ხანდახან რჩები პირდაღებული...

",მე ვფიქრობ, თეატრში მთავარი გულწრფელობაა. როცა რაიმე ყალბია, ეს იმწუთშივე იგრძნობა და უხერხულობის გრძნობას იწვევს. უხერხული კი თეატრში არაფერი არ უნდა იყოს."
ეს თქვა პოლინა რუდჩიკმა. უფრო სწორად, დაწერა. ახალგაზრდა თეატრის მხატვარმა, მომხიბვლელმა, ნიჭიერმა და ძალიან საინტერესომ. დაწერა კი იმიტომ, რომ საუბარი არაფრით არ გამოუვიდა. ალბათ იმის გამო, რომ მისთვისაც, როგორც ჩანს, მთავარი გულწრფელობაა, და მგონია, რომ სულ ეშინოდა, საუბარში რაიმე ყალბი არ ყოფილიყო, ყალბი ანუ უხერხული. ისევე, როგორც თეატრში - თეატრი ხომ ცხოვრებაა...
არ ვიცი, ალბათ მისი სახელი ყველას არ გაგახსენდებათ, მაგრამ აუცილებლად გაგახსენდებათ რამდენიმე წლის წინათ, რუსთაველის თეატრის სცენაზე ნანახი ",პირდაღებული". ხანოხ ლევინის ეს პიესა დათო საყვარელიძემ დადგა, სცენოგრაფად და კოსტიუმების მხატვრად კი სრულიად ახალგაზრდა პოლინა რუდჩიკი მიიწვია. მაშინ პოლინას არავინ იცნობდა. ბუნებრივია... ჯერ არც არაფერი ჰქონდა გაკეთებული - სტუდენტობის დროინდელი ნახატების გარდა. სტუდენტობა კი ჯერ არც დაემთავრებინა.
მოკლედ, დათო საყვარელიძეს სწორედ ეს ნახატები ჰქონდა ნანახი. და პოლინა რუდჩიკმა "პირდაღებული" გააფორმა.
სპექტაკლი შედგა... იგი მაშინვე ჩაითვალა დიდ წარმატებად და ძალიან საინტერესოდ. პოლინასთვის ეს პირველი სერიოზული სამუშაო იყო - ასეთი დიდი, ასეთი პატარასათვის... და ყველა დარჩა "პირდაღებული".
მანამდე კი იყო სამხატვრო აკადემია, სულ მანამდე - ხელოვნების სკოლა. აკადემიაში ჩაბარება, თურმე, არ გაუძნელდა, "სულ ხუთნი ვაბარებდით და ყველა მიგვიღეს. საინტერესო იყო, და რამდენიმე ძალიან კარგი პედაგოგი მყავდა. მეორე კურსიდან გოგი მესხიშვილთან დავიწყეთ მუშაობა მე, სიმონიკო მაჩაბელმა და ნინო ჩუბინიშვილმა. ჩვენი პედაგოგი არ იყო, უბრალოდ თქვა - ვისაც უნდა, ჩემთან იაროსო და დავდიოდით."
ასე გახდა გოგი მესხიშვილი პოლინა რუდჩიკის მასწავლებელი. მერეც, მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც პოლინა იელის უნივერსიტეტში მოხვდა სასწავლებლად და მას შემდეგაც, რაც საქართველოში დაბრუნდა, იგი ყოველ შესაძლებელ მომენტში ძველებურად დადიოდა გოგი მესხიშვილთან და მუშაობას განაგრძობდა.
პოლინას ნათქვამი: "სპექტაკლზე ბევრს ვფიქრობ. წავიკითხავ პიესას, ვცდილობ, შევიგრძნო და მერე ვხატავ. სუყო (დათო საყვარელიძე) სულ მეუბნება - შენ ნუ ფიქრობ, შენ ხატეო."
პოლინას დაწერილი: "კოსტიუმი, დეკორაცია, თამაში, დადგმა, შუქი, მუსიკა - ეს ყველაფერი ერთი მთლიანობაა, ცალ-ცალკე თითოეული "ცოდოა" საკუთარ მარტოობაში. ამიტომ როცა სპექტაკლზე მუშაობ, ყველაზე კარგია, როცა ყველა ერთად "აზროვნებს" და ერთმანეთს იდეებს უზიარებს.
იელში, მაგალითად, პირველ კურსზე სტუდენტები ერთად მუშაობენ. ერთად კითხულობენ პიესას, მერე დიდხანს ერთად მსჯელობენ და კამათობენ... ასე სწავლობ, როგორ გადმოსცე შენი იდეა და სხვას როგორ გაუზიარო. მეორე კურსიდან სტუდენტი რეჟისორები თავიანთ სტუდენტ მხატვრებს ირჩევენ და ერთად მუშაობენ პიესაზე, პედაგოგები კი მშვიდად ისმენენ მათ საუბრებსა და მსჯელობას.
ეს გამზადებს რეჟისორთან და მსახიობთან სამუშაოდ.
ჩვენთვის კი ყველაფერი უცნაურად დამალულია, არავინ გეკითხება - ასე რატომ გადაწყვიტე? ან ასე რატომ ფიქრობ? არადა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.?
მოკლედ, პოლინა ხატვას განაგრძობდა. ეს უცაბედად მოსული წარმატება მისთვის სულაც არ იყო "ჩვეულებრივი" ამბავი, და არც ის უფიქრია, რომ ახლა მისი მხატვრობის მოსურნე რეჟისორთა რიგი დადგება. პირიქით, ფიქრობდა, რომ უბრალოდ გაუმართლა. მაგრამ, ალბათ, იმ კანონზომიერების თანახმად, რომლის არსებობისაც ჯიუტად გჯერა, პოლინამ შემდეგი სპექტაკლი გააფორმა. ეს იყო რეზო კლდიაშვილის "იადონას თეატრი", რომელსაც მარჯანიშვილის სცენაზე გოგი თოდაძე დგამდა. მერე ერთად მუშაობდნენ პოლინა, გოგი, სოფიკო ჭიაურელი და გივი ბერიკაშვილი.
როგორ მიიწვიეს? რეზო კლდიაშვილმა ნახა "პირდაღებული"?.
მერე კი იყო "ქალი გველი", რომლის მხატვარიც გოგი მესხიშვილი გახლდათ, პოლინა კი მასწავლებელს ეხმარებოდა. ეს სამუშაო ვერ დაასრულა, რადგან მოულოდნელად იელის უნივერსიტეტში წასვლის შესაძლებლობა გამოუჩნდა.
რამდენიმე ხნით ადრე ფონდში "ღია საზოგადოება - საქართველო" განაცხადი შეიტანა პროგრამაში "არტს ლინკს" მონაწილეობის მისაღებად. თავისი ნამუშევრებიც გააგზავნა, მაგრამ დიდად იმედი არაფრისა ჰქონდა - ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნიდან და მთელი აღმოსავლეთ ევროპიდან იყვნენ პრეტენდენტები.
და მოულოდნელად, მას მოწვევა მოუვიდა... პოლინა ამერიკაში გაემგზავრა და იელის უნივერსიტეტის დრამის სკოლაში (Yale School of Drama) განაგრძო სწავლა.
"როცა იელში ვიყავი, საქმისადმი სულ სხვაგვარი მიდგომა ვნახე. იქ ყველაფერი წინასწარ უნდა მოიფიქრო და გაიაზრო, რადგან ესკიზი მხატვრის სამუშაოს საბოლოო ეტაპს წარმოადგენს. შემდგომ ამ კოსტიუმის დამზადებაზე სულ სხვა ხალხი იმუშავებს.
ჩვენში, მხატვარი კოსტიუმის შესრულებაშიც მონაწილეობს და ამაში არის თავისებური ხიბლი - ეს სხვა სკოლაა. იელში ყველას უკვირდა, როცა ესკიზი რთული იყო და ძნელად გასაგები, იმიტომ რომ ნათელი უნდა იყოს, როგორ შეიძლება მისი განხორციელება. ჩვენ კი ყველაზე "წარმოუდგენელი" ესკიზის შემდეგაც ვაგრძელებთ მასზე მუშაობას და ვფიქრობთ, როგორ გავხადოთ რეალური. მერე ჩვენვე დავდივართ ბაზრობებზე და მაღაზიებში მასალის, ფეხსაცმლისა თუ თმის სამაგრის შესარჩევად.
Der Park-ის კოსტიუმი, მაგალითად, საერთოდ ესკიზის გარეშე გაკეთდა, ბოლო მომენტამდე ვერც კი ვამბობდი, როგორი იქნებოდა. ესკიზის როლს მაშინ ქსოვილი, ფაქტურა ასრულებდა.
"პირდაღებულში" კი პირიქით, ესკიზებმა შეასრულეს მთავარი როლი, რადგან ყველაფერი ქაღალდის ფაქტურიდან, ფერიდან და გრაფიკული ხაზებიდან მოდიოდა. ხდება ხოლმე, რომ ამ პროცესში თვითონ მსახიობებიც მონაწილეობენ, როცა თავიანთ შეგრძნებებსა და იდეებს გკარნახობენ, ეს გეხმარება საინტერესო გადაწყვეტის მოძებნაში.
იელში სწავლა ძნელი იყო... მრავალმხრივ ძნელი. ქანცის გაწყვეტამდე მუშაობა, უცხო გარემო და ნიუ იორკი - აგერ, სულ ახლოს. პროგრამა სამთვიანი იყო, მაგრამ, ალბათ, შეიძლებოდა რაღაცის სხვაგვარად გაკეთება... იელში ცნობილი სცენოგრაფები ასწავლიდნენ. პოლინა მოსწონდათ. ერთ-ერთმა მათგანმა, მინგ ჩო ლიმ, დაავალა "ბორის გოდუნოვი" გაეფორმებინა. მერე ვნახოთო... ,,თავი ვერ მოვაბი, ბევრი მქონდა სამეცადინო და ისედაც... ახლა რომ ვიყო, ასეთ შესაძლებლობას ხელიდან როგორ გავუშვებდი.
პატარა იყო. ოცდაერთი წლის. მის კურსზე 30 წლის ხალხი სწავლობდა.
და მაინც, იელი იყო იელი... და პოლინა რუდჩიკი სამშობლოში სულ სხვაგვარი დაბრუნდა.
მერე დაიწყო გადაფასება, ფიქრი და ხატვა. ხატვა ყოველთვის იყო მთავარი. ხატვა - ხატვისთვის, ხატვა - თეატრისთვის.
ხატვა პოდიუმისთვის? კი, ამაზე უფიქრია...
თეატრალური კოსტიუმი სცენის გარეშე არ არსებობს. მსახიობი ავსებს შენ მიერ მოგონილ სახეს, მის საუბარს, ტირილს თუ სიცილს...
ამით განსხვავდება თეატრალური კოსტიუმი fashion კოსტიუმისაგან. რა თეატრალიზებულიც არ უნდა იყოს "დეფილე", ჩვენი ყურადღება ყოველთვის ტანისამოსზეა კონცენტრირებული. ძალიან მომწონს "ფეშენ" დიზაინერების ნამუშევრები, მაგრამ მათი ქმნილებები უფრო თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობენ. თეატრალურ კოსტიუმს კი თან "თხრობის სიმძიმე" მოჰყვება. ის ყოველთვის მთავარს ეკუთვნის და არასოდეს არ არის დამოუკიდებელი.
აი, ამით არის საინტერესო თეატრი, თუმცა, მეც ძალიან მინდა, "თავისუფლება შევიგრძნო" და მოდაში ვიმუშავო. მაგრამ ეს ურთულესი პროფესიაა და სულ სხვაგვარ ცოდნას მოითხოვს.?
მერე კი დათო საყვარელიძემ ბოთო შთრაუსის "ბაღი" (Der park) დადგა. რა უნდა ჩააცვას მხატვარმა, მაგალითად, ჩიტს? იქნებ კიდევ და კიდევ ყურადღებით უნდა წაიკითხოს პიესა, ან იქნებ ეს მსახიობის პლასტიკამ უკარნახოს...
"თეატრის მხატვარი სახესა თუ იდეას გაუთავებელი ხატვით პოულობს, ან მაკეტში უანგარიშოდ რაღაცის "ჩაყრით"... მოკლედ, გზას დაადგები და ძალიან იშვიათად იცი წინასწარ, ეს გზა სადამდე მიგიყვანს. ამიტომ გზადაგზა ხშირად მიმართულებასაც იცვლი და პრემიერის დღემდე თითქოს გზააბნეული ხარ..."
პოლინას ბოლო თეატრალური ნამუშევარი დათო დოიაშვილის დადგმული სპექტაკლი იყო მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე - "მაყურებლისათვის ამის ნახვა აკრძალულია". ახლაც რამდენიმე შეთავაზება აქვს. და აქვს კიდევ ძალიან, ძალიან საინტერესო იდეები, რომლებსაც ახლა ვერ გაგიმხელთ. იმიტომ რომ, ჯერ საიდუმლოა. ხოლო რაც საიდუმლო არ არის, გეტყვით:
"დიდი სიამოვნებით "გავაკეთებდი" ოპერას, ბალეტს.
თეატრში "ნამდვილი" არაფერი არ უნდა იყოს, ყველაფერი ბუტაფორიაა. კინო ხომ არ არის, რეალური ცხოვრებიდან აიღო დეკორაცია. მე ვფიქრობ, სცენაზე არ უნდა იდგეს საწოლი, კარადა და ღამის ნათურა.
ამიტომ ბალეტს თუ დადგამენ, ამდენი ავეჯის ადგილი უბრალოდ ვერ იქნება, ცეკვაში შეუშლით ხელს."
კიდევ ერთი გეგმა ჰქონდა - მოსკოვში წასვლა სამუშაოდ. წავიდა კიდეც, მაგრამ იქ ვერ ვმუშაობო და ისევ თავის ქალაქში ჩამოვიდა.

მაინც მოვახერხეთ ბოლოს რაღაცა... ზოგი დავწერეთ, ზოგჯერაც დაგვავიწყდა, რომ საუბარი "უხერხულია" და ერთმანეთს არ ვაცლიდით ლაპარაკს. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ჩვენთვის და არა პრესისათვის და ეს იყო ძალიან კარგი და ძალიან საინტერესო. ყველაფრიდან რაც შევაგროვე, ვეცადე, ცოტათი მაინც გამეცნო თქვენთვის პოლინა რუდჩიკი - ნიჭითა და სილამაზით სავსე, ნათელი და მომღიმარი, არაჩვეულებრივი ქართველი გოგო.
მის ნამუშევრებს კი ახლა ვერ განვიხილავ, უბრალოდ გირჩევთ, რომ ნახოთ.
"მე არასოდეს მიყვარდა მხატვრობის განხილვა. სამხატვრო აკადემიაშიც არ მიყვარდა გამოცდა ამ საგანში, რადგან მგონია, რომ როგორც არ უნდა მოვინდომო, არასოდეს მეყოფა სიტყვები აღვწერო, მაგალითად, ჯოტო..." - დაწერა პოლინამ.
უხერხული შედარება სულაც არ გამომივა, რადგან არ ვადარებ, - უბრალოდ ვეთანხმები.
ხანდახან ხდება, მართლა რჩები "პირდაღებული"... და რა კარგია, როცა ხდება - სასიამოვნოდ...

მარინა ვაშაყმაძე