ყოველთვის - ტელევიზია...

ანკეტური მონაცემები:
- დაიბადა 1960 წლის 25 ნოემბერს.
- 1985 წელს დაამთავრა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინოს ინსტიტუტი.
- 1977 წლიდან მუშაობს ტელევიზიაში.
- დღეს საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
დახასიათება:
ძალიან იშვიათია, როდესაც ადამიანს ასე ერთსულოვნად ახასიათებენ ოჯახის წევრები, თანამშრომლები და მეგობრები. მათთან საუბარში მაინც გამოიკვეთა ხასიათის ძირითადი შტრიხები - მშვიდი, გაწონასწორებული, ფაქიზი, გემოვნებიანი, არაჩვეულებრივად ყურადღებიანი, ლოიალური თანამშრომლებთან.
ძალიან არ მიყვარს, როცა სტატიის დასაწყისშივე არ ამხელენ რესპონდენტის ვინაობას. მაგრამ ამ შემთხვევაში მინდოდა, სტუდია "მაესტროს" ერთ-ერთი გადაცემის მსგავსად, თქვენ მიმხვდარიყავით, ვისზე ვსაუბრობდი. თუმცა, ჟურნალის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს არ გამომივა.
ასე რომ, თქვენ წინაშეა საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი გიორგი ებრალიძე. ბევრი საინტერესო წამოწყების ავტორი - მეორე არხი, სტუდია "მაესტრო", პირველი არხის სახეცვლილება, პროექტი "ულტრა", "ეპიკას" დღეები თბილისში. რეკლამების დიდი ოსტატი - "სიგმა ბანკი", "მაგთი შ ", პრეზიდენტის საარჩევნო კლიპები. ფესტივალ "მანას" სამგზის პრიზიორი. მოკლედ, ეს ყველაფერი გიორგი ებრალიძის "ბრალია". თუ რატომ, ამას ახლავე შეიტყობთ...
"... რეჟისორობა? როგორ გითხრა, სულ ბოლო მომენტში გადავწყვიტე. მინდოდა, ხელოვნებათმცოდნე ან ბიოლოგი გამოვსულიყავი. მართალია, ჩემმა ბავშვობამ მამის (მამა რეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი - ჯუმბერ ებრალიძე) და ბაბუის გამო (ბაბუა, მამის ბიძა, ცნობილი ქართველი რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე - ლეო ესაკია) კინოსა და ტელევიზიასთან ურთიერთობაში განვლო, რეჟისორობაზე მაინც არ ვფიქრობდი. მახსოვს, მამას "ბაში-აჩუკის" გადაღებებზე დავყავდი, მერე ბაბუასთანაც ფილმიდან შემორჩენილ რეკვიზიტში ვიქექებოდი - მშვილდ-ისრები, ხმლები, შუბები ძალიან მხიბლავდა. მოკლედ, მამაჩემი გაჰყვა ბიძის კვალს, მე - მამისას. ახლა ოჯახშიც სამი რეჟისორი ვართ. ჩემი მეუღლე, ნინო დრამის რეჟისორია, მაგრამ ამჟამად სანდროს აღზრდაზე მნიშვნელოვანი საქმე არა აქვს.
ნინოს ოც წელზე მეტია ვიცნობ. ერთმანეთს ტელევიზიაში შევხვდით. ნინო სატელევიზიო თეატრში მოვიდა. მაშინ თემურ ჩხეიძის ირგვლივ შემოიკრიბა ახალგაზრდობა და ბევრი საინტერესო ტელესპექტაკლიც დადგეს. მე ასისტენტად ვმუშაობდი. დავმეგობრდით. ნელ-ნელა ეს გრძნობა ჩემთვის უფრო ღრმა და ძვირფასი გახდა..."
ნინო: "როგორ ვერ ვხვდებოდი, მაგის მეტი რა გვისწავლია მიშა თუმანიშვილთან, გახედვა... გამოხედვა... რა თქმა უნდა, ვიგრძენი, რომ შევუყვარდი, მაგრამ ვცდილობდი, ჩვენი ურთიერთობა ისევ მეგობრული დარჩენილიყო. მერე, უკვე შეყვარებულები რომ ვიყავით, რატომღაც ვაჭიანურებდი დაქორწინებას. ბავშვობიდან ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი და ცოლქმრული ურთიერთობები არ მიზიდავდა. სისულელეა... ახლა თითოეული ის წელი, როცა ჩემ გვერდით არ იყვნენ გიორგი და სანდრო, ძალიან მენანება.
მართალია, ოჯახში სამი რეჟისორი ვართ. ჩემთვის მთავარია დრამა, მსახიობი, ჯუმბერისთვის - დოკუმენტური კინო, გიორგისთვის..."

გიორგია - ტელევიზია
"ტელევიზიაში სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა, მერე ჩავაბარე ლენინგრადში. ასე ვთქვათ, წარმოებიდან მოუწყვეტლად ვსწავლობდი. სტუდენტები ლენინგრადში სესიების დროს ჩავდიოდით და დილიდან ღამემდე თავდაუზოგავად ვმუშაობდით. დღის პირველ ნახევარში სცენაზე მსახიობის ოსტატობას ვეუფლებოდით, საღამოს კი ტელევიზიაში ვიყავით. კავშირში ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია იყო ლენინგრადში. მაშინ გადავიღე ათწუთიანი საკურსო ფილმი "გელიკონი", მამუკა კიკალეიშვილი თამაშობდა.
80-იანი წლების შუა პერიოდია. ეროვნული მოძრაობის ტალღა აგორდა...
ჩვენს ცხოვრებაში უზარმაზარი, მნიშვნელოვანი ცვლილებების ხანა დაიწყო.
ილია თავიდან აღმოვაჩინეთ. მისი პუბლიცისტიკის მიხედვით გავაკეთე გათანამედროვებული ფილმი-სპექტაკლი თუ ლიტერატურული კომპოზიცია. ძალიან თამამი და თანადროული ნამუშევარი გამოვიდა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ იყო ილიას მკვლელობის ჟურნალისტური გამოძიება. მოკლედ, ცხოვრებისეული ცვლილებები მეც ახლის კეთებისკენ მიბიძგებდა."

ეს მეორე არხია!
"მეორე არხზე ძირითადად აბიტურიენტებისთვის კითხულობდნენ ლექციებს. "ქალაქი ღამით" გახდა მეორე არხის ცვლილების წინაპირობა. იმ დროის ტელევიზიაში მსგავსი კლიპები არ იყო, თუმცა, მე კლიპს არ ვუწოდებ, უფრო ორიგინალურად წარმოდგენილი მუსიკალური ფილმია. ძალიან პოპულარული იყო და მაშინ ჩამოყალიბდა აზრი, რომ ჩვენს ჯგუფს მეორე არხის განახლება შეეძლო. ლექციების კურსი ნელ-ნელა შეცვალა ფილმებმა, მულტფილმებმა, მერე კი..."
მერე კი, მეორე არხის ეთერში გამოჩნდა დიქტორი, რომელმაც ტელევიზიაში წლების განმავლობაში დამკვიდრებული დიქტორის სტერეოტიპი დაამსხვრია და, შეიძლება ითქვას, ზოგისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

- გამარჯობათ;
- ეს მეორე არხია;
- მე სერგი გვარჯალაძე ვარ;
- დარჩით ჩვენთან.
გახსოვთ?

"რეაქცია იყო საშინელი. ატყდა რეკვა, გვლანძღავდნენ. მაგრამ ერთ თვეში სერგი უკვე სუპერპოპულარული გახდა. 91 წლიდან ნელ-ნელა ახალი გადაცემებით გამდიდრდა მეორე არხი. პირველი იყო "პა-სეანსი" - პაროდიული სეანსი. მამუკა ღლონტს და მე პოლიტექნიკურში საერთო მეგობრები გვყავდა, სტუდენტურ ოლიმპიადებს ერთად ვაწყობდით და იქ დავმეგობრდით. მამუკას აღმოაჩნდა ფანტასტიკური იუმორი, იუმორისტული ჩანახატების შეთხზვის არაჩვეულებრივი უნარი. "გეპეის" სტუდენტური თეატრიდან შევკრიბეთ ჯგუფი და "პა-სეანსის" გარეშე მეორე არხი უკვე წარმოუდგენელი იყო. ამას მოჰყვა "პირველი დუბლი", "ორატორი", "დვრიტა TV", შემდგომ - "მზერა", "კალენდარი"...
1996 წელს პირველი სატელევიზიო ფესტივალი "მანა" ჩატარდა და მეორე არხმა გრან პრი მოიპოვა. პრიზებით აღინიშნა გადაცემები, დაჯილდოვდნენ წამყვანები და, რა თქმა უნდა, მეორე არხის მთავარი რეჟისორი გიორგი ებრალიძე.
"მაშინ წვერიანი, უფრო ახალგაზრდა და გამხდარი ვიყავი. სათვალე ბავშვობიდან მეკეთა."

ბავშვობა
"მე ძალიან წყნარი და ჩემ თავში ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, სულ რაღაცას ვჩხირკედელაობდი. წიგნების კითხვა მაინცდამაინც არ მიყვარდა, მოყოლილის მოსმენა მერჩივნა, კინოსავით წარმოვიდგენდი ხოლმე. სქელტანიანი წიგნის კითხვა მწყინდებოდა, თუმცა, საყვარელი წიგნი "სამი მუშკეტერი" იყო. ალბათ, მაგის გამო შევედი ფარიკაობაზე. საკმაოდ პერსპექტიული სპორტსმენიც ვიყავი, მაგრამ თავი დავანებე, ტელევიზიამ მთლიანად ჩამითრია."
ნინო: "ამ ბოლო დროს გიორგის დეფიციტი მაქვს, 24 საათი მუშაობს. ხშირად გაღიზიანებული მოდის. ტელევიზიაში დიდი ემოციური დატვირთვა აქვს. იქ ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა, ცვლილებას ტკივილი მოჰყვება... როცა ხალხთან ოცი წელია, თანამშრომლობ... გიორგი ძალიან განიცდის. საერთოდ ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, ადვილად შეიძლება, გული ატკინო, უზომოდ მომთმენია, თითქოს რბილი ხასიათი აქვს, მაგრამ საქმეში... გიქნევს თავს და მაინც თავისას აკეთებს."

ვინ ვარ მე
"მე ტელე და სატელევიზიო ფილმების რეჟისორი ვარ. ჩემთვის უფრო მისაღებია პატარა ფორმები, აზრის მოკლედ გამოხატვა...
... როცა საქმეში მერევიან? არა, არ მაღიზიანებს, შეიძლება მეხმარება კიდეც. უნდა ათქმევინო ადამიანს, იქნებ რაღაცას სწორად გეუბნება... თუ არ გინდა, ნუ გაითვალისწინებ.
ვთვლი, რომ ვარ ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული, არ ვარ თავის წარმოჩენის მოყვარული, ამისთვის არ ვაკეთებ საქმეს. ჩემში ვაფასებ გემოვნებას. არ შემიძლია, ჩემი ნამუშევარი სხვას შევუქო და თავს მოვახვიო. რაც უნდა მაქონ, თუ არ მომწონს, ეს ქება ზოგჯერ უფრო მაეჭვებს. კრიტიკა არ მწყინს, არც - უსაფუძვლო, პირიქით, ე.ი. მართალი ვარ."
უცებ ინტერვიუში "შემოიჭრა" მეგობარი-კოლეგა:
"გიორგი არის ჯიგარი, ძალიან დინჯი ადამიანი, რაც ასე მომწონს და მიყვარს მასში. ერთმანეთის კრიტიკა მოსულა. როცა გიორგი ჩუმადაა, ეს კრიტიკაზე უარესია, შენიშვნას თუ არ მაძლევს, ცუდადაა საქმე..."
გიორგი ღიმილით უსმენს მეგობარს და აგრძელებს:
"მაქვს ფარული იუმორის გრძნობა. რომ გითხრა, ისეთი ვარ, ვიღაცეებს ვაცინებ, ვალხენ - არა. ზოგჯერ შემომაწვება და გამომდის, შემიძლია, მთელი საღამო ჩავატარო. ყოველთვის გვერდზე დგომა მიყვარს, მირჩევნია, სხვას ვუსმინო და ვისიამოვნო მისი იუმორით. ხალხმრავლობა არ მიყვარს, ვკომპლექსდები...
დიდი საძმაკაცო არა მყავს, მაგრამ ვინც მყავს, მათთან ვარ ბოლომდე. ბავშვობის მეგობრებთან ვისვენებ, არც ერთი ტელევიზიასთან დაკავშირებული არ არის. ტელევიზიაშიც მყავს მეგობრები. საქმიან ურთიერთობაში ვაფასებ პატიოსნებასა და პროფესიონალიზმს.

მე, მამუკა და ლევანი
"მე, მამუკა ღლონტმა და ლევან ჩიკვაიძემ დავაარსეთ სტუდია "მაესტრო". დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის ტერმინოლოგიით - ჩვენ ვართ მფლობელები. არ მოგვეწონება ეს არხი - შეგვიძლია, სხვაგან წავიდეთ. ხშირად ვამბობ, "მაესტრო" ჩემი მეორე შვილია-თქო. როცა ჩავთვალე, რომ მეორე არხზე შესაძლებლობები ამოვწურე, მაშინ გაჩნდა "მაესტროს" შექმნის იდეა. ვინც მეორე არხზე იყო ჩემთან, მთელი ჯგუფი, მთელი "პა-სეანსი" გადმოვიდა "მაესტროში". ახლა ისეთი სამსახური მაქვს, ცოტა დრო მრჩება "მაესტროსთვის", თუმცა, ახალი პირმშოც მყავს - "ულტრა".
მე, მიხო და ზურა
"საერთოდ, თუ პროფესიონალი ხარ და გინდა, რაღაც აკეთო, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი. პირად ურთიერთობებზეც ბევრია დამოკიდებული. აი, მიხო ქოჩაკიძე მაქსიმ პლიუსნინს დაუმეგობრდა, იგი "ეპიკას" წარმომადგენელია დსთ-ის ქვეყნებში. მაქსიმმა მოგვაწოდა რეკლამები, მიხო გადაცემა "ულტრას" უძღვება, საუკეთესო რეკლამებს ტელევიზიით აჩვენებს. ჯგუფ "ულტრაში" ვართ მე, მიხო ქოჩაკიძე და ზურა მაღალაშვილი. წელს "ეპიკას" დღეები თბილისში სწორედ "ულტრას" ეგიდით ჩატარდა. ევროპული რეკლამის ფესტივალის პრეზიდენტი ენდრიუ როულინზი თბილისში ჩამოვიდა და "ეპიკას" ფონდი ჩამოიტანა. მაგრამ ფესტივალის ორგანიზება და მოწყობა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მაგთი GSM, ჩვენი გენერალური სპონსორი. სხვათა შორის, როცა გია ჯოხთაბერიძეს დახმარება ვთხოვეთ, ერთი წუთით არ დაფიქრებულა, მაშინვე ალღო აუღო, რომ ეს მართლა საჭირო და კარგი საქმე იყო და ჩვენს წინადადებას დაეთანხმა. მანანა შევარდნაძე პროფესიონალია, აიტაცა ეს იდეა და კომპანია "ქართული ტელეფილმიც" მხარში ამოგვიდგა. მგონი, კარგი საქმე გაკეთდა. იმდენად დიდი რეზონანსი მოჰყვა ამ სამ დღეს, რომ გადავწყვიტეთ, კავკასიის ფესტივალი ჩავატაროთ. გვინდა, კავკასიურმა რეკლამამ თბილისში მოიყაროს თავი და აქედან გავიდეს საერთაშორისო ფესტივალებზე. ჩაფიქრებული გვაქვს რეკლამის კოლეჯის, რეკლამის მუზეუმის გახსნა, ვნახოთ..."

"გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის..."
"რეკლამაში მთავარია იდეა, იუმორი, სისხარტე. უპირატესობას დადგმით, სიუჟეტიან რეკლამას ვანიჭებ.
დაახლოებით 20 წლის წინათ ვიწრო ფირზე გადავიღე რაღაც ქართული სარეცხი ფხვნილის რეკლამა. ორიგინალური ხერხები გამოვიყენე, ძალიან გულუბრყვილო გამოვიდა, მაგრამ მაინც მოეწონათ. ახლა ვეძებ იმ რეკლამას და ვერ მივაგენი.
მერე იყო "სიგმა ბანკი" - პირველი სერიოზული დადგმითი რეკლამა, სერიოზული ბიუჯეტით. რა თქმა უნდა, "მაგთი შ "-ის კლიპები. ყველა "ნეოსტუდიასთან" ერთად გადავიღე. მიყვარს "ქვევრები", რომელიც თბილისსა და კიევში ჩატარებულ "ეპიკას" ფესტივალებზე პრიზებით დაჯილდოვდა, ახლა ჰელსინკში "მიდის".
ყველაზე საპასუხისმგებლო კი პრეზიდენტის საარჩევნო სარეკლამო რგოლებზე მუშაობა იყო. ამავე დროს ეს უდიდესი პატივი იყო. წარმოიდგინე, შენ გევალება, რეკლამა გაუკეთო ადამიანს, რომელიც ქვეყნის პირველი პირი უნდა გახდეს. თან შიშის გრძნობაც მქონდა, ვაითუ არ გამომივიდეს-მეთქი. მერე სად მიდიხარ...
კადრ-კადრ შევაგროვე საქართველოსა და საზღვარგარეთ "ბეტაკამზე" გადაღებული საარქივო მასალა. მერე ედუარდ შევარდნაძის სახლში მოვხვდი და მის ალბომში ვიქექებოდი. შერჩეულ ფოტოებს ვიღებდით, იქვე დავლიე სანთლის არაყი პრეზიდენტის "ფონდიდან" და ხინკლებიც მივირთვი."
ნინო: "მინდა, გიორგის უფრო მეტი დრო რჩებოდეს ჩვენთვის, თავისი შემოქმედებისთვის..."
"ვცდილობ, ვიყო კარგი ქმარი და მამა, მაგრამ არ გამომდის, დილიდან ღამემდე ტელევიზიაში ვარ. ხანდახან, როცა სამსახურში "ფანჯარა" მაქვს, ვახერხებ სანდროს გასეირნებას. ამას წინათ მყავდა "მაკდონალდსში", მერე ვერის ბაღში ატრაქციონებზე. ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ორი წლის წინათ არც იყო, უცბად "გაიჩითა" (ეცინება). მასთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა. ნინო ეუბნება ხოლმე - დიდხანს გელოდი, ახლა შენი დროაო.
მე პირველ რიგში რეჟისორი ვარ და მინდა, ჩემი შემოქმედებითი სურვილები დავიკმაყოფილო. ტელევიზიაში თანამდებობაზე დიდხანს დარჩენას არ ვაპირებ. აქ თუ ხარ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო. მე კი ფილმის გადაღებაც მინდა, რეკლამის შეკვეთა თუ იქნება, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ და კიდევ ბევრი საინტერესო საქმის წამოწყება შეიძლება."

დაველოდოთ გიორგი ებრალიძის, ამ "ულტრა-ეპიკური" "არხი-მაესტროს" ორიგინალური იდეების განხორციელებას. მით უმეტეს, რომ წინ საინტერესო მოვლენებით დატვირთული ცხოვრებაა, რომლის შუაგულშიც ყოველთვის არის ტელევიზია.

ნანა ზურაბიშვილი