და ქმნიდა როგორც...

როცა თბილისი თხუთმეტი საუკუნის გახდა და როცა მთელი საქართველო დედაქალაქის დაარსების 1500 წლისთავს აღნიშნავდა, ვაკის პარკში, თურმე, ნოტებიანი ფურცლების "თოვლი" მოვიდა. ხალხით გადაჭედილი პარკის თავზე ვერტმფრენი დაფრინავდა, ციდან კი იმ სიმღერის ნოტები ცვიოდა, რომელიც მერე თითქმის ყველამ ზეპირად ისწავლა... იმ დღეებში კი, ალბათ, ბევრი ღიღინებდა: "თბილისო, მზის და ვარდების მხარეო, უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა..."
2000 წელს რევაზ ლაღიძის სიმღერა "თბილისო" დედაქალაქის ოფიციალურ ჰიმნად იქცა...
2000 წელს რევაზ ლაღიძე ქართულმა საზოგადოებამ "საუკუნის კომპოზიტორად" აღიარა...
"... ერთი რამ საოცრება არსებობს ამქვეყნად - სიყვარული, რომლის გამჟღავნებაც მეტად ძნელია. მასზე ხმამაღლა ლაპარაკს ალბათ იმიტომაც ვერიდებით, რომ იგი ესოდენ სათუთი, ნაზი, უმწიკვლოა..." წერდა რევაზ ლაღიძე ერთ საოცრად მოკრძალებულ და გულწრფელ წერილში, რომელიც მან ახალგაზრდებს უძღვნა... მაგრამ უკვე დიდი ხანია, რაც ამ გრძნობაზე "ხმამაღლა ლაპარაკობენ"; დიდი ხანია, რაც მუსიკისმცოდნეები და ჟურნალისტები, მომღერლები თუ კომპოზიტორები, რევაზ ლაღიძის "პირადი მეგობრების მთელი არმია" თუ უბრალო ნაცნობები ამ გრძნობაზე იმდენს და ისეთი სიყვარულით საუბრობენ, რომ რაიმე ახლის აღმოჩენა, რაიმე ახლის დამატება თითქმის შეუძლებელია...
და მაინც, რევაზ ლაღიძე - კაცი, რომლის შესახებაც შეიძლება ყველაფერი იცოდე, მაგრამ მაინც ჯიუტად გინდოდეს, ისევ და ისევ გაიხსენო ვაჟკაცურად ლამაზი ამბები მისი ცხოვრებიდან, უფრო სწორად, საკუთარ თავს შეახსენო, როგორ ცხოვრობდნენ მაშინ, როგორ ფიქრობდნენ და საუბრობდნენ, როგორ იბრძოდნენ და როგორ წუხდნენ, როგორ ქმნიდნენ და როგორ უყვარდათ...

და იყო პირველი შეხვედრა მუსიკასთან...
დიდი ხნის შემდეგ რევაზ ლაღიძე საოცარი სითბოთი და იუმორით გაიხსენებს ამ პერიოდს - მისი შემოქმედების თავდადებულ მკვლევართან, მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელთან საუბარში.
არდადეგები, სოფელი, იქაური სკოლის ეზო და რეპროდუქტორიდან გადმოღვრილი "დაისის" შესავლის მოტივები. პირველი და ცხოვრების ბოლომდე დაუვიწყარი განცდა. შემდეგ თბილისის ერთ-ერთი მუსიკალური სკოლა და "დიდი გასაჭირი" - არჩევანი ბურთსა და ბიჭისთვის ყოვლად მოუხერხებელ "სკრიპკას" შორის; მეოთხედ და საბოლოოდ მიტოვებული "ზედმეტი ყუთი" და მტკიცე გადაწყვეტილება: ინჟინრობა ან ექიმობა...
ერთ დღეს სკოლაში ბავშვები კონცერტს მართავენ. რევაზ ლაღიძე "მძიმე წარსულს" იხსენებს და ვიოლინოზე იმ დროს მოდურ "პარახოდს" უკრავს. კონცერტს მეოთხე მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი და ცნობილი მუსიკოსი ლარისა ქუთათელაძე ესწრება. გასაგებია, რომ მუსიკალური სკოლის მოსწავლე "პარახოდი მიდის, აღარ ჩერდებას" არ უნდა უკრავდეს, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ასე ვერასოდეს დაუკრავს, თუნდაც "პარახოდს"...
მამამისს მეოთხე მუსიკალურ სკოლაში იბარებენ და იმ დღეს მისი ბედი საბოლოოდ წყდება. აქ ის არაჩვეულებრივ პედაგოგს, ლუარსაბ იაშვილს ხვდება. ცოტა ხნის შემდეგ იქმნება პირველი მინიატიურები სიმებიანი კვარტეტისათვის. კვარტეტში თავადაც მონაწილეობს, პირველ ვიოლინოზე უკრავს. პედაგოგის თხოვნით, ამ ნაწარმოებებს დიმიტრი არაყიშვილი მოუსმენს და მომავალ მუსიკოსს საკომპოზიტორო ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელებას ურჩევს.
მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ რევაზ ლაღიძე კონსერვატორიაში აბარებს. იგი ანდრია ბალანჩივაძის კლასში ირიცხება. ომის დროა, გაჭირვება, ამიტომ ის დილით სიმფონიურ ორკესტრში უკრავს, რადიოკომიტეტშიც მუშაობს, შუადღით კი ლექციებზე დადის. ჩაიკოვსკის სახელობის სტიპენდიატი ხდება. სიმფონიურ ორკესტრში კონცერტმაისტერის დამხმარეა, იქ სწავლობს პარტიტურის კითხვასა და საორკესტრო ხელოვნებას. პირველივე კურსზე წერს მუსიკას სიმებიანი კვარტეტისთვის, ვარიაციებსა და ორ სიმღერას...
ვერც მაშინ და ვერც შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე, იგი ვერ გრძნობს დროის უკმარისობას... ასწრებს ყველაფერს: მუსიკის შექმნას, რამდენიმე ადგილას მუშაობას, საქართველოს ფეხდაფეხ შემოვლას, მეგობრებთან ურთიერთობას, ოჯახის წევრებთან ყოფნას...
რევაზ ლაღიძე აღმერთებს ხალხურ სიმღერას. ამბობს, რომ საქართველოში "არაფერი შექმნილა "ხასანბეგურასა" და "ჩაკრულოს" ფასი. მიუხედავად იმისა, რომ დიდებული ხალხური პოეზია გვაქვს, ჩვენს მიწა-წყალზე მრავალი დიდებული ძეგლი დაიდგა, მონასტრები აშენდა. და მაინც, არაფერი მეგულება ქართული სიმღერის სადარი..." და ახლა, როცა ყველა საზღვარი გახსნილია; როცა შენი სათქმელი უნდა თქვა, უნდა დაგინახონ და მოგისმინონ, უფრო და უფრო მეტს ფიქრობ მის ამ სიტყვებზე...
მას ხალხურ სიმღერაში შეღწევის ორიგინალური ხერხი აქვს. ვისაც "ლილე" სვანეთში მოუსმენია, "ჩაკრულო" - კახეთში ან "კრიმანჭული" - გურიაში, საკონცერტო დარბაზში კი არა - სადღაც ბუნებაში, მდინარის ან ტყის პირას, ან სულაც სუფრასთან, მიხვდება, რატომ არ სურდა რევაზ ლაღიძეს, ხალხური სიმღერა ახალგაზრდებს ნოტებით ესწავლათ, და თავად რატომ იყო მუდამ ხეტიალით შეპყრობილი. "დიდი მომღერალი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, თითქმის ყველა კუთხის სიმღერები ვიცი. ძალიან ბევრი მიწანწალია, ამ სიტყვის ფართო გაგებით. მიწანწალია თოფით, ძაღლით, ბადით, საქართველოს ყველა მდინარეზე მაქვს ნასროლი ბადე. წყლის გიჟი ვარ. წყალი საოცრად მიყვარს. ალბათ იმიტომ, რომ ლაღიძე ვარ..."
რევაზ ლაღიძესთან ნადირობასა თუ თევზაობაში გატარებული დრო ბევრისათვის საოცარ მოგონებად დარჩენილა. რადგან თევზაობაც და ნადირობაც მისთვის რიტუალი იყო, მხოლოდ რიტუალი, რომლითაც რაღაც ზღაპრული და განუმეორებელი სამყაროს ზიარი ხდებოდი. იმ სამყაროსი, რომლის შექმნაც მხოლოდ რევაზ ლაღიძეს შეეძლო.
"საოცარი სიზუსტით მახსოვს რეზოს მიერ ნამღერი სიმღერები, მის მიერ იმიტირებული დასარტყამი საკრავების ჟღერადობა, სადღეგრძელოები. იშვიათად შევხვედრივარ ადამიანს, ასე ამაყობდეს მშობლიური ქვეყნით," - იხსენებდა გამოჩენილი რუსი კომპოზიტორი როდიონ შჩედრინი, მაია პლისეცკაიას მეუღლე. სოხუმში დასასვენებლად ჩამოსული წყვილი ერთ დღეს რეზო ლაღიძესთან ერთად სათევზაოდ მიდის, შემდეგ კი, სოხუმელი მებადურის ეზოში საზეიმოდ ხსნიან ქვევრს... რა შორეულია ახლა ეს ყველაფერი...
დღეს ბევრს ჰყვებიან, თუ როგორ იქმნებოდა ერთიმეორეზე უფრო პოპულარული მუსიკალური შედევრები.
ლელა ლაღიძე, კომპოზიტორის ქალიშვილი ერთ ინტერვიუში იხსენებს: "ხალხმრავლობაში, ბავშვების ხმაურში მუშაობდა. ზოგჯერ ჩვენ შორის მყოფი ჩაფიქრდებოდა და სადღაც "მიდიოდა". მერე უცებ თავის კაბინეტში შევიდოდა და იქიდან უკვე გაბრწყინებული თვალებით ბრუნდებოდა."

რევაზ ლაღიძემ იცის, რომ ნაწარმოები მასზე დახარჯული დროის მიხედვით არ ფასდება: - "ტყე შეუნახე შვილებსა" ერთ ღამეში იქმნება; მაგრამ შეიძლება, დიდხანს იმუშაო, გაწვალდე და "საჭიდაო" შექმნა... არაა მთავარი, თუ სად ქმნი: - დამქანცველი და მათრობელა ხეტიალის შემდეგ, სადღაც, გუდამაყარში შეიძლება, დაღლილი კოცონთან ჩამოჯდე და "ელეგიის" მოტივები გაჩნდეს; შეიძლება, მთელი ღამე კაბინეტში გაათენო, დილით კი თვალანთებული გამოხვიდე და "ჰიმნი დედაენას" გამოიტანო. არც იმასა აქვს მნიშვნელობა, დაკვეთით ქმნი, თუ საკუთარი სურვილით: - შეიძლება, დაგირეკონ და "მოგვიხმობს სამშობლოს" ნაცვლად "დიდება პარტიას" მოგთხოვონ. მერე რა, მთავარია, კარგი მუსიკა იყოს - როგორც წესი, დრო ყველაფერს გამოასწორებს - დღეს ხომ ისევ თავდაპირველი ვარიანტი სრულდება; შეიძლება, ერთი ჩვეულებრივი ფილმისთვის სიმღერა დაწერო და შემდეგ ეროვნული მოძრაობის ჰიმნად იქცეს. "ჩემო კარგო ქვეყანა" - სამოციან წლებში შეიქმნა...
რევაზ ლაღიძემ კარგად იცის ტექსტის ფასი, ამიტომაც მისი სიმღერები ილიას, ვაჟას, აკაკის, გიორგი ლეონიძის, იოსებ ნონეშვილის, მურმან ლებანიძის, პეტრე გრუზინსკისა და სხვათა ლექსებზე იქმნება. მას ძალიან უყვარს გალაკტიონი, მისი ლექსების კითხვისას "ბავშვივით ეცრემლება თვალები". "ყველაზე საყვარელი პოეტის წიგნი, ყველაზე საყვარელ ადამიანს" - ასეთ წარწერას უკეთებს გალაკტიონის წიგნს, რომელსაც მეუღლეს, თინათინ შატბერაშვილს ქორწინების წელს უძღვნის... მაგრამ ის არასოდეს დაწერს მუსიკას ამ ლექსებზე, რადგან თვლის, რომ შეიძლება, თავისი ჩარევით გალაკტიონის ლექსის მუსიკა დაარღვიოს...
1957 წელს ირაკლი კანდელაკის დოკუმენტური ფილმისთვის სპეციალურად იქმნება "სიმღერა თბილისზე". რეჟისორები რევაზ ლაღიძეს კინოკომპოზიტორს უწოდებენ. "ხევისბერი გოჩა", "საბუდარელი ჭაბუკი", "ყვავილი თოვლზე", "ხევსურული ბალადა", "გლახის ნაამბობი" და კიდევ რამდენი ფილმია, რომელშიც რევაზ ლაღიძის მუსიკა ჟღერს... მის სიმღერებს წლების მანძილზე დავით გამრეკელი და ზურაბ ანჯაფარიძე, ნანი ბრეგვაძე და სხვა ცნობილი მომღერლები ასრულებდნენ. ალბათ, მათი დამსახურებაც იყო, რომ რევაზ ლაღიძის შემოქმედება თავიდან აღმოსაჩენი არასოდეს ყოფილა...
იქმნება მუსიკა სპექტაკლებისა და ფილმებისთვის; იქმნება მუსიკალური კომედიები და სიმფონიური პოემა; იქმნება სიმღერები და იქმნება ოპერა "ლელა"...
"ლელა" თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და სლოვაკეთში წლების მანძილზე იდგმებოდა. იყო ბევრი წარმატებული გასტროლი და ყველგან, ქართულ საოპერო სცენაზე თუ უცხოეთში, მას თან ახლდა პოპულარობა და დიდი სიყვარული...
ავადმყოფობის გამო ის ძველებურად ხშირად ვეღარ დადის "სახეტიალოდ"... გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მასთან სტუმრად მისული ანზორ ერქომაიშვილი, თურმე, ადესას მტევნებით დახუნძლულ აივანზე გაიყვანა და უთხრა: "აქ დავსხდეთ, თავი გურიაში გვეგონებაო..."
აღიარება და სიყვარული რევაზ ლაღიძეს არასოდეს ჰკლებია... მაგრამ უკვე ოცი წელია, რაც ამ სიყვარულზე ხმამაღლა ლაპარაკობენ...
"ემღერებოდა და მღეროდა, ეტირებოდა და ტიროდა... და ყოველთვის მართალი იყო მუსიკის ღმერთთან, მტერ-მოყვარესთან, წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან..." იტყვის მორის ფოცხიშვილი. მურმან ლებანიძე კი დაწერს: "იგი ცხოვრობდა როგორც ვაჟკაცი და ქმნიდა როგორც პოეტი..."

ელისო კაპანაძე