ის, რაც ოთხ განზომილებაში ვეღარ ეტევა...

და აი, ოცდამეერთე საუკუნეც მოვიდა... ბავშვების გარდა, ყველას გვეგონა, ამას ვერასოდეს მოვესწრებოდით.

ის კი მოვიდა, და სულაც არ არის ისეთი, როგორიც არტურ კლარკის რომანის წაკითხვისას წარმოგვედგინა. ახალი საუკუნე... ვითომ გუშინ ზუსტად ასე არ იყო... ამ ათასწლეულის ფანტასტიკას ამ საუკუნის მეოცნებენი დაწერენ, ჩვენ კი ჩვენი ზღაპრები უკვე საკმარისად აგვიხდა.
ამ საუკუნემ ყველა ოჯახში შეიტანა ჯადოსნური სარკე და ბავშვს ვეღარ ნახავთ, ვისაც მფრინავი ხალიჩით არ უფრენია.
ამ საუკუნემ მოიტანა ყველაზე საშიში და საზარელი აღმოჩენებიც, თუმცა, მომავლის გადასახედიდან ყველაფერი შეიძლება სულ სხვაგვარადაც ჩანდეს.

უდიდეს აღმოჩენებზე ფიქრი საუკუნეთა მიჯნაზე მართლა საინტერესოა, მით უმეტეს იმ ადამიანთან ერთად, ვინც ამ აღმოჩენებზე მუშაობაში თავად იღებდა მონაწილეობას.

,,ერთმა ფიზიკოსმა იხუმრა: "მეცნიერების ძირითადი მამოძრავებელი ძალა ცნობისმოყვარეობაა," - იღიმება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ასტროფიზიკოსი ჯუმბერ ლომინაძე.

"ხშირად მეკითხებიან, როგორ მუშაობდით ისეთ შემზარავ იარაღზე, როგორიც ბირთვული იარაღია? მეცნიერება იმიტომ არსებობს, რომ ბუნების საიდუმლოებები ამოვხსნათ. ადამიანს ვერაფერი შეაჩერებს, სანამ ცნობისმოყვარეობას არ დაიკმაყოფილებს. ზოგჯერ ამბობენ, ნეტა, ატომური ენერგია არ აღმოეჩინათო. მე ამას არ ვეთანხმები. ეს ბუნების უდიდესი საიდუმლოს ახსნა იყო. თუმცა, აღმოჩენა შემდეგ საშინლად გამოიყენეს პოლიტიკოსებმა. აინშტაინმა თქვა: "მეცნიერი ვალდებულია, ბუნების ყველა საიდუმლო ახსნას, მაგრამ როგორ გამოიყენებენ მას ადამიანები - ამას პოლიტიკოსები საზღვრავენ". სამწუხაროდ, ცუდად საზღვრავენ.

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, გერმანია ახლოს იყო ატომური ბომბის შექმნასთან. აინშტაინი და სხვა დიდი მეცნიერები რუზველტს მიმართავდნენ, სასწრაფოდ შეექმნათ ბომბი, რადგან ეშინოდათ - გერმანია მსოფლიოს დააჩოქებდა. როდესაც ამერიკელები 1945 წელს იაპონიაში ბომბის გამოსაცდელად ემზადებოდნენ, იგივე აინშტაინი ემუდარებოდა ტრუმენს, არ გაეკეთებინა ეს.

"ატომურ ბომბზე მუშაობა - ეს იყო ლამაზი ფიზიკა" - ეს სიტყვები ჩვენი დროის გამოჩენილ ფიზიკოსს, ენრიკო ფერმის ეკუთვნის. ეს იყო ფიზიკა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. ეს იყო ნივთიერება ექსტრემალურ პირობებში: მილიონი გრადუსი ტემპერატურა, წნევა მილიონ ატმოსფეროზე მეტი..."

ჯუმბერ ლომინაძემ ფიზიკოსობა ჯერ კიდევ მე-6 კლასში გადაწყვიტა. მამამ სმიტის წიგნი მოუტანა "ატომური ენერგია სამხედრო მიზნებისთვის". ბავშვზე ამ ინფორმაციამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. 1949 წელს სკოლა დაამთავრა და თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. 2 წლის შემდეგ მოსკოვში გადავიდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე სასწავლებლად, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში არ იღებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ პარტისტორიის სახელმძღვანელოში შავით თეთრზე ასეთი ფრაზა ეწერა: "...ნეპის გატარებას წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიტიკური მახინჯები ლომინაძე, სირცოვი..." ხსენებული ბესარიონ ლომინაძე ბატონი ჯუმბერის ახლო ნათესავი იყო. ბოლოს მიიღეს და მან წარჩინებით დაამთავრა ფიზიკის ფაკულტეტი ატომური ენერგიისა და ნივთიერებათა აგებულების სპეციალობით. დამთავრებისთანავე გასაიდუმლოებულ ობიექტზე გააგზავნეს სამუშაოდ ,,ჩელიაბინსკ 70-ში".

,,როდესაც ამერიკელებმა ატომური იარაღი იაპონიაში გამოცადეს, საბჭოთა კავშირმა ყველაფერი იღონა, რათა ადეკვატური იარაღი შეექმნა. "ჩელიაბინსკ 70-ში" ეს სამუშაოები ჩემ თვალწინ მიმდინარეობდა. ბირთვულმა იარაღმა, ცხადია, შემზარავი საქმე გააკეთა, იაპონიაში ასიათასობით ადამიანი დაიღუპა, მაგრამ როგორც დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მარგარეტ ტეტჩერმა განაცხადა, ბირთვული შეიარაღების სწრაფმა ზრდამ მესამე მსოფლიო ომი შეაჩერა. ბევრი პოლიტოლოგი და მეცნიერი იზიარებს ამ მოსაზრებას. შიშმა შეაჩერა ეს პროცესი. აქ, ალბათ, არ გამოდგება რუსთაველისეული "შიში შეიქმს სიყვარულსა", მაგრამ აშკარაა, რომ შიშის ფაქტორმა დიდი როლი შეასრულა."

მეოცე საუკუნის 20-იან წლებამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ფიზიკაში აღმოჩენები დამთავრდა, რომ ყველა კანონი დაწერილია... უეცრად, 1924 წლიდან ჩნდება სრულიად ახალი დარგი - კვანტური მექანიკა. ამ ცნების მოკლედ განსაზღვრა ძნელია, მაგრამ მის შესაფასებლად შეიძლება გამოვიყენოთ მეცნიერის მიერ ნახევრად ხუმრობით ნათქვამი ფრაზა: "კვანტური მექანიკის გაგება არ შეიძლება, მას უნდა მიეჩვიო." ამ დარგმა გადატრიალება მოახდინა ფიზიკაში.

"კვანტური მექანიკა რომ არა, არ იქნებოდა ლაზერი, ბირთვული ფიზიკა და მისი განვითარება. ახლაც მუშაობენ იმაზე, რომ თერმობირთვული რეაქცია დაიმორჩილონ.

მთელ სამყაროში, ყველა ვარსკვლავზე, მათ შორის მზეზეც (ისიც ხომ ვარსკვლავია), მილიარდი წლის განმავლობაში უზარმაზარი ენერგია გამოიყოფა. დამტკიცდა, რომ, თურმე, მზეზე მძიმე წყალბადის შერწყმის რეაქცია მილიონ გრადუს ტემპერატურაზე მიმდინარეობს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ექსპერიმენტებში, თერმობირთვულ დანადგარებში დედამიწაზე 600 მილიონი გრადუსი ტემპერატურაა მიღებული."

კემბრიჯში ცხოვრობს 58 წლის მეცნიერი სტივ ჰოუკინგი. 28 წლისა იგი მძიმედ დაავადდა. სავარძელში ზის გაუნძრევლად. ამ ადამიანმა სამყაროს წარმოშობის თანამედროვე თეორია შექმნა - კვანტური კოსმოლოგია: "ოდესღაც ჩვენი სამყარო შეიქმნა. ეს ნიშნავს - იგი ვიღაცამ შექმნა. და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო შემქმნელი? მხოლოდ ღმერთი!..." ჰოუკინგი ამბობს: "მე დავწერე წიგნი ღმერთის არსებობის შესახებ, ან მისი არარსებობის თაობაზე" (მას მხედველობაში ჰქონდა თავისი წიგნი, მსოფლიო ბესტსელერი "დროის მოკლე ისტორია", რომელიც 1988 წელს გამოიცა).

"არსებობს უნიკალური ობიექტები - შავი ხვრელები. რას წარმოადგენს შავი ხვრელები? ჩვენი მზე ორჯერ მძიმე რომ იყოს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა დაიწვება მისი ძირითადი ენერგიის წყარო - წყალბადი, იგი დიდი სისწრაფით ჩაიფუშება. მისი დიამეტრი ახლა 1400 ათასი კილომეტრია, მაშინ კი დაახლოებით 3 კილომეტრი გახდება. ეს იქნება კომპაქტური სხეული - გასაოცრად დიდი სიმკვრივის მქონე შავი ხვრელი. აი, ამ თეორიას შეეჭიდა ჰოუკინგი. დღეს შავი ხვრელები აღმოჩენილია. მათში უზარმაზარი გრავიტაციული ძალაა ჩადებული. შესაძლოა, ძალზე შორეულ მომავალში ეს ენერგია ადამიანმა გამოიყენოს..."

ერთ მხარესაა სამყარო თავისი კანონზომიერებებითა და საიდუმლოებებით, მეორე მხარეს კი - მეცნიერება, რომელიც მუდამ ცდილობს, ახსნას ეს საიდუმლოებები. ხომ არ არის, მართლაც, მკრეხელური ეს გადამეტებული ცნობისმოყვარეობა და ხანდახან ხომ არ გვავიწყდება აკრძალული ხილის მოპოვების ფასი?

მეცნიერები ზოგჯერ ბიბლიასაც მოიშველიებენ ხოლმე ასეთ საკითხთა კვლევისას.

სამყაროს დასაწყისის თაობაზე ბიბლიაში წერია: "იყო ერთი დღე და არა პირველი დღე". მეცნიერები ღმერთის არსებობას არ უარყოფენ.
აინშტაინი, მაგალითად, ამბობდა: "ჰქონდა თუ არა ღმერთს რაიმე არჩევანი, როცა იგი ქმნიდა სამყაროს... მე რომ ღმერთი ვყოფილიყავი, ისეთივე გზით შევქმნიდი სამყაროს ".

ნილს ბორი: "ეს სულ არ არის ჩვენი საქმე, როგორ უნდა მართოს ღმერთმა სამყარო".
სტივ ჰოუკინგი: "ჩვენ უნდა გავიგოთ ღმერთის ჩანაფიქრი".

საუკუნის აღმოჩენების პროცესში უდიდესი როლი შეასრულა კომპიუტერის დაბადებამ. მართლაც რომ სასწაულია ისეთი მანქანის გამოგონება, რომელიც ერთ წამში მილიარდ ოპერაციას აკეთებს. ინფორმაცია უკვე სინათლის სიჩქარით ვრცელდება. იმაზეც არის ლაპარაკი, რომ ისეთი მანქანა შეიქმნას, რომელიც ადამიანის გონებას შეცვლის. კომპიუტერული ინტელექტის შესასწავლად მეცნიერების ახალი დარგიც კი შეიქმნა. მაგრამ მეცნიერთა დასკვნით, მანქანის დღევანდელი ინტელექტი მიწის ჭიის დონეზეა.

გორდონ მურის კანონის შესაბამისად, ყოველ 18 თვეში კომპიუტერის მოქმედების სიჩქარე და სირთულე ორკეცდება. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, შესაძლოა, ათეულ წელიწადში კომპიუტერი ისე განვითარდეს, რომ აზროვნებაც დაიწყოს. მაგრამ, მე მგონი, გამორიცხულია, რამემ შეცვალოს ადამიანის გონება, რომელიც მილიონობით წელი იხვეწებოდა. როგორ შეიძლება, მოდელირება გაუკეთო ადამიანის ემოციებს."

და მაინც, მეოცე საუკუნის უდიდესი მიღწევა - გენში ორმაგი სპირალის აღმოჩენა იყო.

"გენური ინჟინერიის განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანის გენეტიკური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა. და ეს დრო შორს არ არის, მაგრამ აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ეს აღმოჩენები ბოროტად არ იქნეს გამოყენებული."

სამყაროში თითქმის ყველაფერი რაღაც ლოგიკასა და კანონზომიერებას ექვემდებარება. საინტერესოა, რამდენად გავრცელდა ეს ლოგიკა ბატონი ჯუმბერის ცხოვრებაზე, მის ამჟამინდელ სამსახურს თუ გავითვალისწინებთ? ამ კითხვაზე პასუხი მას, თურმე, მზადა აქვს:

"ხშირად მეკითხებიან, რა მინდა მე - კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება მეცნიერებაში გავატარე აქ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარედ. პირველი ის, რომ მეცნიერებათა აკადემია და ცენტრალური საარჩევნო კომისია ორი ნაბიჯის სავალზეა ერთმანეთისაგან - 5 წუთი უნდა გადასვლას. მეორე ის, რომ ჩემი წინამორბედები, აკადემიკოსები მერაბ ალექსიძე და ვანო კიღურაძე მათემატიკოსები იყვნენ. მართალია, მე მათემატიკოსი არ ვარ და თეორიულ ფიზიკაში ვმუშაობ, მაგრამ დათვლა მეც შემიძლია. ხოლო თუ სერიოზულად ვუპასუხებ ამ შეკითხვას, მე თეორიულ ასტროფიზიკაში ვმუშაობ და მჭირდება მხოლოდ ქაღალდი, ფანქარი და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ - თავი."

"მეცნიერება - ეს არის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება სახელმწიფოს ხარჯზე" - ბატონი ჯუმბერი ეთანხმება ერთ-ერთი მეცნიერის ამ გამონათქვამს, მაგრამ თან შიშობს, ქვეყნის ისედაც მწირი ბიუჯეტის ფონზე, მის მიერ გამეორებულმა ამ სიტყვებმა არასასიამოვნო შედეგი არ გამოიღოს, როდესაც საქმე მეცნიერების დაფინანსებას ეხება.

,,მომავალი ათასწლეულისაგან კიდევ უფრო დიდ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. მათ გაშიფვრაში საქართველოს როლი არცთუ მოკრძალებული იქნება. ამის განცხადების უფლებას კი გვაძლევს იმ ქართველ მეცნიერთა შრომები, რომელთა შესახებ უკვე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა.

მაგალითად, 36 წლის გია დვალი თერთმეტი წელია, რაც ამერიკაში მოღვაწეობს. იგი ამჟამად ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორია. თავის ამერიკელ კოლეგებთან, ახმედ დაუკოტთან (ამერიკაში დაბადებული ირანელი) და დომოპულოსთან (ბერძენი) ერთად გამოაქვეყნა ნაშრომი. ამ სამმა გვარმა, აბრევიატურით ADD, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მეცნიერებაში არსებობს ცნება ,,ციტირების ინდექსი": ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გამოეცით თქვენი შრომა და ვიღაცა მას გამოიყენებს- თქვენს გვარს მიუთითებს როგორც წყაროს. თუ წელიწადში მეცნიერზე 20-30 კაცმა მიუთითა, ეს ძალიან კარგია. თუ 60-მა - წარმოუდგენლად კარგი. ADD-ს მიერ 1998 წელს და შემდგომ გამოქვეყნებული შრომების 1700 ასეთი ციტირებაა.

რაშია საქმე? რატომ არის ეს ნაშრომი ესოდენ საინტერესო? ჩვენი სამყარო 12 მილიარდი წელია, რაც არსებობს. ამბობენ, ნიუტონმა აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის გრავიტაციული ძალა, აინშტაინმა გაართულა. ხოლო დღემდე არ არის გარკვეული, რატომ არის გრავიტაციული ძალა ბუნების სხვა სამ ფუნდამენტურ ძალასთან შედარებით სუსტი. გია დვალმა და მისმა კოლეგებმა წამოაყენეს ძალიან საინტერესო იდეა: ამჟამად ცნობილ ოთხ განზომილებას სხვა განზომილებებიც დაუმატეს. თუ ამ პოსტულატს შემოვიყვანთ, ყველაფერი იცვლება, და რაც მთავარია, გრავიტაციის ძალა შეიძლება არ იყოს ასე სუსტი მცირე მანძილზე. ამ თეორიის შესაბამისად ამერიკაში ტარდება სამი ძალიან ძვირადღირებული ექსპერიმენტი. აღებულია ორი თხელი ფირფიტა, რომელთა შორის მანძილი 0,2 მმ-ია. ამ ფირფიტებს შორის უნდა გაზომონ გრავიტაციის ძალა.

უცხოეთში მრავალი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა მუშაობს და მოღვაწეობს. აი, ეს არის ჩვენი სიმდიდრე. რუსეთში არის ინსტიტუტები, სადაც მეცნიერთა 80 პროცენტი ქვეყნიდან წასულია. ქართველებს კი არ უყვართ სხვაგან ცხოვრება, მაგრამ რა ქნან... ამ ხალხს სახელმწიფოსგან ყურადღება და დახმარება სჭირდება."

ასე გავიდა მეოცე საუკუნე... ამ საუკუნის გონსა და ინტელექტს ქართული ინტელექტიც უერთდებოდა, ოღონდ, ცხადია, არა ქართული სახელით.

რა იქნება ახალ საუკუნეში... ხანდახან ფიქრობ, რა მოხდება, რომ ამ საუკუნეში ქართულ ინტელექტს ქართული სახელი ერქვას...

თინათინ დვალიშვილი