ეს კითხვები ყველაზე ხშირად გაისმის მაგთიკომის საინფორმაციო სამსახურში. გადავწყვიტეთ, ამიერიდან ამგვარ შეკითხვებზე ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდანაც გიპასუხოთ.

შევიძინე მონო ბარათი. მინდა, თანხა ჩემი მეგობრის ნომერს დაერიცხოს. როგორ მოვიქცე?

ამისათვის ჩვენთან საგანგებო, 24-საათიანი მომსახურება არსებობს. ამასთან, არ არის აუცილებელი, მონოს სისტემით სარგებლობდეთ. აკრიფეთ 520, შეასრულეთ ავტომოპასუხის ინსტრუქციები და საშუალება გექნებათ, მონოს სისტემის ნებისმიერ აბონენტს მომენტალურად ჩაურიცხოთ თანხა. ზარი უფასოა.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ჩვენს ოფისებს, ან დარეკეთ ნომრებზე:
25 00 00
25 11 11

შეიძლება თუ არა, SIM ბარათი მაგთიკომის თანამშრომლის ადგილზე გამოძახებით შევიძინო?

აბონენტების მაღალ დონეზე მომსახურების მიზნით მაგთიკომს შექმნილი აქვს გარე გაყიდვების სამსახური, რომელიც კომპანიებს ხელშეკრულების ადგილზე გაფორმებას სთავაზობს. ამისათვის საკმარისია, დარეკოთ მაგთიკომის გარე გაყიდვების წარმომადგენლებთან ტელეფონებზე: 8.99.560064 და 8.99.571414.

მომპარეს ტელეფონი SIM ბარათთან ერთად. როგორ მოვიქცე?

პირველი, რაც აბონენტებს გვინდა, ვურჩიოთ: აუცილებელია, სასწრაფოდ მიმართოთ მაგთიკომის რეალიზაციისა და აბონენტთა მომსახურების ოფისებს, სადაც შეძლებთ, გამოცვალოთ SIM ბარათი, რათა არ მოხდეს თქვენს ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება უცხო პირის მიერ. ბარათის გამოცვლის დროს გინარჩუნდებათ თქვენი ტელეფონის ნომერიც.
რაც შეეხება დაკარგული აპარატის პოვნას, ამისათვის აუცილებელია, მიმართოთ პოლიციის რაიონულ განყოფილებას. თან იქონიეთ ტელეფონის აპარატის ყუთი, რათა მათ აღრიცხვაზე აიყვანონ თქვენი აპარატი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმე ისარგებლებს თქვენი მობილური ტელეფონით, პოლიციას საშუალება ექნება, აღმოაჩინოს ეს პირი და შესაბამისად იმოქმედოს აპარატის დასაბრუნებლად.

შეგვიძლია თუ არა, მობილური ტელეფონით ვისარგებლოთ ფაქსის ან ელექტრონული ფოსტით შეტყობინების გასაგზავნად?

მაგთიკომი მსურველებს სთავაზობს სპეციალურ მომსახურებას, რომელიც აბონენტებს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონით გაგზავნონ ან მიიღონ ფაქსი, ასევე გამოიყენონ მობილური კავშირი ინტერნეტით სარგებლობისას ან ელექტრონული ფოსტის მისაღებად. ასეთი მომსახურების ჩასართავად აუცილებელია, მიაკითხოთ მაგთიკომის რეალიზაციისა და აბონენტთა მომსახურების ოფისებს შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად.

არის შემთხვევები, როდესაც ჩემი ტელეფონი ვერ პოულობს ქსელს. რა არის ამის მიზეზი?

თავიდან გვინდა, განვმარტოთ, რაში გამოიხატება ქსელის დაკარგვა: ამ დროს ეკრანზე სიგნალის მაჩვენებელი მინიმუმამდეა შემცირებული (იგი ეკრანზე, ჩვეულებრივ, ბატარეის მოპირდაპირე მხარეს არის აღნიშნული), ან სრულებით გამქრალია ეკრანიდან ქსელის აღმნიშვნელი ნიშანი (Magti GSM ან 282-02).
ქსელის კარგვის მიზეზი შეიძლება იყოს ადგილი, სადაც თქვენ იმყოფებით და რომელიც არ შედის მაგთიკომის დაფარვის არეალში (შეამოწმეთ მაგთიკომის დაფარვის რუკა), აუცილებელია, ისიც აღვნიშნოთ, რომ თუ მაგთიკომის დაფარვის ზონას გადავხედავთ, ასეთი ადგილის პოვნა არცთუ მარტივი იქნება, მაგთიკომს უდიდესი დაფარვის ზონა აქვს საქართველოში და დასახლებული ტერიტორიის 90%-ს ფარავს! რა თქმა უნდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუკი თქვენ სარდაფში, მეტროს გვირაბში, სქელკედლებიან შენობაში ან ლითონისკარკასიან ტალავერში იმყოფებით, შესაძლებელია, სიგნალის მიღება გართულდეს.
მეორე მიზეზი, რამაც შეიძლება ქსელის კარგვა გამოიწვიოს, არის ტელეფონის აპარატის მექანიკური დაზიანება. აპარატის ანტენის კონტაქტების დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია, ტელეფონმა ქსელი დაკარგოს, იგივე შედეგი შეიძლება მოჰყვეს აპარატის მიმღებ-გადამცემის გაუმართავ მუშაობასაც.
მობილური ტელეფონის შეკეთებისთვის შეგიძლიათ, მიმართოთ მობილური აპარატების სერვის-ცენტრებს. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისში, ჯიქიას ¹5-ში მდებარე მაგთიკომის რეალიზაციისა და აბონენტთა მომსახურების ოფისში ჩვენი ტექნიკოსები უფასოდ შეამოწმებენ თქვენს აპარატს და მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში შეაკეთებენ კიდეც.

მომპარეს მონო ბარათი, შეძლებენ თუ არა მის გამოყენებას?

მოპარვის ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ მაგთიკომის ადმინისტრაციულ ოფისს. სალაროს ქვითრის საშუალებით ჩვენ აღვადგენთ თქვენი მონო ბარათის სერიულ ნომერს და მოვახდენთ მის ბლოკირებას სისტემაში. ხოლო თუ მოპარული ბარათის გააქტიურება ბლოკირებამდე მოხდა, დადგინდება იმ აბონენტის ვინაობა, ვის ანგარიშზეც მოხდა მოპარული ბარათის გამოყენებით თანხის ჩარიცხვა, რათა პოლიციას შესაძლებლობა მიეცეს, უკანონოდ მითვისებული თანხა ამოიღოს.

ჩემი აპარატი აფიქსირებს გამავალი ზარების საერთო ხანგრძლივობას, რომელიც არ შეესაბამება ანგარიშში წარდგენილ დროს, რა არის ასეთი განსხვავების მიზეზი?

ტელეფონის აპარატი აფიქსირებს თქვენი საუბრის ზუსტ ხანგრძლივობას, მაგთიკომის ცენტრალური სადგური კი საუბარს მხოლოდ დამრგვალების გათვალისწინებით აღრიცხავს. დამრგვალებით მიღებული წამების რაოდენობა შეადგენს სხვაობას თქვენი მობილურით დაფიქსირებულსა და ანგარიშში წარდგენილ დროს შორის. დამრგვალების სისტემის მიხედვით მაგთიკომში აბონენტთა რიცხვი ორ ნაწილად იყოფა:
აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად იხდიან სააბონენტო გადასახადს 10,2 ლარის ოდენობით. მათ თვეში ერთხელ უწევთ მაგთიკომის ოფისში მისვლა და მომსახურების საფასურის გადასახდელად რიგში დგომა. ამ აბონენტების საუბარი 5 წამამდე მრგვალდება.
მონოს სისტემის აბონენტები, რომლებიც გათავისუფლებული არიან ყოველთვიური სააბონენტო გადასახადისაგან, იხდიან საუბრის ღირებულებას იმავე ტარიფით, მხოლოდ 30 წამამდე დამრგვალებით და შეუძლიათ, დროის კარგვის გარეშე ნებისმიერ ადგილას შეიძინონ მონო ბარათი 24 საათის განმავლობაში.
წინასწარი გადახდის საბარათო სისტემის დანერგვა ბევრ სხვა დადებით მხარესთან ერთად, ზოგიერთ შემთხვევაში ფინანსურადაც უფრო მომგებიანია აბონენტისთვის. მონოს სისტემაზე თქვენ გაქვთ უდეპოზიტო საერთაშორისო მომსახურება, დსთ-ის ზარებისთვის კი საბარათო სისტემის გამოყენება იაფიც არის. ამ დროს, სააბონენტო ტიპის სისტემისგან განსხვავებით, დამრგვალება ერთი წუთის მაგივრად 30 წამამდეა შემცირებული.
მიუხედავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკისა, სადაც წინასწარი გადახდის საბარათო სისტემით მომსახურება ბევრად ძვირია სააბონენტო ტიპის მომსახურებასთან შედარებით, მაგთიკომმა შეძლო, გაზრდილი ფასებისთვის თავი აერიდებინა, რათა ახალი ტექნოლოგიის დანერგვა აბონენტებისთვის მაქსიმალურად მისაღები ყოფილიყო.