შემდეგი რაუნდი...

"თავიდან განსაკუთრებულს ვერაფერს ვგრძნობდი, ხელები ავწიე და გასახდელში გავედი. თხუთმეტი წუთის შემდეგ ისევ შემოვდივარ, ასეთი წესია; შემოსასვლელში ჩვენებს ვხედავ, 20-25 კაცი დგას და თითქმის ყველა ტირის. უცებ თავში მომდის აზრი - ბრძოლა წამართვეს, მსაჯებმა გადაწყვეტილება შეცვალეს ან რაღაც ასეთი... ვერ ვიგებ, რა ხდება, რატომ ტირიან. რინგზე ავდივარ, - მსოფლიო ჩემპიონი! - აცხადებენ, მაჯილდოებენ. ნელ-ნელა მოვდივარ აზრზე... უზარმაზარი სიხარულია, სიამაყეც..."
1997 წელს გიორგი კანდელაკი კრივში მსოფლიოს პირველი ქართველი ჩემპიონი ხდება. წლის ბოლოს, წინასაახალწლო "სარბიელში" გიო ახვლედიანი წერდა: ?ეს არის საჩუქარი, რომლის მსგავსიც აქამდე არ გვქონია და ღმერთმა ქნას კი, რომ მომავალში გვქონდეს. ხატება ვარიანელი გოლიათისა, კაცისა, რომელიც დაბრუნდა და გაიმარჯვა - თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ეს არის გალეული წლის ყველაზე შთამბეჭდავი სურათი... მალე ეს ამბავი, ამბავი კანდელაკის გამარჯვებისა, შარშანდელი ამბავი გახდება. მაგრამ როგორც არ უნდა გაგრძელდეს გიორგის სარინგო და საზოგადო-საკრივო საქმე, ამბავი უკვდავია. ის პირველი და ყველაზე გამორჩეული სტრიქონია ჩვენს საკრივო პერსპექტივაში..."
ინფორმაცია კრივის პროფესიონალ გულშემატკივართათვის:
გიორგი კანდელაკი:
ოცდაშვიდი წლის, სიმაღლე 192 სანტიმეტრი, წონა 100 კილოგრამი.
1991 წელს დაამთავრა ვარიანის საშუალო სკოლა, შემდეგ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი;
112 ტურნირის მონაწილეა და მთელი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ორჯერ დამარცხდა;
პროფესიულ რინგზე ჩატარებული აქვს 18 ბრძოლა, თვრამეტივე მოიგო, აქედან 14 - ნოკაუტით.
ინფორმაცია ყველასათვის:
წარმოიდგინეთ, რომ გიორგი კანდელაკს ბავშვობაში, თურმე, საერთოდ არ უყვარდა სპორტი. ოცნებობდა, მეთევზე ან სულაც მონადირე გამხდარიყო. მის სოფელში, ვარიანში, უფროსებს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონიათ - დასხდებოდნენ მინდორში და პატარა ბიჭებს აჩხუბებდნენ. საღამომდე გიორგი ოთხ-ხუთ სერიოზულ ჩხუბს ასწრებდა. მერე მამამ, თარაშ კანდელაკმა, გორში, კრივზე მიიყვანა, სახლის მეორე სართულზე კი სავარჯიშო დარბაზი მოუწყო. მთელი კვირის მანძილზე თუ ისე ივარჯიშებდა, რომ მამას მოეწონებოდა, კვირა დღეს სათევზაოდ ან სანადიროდ მიდიოდნენ. ამ ერთი დღის ხათრით თავს არ ზოგავდა. მის ბედად, პირველი მწვრთნელიც საქმის მცოდნე და კარგი მასწავლებელი აღმოჩნდა. ასე რომ, ძალიან მალე გაჩნდა ოცნება...
"მაშინ, ალბათ, თერთმეტი წლის ვიქნებოდი და საქართველოს ჩემპიონობაზე ვოცნებობდი. კრივის გარეშე უკვე ვეღარ წარმომედგინა ცხოვრება. მაგარი ინტერესი გამიჩნდა.
მახსოვს, საბჭოთა კავშირის პირველობაზე ერთსა და იმავე მოკრივესთან ორჯერ დავმარცხდი, ბავშვი ვიყავი. ჩემთვის ეს ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა იყო. მერე მამაჩემი მეუბნებოდა, სახლის შემოსასვლელში დიდი ასოებით უნდა დაგიწერო მისი გვარიო. მესამედ მე მოვუგე და მერე, სამჯერ თუ ოთხჯერ შევხვდი, უკვე აღარ წამიგია.
1990 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი. ორი წლის შემდეგ - მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში. მომდევნო წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ ძალით წავედი, დიდების ბრძოლა იყო, მე ასაკი არ მქონდა. დიდი შეგხვდება და გცემსო, - მეუბნებოდნენ. თუ დიდი შემხვდება, მომხსენით-მეთქი; ბოლოს წამიყვანეს. ისე გამოვიდა, რომ ფინალამდე ყველა ბრძოლა მოვიგე და მეორე ადგილზე გავედი. შემდეგ უკვე უფროს ასაკში გადავედი და 1993 წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი. მერე კი..."
მერე იყო შესვენება, დიდი შესვენება, თუ კრივიდან წასვლის მცდელობა... საქართველოში ომია, გაჭირვება, სპორტისთვის აღარავის სცალია. გიორგი კანდელაკი სხვა რამეების კეთებას იწყებს. თუმცა, სპორტს ბოლომდე ვერ ელევა, სოფლის "კლუბში" მეგობრებთან ერთად კრივის დარბაზს ხსნის და პატარებს ავარჯიშებს. იმ პერიოდში პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი რაღაცეები ხდება...
"ამ ამბის მოყოლას ყოველთვის სხვა ადგილიდან ვიწყებდი ხოლმე. ახლა ვიტყვი, როგორც იყო. ჩემპიონი გავხდი და ჩემს სახლში სუფრაა გაშლილი. სრულიად შემთხვევით ჩემს სპონსორს ქუჩაში შეხვედრია ჩემი სასიმამრო ვახტანგ ყანჩაველი. ვახტანგი ჩემთან არ მოდიოდა. ამას უთქვამს, ერთ კარგ ადგილას მივდივარ, წამოდიო და მანქანაში ჩაუჯდა. მოვიდნენ, მაგრამ ვახტანგი არ გადმოდიოდა, მანქანაში ქალიშვილი და მისი დაქალიც ისხდნენ, სადღაც უნდა წასულიყვნენ. ბოლოს გადაწყვიტა, ხუთი წუთით გადავალ, მივულოცავ და დავბრუნდებიო. შემოვიდნენ და ეს ხუთი წუთი ხუთი საათი გაგრძელდა. რომ ვაცილებდი, მერე გაახსენდა ვახტანგს, რომ ელოდებოდნენ და - "ვაიმე, შვილოო"... ასე გავიცანი ნინო და აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა, 1996 წელს დავქორწინდით.
1997 წლისთვის უკვე სიტუაციაც შეიცვალა და გადავწყვიტე, კრივს დავბრუნებოდი. მსოფლიო ჩემპიონატამდე სამი თვით ადრე დავიწყე ვარჯიში. არ ვიყავი მომზადებული. ფიქრობდნენ, იქნებ მესამე ადგილი მაინც აიღოსო. მე ვამბობდი, შეიძლება არ ვიჩხუბო, მაგრამ არ წავაგებ-მეთქი. ისე გამოვიდა, რომ ჩემპიონი გავხდი და პროფესიონალებში გადავედი".
სპორტულ სამყაროში ამბობენ, კრივი ვაჟკაცების საქმეაო. როგორც გიორგიმ თქვა, კარგ მოკრივეს შრომისმოყვარეობა, ჭკუა და მაგარი გული სჭირდება... და კიდევ იღბალი... გიორგის იღბალი აქვს. ერთხელ მოსკოვში წავიდა საკმაოდ მოუმზადებელი. პირველი რაუნდის შემდეგ თუ არ მოხსნიდნენ, დაიღლებოდა და შეიძლებოდა, ბრძოლა წაეგო. ეს ყველამ იცოდა. გავიდა რინგზე, პირველი რაუნდი მოიგო. დაიწყო მეორე რაუნდი და ნახევარ წუთში რინგი ჩაინგრა; დაისვენეს, გაგრძელდა ბრძოლა და ისევ რაღაც გაფუჭდა; მესამე რაუნდში ბაგირები დაწყდა. სულ სვენებ-სვენებით მოიგო ბრძოლა. როგორც წესი, ასეთი რამეები არ ხდება. ბედი შენ გქონიაო, - ეუბნებოდნენ.
"ყველაზე რთული შეხვედრა ცოტა ხნის წინათ მქონდა ინგლისელ მოკრივესთან პროფესიონალებში. მეგობარია, ერთ კლუბში ვართ და ვარჯიშის დროს ორასჯერ მაინც ვნახეთ ერთმანეთი. იქაური საღამოები ტელევიზიას აქვს შესყიდული, მერე გამოკითხვას ატარებენ და ხალხმა მოითხოვა ჩემი და ამ ბიჭის შეხვედრა. ცუდი ის იყო, რომ ერთმანეთის ყველა კოზირი ვიცოდით. მოვიგე, მაგრამ გამიჭირდა. ის ბიჭიც ისეთია, არ უნდა გალახულიყო. უბრალოდ, მომენტმა მოიტანა... ინგლისელები ფანატიკოსი გულშემატკივრები არიან. რინგთან ახლოს მოაჯირით გამოყოფილი ადგილი იყო. ჩემს მენეჯერს ვთხოვე და სკამები დადგეს. იქ დასხდნენ ჩვენები, ერთი ასი კაცი. წარმოუდგენლად რთულია, როცა სხვას ოთხი ათასი ადამიანი გულშემატკივრობს, შენ - არავინ. ისე გამოვიდა, რომ ამ ასმა კაცმა დროშებით, შეძახილებითა და ყველაფრით ოთხი ათასს აჯობა.
ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მომენტს. შეჯიბრებებზე რომ მივდივარ, მეგობრები სულ ჩემთან არიან. ჩემს ოთახში კაზინო გეგონებათ, სამ-ოთხ პარტიად სხედან და "ჯოკერს" თამაშობენ. ბოლო დღეებში უკვე ვატყობ, რომ ჩემზე მეტს ნერვიულობენ. ასეთ რამეს როცა გრძნობ, უკან დასახევი გზა აღარ გაქვს..."
თურქეთში ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდა. იქაური ქართველები, თურმე, ყოველდღე მოდიოდნენ. უკვე ფინალია, დარბაზი ხალხითაა გადაჭედილი. ბრძოლა დამთავრდა, გიორგიმ "ხელები აწია" და გასახდელში გავიდა. იქ კი გულშემატკივრებმა ერთი ყუთი ცივი შამპანური დაახვედრეს. წავიდა "წუნწაობა", ამ ყველაფრით გახარებულს ერთი ბოთლიც "შემოესვა". იმაზე არ უფიქრია, დაღლილი რომ იყო. ათი წუთის შემდეგ დაჯილდოებაზე უნდა გავიდეს და... ვეღარ გადის. მოკლედ, ევროპის ჩემპიონი ერთმა ბოთლმა შამპანურმა ისე დაათრო, რომ კინაღამ უტიტულოდ დარჩა.
"მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ კანადაში. მაშინ საერთოდ არ გვიცნობდნენ. ყურადღებას არავინ გვაქცევდა. გავიდა ორი-სამი დღე, ფინალამდე მივედი. მიხვდნენ, ჩემპიონობისთვის ვარ ჩასული. დატრიალდნენ, გვეუბნებიან, დროშა და ჰიმნი მოიტანეთო. ვაიმე, რა ვქნათ" დროშა დავხატეთ, ავუხსენით და შეკერეს. ჰიმნს ვინ დაგვიწერდა, ან შეასრულებდა? ჩემთან არიან ქართველი მოჭიდავეები, მაშინ იქ ცხოვრობდნენ. მითხრეს, "შალახოს" კასეტა გვაქვსო. კარგი-მეთქი, სხვა რა გზა გვქონდა? გავხდი ჩემპიონი. წარმოიდგინეთ, ფეხზე დგას შვიდი ათასი კაცი და "შალახოს" უსმენს. ქართველები და რუსები სიცილისგან "ძირს ეყარნენ"...
გიორგი კანდელაკს სხვაგან ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ბავშვობიდან მოყოლებული, საზღვარგარეთ წასვლისა და იქ დარჩენის უამრავი მაცდუნებელი წინადადება ჰქონდა. რამდენჯერმე დააპირა კიდეც, მაგრამ... იაპონიაში უკვე ხელშეკრულებისთვის უნდა მოეწერა ხელი და ბოლო წუთებში გადაიფიქრა. მის ამ "ახირებას" უცხოელი მენეჯერები და სპონსორები დღემდე ვერ შეგუებიან.
"სხვაგან ვერ ვჩერდები, ყველაზე დიდი - სამი კვირა ან ერთი თვე გავძლო. რომ წავსულიყავი, ფინანსურად მილიონჯერ უკეთესად ვიქნებოდი. ჩემს ახლანდელ მენეჯერს უნდოდა, რომ ლონდონში მეცხოვრა. მე ვიუარე, ბოლოს დათმობაზე წამოვიდნენ და გადაწყდა, რომ მხოლოდ ერთი კვირით ჩავიდოდი. მერე ნელ-ნელა "შემომაპარეს" და ახლა ერთი თვით ჩავდივარ ხოლმე...
ერთია, რომ აქაურობის გარეშე ვერ ვძლებ და მეორე - იმდენი რამეა გასაკეთებელი. 1997 წელს ვარიანში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დავიწყეთ. კარგი საქმე გამოგვივიდა. დღეს აქ 450 ბავშვი ვარჯიშობს. საქართველოს ჩემპიონატი ჩავატარეთ. მოყვარულებში თორმეტი წონითი კატეგორიაა და სოფლის გუნდმა პირველი ადგილი აიღო. ახლა სკოლა-ინტერნატის მშენებლობას ვიწყებთ. ბევრია, ვისაც ვარჯიშის საშუალება არ აქვს, ან სხვა რაიონში ცხოვრობს. ამ ბავშვებს მიხედვა უნდა. თავის ასაკში მსოფლიოს არც ერთ ნაკრებს არ ჩამოუვარდებიან, მაგრამ კრივი ისეთი რამეა, მნიშვნელოვანი შეჯიბრებები შორ ქვეყნებში ტარდება და ფინანსების უქონლობის გამო ვერ მივდივართ ხოლმე. არადა, ამ ბიჭებში მაგარი პოტენციაა..."
გიორგის ცხოვრების მკაცრი რეჟიმი აქვს. თუმცა თვლის, რომ ადამიანს ყველაფრის მოსწრება შეუძლია - ვარჯიში და ბავშვებთან მუშაობაც, ოჯახში და მეგობრებთან დროის გატარებაც... ახლობლები უკვე შეეგუენ, რომ გიორგი ყველა საოჯახო თავყრილობას ვერ ესწრება, ან ყველა სუფრას. ნინო ადრე თუ იმაზე წუხდა, ჩემთვის და ბავშვისთვის დიდ დროს ვერ პოულობსო, ახლა იმაზე ღელავს, ვინმემ ზედმეტად არ მოაცდინოსო. ნელ-ნელა ჩხუბსაც შეაჩვია თვალი და გიორგი მსოფლიო ჩემპიონი რომ გახდა, ?მდუღარე ცრემლებით? ტიროდა...
"ჩემთვის ოჯახს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახლში ყოველთვის სიმშვიდე, სიყვარული და მხარდაჭერა მხვდება. მაგრად გამიმართლა. ბავშვიც კი მიგებს. დაღლილი რომ ვბრუნდები, შემეკითხება: მამიკო, სად იყავი? რომ ვეტყვი - ვარჯიშზე, ვარჯიშზე? დაფიქრებული გაიმეორებს, მოვა და თავს დამადებს. თარაში ორწლინახევრისაა და კრივის გარდა არაფერი აინტერესებს. ვუყურებთ ხოლმე, ეზოში დადის და - "ბახ, ბახ", თავისთვის ბოქსაობს. სავარჯიშოდაც დამყვება და ერთი-ორი საათი დარბაზში დიდი კაცივით ზის, არ სწყინდება..."
ამ ბოლო დროს პროფესიულ რინგზე გიორგის მიერ ჩატარებულმა ბრძოლებმა კრივის მოყვარულები კი არა, ყოვლად არასპორტული ინტერესების მქონე ადამიანებიც ჩაითრია. მის ყოველ შეხვედრას დიდი თუ პატარა საოცარი ერთგულებით ადევნებს თვალს. კარგა ხანია, საქართველოში ასეთი ერთსულოვანი გულშემატკივარი აღარავის ჰყოლია...
სექტემბრის თვეში გიორგი კანდელაკი ევროპის ჩემპიონობისთვის პროფესიონალებში იბრძოლებს. იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა, სამჯერ ან ოთხჯერ ევროპის ტიტული უნდა შეინარჩუნოს. შემდეგ კი... შემდეგ იქნება მსოფლიო ჩემპიონატი პროფესიონალებში...
საქმეში ჩახედული ხალხი ამტკიცებს, რომ გიორგი კანდელაკი XXI საუკუნის მოკრივეა.
კარგი წარმოსადგენია - ხელებშემართული გიორგი კანდელაკი მსოფლიო ჩემპიონის ქამრით.

ელისო კაპანაძე