BEST GRACE ანუ ყველაზე მომხიბვლელი...

ცნობილია, რომ XX საუკუნის დასაწყისში, უფრო სწორად, 1921 წელს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა ბოლო დღეებს ითვლიდა, თურქეთში, კერძოდ კი კონსტანტინოპოლში, უმშვენიერესმა ქართველმა ქალმა, მერი შერვაშიძემ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.
მას შემდეგ ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს, თითქმის მთელი საუკუნე, რომ ქართველ ქალს მსგავს კონკურსში მონაწილეობის საშუალება ისევ მიეცეს. ჩაკეტილი საზღვრები და შეუმჩნევლად ჩავლილი ბევრი სილამაზე. მერე კი, ხშირად, ძალიან ხშირად დანანებით ნათქვამი: მას რომ საზღვარგარეთ ეცხოვრა...
XX საუკუნის დასასრულს, 2000 წლის რვა დეკემბერს, როცა საქართველო ისევ დამოუკიდებელია, ისევ თურქეთში და ისევ... თუმცა, ახლა უკვე სტამბულში, "მსოფლიოს საუკეთესო მოდელის" კონკურსში ახალგაზრდა ქართველი მოდელი თაკო ჩხეიძე BEST GRACE, ანუ ყველაზე გრაციოზული მოდელი ხდება.
2000 წლის მსოფლიოს BEST GRACE -ს, 19 წლის თაკო ჩხეიძეს პოდიუმზე ყოფნის ექვსწლიანი სტაჟი აქვს. ბავშვობიდანვე ხშირადაა სცენაზე - ცხრა წელი ანსამბლ "მეტეხში" ცეკვავდა. ერთხელ საბავშვო ფილმშიც გადაიღეს და "მსახიობობაც" ძალიან მოეწონა. მერე დედამისი პარიზში მიდის და მეგობრები დაჟინებით ურჩევენ, რომ ქალიშვილის ფოტოები მოდელების იქაურ სააგენტოებს აჩვენოს. 11 წლის თაკოს ფოტოები ყველას მოსწონს, მაგრამ მასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ - ჯერ პატარაა და ორ-სამ წელიწადში მოგვაკითხეთო.
1995 წელს, თბილისში მოდელების სააგენტო "ნატალი" გაიხსნა. თაკო ჩხეიძე 13 წლისაა და "ნატალის" პირველი მოდელი ხდება... და იწყება ქართველი მოდელის რთული და საინტერესო გზა.

"ნატალიში" ძალიან სერიოზული სკოლა გავიარე. ბევრს ვმუშაობდით, გვასწავლიდნენ სიარულსა და თავის დაჭერას; გვიყალიბებდნენ პროფესიულ ჩვევებსა და მანერებს; მოდის ისტორიასა და მაკიაჟზე გვიკითხავდნენ ლექციებს... უზარმაზარი შრომაა საჭირო, რომ ამ სფეროში რაიმე წარმატებას მიაღწიო. ყველაზე უბრალო ჩვენებასაც კი წინ უძღვის ძალიან რთული მოსამზადებელი პერიოდი - რეპეტიციები, გადაღებები, გენერალური რეპეტიცია. როცა პროფესიონალი ხარ და გიყვარს შენი საქმე, ეს ყველაფერი სასიამოვნო პროცესად იქცევა...
რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მოდელის ინტელექტს, შინაგან თავისუფლებას, ენების ცოდნასა და, თქვენ წარმოიდგინეთ, წარმომავლობასაც კი. მე ნაკლებად მჯერა იმის, რომ ვიღაცამ შეიძლება, ქუჩაში აღმოგაჩინოს, თუმცა, ასეთი რაღაცეებიც ხდება. ძირითადად კი, ვინმემ რომ "აღმოგაჩინოს", ძალიან ბევრი უნდა იმუშაო - პირველ რიგში, რაღაც სკოლა უნდა გქონდეს გავლილი; შემდეგ უნდა გააკეთო "პორტფოლიო", იგივე მოდელის პასპორტი; შემდეგ სააგენტოებთან კონტაქტების დამყარება დაიწყო და ამის შემდეგ შესაძლოა, შენით დაინტერესდნენ. ასევე უნდა იყო სერიოზული პროფესიონალი, რომ ფოტოგრაფსა და ოპერატორთან თავისუფლად მუშაობა შეძლო; არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ - არ უნდა იყო ერთფეროვანი, რადგან პოდიუმზე მოდელს ბევრნაირი სახის შექმნა უწევს..."

თაკო ჩხეიძის დებიუტი 1995 წელს კლუბ "ახალგაზრდულში" შედგა. იმავე წლის სექტემბერში "ამა"-ზე (ავანგარდული მოდის ასამბლეა) თაკომ პირველ სერიოზულ, პროფესიულ წარმატებას მიაღწია. ამ ფესტივალზე მან ბევრი ვინმე გაიცნო, ,,მოდელი თაკო ჩხეიძე" - ასეთი სიუჟეტი გააკეთა TBS-სტუდიამ მის შესახებ. შემდეგ იყო "დიზაინი-96", "მეტეხში" დიზაინერების კონკურსი ტარდებოდა, ბოლო მომენტში გადაწყდა, "წლის საუკეთესო მოდელი" აერჩიათ და ეს ტიტული თაკოს ერგო. მას შემდეგ, თაკო ჩხეიძე თბილისში ყველა მნიშვნელოვანი და სერიოზული ჩვენების მონაწილეა. იღებენ სარეკლამო რგოლებსა და მუსიკალურ კლიპებში. მას დეფილეებზე ცნობილი მოდელიერები და დიზაინერები იწვევენ.
15 წლის თაკო ჩხეიძე ერთ-ერთი მაღაზიის რეკლამისთვის გადაიღეს. თითქოს - არაფერი მნიშვნელოვანი, მორიგი სარეკლამო რგოლი. მაგრამ ორი წლის შემდეგ იგი ამ მაღაზიის მაშინდელ მფლობელზე, რუსლან აბაშიძეზე ქორწინდება. ამ ქორწინებას წინ უძღოდა თაკოს კიდევ ერთი, სერიოზული წარმატება. "ნატალი" თაკო ჩხეიძისთვის ის სამყარო აღმოჩნდა, სადაც ყველაზე დიდი ოცნებაც კი შეიძლება, რეალობად იქცეს, მაგალითად, მსოფლიოში ცნობილ სააგენტოებთან, ფოტოგრაფებსა და ჟურნალებთან თანამშრომლობა...
1996 წლის დეკემბერში სააგენტო "ნატალიში" ერთ-ერთი შეხვედრის დროს სტუმართა შორის ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვარი გოგა კანდელაკი და მისი მეგობარი გოგონა აღმოჩნდნენ. მათ ძალიან მოეწონათ თაკო და საქართველოდან წასვლისას მისი ფოტოები გაიყოლეს. სრულიად მოულოდნელად თაკომ ამერიკიდან მიწვევა მიიღო.
თაკო ჩხეიძე ნიუ იორკში მიემგზავრება და ექვსი თვე მოდელების სააგენტო IMG-ში (International Managment Group) მუშაობს. როცა უკვე სერიოზული საუბარი იწყება სამწლიან კონტრაქტზე, მოულოდნელად "ქუდს იხურავს" და საქართველოში ბრუნდება.

"იქ არაფერი მაკლდა, გარდა... მოკლედ, შეყვარებული ვიყავი და ვეღარ გავჩერდი. თბილისიდან მე და რუსლანი ერთად წავედით ამერიკაში. შემდეგ კი, როცა სამსახურის გამო უკან დაბრუნდა, ყოველდღე მირეკავდა. მთელი ჩვენი ურთიერთობა სასიამოვნო სიურპრიზებითა და მოულოდნელობებითაა სავსე... ერთი სიტყვით, იქ მარტო გაჩერება აღარ შემეძლო, არაფერი აღარ მინდოდა, ერთი სული მქონდა, თბილისში როდის დავბრუნდებოდი.
IMG მსოფლიოში ცნობილი სააგენტოა, ფილიალები აქვს პარიზში, ლონდონში. არაჩვეულებრივი სამუშაო პირობებია და, უბრალოდ, ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ იქ მოხვდე. იმ ხნის მანძილზე, რაც სააგენტოში ვმუშაობდი, შეხვედრები მქონდა ცნობილ ფოტოგრაფებთან, მოდელიერებთან, დიზაინერებთან. გადაღებებზე ვიყავი რამდენიმე პოპულარულ ჟურნალში. როცა ეს ყველაფერი უკვე სერიოზულ სახეს იღებდა - მე საქართველოში დავბრუნდი... მაგრამ ამერიკაში მუშაობამ ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. იქ მოდელს აბსოლუტურად განსხვავებული სამუშაო პირობები აქვს, ანაზღაურებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
შემდეგ პარიზიდან, VIVA MODELS -ის სააგენტოდან მივიღე მიწვევა. რუსლანმა მითხრა, ჩავიდეთ, ვნახოთ, როგორი პირობებიაო. ჩავედით, დამინიშნეს გადაღებები, შეხვედრები, მაგრამ სამი კვირის შემდეგ იქიდანაც წამოვედი. რა ვქნა, ოჯახს ვერ ვტოვებ და დიდი ხნით მარტო ვერსად მივემგზავრები..."

2000 წელი თაკოსთვის ძალიან ბედნიერი და იღბლიანი აღმოჩნდა: წლის დასაწყისში დედა გახდა. არც თითქმის ერთწლიან პაუზას და არც ბავშვის გაჩენას არ შეუშლია ხელი მისთვის, რომ ფორმა შეენარჩუნებინა - წლის ბოლოს თაკო ყველაზე გრაციოზული მოდელი ხდება.
"საუკეთესო მოდელისთვის" შესარჩევ კონკურსს "კავკასიის მოდის სახლი" "ბერიკონში" ატარებდა, მასში სხვა სააგენტოებთან ერთად "ნატალიც" იღებდა მონაწილეობას. თაკომ ბოლო მომენტში გადაწყვიტა კონკურსზე გასვლა და გაიმარჯვა. ორი კვირის შემდეგ კი თურქეთში გაემგზავრა.
"მსოფლიოს საუკეთესო მოდელის" კონკურსი უკვე 13 წელია, ტარდება. ამჯერად მასში 47 ქვეყნის 77 წარმომადგენელი მონაწილეობდა. რვა დეკემბრის საღამოს კი საქართველოს ყველა სატელევიზიო არხსა და საინფორმაციო გამოშვებაში თაკო ჩხეიძის გამარჯვებაზე საუბრობდნენ.

"სტამბულში მსოფლიო დონის კონკურსი ჩატარდა. "კავკასიის მოდის სახლი" ერთადერთია საქართველოში, ვისაც ამ კონკურსზე ქართველი მონაწილეების წარდგენის ექსკლუზიური უფლება აქვს. ორ დეკემბერს ჩავფრინდით სტამბულში. კონკურსამდე ექვსი დღე იყო დარჩენილი. ყოველდღე გადაღებები და რეპეტიციები გვქონდა. არაჩვეულებრივ პირობებში გვიწევდა მუშაობა. შვიდში, კონკურსზე დასასწრებად, ჩემი მეუღლეც ჩამოვიდა.
საქართველომ ამ კონკურსში პირველად მიიღო მონაწილეობა. სულ ხუთი ნომინაცია იყო, აქედან ერთ-ერთია BEST GRACE, რომელიც მე მივიღე. ცნობილი ფრანგი და თურქი დიზაინერები გვაცმევდნენ - პაკო რაბანი, ჟან ლუის შერერი, ჟაკ ფადი, ანა დე ბურბონი.
გამარჯვებულთა ფოტოები და მონაცემები ყველა დიდ სააგენტოში დაიგზავნა. უკვე მაქვს წინადადებები, წესით ექვსი თვის მანძილზე რაღაც უნდა გადაწყდეს. ვნახოთ, თუ კარგ პირობებს შემომთავაზებენ, აუცილებლად წავალ, ოღონდ - მთელი ოჯახით..."

ყველაფერთან ერთად, თაკო ჩხეიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. სტუდენტურად ცხოვრებას ნამდვილად ვერ ახერხებს, მაგრამ ყველა მეორეკურსელივით მასაც ძალიან უყვარს თავისუფალი დროის (თუ აქვს) ახლობლებთან გატარება და ძილი (სულ გამოუძინებელია). ამ ბოლო დროს ბავშვობის გამოცდილებაც გაიხსენა და ახალ ტელესერიალში მიიღო მონაწილეობა, ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. სერიალს "თბილისური ამბები" ჰქვია...
თაკო ჩხეიძის ამბები კი ამით არ დასრულებულა...
თაკო ჩხეიძე ჯერ 19 წლისაა, XXI საუკუნე კი, რომელშიც ბევრი ახალი ამბავი უნდა მოხდეს - მხოლოდ რამდენიმე თვის...