გზა მაღალი მოდისაკენ...

ერთ დღეს რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მიდიოდა. გამომსვლელები მეგაფონებით იყვნენ "შეიარაღებული"; ჟურნალისტები ინტერვიუებს იწერდნენ; პოლიცია წესრიგს ამყარებდა; მოკლედ, ხმაური იყო. უცებ ტაქსი გაჩერდა და მანქანიდან ორი გოგო გადმოვიდა - წითელ და უცნაურ ტანსაცმელში გამოწყობილი: რუსული სამხედრო ჩექმებითა და ვარსკვლავიანი რუსული სამხედრო ქუდებით, ერთ-ერთს წითელი საბჭოთა დროშა ეჭირა. "ააუუჰ!" - წამოიძახეს პოლიციელებმა და ყველა მათკენ შემობრუნდა. ჟურნალისტებმა სასწრაფოდ გაარკვიეს, რომ აქციის მხარდასაჭერად მოსული გოგონები თბილისელი მოდელიერები ნათია ბახტაძე და თამთა ჭოველიძე იყვნენ, "დამშოკავი" წითელი ტანსაცმელი კი მათი ბოლო კოლექციიდან იყო.
ვინც ქართულ მოდაში გარკვეულია და ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას გამართული ჩვენებებიც არ გაუცდენია, ალბათ, მისთვის ნათია ბახტაძე და თამთა ჭოველიძე უცნობი სახელები არ იქნება. ნათია და თამთა სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის, მოდელირების კათედრის მეოთხე კურსის სტუდენტები არიან. მოდის სამყაროში მათ საკმაოდ კარგად იცნობენ. საქმეში ჩახედული ხალხი კი იმასაც ამბობს, რომ ისინი დღეს, საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხელწერის მქონე, ორიგინალური ნამუშევრების ავტორები არიან.
პირველი ჩვენება ნათიას 1996 წელს კლუბ "აურაში" ჰქონდა, თუმცა, მანამდე პოდიუმზეც გამოდიოდა. თამთას პირველი ჩვენებაც 1996 წელს შედგა კლუბ "ახალგაზრდულში". მაშინ ისინი პირველკურსელები იყვნენ - ჯგუფელები და ორივე ცალ-ცალკე მუშაობდა. იმ წლებში კი "აურას" ძირითადი სტუმრები ქართული ანდერგრაუნდის წარმომადგენლები იყვნენ. ის ხალხი, ვინც თვლიდა, რომ განსხვავებულ, ალტერნატიულ საქმეს აკეთებდა. ერთი წლის შემდეგ თამთამ და ნათიამ "აურაში" უკვე ერთობლივი ჩვენება მოაწყვეს. მერე "აურა" დაიხურა და გასართობი დეფილეებისა და, ცოტა არ იყოს, სასაცილო შემთხვევების ეპოქა დაიწყო.
ნათია: "აურას" შემდეგ იყო პატარ-პატარა შემოთავაზებები. ჩვენებები მოვაწყვეთ " ლიტ-კლუბში", "ბერიკონში" და კიდევ რამდენიმე ადგილას. თუმცა, ეს ყველაფერი ჩვენი სურვილის გარეშე ხდებოდა. არ გვინდოდა, მაგრამ მივდიოდით, მცირე ანაზღაურება მაინც რომ გვქონოდა. ჩვენთან მოდელებს უფრო მეტს უხდიან, ვიდრე მოდელიერებს. რატომღაც თვლიან, რომ მოდელი მუშაობს, კერვა კი მუშაობა არ არის, შეიძლება საერთოდ არ გადაგიხადონ...
თამთა: ერთხელ წაგვიყვანეს რუსთავში, ვიღაც მაჟორიტარი დეპუტატის წინასაარჩევნო კამპანია იყო. ჩვენება ქარხანაში მოვაწყვეთ. მანქანით წაგვიყვანეს, უკან კი რაღაც დანგრეული ავტობუსით გამოგვიშვეს. მთელი ეს ტანისამოსი თავზე გველაგა, საშინელება იყო...
გავიდა დრო და უფრო სერიოზული წინადადებებიც გაჩნდა. მათმა მოდელებმა ფესტივალ "დიზაინი 98"-ზე დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდეგ იყო "ამა 99" და "ამა 2000". წლის დასაწყისში თბილისში გერმანული მოდის ფოტოგრაფიის გამოფენა უნდა ჩამოსულიყო. ამ გამოფენისთვის ნათიასა და თამთას ახალი კოლექციის ჩვენება იყო დაგეგმილი, რომელიც გოეთეს ინსტიტუტმა დააფინანსა. გარკვეული მიზეზების გამო გამოფენა ვერ ჩამოვიდა, მაგრამ აპრილში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში მოწყობილი კინოკონცერნ "უფას" საპრემიერო პლაკატების გამოფენა სწორედ მათი ამ ახალი კოლექციის ჩვენებით დაიხურა. კოლექციას უკვე საავტორო "მარკა" ახლდა, " &თთ" - ნათია ბახტაძე და თამთა ჭოველიძე - ინიციალები, ოღონდ გერმანულად. პრესაში ეს ჩვენება ერთმნიშვნელოვნად კარგად შეფასდა.
"კოსტიუმების დიზაინის საოცარ სისადავეში თამთა ჭოველიძისა და ნათია ბახტაძის დახვეწილი გემოვნება და ამავდროულად მდიდარი ფანტაზია გამოჩნდა... მოდელები კი ისეა მოფიქრებული, რომ მათი ჩაცმა ჩვეულებრივ "ტუსოვკებზე", არტყ-ზე ან სხვა გასართობ შეკრებებზე თავისუფლად შეიძლება. ამავე დროს ისინი სკაფანდრების იმიტაციასაც ქმნიდნენ. ასე შეუთავსეს ახალგაზრდა მოდელიერებმა საუკუნის მოდის ზოგადი ტენდენცია თავიანთ გემოვნებას, კოსმოსი კი - ყოველდღიურობას..." - წერდა ერთ-ერთი გაზეთი.
ნათია: ყველაფრის ჩაცმა შეიძლება, თუ გაქვს ამის სურვილი. თუმცა, არის რაღაცეები, რომელიც ქუჩაში არ გამოგადგება. როცა ვკერავთ, ვფიქრობთ, ამის ჩაცმა კარგი იქნება თუ არა. ჩვენ უმეტესად ჩვენი შეკერილები გვაცვია. როცა ვიწყებთ კერვას, წინასწარ არ ვფიქრობთ, რა და როგორი უნდა იყოს. ერთია, რომ იდეა გაქვს და მეორეა ამ იდეის განხორციელება. ნამუშევარი აზრსა და ფორმას ჭრის პროცესში იძენს. ბოლო კოლექციის შექმნაში ჩვენი კერვის მასწავლებელი ირინა ცინცაძე გვეხმარებოდა, მის სახელოსნოში ვმუშაობდით. ჩვენ ვამბობდით, როგორი გვინდოდა და ჩვენვე ვჭრიდით. მასწავლებელი თავის აზრს არ გვახვევდა, უბრალოდ გვისწორებდა, თუ რამეს ცუდად გავკერავდით. როცა რაღაცა არ მომწონს, ვამბობ და თამთაც ასეა, ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ...
თამთა: ძირითადად ესკიზებს წინასწარ არ ვაკეთებთ. ნახატი სხვა არის, შეკერილი სხვა რამე გამოდის. შეიძლება, დახატო და მერე იმის მიხედვით შეკერო, მაგრამ ისეთი არ გამოვიდეს, როგორიც ესკიზია. მასალებსაც ვცვლით, ამ ბოლო დროს "ლატექსი" მოგვეწონა, "ლილოს" ბაზრობაზე ვიყიდეთ, იაფია და საკმაოდ განსხვავებული. უფრო მეტად კონტრასტულ ფერებს ვიყენებთ. ბოლო კოლექციაში წითელი, შავი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი გვქონდა. აი, წითელმა ფერმა "რუსული" აქციის დროს მაგარი დატვირთვა შეიძინა...
საქართველოში დღეს უკვე ბევრი საუბრობს სერიოზულ მოდაზე. უცხოეთში ტანსაცმლის კეთებასა და ჩვენ რომ თვალს გვტაცებს, ისეთი შოუების მოწყობაზე მილიონები იხარჯება. აქ კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ საქმეში ფულის ჩადებას ყველა ერიდება, არადა, თუ ფული არ იქნა, ისეთს ვერაფერს შექმნი, გასაყიდად რომ ივარგოს.
ნათიასა და თამთას რამდენიმე მოდელი უკვე გაიყიდა. მათი ტანსაცმელი სხვადასხვა გადაცემის წამყვანებსაც ეცვათ, ვიღაცეები აპირებდნენ, კინოშიც გამოეყენებინათ, მაგრამ მსახიობებს არ მოერგოთ; სამაგიეროდ, თეატრალურ ინსტიტუტში, ნიკა შველიძის სპექტაკლში მათი ტანსაცმელი განსაკუთრებულად მოეწონათ. EPICA-ს (ევროპული რეკლამის ფესტივალი, რომლის დღეებიც თბილისში ჩატარდა) დახურვაზე ჟურნალისტი ნინო დანელია, კინომცოდნე თეო ხატიაშვილი და თავად მოდელიერები ამ კოსტიუმებში გამოწყობილი გამოცხადდნენ... და კიდევ, ამ წლების განმავლობაში იყო ლადო ბურდულის სახლი და სანთლების შუქზე მოწყობილი ლამაზი პოდიუმი...
ნათია და თამთა სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში წასვლას აპირებენ.
ნათია: ამ ბოლო დროს ისე მოხდა, რომ ყველამ დაიწყო ტანსაცმლის კეთება. თითქოს ამ საქმეს სურვილის გარდა არაფერი არ სჭირდება. არადა, როცა ამ პროფესიას ეუფლები, ხვდები, რამდენი ნიუანსია, რამდენი რამ, რის გარეშეც ღირებულს ვერაფერს შექმნი. ჩვენ, ბევრისგან განსხვავებით, იმას ვაკეთებთ, რასაც ვსწავლობთ და რაც ვიცით... გერმანიაში არის სპეციალური სკოლა, ვფიქრობთ, ბევრ რამეში დაგვეხმარება; უფასო სწავლებაა და თანაც იქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ვნახოთ, თუ გაგვიმართლებს, კარგი იქნება...
თამთა: ჯერჯერობით ისეთი სერიოზული, უახლოესი გეგმები არ გვაქვს. ფული არ არის და ჩვენც გაჩერებული ვართ. კარგი იდეები არის, მაგრამ... ჩვენ ხომ ყოველთვიურად ახალს ვერ ვქმნით. მაშინ ვმუშაობთ, როცა ამის შესაძლებლობა გვეძლევა. ამ დროის მანძილზე მოდა იცვლება და ჩვენც ვიცვლებით. მუშაობის პროცესში ბუნებრივად მოდის ის, რაც მოდური, თანამედროვე და ახალია. ამისთვის არ არის საკმარისი, ჟურნალები ათვალიერო და დეფილეებს დაესწრო. ამ ყველაფერს შინაგანად უნდა გრძნობდე და ხვდებოდე...
თამთას და ნათიას სამომავლო გეგმების უზარმაზარი სია აქვთ "ჩამოწერილი" და ამ სიის უმეტესი ნაწილი "რატომღაც" საქართველოს უკავშირდება. აპირებენ, რომ თბილისში ქართული მოდის ცენტრი გახსნან. ერთ დიდ სახლში თავმოყრილი იქნება სამხატვრო და სამკერვალო სტუდია, ჩვენებების მოსაწყობი დარბაზი, ბარი და მაგარი დისკოთეკა... როგორც თავად ამბობენ, ეს შორეული ოცნებაა. უფრო ახლოს კი თბილისში პირველი ასჰიონ ჩაფე-ს გახსნაა, სადაც ოფიციანტებად მოდელები და მოდელიერები იმუშავებენ; სადაც ინტერიერის დიზაინი, მენიუ და საერთოდ ყველაფერი მხოლოდ მოდას დაუკავშირდება...
არ ვიცი, როგორი იქნება ეს კაფე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ამ კაფეში ყოველთვის "მაგარი ტუსოვკა", ბევრი ფერი და ბევრი ახალი იდეა იქნება.

ელისო კაპანაძე