GPRS
Motorola - GPRS ტექნოლოგიის ლიდერი

მოტოროლა ამ მიმართულებით დარგის ლიდერია და უდიდესი რაოდენობა მოქმედი GPRS ქსელებისა სწორედ ამ კომპანიის ინფრასტრუქტურის საშუალებით ხორციელდება. სწორედ მოტოროლას ეკუთვნის მსოფლიოში:
პირველი GPRS სისტემის მობილური ტელეფონი;
პირველი პაკეტური რეჟიმით მონაცემთა გადაცემა GPRS ქსელით;
პირველი ოთხი GPRS ქსელის კომერციულ ექსპლუატაციაში გაშვება დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, თურქეთსა და ჩინეთში.
მოტოროლა ერთადერთი კომპანიაა (2000 წლის აგვისტოს მონაცემებით), რომელმაც ახალი სისტემის ქსელის კომერციულ ექსპლუატაციაში გაშვება უზრუნველყო. ასევე ერთადერთია იმ მხრივ, რომ მხოლოდ მოტოროლას გააჩნია დასრულებული სისტემა ღშ ტელეფონებით დაწყებული, ქსელის ინფრასტრუქტურით დამთავრებული და GSM ქსელების GPRS ტექნოლოგიასთან შეთავსების დიდი გამოცდილების ჩათვლით.

გასული საუკუნის ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი შევა ისტორიაში, როგორც გარდამტეხი ეტაპი კავშირგაბმულობის განვითარებისა. თუმცა, წარსულის ნაცვლად, ამჯერადაც კავშირგაბმულობის სამომავლო გეგმებზე შევჩერდებით. "მუდმივი კავშირის სამყაროს" ბოლო ნომრები ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო იყო: წარმოვაჩინეთ მსოფლიო მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის სიახლეები, რომლებიც თქვენთვის, ჩვენი აბონენტებისთვის, უახლოეს მომავალში ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცევა.
ამჯერად GPRS (General Packet Radio Service)-ზე ვისაუბრებთ - სისტემაზე, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინათ მხოლოდ სამეცნიერო წრეებისათვის იყო ცნობილი. 1999 წლის ნოემბერში პირველი ასეთი სისტემის სატესტო გაშვება შედგა დიდ ბრიტანეთში, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა მობილური კავშირგაბმულობის განვითარების ისტორიაში.
2001 წელი მობილური ქსელების ოპერატორებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ახალი ტექნოლოგიების ინტენსიური დანერგვის მხრივ: მრავალი მათგანი სატესტო რეჟიმში გაშვებული ახალი სისტემების საბოლოო დანერგვით დაკავდება, ახალი ტექნოლოგიების გარეშე დარჩენილ ოპერატორებს კი სამომავლო კონკურენცია საკმაოდ არასახარბიელო პერსპექტივას დაუსახავს.
კონკურენცია არა მარტო კომპანიებს, არამედ ქვეყნებს შორისაც შეინიშნება: თანამედროვე კავშირგაბმულობის სისტემებით იაპონია აშკარად ჯაბნის ევროპაში გავრცელებულ ტექნოლოგიებს. იაპონური DoCoMo-ს შესაძლებლობები ხომ ევროპელებისთვის ჯერჯერობით მიუღწეველია. კავშირგაბმულობის სისტემის ევროპული ტექნოლოგიები, მართალია, ჩამორჩება იაპონურს, მაგრამ ამერიკაში გავრცელებულ საშუალებებთან შედარებით ბევრად სრულყოფილია, რასაც თავისი ისტორიული ფესვებიც აქვს: ამერიკაში უმავთულო ტექნოლოგია ადრე გავრცელდა, ამის შედეგად კონტინენტის უდიდესი ნაწილი უკვე დაიფარა წინა თაობის ტექნოლოგიის ქსელებით, რომლებიც დიდ კონკურენციას უწევს და შემაფერხებელ ფაქტორსაც წარმოადგენს ახალი სისტემის დანერგვისას. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ამერიკაშიც შეიმჩნევა უმავთულო კავშირგაბმულობის ახალი თაობის ტექნოლოგიების გავრცელება, რომელთა შემდგომი სწრაფი ზრდის განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყანაში ინტერნეტის განვითარების მაღალი დონეც იქნება.
ტექნოლოგიებს შორის ბრძოლაში განსაკუთრებით საყურადღებოა გარდამავალ ეტაპზე წარმოქმნილ საკითხთა გადაწყვეტა. მეორედან მესამე თაობის ტექნოლოგიებზე გადასვლა, ფინანსური თვალსაზრისით, უმტკივნეულო უნდა იყოს როგორც აბონენტებისთვის (რომლებისთვისაც ასეთი ცვლილებები არ უნდა აისახოს ახალი თაობის სისტემების შესაბამისი მობილური აპარატების ერთდროულ ცვლაში), ასევე ოპერატორებისთვისაც გადასვლა არ უნდა ნიშნავდეს არსებული ქსელისა და სადგურის სრულ შეცვლას ახალი აპარატურით.
GSM ოპერატორებისთვის ასეთ შუალედურ ტექნოლოგიას 1997 წელს ჩამოყალიბებული სისტემა GPRS წარმოადგენს, რომელსაც დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია დაეკისრება არსებულ სისტემებსა და მესამე თაობის (3G) ტექნოლოგიებს შორის.
GPRS ერთდროულად საინტერესო აღმოჩნდა იმ კომპანიებისთვის, რომელთაც არა აქვთ მიღებული ახალი თაობის ქსელების აშენების ლიცენზიები და იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც UMTS ლიცენზიებს უკვე ფლობენ. პირველი კატეგორიის ორგანიზაციებისთვის GPRS გრძელვადიანი პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რაც ამ კომპანიებს საშუალებას მისცემს ღირსეული კონკურენცია გაუწიონ მესამე თაობის ტექნოლოგიებზე გადასულ ან გადამსვლელ ოპერატორებს, დააკმაყოფილებენ რა უმავთულო ტექნოლოგიების საფუძველზე მონაცემთა გადაცემის ბაზრის გაზრდილ მოთხოვნებს. ლიცენზიების მფლობელი კომპანიებისთვის GPRS იქნება ის საფუძველი, რომელზეც შემდგომ აშენდება ახალი თაობის სისტემების სტრუქტურა.
GPRS ოპერატორებისთვის ეს საკმაოდ ძვირი სისტემა იქნება. ცნობილი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Ovum-ის გამოთვლებით, საშუალო ევროპული ოპერატორისთვის მთელ ქსელში ამ სისტემის დანერგვის ხარჯებმა შესაძლოა, 240 მილიონ დოლარს მიაღწიოს. სისტემის გაშვება მოიცავს ახალი პარალელური ქსელის მშენებლობას ინფრასტრუქტურისა და კავშირის გარე სისტემების ჩათვლით.
უფრო დაწვრილებით რომ განვიხილოთ GPRS-ის სისტემა, მისი ლოგიკური არქიტექტურა შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ (იხილეთ სქემა).

ამ სქემის მარცხენა ნაწილი GSM ქსელის არქიტექტურას წარმოადგენს, მარჯვენა კი - ღშ-ის ფუნქციონირებისთვის შესაბამის ბლოკ-სქემას.
SGSN (Serving GPRS Support Node) GPRS-ის მომსახურების კვანძი MSC-ის ანალოგია GPRS-ისათვის, რომლის ძირითად ფუნქციებში შედის:
მომსახურების ზონაში ახალი MC-აღმოჩენა
MC-ში არსებული პაკეტების მიღება-გადაცემა.
BSS (BSC+BTS)-ის ურთიერთქმედება სხვა SGSN-სა და GGSN -თან.
GGSN (Gateway GPRS Support Node) GPRS-ის შლუზი წარმოადგენს ინტერფეისს SGSN-ის და გარე პაკეტური ქსელებისათვის, მაგალითად, AD ინტერნეტისთვის.
PCU (Packet Controller Unit) პაკეტების კონტროლის კვანძი უზრუნველყოფს SGSN-ის ურთიერთქმედებას საბაზო სადგურების კონტროლიორ BTS-თან.
OMC-G (Operation & Maintenance GPRS) GPRS-ის მომსახურების ცენტრი უზრუნველყოფს მთლიანობაში GPRS-ის მართვას, ანუ SGSN და GGSN ყველა მოწყობილობის მართვას.
SGSN და GGSNის ერთობლიობა წარმოადგენს GSN-ს (GPRS Support Node).
როგორც ნახაზიდან ჩანს, სისტემას კავშირი აქვს ორ განსხვავებულ სისტემასთან, რომლებიც ერთმანეთისგან გადაცემის მეთოდით განსხვავდება:
ტრაქტების კომუტაციის ქსელები (Circuit switching networks);
პაკეტების კომუტაციის ქსელები (Packet switching networks);
ტრაქტების კომუტაციის ქსელები ძირითადად გამოიყენება ხმის გადასაცემად, ამის მაგალითს ფიქსირებული ხაზის სატელეფონო ქსელები წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემა უწყვეტ ნაკადად ხდება, რომლის დროსაც დაკავშირებულ ორ აბონენტს შორის იკვრება წრედი, რომელიც შენარჩუნებულია დაკავშირების სეანსის ბოლომდე.
პაკეტების კომუტაციის ქსელები კი ბოლო დრომდე გამოიყენებოდა მხოლოდ მონაცემთა გადაცემისთვის (ლოკალური ქსელები, ინტერნეტი, ინტრანეტი). ტრაქტების კომუტაციის ქსელებისგან განსხვავებით, გადასაცემი ინფორმაცია მცირე ფრაგმენტებად, პაკეტებად იყოფა, ცალ-ცალკე მარშრუტიზდება და საბოლოო დანიშნულების ადგილებამდე დამოუკიდებლად, განსხვავებული გზითაც კი მიდის.
GPRS აერთიანებს ამ ორი კლასის ქსელებს და ასპარეზს უხსნის ახალი თაობის სისტემების ჩამოყალიბებას, რომლებიც მთლიანად პაკეტური კომუტაციის რეჟიმზე დაყრდნობით იმუშავებს.
GPRS მხოლოდ ტექნოლოგიაა. უფრო მნიშვნელოვანია ის სიახლეები, რომელსაც იგი მოიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ცვლილებები კი დღესაც საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია. როგორც ბრიტანული კომპანია One 2 One-ის განვითარების დირექტორმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: "ძალიან ძნელია იმის პროგნოზირება, რა იქნება ხუთი წლის შემდეგ. საკმარისია, ხუთი წლით უკან დავბრუნდეთ, რომ მივხვდეთ, რა რთული წარმოსადგენი იყო ის, რაც დღეს გვაქვს."

ლევან ბუჩუკური
მაგთიკომის მარკეტინგის,
მომხმარებელთა მომსახურებისა და პერსპექტიული დაგეგმარების დირექტორი