ყოველთვის, როცა...

ყოველთვის, როცა უსაშველო პრობლემები შემოგაწვება, როცა გეჩვენება, რომ ამ ყოფიდან გამოსავალი თითქოს არ არის, გინდა იფიქრო რაღაც სხვაზე, ამაღლებულზე, იმაზე, რაც ამ რუტინას დაგაშორებს, ან იფიქრო ვინმეზე, ვინც სულ სხვა ფიქრებსა და გრძნობებს აღგიძრავს...
მაგალითად, იფიქრო მედეა ჯაფარიძეზე...
ახლა, როცა უკვე წლები გვაშორებს და როცა მისი საოცარი ღიმილის ნახვა მხოლოდ ფილმებში და ფოტოებზე შეიძლება, კიდევ უფრო დიდი ტკივილით მოდის უცნაური განცდა რაღაცის ბოლომდე ვერშეგრძნების, ბოლომდე ვერამოხსნის, რაღაცის ვერდაფასების.

და განა მისი ცხოვრება იოლი და მარტივი იყო... ან განა მაშინდელი ყოფა დიდად განსხვავდებოდა ახლანდელისგან, ან განა თუნდაც, იდეალური რომ ყოფილიყო, ოდნავ მაინც უტოლდებოდა იმას, რასაც ასეთი რანგის ადამიანები იმსახურებენ...
მაგრამ მედეას ჰქონდა "ამ ცხოვრების" არშემჩნევის, უბრალოდ - არდანახვის საოცარი ნიჭი, რომელიც მას ყოველთვის ყველაფერზე მაღლა აყენებდა და მუდამ ტოვებდა რაღაც სხვა რეგისტრში, სხვა განზომილებაში, იქ, სადამდეც ჩვენ ვერასოდეს ავმაღლდებით.
მახსოვს, ქუჩაში რომ დავინახავდი, ყოველთვის ვფიქრობდი ამაზე; ისე მოდიოდა, თითქოს მიწას არ ეხებოდა... თითქოს არ მოჰყვებოდა ყოველდღიური პრობლემების უსაზღვრო ჯაჭვი... თითქოს არ იყო ამქვეყნად ყველაზე ლამაზი და თან არ მოჰქონდა უსაზღვრო სიყვარულისა და აღიარების არცთუ მსუბუქი ტვირთი...
"რა დაღლილი მოდიხარ - წამჩურჩულა ერთხელ ქუჩაში შეხვედრისას - თუ გინდა, ყოველთვის ფორმაში იყო, სირბილით უნდა იარო"...
მითხრა და გაფრინდა... მაშინ ჩემს თანატოლ გოგოს თამაშობდა "ანა ფრანკის დღიურში"...

"დღეს, როცა სამყაროში ამდენი რამ ინგრევა და იმსხვრევა, როცა ამდენი საშიშროება ემუქრება კაცობრიობის მშვენიერებას, როცა ასე მოჭარბებულადაა მოძალებული ყველაფერი ყოფითი და მიწიერი, ბედნიერებაა, ხედავდე ისეთ ადამიანს, როგორიცაა მედეა ჯაფარიძე, რომლის შემოქმედებითი ნიჭიერება, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მიიწევს ზევით, მაღალი იდეალებისაკენ და თითქოს შენც მაღლდები მისი შემხედვარე".

ტონინო გუერა.

მედეა ჯაფარიძე ძალიან პოპულარული მსახიობი იყო, აღიარებული და ანგაჟირებული. მაგრამ ამის თქმა, არაფრის თქმაა იმ რეალური გრძნობებისა და დამოკიდებულების გადმოსაცემად, რომელიც ნებისმიერ ქართველს აკავშირებს მასთან.
მედეა ჯაფარიძე გაცილებით მეტი იყო... იგი სილამაზის, სათნოებისა და დახვეწილობის სიმბოლოდ იქცა ჯერ კიდევ სიცოცხლეში. უბრალოდ, მაშინ ამას ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით, ბოლომდე ვერ ვაფასებდით - უბრალოდ ვგრძნობდით.
ახლა გვენატრება... და გვენატრება არა მხოლოდ სიმბოლო და სიამაყე, არამედ სითბო და სათნოება, სილამაზე და ჩვენი დღევანდელი ცხოვრებისათვის ასეთი შეუფერებელი სანტიმენტალობა. გვენატრება მისი სიმღერა და სიმღერასავით საუბარი, მისი გამორჩეული, რომანტიკული ჩაცმულობა, თუნდაც დეტალი - მსუბუქი და მასავით ჰაეროვანი ყელსახვევები. გვენატრება ყოველივე ყოფითისა და ბანალურის მისეული არმიღება, არმიკარება და მისი მომხიბლავი გულუბრყვილობა, რომელთანაც, თურმე, პარადოქსულად შეიძლება იყოს შერწყმული გაუტეხელი ხასიათი, უდიდესი შრომის უნარი, საოცარი სიმტკიცე და თავდადება.

"ძველ ვალსზე" მუშაობამ მედეა ჯაფარიძის კიდევ ერთი, მეტად საგულისხმო თვისება დამანახა - მისი საოცარი "არაყოფითობა" ("არაყოფითობაში" ვგულისხმობ იმ ერთფეროვან, მოსაბეზრებელ და გულისგამაწვრილებელ ყოველდღიურობას, რომელიც ნელ-ნელა, დღითი დღე ცვეთს ყველაზე ძვირფასს, რაც ადამიანს აქვს - მის სულს!)
მედეა ჯაფარიძემ მოახერხა თავისი შინაგანი სამყაროს დაცვა, მისი შენარჩუნება ლამაზად და ნათლად; მას ახასიათებს ყველაფერში კარგის, ლამაზისა და კეთილშობილის დანახვის ტენდეცია, ზეიმის ტენდენცია, რასაც ზოგიერთი სანტიმენტალიზმს უწოდებს და ყველაზე უცნაური და საწყენი ის არის, რომ ეს სიტყვა რატომღაც სალანძღავი ჰგონიათ".

მედეა კუჭუხიძე

მედეა ჯაფარიძის პირველი როლი შუროჩკა იყო ვერიკო ანჯაფარიძის მიერ დადგმულ სპექტაკლში.
იმ ოთხი სეზონის გამოკლებით, როცა რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა და კიდევ ერთი როლის გამოკლებით, როცა გორის თეატრში ანა ფრანკის როლი განასახიერა - მედეა ჯაფარიძის მთელი ცხოვრება მარჯანიშვილის თეატრს უკავშირდება.
ჯულიეტა - შექსპირის "რომეო და ჯულიეტაში", ჭრიჭინა - მარიკა ბარათაშვილის "მარინეში", ელიზა - ბერნარდ შოუს "პიგმალიონში", გულსუნდა - ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილში", კლეოპატრა - ბერნარდ შოუს "კეისარსა და კლეოპატრაში", გულქანა - პოლიკარპე კაკაბაძის "კახაბერის ხმალში", იოკასტე - სოფოკლეს "ოიდიპოს მეფეში", ნინო და მარიამი - ლაშა თაბუკაშვილის პიესებში "ძველი ვალსი" და "შენკენ სავალი გზები" და ა. შ. და ა.შ.
და კიდევ იყო ლექსებითა და მოგონებებით სავსე არაჩვეულებრივი საღამოები...
და იყო კინო... "ქეთო და კოტე"...

"ტკივილიანი მშვენიერების თვინიერ შეუძლებელია გალაკტიონის, ტიციანის, ბორის პასტერნაკის, მარინა ცვეტაევას ლექსების კითხვა. შეუძლებელია ჯულიეტას, კლეოპატრას და სხვათა თამაში, განსხეულება, განსახიერება; ამიტომ მიმაჩნია, რომ მედეა ჯაფარიძის ნაირფეროვან და ნაირგვარ მხატვრულ სამყაროს ტკივილიანი მშვენიერება ამთლიანებს..."

აკაკი ბაქრაძე

დღეს, ალბათ, არ ღირს მედეა ჯაფარიძის ბავშვობასა და ოჯახზე წერა, ოჯახზე, რომელმაც მისი ეპოქის ადამიანთა უმძიმესი ხვედრი გაიზიარა. მედეა კი ამ უმძიმესი წლების შედეგად უფრო მეტად კეთილშობილი და სათნო გახდა, უფრო მეტად გულისხმიერი და მოსიყვარულე.
... ორმოციანი წლების მიწურული იყო, მედეა მოსკოვში იმყოფებოდა შემოქმედებით მივლინებაში. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, თავისი ოცნებისათვის შეესხა ფრთები და მოსკოვის სამხატვრო თეატრთან არსებულ ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სტუდიას მიაკითხა თეატრალური კურსის მოსასმენად. მაშინ "მხატის" სტუდიაში თავისუფალ მსმენელად არავის იღებდნენ, მაგრამ დირექტორმა გამონაკლისი დაუშვა: - თქვენ როგორ მოიქცეოდით, ანგელოზი რომ გამოგცხადებოდათო? - ამბობდა თურმე.
და სწორედ ამ დროს გამოჩნდა მედეა ჯაფარიძის ცხოვრებაში მისი რაინდი...
"რეზომ გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როგორ ლექსებს წერდა, ნამდვილი მზეჭაბუკი იყო, თანაც ქალებისაგან უარს მიუჩვეველი... ვგრძნობდი, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი გრძნობის წინაშე დამაყენებდა და ჩემდა უნებურად ვუფრთხოდი..." - იგონებდა მედეა ჯაფარიძე.
ვინც ამ წყვილს იცნობდა, იცის... გადაჭარბება აქ ძნელია, ამ ორი საოცარი ადამიანის საოცარი სიყვარული მართლაც რომ საარაკო იყო. ულამაზესი წყვილი... ლამაზი ამ სიტყვის ყველა გაგებით: ლამაზი - გარეგნობით, ლამაზი - სულით, ლამაზი - საქმით, რომელსაც ისინი აკეთებდნენ.

"ერთხელ ახალშეუღლებული მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში შევიდნენ თურმე... სანამ თავისუფალ მაგიდასთან მივიდოდნენ, მთელი დარბაზი მათკენ შემობრუნდა. ორკესტრმა დაკვრა შეწყვიტა, ჯერ აღტაცებული ხმები გაისმა, მერე კი დარბაზში ტაშმა იქუხა. დიახ, სილამაზეს დაუკრეს ტაში".

მალხაზ აბდუშელიშვილის მოგონებიდან.

ხანდახან ხდება, გონებას უნდა, ჩვეულებრივ მოკვდავთ დაგვანახოს თავისი ძალა... და შეაერთა თავისი ძალით ბედმა ქალური კდემა და ვაჟკაცობა, ნიჭიერება და სილამაზე, გრძნობა და გონება...
მედეა ჯაფარიძე და რევაზ თაბუკაშვილი...

"ბევრი უმღერის შენს ჯულიეტას. შენს სილამაზეს, შენს ნიჭს. მინდა გითხრა, მინდა გამოგიტყდე, მაშინ მე ვფიქრობდი, რომ შენი ჯულიეტა ასე მშვენიერი დაბადა შენმა განწყობამ, შენმა გატაცებამ და დიდმა სიყვარულმა პირად ცხოვრებაში"

მარინე თბილელი

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის მთელი ცხოვრება სიყვარულისა და ოჯახური ჰარმონიის ნიმუში იყო. უფაქიზესი და დახვეწილი ურთიერთობა. უკანმოუხედავი მსხვერპლშეწირვა... ალბათ, ამიტომაც იყო ორივე თავიანთ შემოქმედებაში ესოდენ გამორჩეული...
ისინი დიდები იყვნენ, მართლა დიდები - ნამდვილი ვარსკვლავები... მაგრამ ყოველთვის ხალისიანნი და უბრალონი, მომღიმარნი და გულგახსნილნი, "ვარსკვლავთა ავადმყოფობა" კი არა, უბრალოდ საკუთარი თავით კმაყოფილება არასოდეს არავის დაუნახავს მათში.

"ხელოვნებაში ისე უნდა შევარდე, როგორც ზღვაში, გაშიშვლდე ბოლომდე. ჩაყვინთო და კვლავ ამოცურო. ცურვა გალაღებდეს და გახალისებდეს.
თქვენ ორივენი ასეთი მოცურავეები ხართ."

ბორის პასტერნაკი

ამ ოჯახის კარი ყოველთვის ღია იყო და ზღურბლიდანვე იწყებოდა გზა უცნაურ ზღაპარში. შინაურულ, თბილ და ლამაზ ზღაპარში, სადაც "დიდები" ყოველთვის მოგისმენდნენ როგორც თანატოლს, დაგიყვავებდნენ და გაგხდიდნენ ათასჯერ მაღალს, ვიდრე იყავი... და ამ ზღურბლს მიღმა, ამ ზღაპარში იყო კიდევ ერთი გმირი, ლაშა - "ლაშიკო". ასეთივე თბილი და "სხვანაირი"... მერე კი იყვნენ მედიკო-უმცროსი - ლაშას მეუღლე და მერე რეზიკო-უმცროსი, "ბომბო"...
"ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს..." შექსპირის სონეტების არაჩვეულებრივი თარგმანი უსაყვარლეს მეუღლეს მიუძღვნა ბატონმა რეზომ.
უკვე ბოლო ჟამს, როცა მძიმე სენით გათანგული ბატონი რეზო ტკივილებს მისებური ვაჟკაცობით უმკლავდებოდა, ქალბატონმა მედეამ, საავადმყოფოს კედელს მიყრდნობილმა, უცნაური სიმშვიდით მითხრა: "თურმე, რა მწარე საზღაური უნდა გაიღო ბედნიერების სანაცვლოდ"...
ალბათ, იგივე იფიქრა ლაშამ, როცა უკვე...
რა ძნელია, მედეა ჯაფარიძისა და რევაზ თაბუკაშვილის შვილობის ტვირთი ატარო.
ერთ-ერთ ინტერვიუში ლაშა თაბუკაშვილი ამბობს: "რაც ჩემს ოჯახში, ჩემი მშობლებისგან მიგრძვნია, ის გახლდათ, რომ რეზო და მედეა სამშობლოს წინაშე თავიანთ ღვაწლს კი არ მოიხსენიებდნენ, იმით კი არ ამაყობდნენ, თუ რა გააკეთეს საქართველოსთვის, არამედ იმაზე ფიქრობდნენ, რა ვერ მოასწრეს, რა ვერ გააკეთეს სათაყვანებელი ქვეყნისთვის..."
რა ვერ მოასწრეს...

"სხვა რომ არ იყოს, ჩვენ ამ ლამაზი
ქალების ეშხი დაგვიფარავდა,
თორემ მტერს ისიც კი შეაშინებს,
ერთხელ ხმამაღლა რომ თქვა - მარაბდა!"

ლადო ასათიანის ეს სიტყვები მედეა ჯაფარიძესთან დაკავშირებით მოიგონა ერთხელ მალხაზ აბდუშელიშვილმა.
სხვა რომ არ იყოს, ჩვენ მართლაც მხოლოდ მედეა ჯაფარიძის ეშხი დაგვიფარავდა, თორემ ქართველებს რევაზ თაბუკაშვილისთანა ვაჟკაციც გვყავდა.

მარინა ვაშაყმაძე