წინასწარი გადახდის სისტემა

1999 წლის აგვისტოში, თავისუფლების მოედანზე მაგთიკომის ახალი სარეკლამო ფარი გაჩნდა. ორას კვადრატულ მეტრამდე გადაშლილი, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეკლამა იმთავითვე ყურადღების ცენტრში მოექცა. სწორედ აქ ვიხილეთ პირველად ახალი დიზაინის პატარა ბარათი წარწერით "მონო", რომელიც მაშინ ყველასთვის სიახლეს წარმოადგენდა და რომელმაც გვამცნო, რომ საქართველოს მობილური კომუნიკაციის ბიზნესში ახალი, წინასწარი გადახდის ბარათების ერა მოახლოვდა.

ჩვენ ვერსად მოვიპოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დაბეჭდა პირველად პატარა ბარათები თანხის ერთეულებით და გაავრცელა მომსახურების გაყიდვის მიზნით, მაგრამ ამ ბარათის გარეშე დღევანდელი მომსახურების სისტემა ძნელი წარმოსადგენია. მსოფლიოში წინასწარი გადახდის ბარათები მომსახურების სხვადასხვა სფეროში გამოიყენება, იქნება ეს მობილური კავშირგაბმულობა, საერთაშორისო სატელეფონო თუ ინტერნეტის მომსახურება და სხვ.

რა თქმა უნდა, ბევრს გაუჩნდება კითხვა, თუ რამ განაპირობა წინასწარი გადახდის ბარათების ასეთი ბუმი მსოფლიოში. პასუხი ამ კითხვაზე არ არის მარტივი და ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ წინასწარი გადახდის სისტემა ერთდროულად მომგებიანი და მისაღები აღმოჩნდა როგორც მომსახურების ოპერატორებისათვის, ისე აბონენტებისთვის.

თავდაპირველად გავეცნოთ წინასწარი გადახდის პლატფორმას: ეს რთული ტექნიკური სისტემაა, რომელიც მოიცავს ძვირადღირებულ აპარატურულ და პროგრამულ ნაწილს, რომელთა გამართული მუშაობა უზრუნველყოფს აბონენტის ბალანსის რეალურ დროში აღრიცხვას, გათიშვას თანხის ამოწურვისას და მომენტალურ ჩართვას ანგარიშზე თანხის მოხვედრისას. ეს ბოლო ოპერაციაც წინასწარი გადახდის სისტემაში მთლიანად ავტომატიზებულია: აბონენტის ტელეფონიდან წინასწარი გადახდის ბარათის უნიკალური ნომრის აკრეფის შემდეგ ბარათის ეკვივალენტური თანხა მომენტალურად ხვდება ანგარიშზე. სისტემის სრული ავტომატიზაცია კი გამორიცხავს ადამიანურ ფაქტორზე დამოკიდებულ შეცდომებს, იგი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და უსწრაფეს მომსახურებას უზრუნველყოფს.

მაგთიკომმა წინასწარი გადახდის სისტემის დასანერგად მუშაობა უკვე 1998 წელს დაიწყო. მსოფლიო გამოცდილებიდან ოპტიმალური გადაწყვეტის შერჩევა და საქართველოსთვის მისი მისადაგება არცთუ იოლი საქმე იყო. ახალჩამოყალიბებული სისტემა კი ბევრ საკითხში საბოლოო დახვეწას მოითხოვდა, ამიტომ მრავალი კომპანიის გამოცდილების გაცნობა გახდა საჭირო საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. უცხოეთის მობილურ კომპანიებს კი ასეთი გამოცდილების დაგროვებისათვის ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ: 1995 წელს პირველად დანერგილი ეს მომსახურება მათთვისაც ახალი იყო.

GSM ოპერატორებისათვის ბარათების ისტორია გერმანიიდან იღებს სათავეს. D1-Club პირველი წინასწარი გადახდის ბარათი იყო. იგი იმ სახით დაიბეჭდა, როგორსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ. იმავე წელს გერმანელების წამოწყებას მხარი შვედეთში აუბეს, მაგრამ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თანხის ამოწურვის შემდეგ ბარათების შევსება შეუძლებელი იყო, გერმანელებისა და შვედების ამ ექსპერიმენტს დიდი წარმატება არ მოჰყოლია. 1996 წლიდან კი GSM ოპერატორებისთვის წინასწარი გადახდის ბარათების ტრიუმფი იწყება: იტალიაში ოპერატორ TIM-ს ბაზარზე გამოაქვს წინასწარი გადახდის TIM ბარათები, ამას კი მოჰყვა ყველასთვის მოულოდნელი და თავბრუდამხვევი წარმატება - სამ თვეში 600 000 გაყიდული ბარათი, შედეგი, რომელმაც ბევრი სკეპტიკოსი ჩააფიქრა და რომელიც უყურადღებოდ არ დარჩენიათ მობილურ კომპანიებს. დაიწყო ბარათების გავრცელება ევროპის სხვა ქვეყნებში: იქნება ეს პორტუგალიური კომპანია პროქსიმუსის ბარათი Pay&Go, ბელგიური ოპერატორი მობისტარი (Tempo Card) თუ ფრანს ტელეკომი (MobiCarte). ახალი სისტემა ევროპიდან აზიისაკენ ვრცელდება - გაერთიანებული საემიროების ოპერატორის, ეტისალატის ბარათი Speak Easy პირველი იყო ამ რეგიონში.

დღეისათვის მსოფლიოს ასობით ოპერატორი იყენებს წინასწარი გადახდის ბარათებს. 2000 წლის მაისის მონაცემებით, მსოფლიოში წინასწარი გადახდის სისტემით უკვე 70 მილიონამდე ადამიანი სარგებლობს, რაც აბონენტების საერთო რიცხვის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. აუცილებელია, აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ოპერატორი მხოლოდ წინასწარი გადახდის სისტემით ემსახურება აბონენტებს.

წინასწარი გადახდის ბარათების შემოტანით მსოფლიომ არჩევანი მოხერხებული, გამარტივებული მომსახურების წესის სასარგებლოდ გააკეთა. ეს სისტემა ხომ ბევრი პრობლემისაგან გათავისუფლებთ: არ გჭირდებათ ანგარიშების აღება, ოფისებში მისვლა და იქ დროის კარგვა. ერთი შეხედვით უარყოფითი მხარე - მომსახურების თანხის წინასწარი გადახდაც კი მიმზიდველი აღმოჩნდა აბონენტებისთვის. ამ დროს ხომ ისინი დაზღვეული არიან მოულოდნელი გადასახადებისგან თვის ბოლოს და ზუსტად განსაზღვრავენ დანახარჯებს მობილური ტელეფონით სარგებლობისას.

საქართველოში მაგთიკომი პირველი GSM ოპერატორია, რომელმაც ახალი სისტემა შესთავაზა აბონენტებს და თავადვე გამოცადა ახალი სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა. როგორც მრავალი სიახლე, წინასწარი გადახდის ბარათიც ერთმნიშვნელოვნად დადებითად არ იყო მიღებული, ბარათების გამოყენებასთან დაკავშირებით ფსიქოლოგიური სირთულეებიც გაჩნდა, მაგრამ დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ მაგთიკომის ექსპერიმენტმა გაამართლა - აბონენტების ძირითადი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს დანერგილ სიახლეს და აღნიშნავს მომსახურების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

ხუთიოდე წლის წინათ ჩამოყალიბებული სისტემა ჯერ სრულყოფილად არ შეიძლება ჩაითვალოს და გარკვეული თვალსაზრისით დახვეწას კვლავაც საჭიროებს. არაა გადაწყვეტილი წინასწარი გადახდის სისტემის აბონენტებისთვის როუმინგით მომსახურების საკითხი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ წინასწარი გადახდის საბარათო სისტემა ვითარდება, ვითარდება ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით და სერვისის სულ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს აბონენტებსა და მომსახურე ოპერატორებს.

გავა გარკვეული პერიოდი და წინასწარი გადახდის ბარათების სისტემა ფართოდ დაინერგება არამარტო GSM ოპერატორებთან, არამედ ზოგადად მომსახურების სფეროში. ბევრი იამაყებს საბარათო სისტემის საშუალებით მიღწეული წარმატებით, მაგთი GSM კი აუცილებლად დარჩება ისტორიაში როგორც პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში წინასწარი გადახდის ბარათების სისტემა დანერგა.