ქართველი ბრინჯაოსნები სიდნეის გულში

"სიდნეი არის უდიდესი, ყველაზე ურბანისტული ქალაქი მთელ დედამიწაზე. მისი გარეუბნები კილომეტრებზეა გადაშლილი. ის ცოტათი ჰგავს ლოს-ანჯელესს, მაგრამ არ ჰგავს... ლოს-ანჯელესს. სიდნეის აქვს ცენტრი, მაგრამ სადაც უნდა იყოს ოლიმპიური თამაშები, ჰარბორი მისი გულია? - წაიკითხავთ წიგნში ?ასი რამ, რაც საჭიროა, იცოდეთ ავსტრალიის შესახებ".
ეტყობა, დავიდ დეილს მთელი დედამიწა შემოუვლია, რაკი იგი სიდნეის, ასე თუ ისე, ლოს-ანჯელესს ადარებს, ჩვენ კი მას მსოფლიოს ქალაქთა მონახულებაში ვერ შევეჯიბრებით. ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ სიდნეი მსოფლიოს 22-ე და ავსტრალიის მეორე ქალაქია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. ოლიმპიური თამაშები ჩატარდა სიდნეის გარეუბნებშიც, მის ყურესა და ქალაქის გულშიც, ჰარბორი რომ ჰქვია.
დიახ, სიდნეი ოლიმპიური ქალაქია. იგი ყოველმხრივ ჰგავდა ამგვარ ქალაქს. ჰგავდა ოლიმპიური რგოლების სიმრავლითაც: ოლიმპიურ რგოლებს ვხედავდით დროშებზეც, პლაკატებზეც, ჰარბორის ულამაზეს ხიდზეც, ადამიანთა სამოსზეც, სახეებსა თუ ვარცხნილობებზეც...
რაკი ჩაცმა-დახურვაზე ჩამოვარდა სიტყვა, იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს დელეგაცია ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე იყო შემოსილი. ფრანგული ფირმა "პიერ ბადმანის" თერძთა ნახელავში გამოწყობილი ჩვენი სპორტსმენები, რომელთაც ეროვნული ტანსაცმლით შემოსილი ქალ-ვაჟი მიუძღოდა, არავისზე ნაკლებად არ გამოიყურებოდა. თვალს უხაროდა მათი მზერა და მოგვეჩვენა, რომ სიდნეის მთავარ ოლიმპიურ სტადიონზე "ჯორჯიელთა" გამოჩენისას ტრიბუნამ რაღაც სხვაგვარი ოვაცია გამართა.
ცოდვა გამხელილი ჯობს - როცა ქართველთა სააღლუმო მსვლელობა თვალს გვიხარებდა, იმავდროულად ვშიშობდით, რომ ისინი გულს აგრე რიგად ვერ გაგვიხალისებდნენ.
შევცდით!
შევცდით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ყველანი. მართლაც, ვინ იფიქრებდა, რომ ქართველები სიდნეის თამაშებიდან ექვსი მედლით დაბრუნდებოდნენ. მათთვის იღბლიანი გამოდგა სიდნეის ველი. ქართველებმა ექვსივე მედალი მოიპოვეს სწორედ ჰარბორში, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტები, ძალოსნები, მოკრივენი, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავენი. მათგან ჯერ ძიუდოისტმა გიორგი ვაზაგაშვილმა გაგვახარა, მერე ძალოსანმა გიორგი ასანიძემ, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეებმა აკაკი ჩაჩუამ და მუხრან ვახტანგაძემ, მოკრივე ვლადიმერ ჭანტურიამ და თავისუფალი სტილის მოჭიდავე ელდარ კურტანიძემ.
ელდარი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ორგზის მედალოსანი გახდა. მერე რა, რომ ეს მედლები - ისევე როგორც მისი ხუთივე პრიზიორი თანაგუნდელისა - ბრინჯაოსია, ოლიმპიური თამაშების მონაწილე 199 სახელმწიფოს დელეგაციიდან 119 ქვეყნის წარმომადგენლები ხომ საერთოდ საპატიო კვარცხლბეკს მიღმა დარჩნენ. საქართველოს სპორტსმენები კი მედალოსანთა შორის ჯილდოების სიმრავლით 30-ე, 33-ე ადგილებს იყოფენ, მათი ხარისხობრივი მაჩვენებლებით კი 67-ეზე არიან. საერთო ჯამში საქართველომ გაუსწრო ტერიტორიულად მასზე დიდ, მოსახლეობის რაოდენობით რიცხვმრავალ და, რაც მთავარია, ეკონომიკურად ჩვენზე ძლიერ და წელგამართულ მრავალ სახელმწიფოს.
უკეთაც შეიძლებოდა გამოსვლა, ბედს რომ არ დაეჩაგრა გიორგი ასანიძე. უფრო სწორედ, მან მწვრთნელთა ტაქტიკური შეცდომის გამო დაკარგა ოქროს მედალი, თორემ იმდენივე წონა დაძლია, რამდენიც ჩემპიონმა და მეორე პრიზიორმა, მაგრამ ჩვენი ჯილა ორივეზე რამდენიმე გრამით მძიმე აღმოჩნდა...
აკაკი ჩაჩუა რუსთან შეხვედრისას ნახევარფინალში ისე აშკარად დაჩაგრეს მსაჯებმა, რომ თავად რუსებიც გაკვირვებული დარჩნენ...
ელდარ კურტანიძესაც ერთი ნაბიჯი დააკლდა ფინალამდე. სიდნეიში მან წაიფორხილა სწორედ იმასთან (?რუს? აგათ მურაზალიევთან), ვინც, სადაც კი გადაყრია, ყველგან დაუმარცხებია, მაგრამ ამჯერად მეტოქის პროვოკაციულ ?ილეთს? წამოეგო და...
...და ოცნება ოთხი წლით გადაიდო.
სხვებმაც ათენის ოლიმპიურ თამაშებზე გადაიტანეს იმედი.
და მაინც, სიდნეიში ექვსი მედლის მოპოვებას ჩვენი სპორტსმენებისაგან ალბათ მხოლოდ ის ელოდა, ვისაც ამ საქმისა არაფერი გაეგება. ჩვენმა ბიჭებმა იქ საკუთარ თავს აჯობეს.