WAP - ინტერნეტ რევოლუცია მობილურ სამყაროში

ახალი ათასწლეული ცხოვრების ნებისმიერ სფეროში თვისობრივად ახალი სტანდარტების დამკვიდრებას გვპირდება. ოცდამეერთე საუკუნეს ბევრი ახალი ტექნოლოგიის საუკუნესაც უწოდებს. ამ მხრივ, სატელეკომუნიკაციო ინდუსტრია უამრავ სიახლეს გვიმზადებს.

ახალ ათასწლეულში ისევ განვაგრძობთ მესამე თაობის ტექნოლოგიების (3G) მიმოხილვას. ჩვენ უკვე გაგაცანით UMTS, GPRS და M-commerce. ამჯერად მოგითხრობთ WAP-ის შესახებ, რომელიც ერთი ნაბიჯით უსწრებს წინ მესამე თაობის ტექნოლოგიებს და, რომელსაც რამდენიმე წამყვანი ევროპული ოპერატორი უკვე სთავაზობს მომხმარებელს.

მაგთიკომი მობილური კავშირგაბმულობის პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში შემოიტანა და უკვე დანერგა უახლესი ტექნოლოგია WAP. სწორედ ჩვენი კომპანიის აბონენტებს მიეცათ შესაძლებლობა, ათასწლეულის დასაწყისში პირველები დაკავშირებოდნენ ინტერნეტს თავიანთი მობილური ტელეფონით.

რა არის WAP?

წარმოიდგინეთ, რომ საქორწილო მოგზაურობაში, პარიზში, მიემგზავრებით. აეროპორტში გაგვიანდებათ და სატრანსპორტო საცობში მოხვდით. ნერვიულობთ და გაინტერესებთ, მიუსწრებთ თუ არა თვითმფრინავს. WAP ტელეფონის საშუალებით უკავშირდებით ავიაკომპანიის ჭებ გვერდს, რომელიც მუდმივად განახლებადია და არკვევთ, რომ უამინდობის გამო თვითმფრინავი 2 საათით აგვიანებს გაფრენას. ახლა უკვე იმდენი დრო გაქვთ, რომ შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ და გამგზავრების წინ სხვა საქმეებიც მოაგვაროთ.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ მსხვილი სატრანსპორტო კომპანიის სავაჭრო წარმომადგენელი ბრძანდებით და საქმიან შეხვედრაზე იმყოფებით. თქვენს კლიენტს თავისი შეკვეთის სტატუსი აინტერესებს. ამ დროს იღებთ WAP ტელეფონს, მიმართავთ თქვენი კომპანიის შესაბამის Web გვერდს და პასუხი მზად გაქვთ: "თქვენი ტვირთი დღეს დილით, 11:21 საათზე გამოიგზავნა დანიშნულების ადგილიდან".

ან კიდევ: ფეხბურთის აზარტული გულშემატკივარი ბრძანდებით და ტოტალიზატორზე სხვადასხვა მატჩის შედეგებზე ფსონი გაქვთ დადებული. როგორც წესი, ასეთი შეჯიბრებები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და შეუძლებელია ყოველი მათგანის თვალის დევნება. შეგიძლიათ, პერიოდულად WAP ტელეფონის საშუალებით შესაბამის სპორტულ Web გვერდს დაუკავშირდეთ და ყოველი თამაშის ანგარიში შეიტყოთ. ინტერნეტიდანვე იგებთ, რომ გაგიმართლათ და მნიშვნელოვანი თანხა მოიგეთ.
ეს მაგალითები დღეს შესაძლოა, ლამაზი ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდეს, თუმცა, ეს რეალობაა: ინფორმაცია მისაწვდომია არა მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერთან, არამედ ყველგან, სადაც უნდა ვიყოთ. შესაძლებლობები უსაზღვროა, ამიტომაც ბევრი WAP-ს მობილური ინტერნეტის რევოლუციას უწოდებს.

ინგლისური ენიდან პირდაპირი თარგმანით WAP (Wireless Application Protocol) ნიშნავს უკაბელო აპლიკაციების პროტოკოლს. სამომხმარებლო ენაზე ეს ის სტანდარტია, რომელიც საშუალებას აძლევს მობილური ტელეფონის მფლობელს, უკაბელოდ დაუკავშირდეს ინტერნეტს და ისარგებლოს იქ განთავსებული ინფორმაციით. როგორც ცნობილია, მობილური ტელეფონით ინტერნეტთან კავშირის სხვადასხვა საშუალება დღესაც არსებობს (მაგ: FAX/DATA ფუნქცია). თუმცა, ამ შემთხვევაში, ინფორმაციის მიმოცვლა პერსონალური კომპიუტერის დახმარებით ხდება. WAP სტანდარტის მეშვეობით კი გაჩნდა მობილური ინტერნეტის მასობრივი გამოყენების შესაძლებლობა: ინფორმაციის მიღება-გადაცემა უშუალოდ მობილური ტელეფონით ხორციელდება!

როგორ წარმოიშვა WAP?

მიუხედავად იმისა, რომ WAP სტანდარტი ახლა ხდება პოპულარული, იგი 1997 წლიდან არსებობს, ანუ იმ დროიდან, როდესაც მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანიები: მოტოროლა, ნოკია, ერიქსონი და Phone.com გაერთიანდნენ მობილური ტელეფონის მეშვეობით მონაცემთა მიღება-გადაცემის გლობალური სტანდარტის ჩამოყალიბების მიზნით. თავდაპირველად ეს კომპანიები დამოუკიდებლად ცდილობდნენ ასეთი სტანდარტის შექმნას და ბევრ პრობლემასაც აწყდებოდნენ, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა სტანდარტის გლობალიზაცია. Ericsson Mobile Communications-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოაკიმ ნელსონი განმარტავს: "დღეს მობილური ტელეფონით მონაცემთა მიღების სამი სხვადასხვა პროტოკოლი არსებობს. პროტოკოლები შეიქმნა ერიქსონის, ნოკიასა და Phone.com -ის მიერ. 1997 წელს ეს კომპანიები გაერთიანდნენ, რათა ერთიანი ძალისხმევით გაეგრძელებინათ მუშაობა. მიზანი - პროტოკოლების რაოდენობა ერთამდე დასულიყო, რათა თავიდან აგვეცილებინა ბაზრის ფრაგმენტაცია".

WAP პროტოკოლი აერთიანებს Phone.com-ის მიერ შექმნილ HDML (Handheld Device Markup Language) და HDTP (Handheld Device Transport Protocol) პროტოკოლებს, ნოკიას Smart Messaging სპეციფიკაციასა და ერიქსონის ITTP (Intelligent Terminal Transfer Protocol) სპეციფიკაციას. WAP პროტოკოლის მიზანია, მოიცვას ეს სამი სხვადასხვა მიდგომა.

ასე ჩამოყალიბდა WAP Forum Limited - აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ამ სფეროში მიმდინარე სპეციფიკურ პროცესებს არეგულირებს. დღეისათვის WAP Forum-ი 200-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, ძირითადად აპარატების მწარმოებელ და ოპერატორ კომპანიებს, რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ სტანდარტის ფართოდ დანერგვასა და განვითარებაზე.

როგორ მუშაობს WAP?

WAP აერთიანებს საკომუნიკაციო პროტოკოლსა და სააპლიკაციო გარემოს, რაც ინფორმაციის წყაროსა და მომხმარებელს შორის კავშირს უზრუნველყოფს. WAP ფორუმი ამტკიცებს, რომ ეს კავშირი სწრაფი, ინტერაქტიული და დაცულია.

მობილური აპარატების მცირე ზომის ეკრანი, შეზღუდული მეხსიერება და გადაცემის დაბალი სიჩქარე (9.6 KBps) არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სრულად წარმოჩნდეს სტანდარტული HTML ინტერნეტგვერდი. ტელეფონის ეკრანზე მიღებული ინფორმაცია არ შეიცავს გრაფიკულ გამოსახულებასა და სრულყოფილ ტექსტს. ამიტომ შეიქმნა საგანგებო ენა WML (Wireless Markup Language), რომლის მეშვეობითაც ინტერნეტში განთავსდა WAP თავსებადი სპეციალური Web გვერდები. შესაბამისად, ტელეფონის ეკრანზე მიღებული ინფორმაცია მცირე ზომისაა და იგი შედგება ფაქტობრივი მონაცემებისგან (მაგ., ახალი ამბები, სპორტულ შეჯიბრებათა შედეგები და ა.შ.). სასურველი ინფორმაციის მისაღებად აბონენტი ახორციელებს ზარს მობილურ ქსელში და საგანგებო WAP Gate-ის (ქსელთაშორისი კავშირის ინტერფეისი) მეშვეობით უკავშირდება ინტერნეტ პროვაიდერის სერვერს. ასეთ შემთხვევაში, WAP Gate-ი ახდენს აბონენტის მიერ ინტერნეტიდან მოთხოვნილი ინფორმაციის კოდირებას და შესაბამისი ფორმატით აბრუნებს მობილურ ტელეფონში. მიღებული ინფორმაციის ეფექტურ დამუშავებაში აპარატს ეხმარება მიკრობრაუზერი - მასში მწარმოებლის მიერ წინასწარ ჩამონტაჟებული პროგრამული უზრუნველყოფა. ასეთ ტელეფონებს განეკუთვნება თბილისში კარგად ცნობილი ნოკია 7110, ნოკია 6210, ერიქსონ R380, სიმენს C35i, სიმენსS35 და M35, მოტოროლა TimePort 7389, მოტოროლა V50 და სხვა.

რატომ არის WAP განსაკუთრებული?

მომხმარებელთა გარკვეული კატეგორია უკვე მიეჩვია ინტერნეტიდან ახალი ამბების, სპორტული ინფორმაციისა და სატრანსპორტო განრიგის მიღებას პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით. ახლა აქტუალურია იმავე მომსახურების მიწოდება მოგზაურობისას, ან მაშინ, როდესაც მომხმარებელს ხელთ არა აქვს კომპიუტერი.
რუსეთის ერთ-ერთ წამყვან GSM ოპერატორ MTS-ის (მოსკოვის ტელესისტემები) აბონენტებს ქალაქში მანქანით მოძრაობისას შეუძლიათ გაიგონ, თუ რომელი მიმართულებით ჯობს მოძრაობა, რათა თავიდან აიცილონ საცობები;

ბრიტანული ოპერატორის Vodafone-ის აბონენტები მსოფლიოს უახლეს ინფორმაციას BBC-ს საინფორმაციო არხებით ეცნობიან;

მეორე ბრიტანული ოპერატორის, Orange-ის აბონენტები მუდმივად ინფორმირებულნი არიან, თუ როგორ იცვლება მდგომარეობა მსოფლიოს სხვადასხვა სასაქონლო ბირჟაზე და რომელი პროდუქციის შესყიდვაა უფრო მომგებიანი;

ფინეთში, სადაც მოსახლეობის 70% მობილურის მფლობელია, ოპერატორ Sorena-ს აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ, შეიტყონ, რა დროს გავა მატარებელი უახლოესი მეტროს სადგურიდან.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამ ტიპის მომსახურებები უფრო მრავალფეროვანსა და კომფორტულს ხდის აბონენტის ცხოვრებას.

WAP-ის მომავალი

WAP ფორუმის გაანგარიშებით, 2001 წლიდან სამომხმარებლო ბაზარზე 100 მილიონზე მეტი უკაბელო მოწყობილობა იქნება გამოტანილი. ამასთანავე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სულ მალე მსოფლიოში WAP თავსებადი მობილური ტელეფონის მფლობელთა რიცხვი პერსონალური კომპიუტერის მფლობელთა რაოდენობას გადააჭარბებს. ამ ტენდენციის სტიმულირების მიზნით, 2005 წლისათვის ბაზარზე არსებული მობილური ტელეფონების 70% WAP ფუნქციით იქნება აღჭურვილი. ბრიტანული კომპანია Allied Business Intelligence-ის ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მობილურ-ციფრული კომუნიკაციის ბაზრის უსწრაფესი ზრდა განპირობებული იქნება მობილური ტელეფონებით ინტერნეტთან კავშირის გლობალური სტანდარტიზაციით, რაც საშუალებას მისცემს ოპერატორ კომპანიებს, ციფრულ-ინფორმაციული სერვისის ფართო სპექტრი შესთავაზონ აბონენტებს.
WAP ფორუმი, რომელიც ამჟამად სტანდარტის უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სხვა კომპონენტების დახვეწაზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ WAP გააგრძელებს აღმავლობას მაშინაც კი, როდესაც ბაზარზე GPRS, EDGE, UNTS- ანუ მესამე თაობის მობილური ქსელები გაჩნდება.

გიორგი ავალიანი
მაგთიკომის რეალიზაციის
დეპარტამენტის უფროსი