სარდაფის კლუბში...

ღმერთმა იცოდეს, როგორ მოგვენატრა...
მოგვენატრა უბრალოდ ერთად ყოფნა და ერთმანეთის მონახულება.
მოგვენატრა მისალმება და გაღიმება, სინათლეზე ერთმანეთის სახეების დანახვა - თუნდაც სევდიანი, თუნდაც დაღლილი, მაგრამ ასეთი ახლობელი...
მოგვენატრა უცნობების დანაცნობება, შემთხვევითი შეხვედრები " ,,გოდარზე მოხვედი?" " ,,მერე გამოფენა იქნება..."
მოგვენატრა ახლობლების ახლობლებისთვის საჩუქრად მიძღვნა და უკვე მათი ახლობლობით უთქმელად სიხარული...
მოგვენატრა ახალი ვარცხნილობის სხვებისთვის ჩვენება და ,,სექენდ ჰენდში" აღმოჩენილი ფერეს ქუდით ჩუმად სიამაყე: " ,,რა გახურავს?"... ,,როგორ გიხდება"...
მოგვენატრა კარგი ფილმის ერთად ყურება, ანდა ალბომის ან კატალოგის რატომღაც ერთად თვალიერება.
მოგვენატრა ლექსების ერთად კითხვა და ერთად მოსმენა.
მოგვენატრა ერთი დიდი სამოვარი ან, კი ბატონო, უბრალოდ მადუღარა, ერთად დაჯდომა, ჩაის სმა და ხელოვნებაზე ბევრი ლაპარაკი.

რა ჰქვია ამას?
ალბათ, ,,სარდაფი"...

პირველად სარდაფი ,,ჩვენი" მაშინ გახდა, როცა სულ სხვანაირი სპექტაკლების სანახავად ჩავედით ანდერგრაუნდში... ეს სიტყვა თუნდაც პირდაპირი და თუნდაც პირობითი გაგებით, უცნაურად დაემთხვა თაობის მისწრაფებებს. თაობის, რომელსაც სული ქმნის და არა - ასაკი.
ასე შეგვიყვარდა აღთქმული და სახელდებული ანდერგრაუნდი...
მერე კი... მერე სარდაფში კლუბიც გაიხსნა...

ასეთი იყო ალბათ ,,როტონდა", ანდა ასეთი იქნებოდა ,,ქიმერიონი" " თუნდაც იმიტომ, რომ ისიც სარდაფი იყო...
არ გამიჯავრდეთ და არ დამიწყოთ ახლა მკრეხელობაზე ლაპარაკი. იქ ხომ პიკასოო... ელუარიო... ანდა თუნდაც პაოლოო ან ტიციანი...
ჩვენი სათქმელი და საქმე ამ სარდაფში დღეს ჩაის სმაა, ხან შეიძლება რაიმესი უფრო მაგარის...
მთავარ სათქმელს კი, სხვათა შორის, იტყვის მხოლოდ დრო. ის დაალაგებს თაროებზე აქ მოსულ სტუმრებს და მართლაც რომ არავინ იცის, ამ შეხვედრებზე შემდგომ დაწერილ მემუარებს რა ფასს დაადებს.

მე თვითონაც ვგრძნობ, ცოტა არ იყოს, ლექსებივით გამომივიდა, გადავდივარ ახლა პროზაზე:

ჰოდა, ის იყო, ამ რამდენიმე ხნის წინათ, რედაქციაში მისულს, წერილი დამხვდა: ,,ვიყავი... მინდოდა დამეპატიჟებინე... სარდაფში კლუბი გავხსენით, ჩამოდი, გვნახე... დათო ჯანელიძე".
და მე ჩავედი... და მას შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა სარდაფი, და უცნაური სიხარულის გრძნობა მაშინაც, როცა კარგი საღამოა, მე კი ვერ მივალ...
სარდაფის კლუბი გაჩნდა ისე, როგორც წესია. ჯერ უბრალოდ სურვილი იყო რაიმე ახლის გაკეთების, მერე - იდეა, კონცეფცია, მერე კი კინორეჟისორებმა დათო ჯანელიძემ და ოთარ შამათავამ ამ იდეის განხორციელება გადაწყვიტეს.
დათო ჯანელიძე: ,,თბილისში არ იყო ისეთი კლუბი, სადაც ფილმის ჩვენებაც შეიძლებოდა, ლიტერატურული საღამოს გამართვაც და გამოფენის მოწყობაც".
აქ ყველაფერი შეიძლება და აქ ყველაფერი ეწყობა.
აქ შეიძლება, უსაყვარლესი პოეტის ლექსები, მისივე წაკითხული მოისმინო, შენ კი იჯდე და ყავას წრუპავდე.
აქ შეიძლება, შენი რჩეული მხატვრის გამოფენა მშვიდად ათვალიერო და თანაც იქვე, დაბალ სკამზე ჩამომჯდარმა, გაიგონო ავტორის კომენტარი, ან შეიძლება დათო ევგენიძეს შეხვდე და ახალი მუსიკის ნაცვლად, ამჯერად გუშინ დაწერილი ლექსი მოისმინო.
აქ შეიძლება, სრულიად სხვადასხვა ფილმი ნახო და მერე გონებისდაკარგვამდე იდაო ვინმესთან შენი პოზიციის სისწორეზე.
აქ შეიძლება, უბრალოდ ჩაეხეტო და ცოტა ხნით ჩამოჯდე იმის იმედად, რომ აუცილებლად შეხვდები რამდენიმე მონატრებულ ახლობელს.
აქ შეიძლება, ნახო ცნობილი მხატვრები, მწერლები და თეატრალები, გვერდით მაგიდას შემომსხდარნი და შეგიძლია უთხრა: ,,ერთად დავლიოთ".
ხოლო დასალევი, აქ ღირს ძალიან იაფი. არც კი ვიცი, ეს როგორ ხერხდება, მაგრამ ზუსტად იმდენი, რამდენიც აქ მოსულ ადამიანს შეუძლია გადაიხადოს.
,,თუ იაფი არ იქნება, ვთქვათ, ყავა ან ლუდი, მაშინ აქ ის ადამიანები ვერ მოვლენ, ვისთვისაც არსებობს ეს კლუბი,"- ამბობს დათო ჯანელიძე, - ,,გვიჭირს თავის გატანა, მაგრამ..."
მაგრამ ისინი ცდილობენ... ხანდახან რაღაც ღონისძიებებსაც მიმართავენ. ცოტა ხნის წინათ, მაგალითად, ფასიანი შესვლა დააწესეს.
თავიდან დავფრთხით, ძნელია მაინც, მით უმეტეს თვალანთებული სტუდენტებისთვის, რომელთაც მართლა ძალიან უნდათ, ვთქვათ ანა კალანდაძის საღამოზე დასწრება, ან გია ბუღაძის პერფორმანსის ნახვა... მაგრამ ასეთებს აქ გარეთ არავინ ტოვებს. ის კი, ვისაც ორი ლარის გადახდა ძალიან არ დააზარალებს, რატომაც არ უნდა შეეწიოს საყვარელ ,,სარდაფს". კლუბის მუდმივი წევრებისათვის კი საგანგებო ბარათები შემოიღეს, რომელიც მხოლოდ ათი ლარი ღირს -,,კლუბის მცველთა საყურადღებოდ! ამ ბარათის მფლობელისათვის, ცხრა კარი და ცხრა კლიტე დღე და ღამე ღიაა".

დიდი და სხვადასხვანაირად განათებული დარბაზის ბოლოს კინოეკრანია. შუაში, სცენასავით შემაღლებაა, რომელზეც ერთი ჩემი მეგობრის ლამაზი აღქმით ისე, როგორც პოდიუმზე მიდი-მოდიან მოხდენილი ქართველი გოგონები. როცა კინოა ან შეხვედრა, ამ პოდიუმზე დაბალ სკამებს რიგებად ალაგებენ და სცენაც ამფითეატრად გადაიქცევა.
გვერდით ბარია, როგორც გითხარით, მყუდრო და იაფი და რაც მთავარია, აქ არავინ არასოდეს შემოგიბღვერს იმისათვის, რომ მხოლოდ ერთი ჭიქა ჩაი აიღე.
ჰოდა, მოკლედ დაჯდები შენთვის... მიირთმევ ჩაის, გადაივიწყებ, რომ გარეთ ცივა, თოვს და უბერავს ქარი. არ გაიხსენებ არც უშუქობას და არც იმას, ამაში ვის უნდა დაედოს ბრალი, ორი საათით დროს მიაბარებ ყველა პრობლემას და დაიტოვებ მხოლოდ იმას, რაც უცვლელია და რასაც არასოდეს, არასოდეს გაუვა ყავლი...
ხუთშაბათობით, ეს იქნება სიტყვით გართობა, და რჩეულ სტუმარს წარმოგვიდგენს დათო ტურაშვილი. ხოლო რჩეული იქნება იგი არა იმიტომ, რომ ამაგი აქვს, ან იმიტომ, რომ პირველი წიგნით, მართლაც, დიდ იმედს იძლევა... იმიტომ მხოლოდ, რომ სათქმელი აქვს და ასაკის მიუხედავად არის ახლისა და სიყვარულის მატარებელი.
მერე იქნება პარასკეობა... მერე შაბათი, იქნება კვირაც, მერე მოვა ხუთშაბათობა...
მერე იქნება დიდი კინო, მერე - მხატვრობა, იქნება ფოტო - მაღალი და სამოყვარულო, იქნება ბევრი აქცია და ეპატაჟი, იქნება მოსვლა, ერთად ყოფნა და მერე წასვლა, იქნება ბევრი მოწონება და დაწუნება, იქნება აზრი ხან უდაო, ხან საკამათო... იქნება ჩხუბიც... დიდგულა და პოეტური... მაგრამ ყოველთვის იქნება სინანული და სიყვარული...
ვიღაცა ისევ ჩამოკიდებს თავის ნახატებს, ვიღაც კი ალბათ მოიტანს მხოლოდ თავის ერთ სურათს. ვიღაც სახსოვრად დაუტოვებს კლუბს საყვარელ წიგნს, მერე ვიღაც ამ წიგნებით და ნახატებით - გემოს ისწავლის...
მინდა ეს ვიღაც, იყოს, მაგალითად, რომელიმე ჩვენგანის შვილი.
ისიც მოვიდეს ჩვენთან სარდაფში და გაიცნოს ყველა, არ ჩამოვთლი აქ სახელებით, რადგან არ მინდა, ვინმე გამომრჩეს... გაიცნოს ყველა, ისიც, ვინც ,,მეოცე საუკუნეს"" წერდა მათთვის და ვინც ოცდამეერთე საუკუნის წერას აპირებს... ვინც უჩვენებდა ახალ სახეებს, ვინც ,,სხვა" მუსიკას ასმენინებდა და ვინც უცნაურ და სურნელოვან კარვებს უდგამდა...
და კიდევ, მინდა, როცა გაივლის წლები, ჩემმა შვილმა წიბახაშვილის გაცრეცილი ფოტო აიღოს ხელში და მეგობრებს უთხრას: ,,ეს - ეს კაცია, ეს - ეს მხატვარი, ეს - ეს პოეტი, ეს მუსიკოსი... ეს კიდევ მე ვარ... ძია გურამმა გადაგვიღო ,,სარდაფის კლუბში."

მარინა ვაშაყმაძე