ახალი საუკუნის დასაწყისი ის მიჯნაა, როცა თავისთავად ფიქრობ განვლილზეც და მომავალზეც..
ჩვენც თქვენთან ერთად გვინდა, გადავხედოთ და შევაფასოთ მაგთიკომის მიერ განვლილი გზა და საქმეები, ვნახოთ, რას მივაღწიეთ და რითი ვხვდებით ახალ ათასწლეულს.
ხუთი წლით უკან გადავინაცვლოთ. იმ პერიოდში, როცა მაგთიკომმა საქმიანობა დაიწყო. ყველას გაახსენდება, იმ დროს, მართლაც, გამბედაობა იყო საჭირო - საქართველოში დიდი ინვესტიციებით ახალი ბიზნესი რომ დაგეწყო. მით უმეტეს ისეთი ბიზნესი, რომელიც დიდ კაპიტალდაბანდებასთან ერთად გამოცდილებას, ახალი ტექნოლოგიების ზედმიწევნით ცოდნასა და, რა თქმა უნდა, უდიდეს შრომას მოითხოვს.
1997 წლის სექტემბერი, კომპანიის ოპერატორული საქმიანობის დასაწყისი და პროგნოზები... იყო ოპტიმიზმიც და ახალი კომპანიის მომავლის რწმენა; იყო პესიმიზმიც და სკეპტიკური მოსაზრებებიც.
დრომ კი, ცხადია, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და განვლილი წლების შემდეგ სიამაყით შეგვიძლია, განვაცხადოთ: შრომისა და თავდადების შედეგი " მაგთიკომი დღეს ლიდერია!
და რატომაც არ უნდა ვიამაყოთ... ვიამაყოთ იმით, რომ საქართველოში დღეს მაღალი ხარისხის კავშირგაბმულობა აღარავის უკვირს; იმით, რომ ჩვენს აბონენტებს ქვეყნის ყველა რეგიონთან იოლად შეუძლიათ დაკავშირება, თითქმის მთელი საქართველო მაგთიკომის თანამედროვე ქსელით არის დაფარული. ჩვენ პირველები ვიყავით კახეთში, რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში... პირველად მივწვდით გუდაურს, ბაკურიანსა და ყაზბეგს. მაგთიკომის მიერ უკვე დაფარულია საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 90 პროცენტზე მეტი და ეს ყველაზე დიდი დაფარვის ზონაა საქართველოში.
მაგთიკომმა პირველმა შემოიტანა საქართველოში უახლესი ტექნოლოგიების მთელი სერია და მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე ახალი სისტემები დანერგა: მომსახურების ორი 900/1800 Mhz სიხშირე GSM სტანდარტისათვის, აუდიომაცნე, როუმინგული მომსახურება ამერიკის კონტინენტზე (GSM 1900 Mhz და IDEN სტანდარტისათვის), სიმ ბარათები, რომლებიც ერთდროულად ორ ნომერს იტევს; საავანსო მომსახურების ფორმა, წინასწარი გადახდის საბარათო სისტემა და სხვა...
მაგთიკომმა პირველმა შექმნა მომხმარებელთა მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აბონენტებს საშუალება აქვთ, მომსახურების გადასახადი ,,საქართველოს ბანკის" ფილიალებშიც გადაიხადონ.
და, რა თქმა უნდა, ,,მუდმივი კავშირის სამყარო" - პირველი კორპორაციული ჟურნალი, რომელიც საჩუქრად ურიგდებათ ჩვენს აბონენტებს.
სულ ცოტა ხნის წინათ საკუთარი სატელიტური დაკავშირების სისტემა გავუშვით კომერციულ მომსახურებაში და მაგთიკომი საქართველოში პირველი მობილური ქსელის ოპერატორი გახდა საკუთარი თანამგზავრული კავშირით.
2001 წლიდან მაგთიკომმა, ისევ პირველმა საქართველოში, მობილური ინტერნეტით მომსახურება დანერგა (WAP), რომელიც აბონენტებს შესაძლებლობას აძლევს, კომპიუტერის გარეშე, საკუთარი მობილური აპარატიდან შევიდნენ ინტერნეტში და სასურველი ინფორმაცია მოიძიონ, ან ელექტრონული ფოსტით ისარგებლონ.
და მაინც, მაგთიკომის სიძლიერეს ჩვენი ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრები და, რაც მთავარია, საერთაშორისო სტანდარტების დონის პროფესიონალები განსაზღვრავენ. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ სწორედ ინტელექტუალური კაპიტალია ქვეყნის სიძლიერის საფუძველი და მის ფინანსურ სიმტკიცესაც ძლიერი კომპანიები ქმნიან.
გასულ წელს ჩვენმა კომპანიამ სახელმწიფოს 14 მილიონ ლარზე მეტი შესძინა. საქართველოს ბიუჯეტში 2000 წელს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციიდან და გაწეული მომსახურებიდან დაგეგმილი შემოსავალი შეადგენდა 230,1 მილიონ ლარს. მაგთიკომის რეალურმა შენატანებმა გასულ წელს საქართველოს ბიუჯეტის ამ ნაწილში 12,040 მილიონი ლარი ანუ 5,23% შეადგინა. აქვე უნდა ითქვას, რომ კერძო კომპანიებს შორის, ეს ყველაზე დიდი შენატანია საქართველოს ბიუჯეტში.
ჩვენივე სურვილით, მაგთიკომის ფინანსური მაჩვენებლები ყოველთვიურად ქვეყნდება პრესაში. ესეც სიახლე იყო და სწორედ მაგთიკომი გახდა პირველი კომპანია, რომელმაც ბიზნესში გამჭვირვალობის პრინციპი დაამკვიდრა და კომპანიის მუშაობა საზოგადოებისათვის ღია გახადა.
ძირითად საქმიანობასთან ერთად, მაგთიკომი საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას. კომპანია ცდილობს, შეძლებისდაგვარად დაეხმაროს და მხარში ამოუდგეს ქართულ ხელოვნებას, სპორტს, მეცნიერებას, განათლებას, ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას.
რა თქმა უნდა, გვქონდა პრობლემებიც, რომელთაც ვერავინ აცდება დაძაბული მუშაობისას. მაგრამ ყოველთვის გვქონდა რწმენა ჩვენი კომპანიისა, გუნდის, რომელიც მაგთიკომში მუშაობს და, რა თქმა უნდა - ჩვენი აბონენტების თანადგომისა.
დღევანდელი მაგთიკომი, მართლაც, ძირეულად განსხვავდება სამი წლის წინანდელი კომპანიისაგან აბონენტთა მომსახურების დონითა თუ შეთავაზებული სერვისების სიმრავლით.
დღეს მაგთიკომი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა და არა მხოლოდ კავშირგაბმულობის სფეროში. მას ყველაზე მეტი აბონენტი ჰყავს (2001 წლის იანვრის მონაცემებით, 100 000-ზე მეტი). 350 თანამშრომელი, მომსახურების 40-ზე მეტი საკუთარი ოფისი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გადახდის ქსელი ,,საქართველოს ბანკის" ბაზაზე და უამრავი ძლიერი პარტნიორი საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.
2001 წელი მარტო საუკუნის დასაწყისი როდია, შეიძლება ითქვას, კავშირგაბმულობაში ახალი ერა იწყება....
გვინდა, ამ ახალ საუკუნეშიც ისე ვიმუშაოთ, რომ მაგთიკომის აბონენტებმა კვლავაც იამაყონ ჩვენი საერთო მიღწევებითა და წარმატებებით. გვინდა, იამაყონ კომპანიით, რომელიც საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მუშაობს და, რაც მთავარია, ქართულ საქმეს აკეთებს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ ამ საუკუნის საქართველო და ამავე საუკუნის მსოფლიო სტანდარტებს გავუთანაბროთ.
მომავლის იმედს კი ჩვენს აბონენტებთან ერთად განვლილი გზა გვაძლევს, თქვენთან ერთად განვლილი წლები, რადგან თქვენი თანადგომის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვენი მუშაობა და წარმატებები. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ თანადგომისა და ერთგულებისთვის.

გია ჯოხთაბერიძე

შპს მაგთიკომის მიერ 2000 წლის განმავლობაში
საქართველოს სახელმწიფო ეკონომიკაში
შეტანილი თანხა (ლარებში)

საქართველოში მომუშავე უცხოურ
იურიდიულ პირთა შემოსავლის
დაბეგვრა 10%
604,428.47
დღგ 9,963,532.67
საშემოსავლო გადასახადი 530,408.76
მიწის გადასახადი 721.40
ქონების გადასახადი 368,903.00
ქონების გადაცემისათვის გადასახადი 12,601.36
სამეწარმეო საქმიანობის გადასახადი 483,826.00
სოცდაზღვევის ფონდი 763,532.92
საბაჟო გადასახადი 157,812.71
დასაქმების ფონდი 27,505.57
ჯანდაცვის ფონდი 109,470.28
დარიცხული პროცენტების დაბეგვრა 19,044.83
რეკლამის გადასახადი 25,932.90
ადგილობრივი მოსაკრებლები 30,710.00
საგზაო ფონდი 416,768.00
კავშირგაბმულობისა და ფოსტის
ზედამხედველობის სამსახური
238,340.00
კავშირგაბმულობისა და ფოსტის
სფეროში საქმიანობის
280,191.52
სულ 14,033,730.39