გარეჯი

ეს ამბავი ერთ დიდ სიჩუმეზეა... სიჩუმეზე, რომელიც არც მშვიდი ზღვის სანაპიროზე იგრძნობა, არც მთაში, უქარო ამინდისას და არც მოწმენდილი ცის ქვეშ გარინდებულ კლდეებში... ეს დავით გარეჯის სიმშვიდეა. უფრო სწორად, ამ გაქვავებული ქაოსის ხმაური. იქნებ სწორედ ამ იდუმალების გამო დაარქვეს მას უდაბნო; იქნებ ამიტომაც ენატრებოდა ყოველთვის დავით გარეჯს მიწიდან ამოხეთქილი წყლის ხმა, რითაც ასე მდიდარია მთელი საქართველო. ალბათ, ესეც ბუნების კანონზომიერება იყო: სწორედ აღმოსავლეთ საქართველოში, გარე კახეთში, გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე, ოცდახუთი კილომეტრის მანძილზე უნდა გადაჭიმულიყო კლდეში ნაკვეთი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და საუკუნეები გაექვავებინა... "მოჟანგული ცისარტყელა ქანები, რუხჩაკრული ბორცვები, მუქყვითელა ტაფები და ოდრიკალები... ელვასავით ნაკლაკნი ბასრი ნაპრალი, ჩაკვეთილი კლდე და მრავალქვაბთა თუ ნაშენთა ზვიადი მდუმარება სულშიაც მყარდება... აქ ყველაფერი ქვაკუთხურია, წინაპრული და ვეებერთელა; ჯერ ამოუკითხავ წიგნის დარად დევს კაბადონგაშლილი ათასფურცელი..." ასე აღწერა გარეჯი ქართველმა მწერალმა ლევან გოთუამ...
როცა გგონია, რომ ყველაფერი ნახე და აღარაფერი გაგაკვირვებს; როცა დარწმუნებული ხარ, რომ დროში მოგზაურობა მხოლოდ ლამაზ ფილმებშია შესაძლებელი, იქნებ ზუსტად მაშინ იხილო დავით გარეჯი და მიხვდე - ყველაფერი წინ გაქვს...
"წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე ერს ისტორია არა აქვს, მიეცით მას გარეჯი და ბრწყინვალე ისტორია ექნება," - ამას ნიკო კეცხოველი წერდა, დიდი მეცნიერი.
და მაინც, ილარიონ ქართველის ცხოვრების მეტაფრასული რედაქციის ავტორის სიტყვით: "ადგილი იგი უდაბნო და ყოვლითურთ განშორებული იყო სოფლისაგან, ფიცხელ ფრიად და უნუგეშინის-ცემო." სწორედ ამ ადგილას, VI საუკუნის პირველ ნახევარში დაუარსებია პირველი მონასტერი "ცამეტ ასურელ მამათაგან" ერთ-ერთს - დავითს. ამ მონასტერს დავითის ლავრას უწოდებენ დღეს. ეს არჩევანი არც იყო გასაკვირი, ჭეშმარიტ მორწმუნეებს ედემი არასოდეს აურჩევიათ "დასაყუდებლად", სარწმუნოების გავრცელება-დამკვიდრებას ისინი მიუდგომელი, ძნელად ფეხმოსაკიდი ადგილებიდან იწყებდნენ, იქ ყრიდნენ ფესვებს...
დავითი მარტო არ ყოფილა, გარეჯის მრავალმთაში მას ახლდნენ მისივე მოწაფე - ლუკიანე "ადგილობრივ მკვიდრთაგან" და მონაზონი დოდო - "ნათესავით და ქვეყნით კახი". სწორედ მათთან ერთად დაიწყო შენება, მათთან ერთად გაისმა პირველი ლოცვა. მოგვიანებით, დოდოს მიერ დაარსებულ ეკლესიას დოდოს რქა დაერქმევა, ლუკიანეს მიერ დაარსებულს კი - ნათლისმცემელი. ადვილი როდი იყო წამოწყებული საქმე: ეკლესიები, სენაკები, სატრაპეზოები, სამეურნეო სათავსოები - ყველაფერი ხელოვნურ გამოქვაბულებში იყო მოთავსებული. ბრტყელჭერიანი, კამაროვანი, გვირგვინოსანი, კლდეში ნაკვეთი ეკლესიების ქალაქად იქცა მალე დავით გარეჯი...
ახლა ისეთი სიჩუმეა იმ ლაბირინთებში, ისეთი სიცარიელე დარბაზებში, ისე აკლია სათვალთვალო კოშკს მახვილი თვალი... ეს ყველაფერი მაშინ ცოცხლობდა, მაშინ ჩქეფდა, მაგრამ ეს მჩქეფარებაც ჩუმი იყო, ისევე, როგორც ბერების მიერ გაკეთებული კეთილი საქმე. თითქოს ცხოვრების ასეთ წესში იმალებოდა უმთავრესი საიდუმლო... დავით გარეჯის კარიბჭის მიღმა არსებული პატარა სამყარო. ეს კარიბჭე ასეთი სიტყვებით იღებდა მიმსვლელს: "განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მას შინა და აუვარო უფალსა. ესე არს ბჭე უფლისა და მართალნი შევლენ ამას შინა."
ერთი ასეთი ამბავიც შემორჩა დღემდე დავით გარეჯელზე: წმინდა ადგილების მოსალოცად წასულს, სამი ქვა წამოუღია საქართველოში. ღმერთმა, თურმე, სიზმარში ანგელოსი მიუვლინა იერუსალიმის პატრიარქს და დაავალა, დასწეოდნენ დავითს, ეთხოვათ, ორი წილი ქვა დაებრუნებინა იერუსალიმისათვის, რომ მთლიანად არ წართმეოდა მადლი, ხოლო დავითს ერთი ქვა წაეღო თავისი უდაბნოსთვის "სახსოვრად და საუწყებლად სარწმუნოებისა მისისა..." ასეც მოხდა და მერე ის სასწაულმოქმედი ქვა კურნავდა, თურმე, ყველას სნეულებისაგან... იქნებ ეს ქვა მტრის გაძლება-მოგერიებაშიც შველოდა დავით გარეჯს, ვინ იცის. მტერი კი ხშირი იყო და მრავალი. XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევებმა არაერთხელ შეასუსტა გარეჯის მაჯისცემა. 1615 წლის აღდგომის ღამეს შაჰ-აბასის მეომრებმა 6000 გარეჯელი ბერი დახოცეს თურმე... ამ ადგილს კიდევ ერთხელ დაემუქრა გაუკაცრიელება, მიტოვება, როგორც ძალიან ადრე, ასეული წლის წინათ...
არქეოლოგები დღემდე ბჭობენ იმის შესახებ, რატომ უნდა მიეტოვებინა ძვ.წ.აღ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის ადამიანს იქაურობა. სწორედ ამ პერიოდის ნამოსახლარები შემოინახა გარეჯის მიწამ... ერთ-ერთ მიზეზად უწყლობას ასახელებენ. სხვათა შორის, უკვე მოგვიანებით, გარეჯის მონასტრის არსებობის პერიოდში აქ მხოლოდ ერთი წყარო ყოფილა დავითის ცრემლებად სახელდებული. ამ წყაროს წყალი უკლავდა წყურვილს მეუდაბნოეთ. ამ გაქვავებულ ქალაქში, ჩქამიც რომ უდიდეს ექოს გამოსცემს, 19 ეკლესიაა მიკვლეული; თეთრი სენაკები, შავი სენაკები, თეთრი უდაბნო, წამებული, ნათლისმცემელი, დოდოს რქა, ჩიჩხიტური, წმინდა დავითის ლავრა, უდაბნო, ვერან გარეჯი, ბერთუბანი... მდინარე ივრის აუზში მდებარე საბერეები (ადრე მღვიმისა და მაღაზანას სახელით ცნობილი) ბერების სერი, ქოლაგირი, პირუკუღმარი, დიდი ქვაბები, კოწახურა... უცნაურია მათი სახელები, მათი კლდეში კვეთის ფორმა; ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ შეებრძოლებოდა ქვას, ვერ გაუძლებდა კედლების ბოლომდე აყვანას...
დავით გარეჯი სამეფო მონასტერი იყო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. თვით მეფეები პატრონობდნენ მას, ზრუნავდნენ მისთვის. იქაურ ბერებს კი განსაკუთრებული პატივი და პრივილეგია ენიჭებოდათ - მათ უფლისწულის აღზრდის უფლება ჰქონდათ. ეს ურთიერთშეთანხმებული კავშირი ერობასა და ბერობას შორის ისევ ქვეყნის სიმტკიცეს უწყობდა ხელს, ქვეყნის კულტურული ცხოვრების განვითარების ერთგვარი სტიმული იყო. დავით გარეჯის ლიტერატურულ სკოლაში, რომელიც XVII საუკუნის დამლევს შეიქმნა, ერიც იღებდა განათლებას და ბერიც. რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მუშაობდა, თურმე, მაშინ ეს სკოლა. იქნებოდა ეს ჰაგიოგრაფიულ-ჰიმნოგრაფიული კრებულების შექმნა, დოგმატურ-პოლემიკური ლიტერატურის დამუშავება თუ, უბრალოდ, კულტურული საქმიანობა (ბიბლიოთეკები, ხელნაწერთა გამრავლება და ასე შემდეგ). გარეჯის კულტურულ ცხოვრებას მაშინ სულხან-საბა ორბელიანი უწევდა მეთვალყურეობას...
დავით გარეჯის ცხოვრება ახლა მის ფრესკებზე გადასულა თითქოს... მადლობა უფალს, ეს ფრესკები, ნაწილი მაინც, ისევ არსებობს - წლების მანძილზე უმოწყალო განადგურებას რაც გადაურჩა... და აქ მხოლოდ საუკუნოვან შემოსევებსა და დამპყრობლებს როდი ვგულისხმობთ, არამედ ახალთ...
ალბათ, ყველას კარგად ახსოვს არცთუ ისე შორეული წარსული, როდესაც სტუდენტები, ჟურნალისტები და მეცნიერები ერთხმად მოითხოვდნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს არსებული სამხედრო პოლიგონის გაუქმებას. იმართებოდა საპროტესტო აქციები, იყო ხმაურიანი გამოსვლები. მაშინ საქართველოსთვის დავით გარეჯიდან "რუსის ჯარის" გასვლა არამარტო ამ ძეგლის გადარჩენას და აქ ღვთისმსახურების აღდგენას ნიშნავდა, არამედ - ერის ღირსების დაცვასაც და ეროვნული მოძრაობის დიდ გამარჯვებასაც. ეს ყველაფერი თითქოს მაშინ დამთავრდა. თითქოს ბოლო მოეღო სამხედრო პოლიგონისა და სამონასტრო კომპლექსის მეზობლობის მძიმეშედეგებიან ისტორიას. მაგრამ გავიდა დრო და გაირკვა, რომ თოთხმეტსაუკუნოვანი გარეჯის კედლებს კვლავ აზანზარებს საარტილერიო ზალპებისა თუ საავიაციო ყუმბარების დამანგრეველი ძალა. ამჯერად, "რუსის ჯარის" ნაცვლად, ქართველი სამხედროები აღმოჩნდნენ "მოწინააღმდეგეთა ბანაკში"... საბედნიეროდ, დღეს ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა...
დავით გარეჯის ეკლესიები, ტალანები, კედლები, ქვათლილი კიბეები, ახლა უკვე "ღია მუზეუმად" ქცეული, გაზაფხულობით, კერძოდ კი მაისის თვეში, "გარეჯობის" დღესასწაულზე დროებით ივიწყებენ დუმილის აღთქმას. ერთდღიანი ხმაურისა და ხალხმრავლობის მერე კი გარეჯი ჩვეულ, იდუმალ სიმშვიდეს იბრუნებს. იქნებ იმიტომაც, რომ მან თავისი სიტყვა უკვე თქვა.

ეკა ქევანიშვილი