საათი განუწყვეტელი მუშაობა ყოველდღიურად...
რაც მთავარია, გია დანელია ზუსტად გამოხატავს ეპოქას. იგი ძალიან ძლიერი და ძალიან თანამედროვე რეჟისორია.
ალბათ, ეს არის ყველაზე მთავარი - გიორგი დანელია ფლობს უნიკალურ ნიჭს, იყოს მუდამ აქტუალური და მუდამ თანადროული.
სულ ახლახან გიორგი დანელიას სამოცდაათი წელი შეუსრულდა. მაგრამ დღესაც მასზე წერენ და მსჯელობენ არა როგორც წარსულში დამსახურებულ რეჟისორზე, არამედ ძალიან თანამედროვე და დღეისათვის ძალიან ღირებულ შემოქმედზე.
საოცარია, როგორ შეინარჩუნა გია დანელიამ ყველაზე მთავარი და ყველაზე ფასეული ამ წლების განმავლობაში... მიუხედავად ნგრევისა და გარდატეხების, მიუხედავად დაუსრულებელი სულიერი თუ ეკონომიკური კრიზისებისა, ღირებულებათა ამ მუდმივი გადაფასების ეპოქაში.
არაჩვეულებრივი მსახიობი ევგენი ლეონოვი ერთ ინტერვიუში ამბობდა: ?თუ შემომთავაზებს, მე მას "მასოვკაში" გადაღებაზეც დავთანხმდები, იმიტომ რომ ვიცი, დანელიასთან მუშაობა აუცილებლად იქნება ძალიან საინტერესო და რაღაც სრულიად ახალი..."