GPRS საქართველოში

მოკლედ GPRS-ის შესახებ

GPRS (General Packet Radio Service) მაღალი სიჩქარით ინფორმაციის გაცვლის საშუალება GSM სისტემის აბონენტებისათვის
დღეისათვის ეს ტექნოლოგია შუალედურ რგოლად ითვლება მესამე თაობის სისტემაზე გადასვლამდე, რომელიც ექსპერტების აზრით, დაგეგმილი 2003 წლის ნაცვლად, სავარაუდოდ 2-3 წლით გვიან შემოვა ევროპის ბაზარზე. ეს ფაქტი კიდევ უფრო ზრდის GPRS-ის მნიშვნელობას GSM ოპერატორებისთვის, რომლებისთვისაც გარდამავალ ეტაპზე სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდება მაღალი სისწრაფის მონაცემთა გადაცემის სისტემები.

მაგთიკომმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ახალი ტექნოლოგიების დანერგვისკენ: ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრციდან იგი ერთ-ერთი პირველი GSM ოპერატორია, რომელმაც საკუთარ ქსელში GPRS ტექნოლოგია დანერგა.

მაგთიკომისა და მოტოროლას ერთობლივი განცხადება ახალი სისტემების დანერგვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში პირველი GPRS სისტემის ამუშავებას, 2001 წლის თებერვალში, საფრანგეთში გამართული მსოფლიო GSM კონგრესის ფარგლებში გაკეთდა. კონტრაქტის გაფორმებას მაგთიკომისა და მოტოროლას სპეციალისტების ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობა უძღოდა წინ, რომელიც ორივე კომპანიისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებით დასრულდა.

"ჩვენ გვეამაყება, რომ საქართველოში პირველები შევძლებთ GPRS მომსახურების დანერგვას აბონენტებისთვის. მოტოროლა 2.5 თაობის ტექნოლოგიების კარგად ცნობილი ლიდერია," - განაცხადა მაგთიკომის დამფუძნებელმა გია ჯოხთაბერიძემ.

2001 წლის 19 თებერვალს მოტოროლას მიერ გამოქვეყნებულმა განცხადებამ მაშინვე მიიპყრო სპეციალისტთა ყურადღება: მოტოროლა, სისკო სისტემს ინკ. (NASDAQ: CSC)-თან ალიანსში GPRS ქსელური უზრუნველყოფის წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. მაგთიკომმა, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 124 000-ზე მეტი აბონენტი ჰყავს, პირველმა საქართველოში, გამოაცხადა საკუთარ ქსელში GPRS ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ. პრეს-რელიზი სწრაფად გავრცელდა მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოების მიერ და გამოქვეყნდა წამყვან გაზეთებსა და ჟურნალებში (BusinessWeek, Chicago Tribune), რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელობაზე.

მოტოროლა სისკოსთან ერთად GPRS სისტემების ლიდერია მსოფლიოში. მაგთიკომსა და მოტოროლას კი ერთობლივი მუშაობის უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებთ: მაგთიკომის ქსელი მთლიანად მოტოროლას საბაზო სადგურებით არის აღჭურვილი. მოტოროლას დახმარებით, 2001 წლის დასაწყისში, საქართველოში პირველად გაშვებულ იქნა WAP მომსახურება (Wirelles Application Protocol), რომელმაც მაგთიკომის აბონენტებს საშუალება მისცა, ესარგებლათ მობილური ინტერნეტით.

"მაგთიკომი მიზანმიმართულად გეგმავს მესამე თაობის ქსელურ ტექნოლოგიებზე მიგრაციას. მოტოროლას ეამაყება, რომ სწორედ ჩვენ უზრუნველვყოფთ მაგთიკომს ინფრასტრუქტურით, პროგრამული უზრუნველყოფით, მომსახურებითა და სისტემური გადაწყვეტილებებით, რათა კომპანიამ დააკმაყოფილოს აბონენტთა მზარდი მოთხოვნები," - განაცხადა მოტოროლას ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გენერალურმა მენეჯერმა და კორპორაციულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კრის ჯილბერტმა.

ბუნებრივია, ახალი ტექნოლოგიის შემოტანისთანავე ვერ მოხერხდება მისი სრულმასშტაბიანი კომერციული ამუშავება (დღეისათვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოში სულ რამდენიმე ოპერატორი მუშაობს კომერციულ რეჟიმში), მაგრამ მაგთიკომის ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლის ფაქტი უკვე მეტყველებს კომპანიის მისწრაფებაზე, სწრაფად დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები და, რა თქმა უნდა, იმ სპეციალისტების მაღალ კვალიფიკაციასაც ადასტურებს, რომლებიც მაგთიკომში მუშაობენ.

იმედია, უახლოეს მომავალში მაგთიკომი ევროპული ქვეყნების იმ ოპერატორთა რიცხვს შეემატება, რომლებმაც კომერციულ ექსპლუატაციაში წარმატებით გაუშვეს GPRS მომსახურება.

ევროპის ბევრი ოპერატორისთვის გასაკვირიც კი იყო ისეთი პატარა ქვეყნის მიერ, როგორიც საქართველოა, თანამედროვე ტექნოლოგიების (WAP, GPRS, წინასწარი გადახდის საბარათო სისტემა, საკუთარი თანამგზავრული გასასვლელი) სწრაფი დანერგვა. მაგთიკომმა შეძლო, ევროპული ოპერატორების პარალელურად, მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა უკანასკნელი ტექნოლოგიები.

სპეციალისტების პროგნოზით, GPRS ბაზაზე უამრავი ახალი მომსახურება გაჩნდება, რომლებიც ახლებურად წარმოაჩენს GSM ოპერატორების როლს ხმისა და მონაცემთა გადაცემის სფეროში.

ლევან ბუჩუკური
მაგთიკომის მარკეტინგის,
მომხმარებელთა მომსახურებისა და პერსპექტიული დაგეგმარების დირექტორი