მოკლე ისტორია ჩიკაგოდან თბილისამდე

დღეს ჩვენ მოტოროლაზე მოგითხრობთ, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახელზე მობილურ კავშირგაბმულობაში. საქართველოში მას უკვე დიდი ხანია იცნობენ, თუმცა, შესაძლოა, ნაკლებად, ვიდრე მის ფარგლებს გარეთ. ბევრისთვის იგი მობილურ ტელეფონთან ასოცირდება, ზოგისთვის მისი პეიჯერია ცნობილი, ჩვენ კი გვსურს, იგი ახალი კუთხით გაგაცნოთ: მოტოროლა - მაგთი GSM-ის პარტნიორი.

მოტოროლას ისტორია მე-20 საუკუნის ოციანი წლებიდან იწყება და ელექტრონიკის ინდუსტრიაში მიმდინარე ბევრ ცვლილებას ასახავს.

ყველაფერი კი 1928 წელს დაიწყო, როდესაც ძმებმა გალვინებმა პატარა ქარხანა შეიძინეს ჩიკაგოს მახლობლად და ალვინ ანუფაცტურინგ ჩორპორატიონ დააარსეს. იმ დროისთვის ქარხანაში სულ ხუთი თანამშრომელი იყო და აქტივები რამდენიმე ასეულ დოლარს შეადგენდა. ქარხნის პირველი პროდუქცია სახლის რადიოების კვების მოწყობილობა იყო, თუმცა, ორიოდე წელიწადში კომპანიამ ახალი პროდუქცია გამოუშვა, რომელმაც მას პოპულარობა და პირველი სერიოზული მოგება მოუტანა. ეს მანქანის რადიო იყო, რომელსაც მანქანის მწარმოებლები არ უშვებდნენ და ამიტომ მანქანის გამყიდველი დილერები მას Galvin Manufacturing Corporation-გან ყიდულობდნენ. სწორედ მაშინ გამოჩნდა სახელი Motorola, რომელიც რადიოზე იყო ამოტვიფრული და მოძრაობისა და რადიოს იდეას (Motion, Radion) აერთიანებდა. 1930 წელს დაწყებული ბიზნესი კომპანიისთვის საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა. რამდენიმე წელიწადში იგი უკვე ამ სფეროში ამერიკის ლიდერი ხდება და პოლიციისგან რადიოგადამცემების დამზადების შეკვეთასაც იღებს. იმავე პერიოდში ალვინ სახლის რადიოების წარმოების ბიზნესშიც ჩაერთო. სულ მალე კომპანიის პირველი რეკლამებიც გამოჩნდა, რომლებიც მანქანის რადიო მოტოროლას უკეთებდა რეკლამას. 1940 წლისთვის კომპანიაში უკვე ათასამდე თანამშრომელი მუშაობდა, ხოლო მოგებამ ათ მილიონ დოლარს მიაღწია. ორმოციანი წლებისთვის კომპანიას ნათლად ჰქონდა გააზრებული, რომ კავშირგაბმულობა მისი განვითარების ძირითადი მიმართულება იქნებოდა, ამ დარგს სათავეში ჩაუდგა ნახევარგამტარული კავშირგაბმულობის სპეციალისტი დანიელ ნობლი, რომელიც კომპანიის განვითარების დირექტორად დაინიშნა. ორმოციან წლებში ბიზნესი საკმაოდ გაიზარდა და მოტოროლამ აქციების გამოშვება დაიწყო, რომელთაც თანამშრომლები $8.50-ად ყიდულობდნენ. მოტოროლა თანდათან იხვეჭდა სახელს, ხოლო მისი სავაჭრო ნიშანი ისეთი პოპულარული გახდა, რომ 1947 წელს გადაწყდა, კომპანიისთვის სახელი შეეცვალათ და ალვინ ანუფაცტურინგ ჩორპორატიონ ნაცვლად მას Motorola Inc. ეწოდა. იწყება ყოველთვიური გაზეთის "Voice of Motorola" გამოშვება, რომელიც თანამშრომელთა შორის ვრცელდება. 1948 წელს მოტოროლა სატელევიზიო ბიზნესში შედის და უშვებს ტელევიზორს, რომლის ფასი პირველად შემცირდა $200-ის ქვემოთ. $179-ად ღირებული "Golden View" მალე გახდა პოპულარული და პირველსავე წელიწადს 100 000 ტელევიზორი გაიყიდა. მოტოროლამ ტელევიზორების წარმოებაში მეოთხე ადგილი დაიკავა. გრძელდება მანქანის რადიოების წარმოება, მოტოროლა ამ პერიოდისთვის უკვე ამარაგებს ისეთი ცნობილი ავტომობილების მწარმოებლებს, როგორიცაა: ფორდი, კრაისლერი, ჯენერალ მოტორსი.
ორმოცდაათიან წლებში მოტოროლას სარეალიზაციო მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა და სამოციანი წლების დასაწყისისთვის თითქმის 300 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 50%-ით მეტი იყო 1950 წლის მონაცემებთან შედარებით. თანამშრომლების რაოდენობა უკვე თხუთმეტი ათასია, ხოლო კორპორაციის სათაო ოფისმა ილინოისში გადაინაცვლა.
1962 წელს მოტოროლას ხელშეწყობით ვენერაზე გაგზავნილი თანამგზავრიდან ინფორმაცია დედამიწაზე მიიღეს. მოტოროლას მოწყობილობები ასევე გამოიყენეს 1969 წელს, როდესაც ნილ არმსტრონგის მიერ მთვარეზე წარმოთქმული სიტყვები დედამიწაზე გადმოიცა.
მომდევნო ათწლეულში კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად შესაძლოა, ჩაითვალოს მიკროპროცესორების 6800 და 68000 გამოსვლა. ეს უკანასკნელი მოტოროლას პირველი 16-ბიტიანი მიკროპროცესორი იყო და 2 მილიონამდე ოპერაციას ასრულებდა წამში.
დადგა ოთხმოციანი წლები და უმავთულო კავშირგაბმულობის ბუმი. მოტოროლა აქაც ლიდერთა შორისაა: 1983 წელს კომპანიამ 43 000 პეიჯერი მიაწოდა იაპონურ კომპანიას Nippon Telegraph and Telephone (NTT), რომელიც ისეთი პოპულარული გახდა, რომ სულ ორიოდე წლის შემდეგ პეიჯერის რიცხვმა 200 000-ს მიაღწია. იმავე წელს პირველი ფიჭური სისტემის მანქანის ტელეფონიც გამოჩნდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ - მსოფლიოში პირველი პორტატული მობილური ტელეფონი DynaTACtm 8000Xtm, მისი წონა 850 გრამია. 1989 წელს მოტოროლა უშვებს მობილურ ტელეფონს Motorola MicroTACtm , რომელიც 303 გრამს იწონიდა და იმ დროისთვის ყველაზე პატარა და მსუბუქი მობილური ტელეფონი იყო. 1991 წლისთვის არსებულ მოდელებს კიდევ რამდენიმე ახალი შეემატა, მათ შორის MicroTACtm ალფა სერიის და 218-გრამიანი MicroTACtm Lite. 3 წლის შემდეგ გამოსული MicroTACtm Elite-ის წონა კი 113 გრამამდე შემცირდა. 1996 წლის 3 იანვარს კომპანიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა ახალი ტიპის ტელეფონის გამოშვების თაობაზე, რომელიც ყველაზე პატარა და მსუბუქი ტელეფონი იყო იმ დროისთვის. Motorola StarTACtm სულ 90 გრამს იწონიდა და თავისი ზომებით მართლაც ახალ სტანდარტებს აყალიბებდა. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ახალი აპარატის პრეზენტაციისას განაცხადა: "მოტოროლამ გააკეთა ის, რასაც ვერავინ იფიქრებდა და ეს რეალობად აქცია". ტელეფონის ორიგინალურმა დიზაინმა და ზომამ StarTAC-ს მალე დიდი პოპულარობა მოუტანა. Star TAC-ის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ კი კომპანიამ კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადა აბონენტებს: გამოვიდა პირველი ორ - 900/1800Mhz სიხშირეზე მომუშავე GSM აპარატი, ხოლო 1999 წლის დასაწყისში მოტოროლამ, ასევე პირველმა, გამოუშვა სამ - 900, 1800 და 1900 მეგაჰერც სიხშირეზე მომუშავე ტელეფონი, რომელიც 2000 წლის პირველ ნახევრამდე ერთადერთ ტელეფონად რჩებოდა, რომელიც ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე ერთდროულად მუშაობდა.

დღეისთვის მოტოროლა თანამედროვე ბიზნესის გიგანტია ათეულობით მილიარდიანი წლიური ბრუნვით და ასი ათასობით თანამშრომლით. კომპანია დაყოფილია რამდენიმე სექტორად, რომელთა წარმომადგენლობები და ლაბორატორიები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია განთავსებული.

პერსონალური დაკავშირების საშუალებების სექტორი (PCS)
ამუშავებს მოწყობილობებს ხმისა და მონაცემთა გადასაცემად. 1999 წელს სექტორზე ბრუნვამ $3.5 მილიარდი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში სექტორიდან კომპანიაში $243 მილიონი სუფთა მოგების სახით შევიდა, რაც თითქმის 5-ჯერ მეტია გასულ წლებთან შედარებით.

ქსელური სისტემების სექტორი (NSS)
უზრუნველყოფს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობილობებით. გასულ წელს ბრუნვამ სექტორზე $1.7 მილიარდი შეადგინა, რაც სუფთა მოგების სახით $245 მილიონ დოლარს შეადგენს. სექტორის მუშაობის წარმატებებიდან უნდა აღინიშნოს Motorola-ს და Cisco-ს ახალი პროექტი Invisix, რომელიც მობილური ინტერნეტის განვითარებას უზრუნველყოფს. 1999 წლის მოვლენებიდან აღსანიშნავია ახალი თაობის ტექნოლოგია მობილურ კავშირგაბმულობაში GPRS, რომლის სატესტო და კომერციული გამოცდა პირველად მოტოროლამ გააკეთა. BT Cellnet (ინგლისი) პირველი კომპანია გახლდათ, სადაც მოტოროლას დახმარებით მსოფლიოში პირველი ზარი გაისმა ამ ტექნოლოგიის გამოყენებით.

ნახევარგამტარული
პროდუქციის სექტორი (SPS)
სექტორი მსოფლიოში ჩადგმული პროცესორების ცნობილი მომწოდებელია და Digital DNA სახელწოდებით მრავალ გადაწყვეტას სთავაზობს მომხმარებელს. მათ შორის, ბევრი კომპანია მუშაობს სამომხმარებლო საგნების წარმოებაზე, ტრანსპორტისა თუ გამოთვლითი ტექნიკის სფეროში.
1998 წელი სექტორმა $102 მილიონიანი წაგებით დაამთავრა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო წარმატებები, რომელიც 1999 წელს ჰქონდა - $1.8 მილიარდიანი ბრუნვიდან მოგებამ $81 მილიონს მიაღწია.

ამ სექტორებში ინტეგრირებული ელექტრონიკის სისტემების სექტორთან, სახელმწიფო და სამრეწველო სისტემებისა და თანამგზავრული კავშირგაბმულობის სექტორებთან ერთად 1999 წელს მოტოროლას მთლიანმა ბრუნვამ $30,9 მილიარდი შეადგინა. კომპანიის ათასობით კლიენტი, მსოფლიო მასშტაბით, მოტოროლასთან ყოველწლიურად ათობით და ასობით მილიონის კონტრაქტს აფორმებს, იქნება ეს ჩინეთის მობილური ტელეფონების კომპანია "უნიკომი" $228 მილიონიანი კონტრაქტით, თუ თურქული კომპანია "ტელსიმი" $100 მილიონიანი კონტრაქტით (ახალი თაობის ტექნოლოგიის GPRS დანერგვით), რომლის შედეგადაც კომპანიამ 2000 წლის 1 აგვისტოს ახალ ტექნოლოგიაზე აგებული ქსელის კომერციული ექსპლუატაცია დაიწყო და "ტელსიმი" პირველი თურქეთის ოპერატორი გახდა GPRS ტექნოლოგიით.

კომპანია მაგთიკომმა მოტოროლასთან ურთიერთობა თავისი საქმიანობის პირველივე დღეებიდან დაიწყო და ქსელის მშენებლობისთვის საჭირო მოწყობილობის მიწოდებაც სწორედ მოტოროლას ექსპერტთა რჩევით მოხდა. მოტოროლამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი სპეციალისტების მომზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზეც მუდმივად ზრუნავს. მაგთიკომის მიერ გაყიდულმა მოტოროლას მობილურმა აპარატებმა კი მრავალ აბონენტს გააცნო ამ ამერიკული კომპანიის სახელი და ხარისხი. მაგთიკომის ქსელი მთლიანად მოტოროლას საბაზო სადგურებით აღიჭურვა (მისმა რაოდენობამ უკვე დიდი ხანია ასს გადააჭარბა), რაც განაპირობებს ქსელის მაღალ საიმედოობასა და მდგრადობას გარემო პირობების მიმართ. რა თქმა უნდა, მოტოროლასვე ეკუთვნის საბაზო სადგურების კონტროლიორი (BSC) და მათი კონტროლისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა. მოტოროლას თანამშრომლები თბილისის ხშირი სტუმრები არიან, ისინი თვალყურს ადევნებენ ქსელის განვითარებას და დახმარებას 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ. ამას გარდა, კომპანიის წარმომადგენელი მუდმივად იმყოფება მაგთიკომის ოფისში წამოჭრილი საკითხების ოპერატიული მოგვარების მიზნით. მაგთიკომიც ხშირად სტუმრობს მოტოროლას საქმიან შეხვედრებსა თუ სამუშაო სემინარებს, რომლებიც კომპანიის ახალ ტექნოლოგიებს ეძღვნება. მოტოროლას კი ამ თვალსაზრისით წარსადგენი მართლაც ბევრი აქვს.

მოტოროლასთან სამი წლის საკმაოდ დატვირთული, მაგრამ ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ ჩვენს კომპანიებს შორის დამოკიდებულება გასცდა გამყიდველისა და მყიდველის ურთიერთობას. მოტოროლა ყველაფერს აკეთებს, რათა მაგთიკომი კვლავაც ლიდერი დარჩეს საქართველოს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე. ჩვენი კომპანიის აბონენტები კი შეგვიძლია დავარწმუნოთ, რომ ასეთ პარტნიორთან ერთად მაგთიკომი ყოველთვის თანამედროვე ტექნოლოგიების ავანგარდში დარჩება.

ლევან ბუჩუკური
მარკეტინგის, მომხმარებელთა მომსახურებისა
და პერსპექტიული დაგეგმარების დირექტორი