სამი "ეპიკური" დღე თბილისში

EPICA - ევროპული რეკლამის ფესტივალი. იგი 1986 წელს დაარსდა, 1987 წლიდან დღემდე ფესტივალი ყოველ წელს პარიზში იმართება და სათაო ოფისიც იქვეა. ენდრიუ როულინზი "ეპიკას" პრეზიდენტია. "ეპიკას" დევიზია: "გამოვიდეთ ქვეყნიდან, მაგრამ არა ევროპიდან." ამიტომ ფესტივალის საზეიმო ცერემონიალი ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდება.
ULTRA - რამდენიმეეტაპიანი პროექტის სახელწოდება საქართველოში; გადაცემა ტელევიზიის პირველ არხზე; ასევე - 1999 წელს თბილისში ჩატარებული "ეპიკას" სარეკლამო რგოლების ჩვენებებისა და 2000 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე საქართველოში "ეპიკას" დღეების ორგანიზატორი. პროექტ "ულტრას" ავტორები არიან მიხო ქოჩაკიძე, გიორგი ებრალიძე და ზურაბ მაღალაშვილი.
მაგთი GSM - ამჯერად გადაცემა "ულტრასა" და საქართველოში "ეპიკას" დღეების გენერალური სპონსორი.
"ეპიკას" დღეების ორგანიზატორები იყვნენ: გადაცემა "ულტრა", საქართველოს ტელევიზია და კომპანია "ქართული ტელეფილმი".
სულ ცოტა ხნის წინათ "ეპიკას" მნიშვნელობა დაინტერესებულთა და სპეციალისტთა ვიწრო წრემ თუ იცოდა მხოლოდ და კიდევ - გადაცემა "ულტრას" მაყურებელმა. აგვისტო-სექტემბერში კი მის შესახებ ყველამ გაიგო. დიდი ხანია, ჩვენთან ასეთი ხმაურითა და ინტერესით არაფერი ჩატარებულა. საითაც არ უნდა გაგეხედა - ჟურნალ-გაზეთებში, რადიოსა თუ ტელევიზიაში ყველგან EPICA - ULTRA - მაგთი-GSM -ზე იყო ლაპარაკი. ასეთი რეკლამა, ალბათ, მხოლოდ რეკლამისთვის თუ კეთდება.
"ეპიკას" პირველი დღე "კინოს სახლში" შედგა, მაგრამ პირველ დღემდე იყო ბევრი დღე - რთული და მძიმე; იდეა და გზების ძიება იდეის განსახორციელებლად, პირველი ნაბიჯები და პირველი წარმატებები.
მიხო ქოჩაკიძე: "1994 წელს მოსკოვში რუსთაველის თეატრთან ერთად გასტროლებზე ვიყავი. იქ გავიცანი მაქსიმ პლიუსნინი. შარშან გავიგე, რომ მაქსი გახდა "ეპიკას" წარმომადგენელი დსთ-ში. გამიჩნდა პროექტის შექმნის იდეა, დავუკავშირდი მაქსს და ცოტა ხნის შემდეგ თბილისში ჩამოვიყვანე. აქ რამდენიმე ადგილას, TMS-გალერეაში, კინოს სახლში, თეატრალურ სარდაფსა და ART-კაფეში "ეპიკას" სარეკლამო რგოლების ჩვენება მოვაწყვეთ. პროექტის მეორე ეტაპი იყო სატელევიზიო გადაცემის გაკეთება და 2000 წლის მარტში, ეთერში პირველი გადაცემა გავიდა. შემდეგი ეტაპი კი, უკვე "ულტრას" ფარგლებში ამ დღეების ჩატარება იყო. მართლა თავდაუზოგავად ვიმუშავეთ მეც, გიორგიმაც, ზურამაც და მთელმა ჩვენმა ჯგუფმაც.
რაც შეეხება მაგთის, ეს არაა მხოლოდ სპონსორობა, ეს უფრო მეცენატობა გამოვიდა. ვფიქრობ, მართლაც კარგი საქმეა. ჩვენთვის კი არა, სხვებისთვის, რომ მიეცა მაგთის მსგავსი რამის გაკეთების შესაძლებლობა, მე მაინც მადლობელი ვიქნებოდი. ახლა - მით უმეტეს..."
პირველი დღე პრესკონფერენციით დაიწყო და რთული სამუშაო გრაფიკით გაგრძელდა. სამი დღის მანძილზე თექვსმეტი ლექცია წაიკითხეს თავისი მასალის ჩვენებით. მონაწილეთათვის აკრედიტაცია სიმბოლური იყო. "კინოს სახლში" პირველსავე დღეს უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. იყვნენ რეკლამის "აქაური" მწარმოებლები, მასმედიის წარმომადგენლები და უბრალოდ, ის ხალხი, ვინც კარგად იცის სერიოზული რეკლამის ფასი. უცხოელ სტუმრებს შორის თავად "ეპიკას" პრეზიდენტი ენდრიუ როულინზი გახლდათ. ჩამოსული იყო, აგრეთვე, "ეპიკას" წარმომადგენელი დსთ-ის ქვეყნებში მაქსიმ პლიუსნინი; ასევე - რუსეთის "რეკლამის მუზეუმის" დირექტორი სერგეი ჩერედნიჩენკო, რომელმაც "თბილკრედიტ ბანკის" საგამოფენო დარბაზში გამოფინა ექსპონატები სერიიდან "სავაჭრო-სამრეწველო რეკლამა რუსეთში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში". სხვათა შორის, "ულტრას" ავტორები მსგავსი მუზეუმის დაარსებას აპირებენ საქართველოშიც.
სამი დღის მანძილზე ხალხმრავლობა არ შეწყვეტილა. დანიშნულ დრომდე ნახევარი საათით ადრე მისვლას თუ ვერ მოახერხებდი, მერე დარბაზში შეღწევა თითქმის წარმოუდგენელი იყო, განსაკუთრებით კი სარეკლამო რგოლების ჩვენებების დროს. ერთ-ერთი რეკლამის ჩვენებისას მთელ დარბაზს ისტერიული სიცილი აუტყდა, ერთი მაყურებელი კი იმდენ ხანს და ისე ხარხარებდა, რომ ამ ფაქტმა ენდრიუ როულინზიც გაამხიარულა და რეკლამა ორჯერ გაიმეორა. "ეპიკას" დღეებზე ქართული რეკლამებიც აჩვენეს...
მიხო ქოჩაკიძე: "სამი დღის განმავლობაში 500-მდე სარეკლამო რგოლი იყო ნაჩვენები. როულინზი საოცრად კმაყოფილი დარჩა ჯერ ქართული მაყურებლის გემოვნებით, მერე კი ქართული სარეკლამო რგოლების დონით და საერთოდ, ქართული მხარის საქმიანი, სერიოზული დამოკიდებულებით. ჩვენ არ გვყოლია გამარჯვებული, თერთმეტი წამახალისებელი სიგელი გადავეცით საუკეთესო ქართული რეკლამების ავტორებს. თერთმეტივე რეკლამა კიევის საერთაშორისო ფესტივალზე გაიგზავნა და აქედან შვიდმა პირველი ადგილი აიღო. სამი რეკლამა "ეპიკაში" მიიღებს მონაწილეობას, ერთ-ერთია კიევის ფესტივალზე გამარჯვებული გიორგი ებრალიძის "ქვევრები", მაგთი შ -ის რეკლამა, რომელიც "ნეოსტუდიაშია" გადაღებული..."
"კინოს სახლში" თითქმის ყველა სახის რეკლამა იყო წარმოდგენილი - ვიდეო, პოლიგრაფია, გარე რეკლამა, მომავალი წლისთვის კი გადაწყვეტილია, აუდიორეკლამებიც დაემატოს. რაც შეეხება კატეგორიებს, აქ ყველაფერი იყო, საკვები პროდუქტებიდან დაწყებული სამედიცინო აპარატურით დამთავრებული, "ეპიკას" მთელი ცამეტი წლის საუკეთესო კოლექცია. ვინც წლების მიხედვით გაადევნა თვალი რეკლამის განვითარებას, დარწმუნდა, რომ საოცრად შეიცვალა რეკლამების შესრულების ხარისხი, შინაარსი და რიტმი. 99 წლის კოლექციაში არის ბევრი იუმორი, უზარმაზარი ინფორმაცია და დახვეწილი ტექნიკა. "ეპიკას" ჟიურიში მხოლოდ სარეკლამო გამომცემლობები შედიან. ამიტომ, როგორც ამბობენ, ის აბსოლუტურად ობიექტურია და საერთაშორისო რეპუტაციაც საკმაოდ მაღალი აქვს.
ახალი "ამ ცისქვეშეთში" აღარაფერია, ახალი შეიძლება იყოს ფორმა. როგორც ამბობენ, რეკლამაში მთავარი იდეაა, შემდეგ იდეის ხარისხიანი შესრულება და, ბოლოს - სწორად დაგეგმილი სარეკლამო კამპანია. საქართველოში იდეების ნაკლებობას არ უჩივიან, მაგრამ სარეკლამო ბაზარი ჩამოყალიბებული არ არის, ასევე არ არის სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, ამიტომ ბევრი პრობლემა იქმნება.
მიხო ქოჩაკიძე: "ახლა უცხოელ პარტნიორებთან გვაქვს მოლაპარაკებები, რომ საქართველოში დიზაინისა და რეკლამის სკოლა დავაფუძნოთ; მათთან ერთად მასტერკლასები და სემინარები ჩავატაროთ; როგორღაც უნდა შეიცვალოს დამკვეთების დამოკიდებულება, უნდა მოხდეს კარგი და გემოვნებიანი რეკლამის პოპულარიზაცია. ჩემი გადაცემის მიზანიც ეს გახლავთ. რეკლამა თანამედროვე მსოფლიოში ხელოვნებად მოიაზრება. მასში ყველაფერია - ლიტერატურა, მუსიკა, კინო. რეკლამაზე მუშაობს სცენარისტი, რეჟისორი, კომპოზიტორი, მსახიობი, ოპერატორი, მხატვარი და პროდუქტი მაშინ გამოდის კარგი, როცა ყველა ეს რგოლი აწყობილია..."
"ეპიკას" დღეების დახურვა "თბილკრედიტ ბანკის" შენობაში მოეწყო. იყო ბევრი სტუმარი და საოცარი განწყობა, სამომავლო გეგმებზე საუბარი და კარგად გაკეთებული საქმის სასიამოვნო შეგრძნება.
შარშან "ეპიკას" საზეიმო ცერემონიალს დუბლინი მასპინძლობდა. "ულტრას" ავტორები ამბობენ, რომ ეს ცერემონიალი ერთ მშვენიერ დღეს თბილისშიც ჩატარდება, მანამდე კი, 2001 წელს, უკვე XXI საუკუნეში, თბილისში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი ULTRA გაიმართება.