ქართული მინანქარი


ახალი საუკუნე... ახალი ღირებულებები...
რას მოგვიტანს იგი, რას გვასწავლის, რას დაგვავიწყებს... ეს იცის მხოლოდ დრომ და ცხოვრებამ.
ჩვენ კი ის უნდა ვიცოდეთ, ალბათ, რისი დაკარგვა და დავიწყებაც არ შეიძლება, რაც უნდა დიდი მიღწევები და კარგი ცხოვრება მოგვიტანოს ახალმა ერამ.
გადაფასება კი იმისა არ შეიძლება, ალბათ, რამაც აქამდე მოგვიყვანა, რამაც დაგვიტოვა უფლება და საშუალება, ქართველები გვერქვას.
ამიერიდან ჩვენი ჟურნალის ყოველ ნომერში სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, რაც მართლაც მუდმივია და საამაყო. დღეს, მაგალითად, - ქართულ ტიხრულ მინანქარზე...
ეს ფერები მერვე საუკუნიდან მოდის, გვახსენებს ადრინდელ ქართულ სახეებს, ფორმებს, ხასიათს... ნაკეთობებში გვაძებნინებს ქართული ფერწერის ფესვებს. ეს ქართული მინანქრის ფერებია...
მომინანქრება ასე ხდებოდა - ლითონის ფირფიტა მინანქრის ფენით იფარებოდა, უმეტესად - თეთრით. ფონის გამოწვის შემდეგ წვრილად დაფქული სხვადასხვა ფერის მინანქარი სკიპიდრის ზეთში ირეოდა და თხელი, რბილი ფუნჯით წარმოებდა ფერწერა... ეს თანხვედრა ლითონისა და ფერადი მინანქრისა იყო იმდენად დახვეწილი და ჰარმონიული, რომ ჩნდებოდა რაღაც მომნუსხველი ძალა, ძლიერი და ემოციური.
ჯერ კიდევ ჩინეთიდანაა ცნობილი მინანქრის უძველესი ნიმუშები. ხელოვნების ამ ახალმა სახემ მალე მთელი ევროპა მოიცვა, შეიქმნა მინანქრის სკოლები. მათ შორის - სამი ყველაზე ცნობილი: მაასის - ლოტარინგიაში; რაინისა და ლიმოჟის... თავის დროზე განვითარების მწვერვალს მიაღწია ბიზანტიურმა მინანქარმაც... ქართული მინანქრის ხელოვნება სრულიად თავისებური და განსხვავებული იყო, კოლექცია - კი ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. ეს არ იყო კოპირება ან უბრალოდ გაზიარება, ვთქვათ, ბიზანტიური მინანქრული ხელოვნებისა. ეს იყო სრულიად ახალი და ორიგინალური ხელოვნება.
"გამოხატული სახის უშუალობა; მეჩხერ, გრძელ ფიგურათა საერთო მოცულობის შემბოჭველი ტიხრების რიტმი; კანის ღვინისფერი ტონი; მარტივად დამუშავებული სახეების ექსპრესია და ზოგჯერ ქართული წარწერებიც," - წერს ქართული მინანქრის მკვლევარი ლეილა ხუსკივაძე.
სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ მინანქრის ქართულ ნიმუშებში, ბიზანტიურისგან განსხვავებით, საოცარი დინამიკა იგრძნობა - პეტრე მოციქულის სახეა, მათე მახარებლისა, წმინდა გიორგისა თუ ღვთისმშობლისა - მათ უკვირთ, უხარიათ, ფიქრობენ, სევდიანი მზერა აქვთ... აი, თუნდაც, ფირფიტა "ვეშაპის მლახვრავი წმინდა გიორგი" - ყალყზე შემდგარ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი შუბით გმირავს ურჩხულს; მხედარი თეთრ ცხენზე შემართულა, ცხენის უკანა ფეხებს წითელფეხიანი გველეშაპი შემოჭდობია. კომპოზიცია ოქროს ფონზეა გაშლილი, წარწერები წითელი და ლურჯი მინანქრითაა შესრულებული. სახეებზე კი ბრძოლაში გამარჯვება და დამარცხება აღბეჭდილა...
წილკნის ღვთისმშობლის ხატის მინანქარს, შარავანდის დაყოფისა და მცენარეული ორნამენტით მისი შემკობის პრინციპით, ვენეციის სან-მარკოში დაცულ ცნობილ "ნიკოპეას" ხატს ადარებენ.
საერთოდ, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში თავმოყრილი ქართული კოლექცია - შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრის ძეგლები არაფრით ჩამოუვარდება ვენეციის მინანქრის უმდიდრეს საგანძურს. ხახულის კარედს კი, რომელსაც მკვლევარები "მინანქრების მუზეუმს" უწოდებენ, არათუ ვენეციის პალა დ"ოროს უტოლებენ, არამედ, როგორც განსაკუთრებულად უნიკალურ ძეგლს, ცალკე განიხილავენ.
ხახულის კარედი ერთგვარი დამაგვირგვინებელი ექსპონატია ქართული მინანქრის კოლექციისა, მათი საერთო რიცხვი კი 200-ზე მეტია: ხატები, ჯვრები, მედალიონები, სამაჯურები... თითქმის ყველა ნიმუში ტრადიციული ტექნიკითაა შესრულებული, გამოყენებულია მაღალი სინჯის ოქრო და ელექტრუმი, რაც მეტ სიმყარეს ანიჭებს მინანქარს. სწორედ ამ სიმყარემ შემოგვინახა ისინი დღემდე.
ქართული ტიხრული მინანქარი მხოლოდ X-XI საუკუნეებით არ თარიღდება. საფარის ტაძრის XIV საუკუნის ფრესკაზე გამოხატული სარგის სპასალარის კაბა გვიდასტურებს, რომ ტიხრულ მინანქარს სამოსლის სამკაულადაც ხმარობდნენ ჩვენში... VIII საუკუნიდან მოყოლებული XIX საუკუნის ჩათვლით, ხახულის კარედი ტიხრული მინანქრის ყველაზე დიდი ნიმუშია მსოფლიოში (116 სმ-95 სმ). მინანქრის რაოდენობა მასში ას ერთეულს აღემატება, ეს მთელი ანსამბლია იმდროინდელი ქართული ხელოვნებისა - ეპოქის ზუსტი სახეც. სხვანაირად, ალბათ, არც შეიძლება გამოიხატოს ბრწყინვალება, დიდება, სიძლიერე, სიმდიდრე...
ამას ემატება ისიც, რომ ხახულის კარედის მინანქარი ყველაზე ადრინდელი ნიმუშია აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს ანთროპომორფულ მინანქრულ ხელოვნებაში.

ხახულის კარედზე თავმოყრილა ღვთისმშობლის გამოსახულება თანამდგომი ანგელოზებით, მოციქულთა და მღვდელმთავართა, წმინდა მხედრების სახეები და მეფედ კურთხევის სიუჟეტები. ერთ-ერთი თემა ბიზანტიის იმპერატორ პარაპინაკისა და ქართველთა მეფე ბაგრატ IV-ის ასულის - მარიამის ჯვრისწერა-კურთხევაა. მკვლევართა თვალსაზრისით, ეს მინანქარი თავად მარიამს უნდა ჩამოეტანა საქართველოში 1072 წელს.
ხახულის ხატისა და მისი მინანქრების ამბავი ძალიან ჰგავს ერთ დიდ ადამიანურ თავგადასავალს. მასაც ბევრი უმოგზაურია, ბევრი საფრთხე დამუქრებია... ტაოდან - ხახულის მონასტრიდან დავით აღმაშენებელს გელათში გადაუსვენებია იგი, თავიდან მოუჭედავთ და ტიხრული მინანქრითაც შეუმკიათ. ალბათ, ამიტომ არ ხუნდებოდა ფერები, ამიტომ დაჰკრავდა ლურჯს ზღვისფერი, მწვანეს - ბალახის, ყავისფერს - მიწის, მუქ წითელს - ღვინის...
მერე დავით აღმაშენებელი ანდერძსაც დატოვებს ასეთს: "ჩემნი ლალნი და თუალ-მარგალიტნი ხახულისა ღვთისმშობლისადა შემიწირავსო". ფიქრობენ, რომ დავითის საგანძურში ადრეული ხანის მინანქრები ყოფილა დაცული, რომლებიც ტრიპტიქის მოსართავად გამოუყენებიათ, რადგან ხახულის მინანქრებში ვხვდებით VII-IX საუკუნეებისათვის ნიშანდობლივ ჯვარცმის სცენებს - არქაული სტილითა და იკონოგრაფიით, ადრეული შუა საუკუნეების მედალიონებს ღვთისმშობლისა და წმინდა თევდორეს გამოსახულებით.
ქართული მინანქრით შემკულ ხატებზე ლოცულობდნენ. შეუფასებელი იყო ეს სიმდიდრე - ერთი და განუმეორებელი... ახლა, როცა მათ დაჰყურებ, ყველა ნიმუშის სუნთქვა შეიძლება გაიგონო, რიტმს აჰყვე და არ გაგიკვირდეს, ღვთისმშობლის ხატი მართლა რომ ატირდეს.

თუ თვალი პატიოსანი გაშავდა - ეს უბედურების მომასწავებელია. ძნელი სათქმელია, დაკარგა თუ არა ძვირფასმა ქვებმა ელვარება მეოცე საუკუნეში, როცა საქართველოში უძრაობის პერიოდი დადგა, მაგრამ ალბათ მათაც უჭირდათ ისევე, როგორც ადამიანებს...
იმ დროს მინანქარს თითქმის არ აკეთებდნენ. თუ აკეთებდნენ, შიშით და მალულად. აკრძალული იყო ოქროსა და ვერცხლზე მუშაობა და, როდესაც მინანქრის ერთ-ერთმა ოსტატმა, იაგო დეკანოზიშვილმა, ლიმოჟის კონკურსზე თავისი ოქროსტიხრიანი ნამუშევარი გაგზავნა, დააწერა, რომ მასალა ტომპაკი იყო და არა ოქრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი, ალბათ, ვერც მიაღწევდა ადრესატამდე.
"თუ რამე დაკარგა ქართულმა მინანქარმა, მხოლოდ ის 80 წელი, როდესაც საქართველოში ღმერთი არ იყო," - თქვა იაგო დეკანოზიშვილმა და იგივე გაიმეორეს თანამედროვე ქართული მინანქრის სხვა ოსტატებმაც.
"მინანქარი ახლა უფრო ადამიანური გახდა და განვითარდა, ზოგი სახლის ფასადებისთვის იყენებს, ზოგი კი ისეთ წვრილ ტიხარს ხმარობს, ლუპის გარეშე ვერ დაინახავ".
ზაზა ლოდია
ტიხრული მინანქარი აკადემიაში არ ისწავლებოდა. არ ისწავლებოდა საერთოდ არსად და, სხვათა შორის, არც ახლა ისწავლება. მას, ვინც დღეს ამ სფეროში პროფესიონალია, თავის დროზე ბევრი ექსპერიმენტი დასჭირდა, რომ ბოლოს სათანადო ფერი და ტიხრის სისქე მიეღო. იგონებენ რიმას ბურნეიკასაც, ლიტველ კაცს, რომელსაც პატარა სახელოსნო ჰქონდა მთაწმინდაზე და რომლისგანაც ბევრმა ისწავლა მინანქარზე მუშაობა.
ტიხრულ მინანქარში მუშაობა ძვირადღირებული სიამოვნებაა, მით უმეტეს, თუ პატიოსანი თვლების გამოყენებაც გინდა, მაგრამ ჩვენთან...
"ჩვენთან ბრილიანტს უფრო იშოვი, ვიდრე მინანქარს. რასაკვირველია, მინანქარი უფრო იაფია, მაგრამ არც იმდენად... იგი ბროლზე მაღალი ხარისხისაა და ხანდახან ლალსა და ოქროსაც შეიცავს. ზოგ კომპოზიციაში შეიძლება ორი ათასი ლარის მარტო ძვირფასი ქვა წავიდეს, ათასის კი - ოქრო. გარდა ამისა, ელექტროღუმელს რომ ჩართავ, თითო ნიმუშის გამოწვაზე სამოცდაათ ლარს წერს მრიცხველი და არც ესაა ნაკლები პრობლემა".
იაგო დეკანოზიშვილი

ძველი ტრადიციისამებრ, ძვირფასი თვლებით უფრო ხატებს ამკობენ, მაგრამ საკუთრივ მინანქარი, რომელიც ადრე მხოლოდ რელიგიური თემატიკისთვის იყო განკუთვნილი, ახლა უკვე ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. დღეს მინანქარში გაკეთებულ კომპოზიციას შეიძლება, "ბრაკონიერის მეუღლის პორტრეტიც" ერქვას, როგორც ეს ზაზა ლოდიას ერთ-ერთ ნამუშევარს ჰქვია.
"ადამ და ევა", "მეფე", "საკუთარი ჯვარცმა", ეს ის ნამუშევრებია, რომლებშიც მთელი ჩემი სული დევს. გოგა კუპრაძე, რომელიც შარშან გარდაიცვალა, მინანქრის ერთ-ერთი ძლიერი ოსტატი იყო. მოგზაურობა, უცხოეთი უყვარდა და პირველ ნამუშევრადაც დირიჟაბლი გააკეთა, დახედავ და მაშინვე დაინახავ, რომ ეს იმ კაცის ნახელავია, რომელიც უნდა წავიდეს... აი, მე კი პირველად წმინდა გიორგი გავაკეთე და მერეც ბევრჯერ გამიკეთებია. ჩემი წმინდა გიორგი სხვებს არ ჰგავს: ხან უცხენოდაა, ხან ზებრაზე ზის, ხან - კუზე, ძალიან მიყვარს და წმინდანებიდან ყველაზე უფრო მეტად მას ვცემ თაყვანს".
ზაზა ლოდია

სწორედ ახლახან საქართველოს საპატრიარქომ მინანქარში მომუშავე მხატვრები შეკრიბა და ყველას სხვადასხვა ხატის შექმნა დაუკვეთა. გიორგობის საღამო იყო და ზაზა ლოდიას ისევ წმინდა გიორგის ხატის შექმნა ერგო წილად, სოსო ალავიძეს - წმინდა ნინოსი და ანდრია პირველწოდებულის, იაგო დეკანოზიშვილს - იოანე ნათლისმცემლისა, დავით ჩხეიძეს - დავით და ილია წინასწარმეტყველების, ხოლო პაატა პაატაშვილს - ღვთისმშობლის.
ერთი ნიმუშის შექმნას საშუალოდ ერთი თვე სჭირდება და თან უამრავი პროფესიული დაავადების საფრთხეც ახლავს.
"ეს მჟავები, ქიმიური ხსნარები, ნამდვილი საწამლავია, ყველა ბოთლს თავის ქალა ახატია".
იაგო დეკანოზიშვილი

თბილისში მინანქარი უკვე მოდურიც გახდა, იყიდება კიდეც, მაგრამ მაინც...

"საზღვარგარეთ ქართული მინანქარი არ არის სათანადოდ წარმოდგენილი. კი გვქონდა გამოფენები, მე - საფრანგეთში, სოსო ალავიძეს - ლონდონში, შვეიცარიაში, სხვებს კიდევ - სხვაგან... გაზეთებშიც დაწერილა, მაგრამ დიდ წარმატებაზე მაინც ვერ ვილაპარაკებთ".
ზაზა ლოდია

"საფრანგეთში ას ორმოცდაათი ქვეყანა იღებდა კონკურსში მონაწილეობას. ჩვენ ოქროს მედალი ჩამოვიტანეთ".
იაგო დეკანოზიშვილი
წარსული ქართულ მინანქარს საკმაოდ ბევრისმთქმელი ჰქონდა. ყველა ძველი ტრადიცია მოღწეულია დღემდე და მას ბევრი ახალიც ემატება, რა შეიძლება, ითქვას მის მომავალზე?

"ეს ხელოვნებაა, უმაღლესი ფორმა სიყვარულის, უფლის მსახურების ნიჭი, მაგრამ რადგან ტიხრული მინანქარი ოქროთი კეთდება, ეს საქმე მომგებიანი უნდა იყოს სახელმწიფოსთვისაც. ნებისმიერ ბანკს თუ ქაღალდის ფულის საფასური ოქრო არა აქვს, მისი ვალუტა არაფერს წარმოადგენს. ოქროს აქვს თავისი ღირებულება, მაგრამ მე შემიძლია, იგი ათი გრამიდან ათასი გავხადო იმით, რომ შევქმნა ხელოვნების ნიმუში, რომელსაც წლების მანძილზე ფასი ემატება და არც ერთი ბანკი არასოდეს დარჩება წაგებული, თუ მის სეიფში ხელოვნების ნიმუშები აწყვია და არა ოქროს ზოდი".
იაგო დეკანოზიშვილი

"ის, რაც უცხოეთში კეთდება, სულ სხვა რამაა. ჩვენი ტექნოლოგია ტრადიციებზეა დამყარებული, რაც იმავე სისქისა და სიმაღლის ტიხარს გულისხმობს, რომელიც ძველად გამოიყენებოდა. უცხოეთში ეს პროცესი ძალიანაა გამარტივებული და ის, ფაქტობრივად, აღარც არის ტიხრული მინანქარი".
დავით ჩხეიძე

"ქართული ტიხრული მინანქარი ისე განსხვავდება უცხოურისგან, როგორც საერთოდ ქართველები განვსხვავდებით სხვებისგან".
ზაზა ლოდია

ვიღაცამ "დირიჟაბლი" გააკეთა და წავიდა, ვიღაცამ - "სახლი ზღვის პირას" და დარჩა.
საერთოდ, შეიძლება იკითხო, რატომ მიდიან და მოდიან ადამიანები "მომინანქრებულ" სამყაროში და რატომ ხატავენ მერე წმინდა გიორგის კუზე "ამხედრებულს"?
იმის ნიშნად ხომ არა, რომ ღმერთები ხანდახან იგვიანებენ?
მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ეს ქვეყანა საქართველოა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წელი გავიდა, აქ ისეთივე უფაქიზეს ოქროს ტიხრებს აკეთებენ - როგორსაც ადრე.

ეკა ქევანიშვილი
თეა თოფურია