პლასტიკური ბარათები ახალი ერა მობილურ კომუნიკაციაში

"მუდმივი კავშირის სამყარო" აგრძელებს ტექნოლოგიური ინოვაციების თემას, რომლითაც 21-ე საუკუნე უხვად იქნება დატვირთული. ამ მხრივ მობილური კომუნიკაციების ინდუსტრია გამორჩეულია როგორც ახალგაზრდა, თანამედროვე და დინამიკური სფერო.

უკვე რამდენიმე წელია, რაც მრავალი ადამიანისათვის მობილური კომუნიკაცია მხოლოდ მობილური ტელეფონით საუბარს არ ნიშნავს: დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აბონენტები მობილური ტელეფონით მუშაობენ ინტერნეტში, გზავნიან და იღებენ ელექტრონულ ფოსტას, უფრო მეტიც, ყიდულობენ სასურველ ნივთებს, აქტიურად მონაწილეობენ საბანკო ოპერაციებსა და საქმიან გარიგებებში... სწორედ ამ უკანასკნელი მოქმედების განხორციელებისთვისაა საჭირო ე.წ. "სმარტქარდი" - პლასტიკური ბარათი, აღჭურვილი სპეციალური, უსაფრთხოების დამცავი პროგრამული უზრუნველყოფით.

იმისათვის, რომ უზრუნველყონ მომხმარებელი ასეთი მომსახურებებით, ოპერატორი კომპანიები იყენებენ SIM ბარათებსა და მათზე დაფუძნებულ დამხმარე ტექნოლოგიებს. ექსპერტთა ვარაუდით, მობილური კავშირგაბმულობის წარმატებული ზრდა გარკვეულწილად სწორედ SIM ბარათებისა და მათი დამხმარე ტექნოლოგიების შესაძლებლობების განვითარებაზე იქნება დამყარებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე შეიმჩნევა "სმარტქარდების" გამოყენების მკვეთრი ზრდა, რაც უდაოდ, მობილური კავშირგაბმულობის დამსახურებაა. მომხმარებლის მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, მრავალი ოპერატორი კომპანია ცდილობს, აქცენტი გადაიტანოს ისეთ სერვისებზე, როგორიცაა: მონაცემთა მაღალი სიჩქარით გადაცემა, მულტიმედია, ელექტრონული კომერცია, მობილური ბანკინგი და სხვა მესამე თაობის მომსახურებები. დღეისათვის უკვე ცხადია, რომ ინდუსტრიაში არსებული SIM ბარათები ასეთი ფორმით ვერ უზრუნველყოფს მსგავს მომსახურებებზე გადასვლას, რამდენადაც ჯერ კიდევ არ არის მიღწეული მობილური ტელეფონით, ინტერნეტთან დაკავშირებისას, სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის გასახორციელებლად საჭირო უსაფრთხოების დონე. აღსანიშნავია, რომ მესამე თაობის ტექნოლოგიები, რომლებიც ძირითადად მონაცემთა მაღალი სიჩქარით გადაცემაზეა კონცენტრირებული, საჭიროებს ავთენტიფიკაციისა (ანუ ნამდვილობის დადასტურება) და უსაფრთხოების უფრო მაღალი დონით უზრუნველყოფას.

სწორედ ამ მიზნით, 2000 წლის თებერვალში, ქალაქ კანში გამართულ GSM მსოფლიო კონგრესზე შეიქმნა SIM ბარათების ინდუსტრიაში მოქმედი მწარმოებელი კომპანიების ალიანსი, რომელსაც SIM Alliance ეწოდა. აღნიშნული ალიანსი აერთიანებს SIM ბარათებისა და ე.წ. "სმარტქარდების" ისეთ სახელგანთქმულ მწარმოებლებს, როგორებიცაა: Gemplus, Schlumberger, Orga, Geisecke & Divert და Oberthur. მისი ძირითადი ამოცანა, ინტერნეტთან დაკავშირებისას, უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებასთან ერთად, არის WAP სტანდარტის შეთავსება საგანგებო SIM ბარათებთან. ალიანსის პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც 2000 წლის ივლისში გამოქვეყნდა, ითვალისწინებს SIM ბარათებისთვის S@T (SIM Alliance Toolbox) სპეციფიკაციის შემუშავებას, რაც თავსებადს გახდის მათ WAP და შემდგომ GPRS სტანდარტთან.

S@T სპეციფიკაცია საშუალებას აძლევს ოპერატორ კომპანიებს, მსოფლიო მასშტაბით, შესთავაზოს მობილური ინტერნეტის მომსახურება ყველა იმ აბონენტს, ვისი მობილური აპარატიც აღჭურვილია GSM ფაზა 2+ სტანდარტით. ეს არის ყველა ის აპარატი, რომელიც წარმოებაშია 1998 წლის შემდეგ. SIM Alliance-ის გაანგარიშებით, ასეთი აპარატები მხოლოდ ბრიტანეთში 24 მილიონ მომხმარებელს აქვს, ხოლო მთელ მსოფლიოში - 70 მილიონზე მეტ ადამიანს. ასეთი სისტემის გამართული მუშაობის მნიშვნელოვანი პირობა მობილური ტელეფონების გრაფიკული დისპლეის არსებობა და SIM ToolKit სპეციფიკაციის უზრუნველყოფაა, ანუ SIM ბარათის იმ სპეციალური რეჟიმისა, რომელიც განაპირობებს ოპერატორი კომპანიის ქსელიდან დამატებითი მომსახურებების მიღებას. WAP ბრაუზერის პროგრამა მობილური ტელეფონის ნაცვლად მოთავსდება SIM ბარათის მეხსიერებაში, რაც საშუალებას მისცემს მას, უზრუნველყოს ნებისმიერი WAP სერვისის მიღება, ანუ WAP თავსებადი გვერდების დათვალიერება ინტერნეტში, ელექტრონული ფოსტის მიღება-გაგზავნა, საბანკო ანგარიშის შემოწმება და სხვა. როგორც ცნობილია, დღეისათვის წარმოებაში არსებული SIM ბარათების მეხსიერება საშუალოდ შეადგენს 16Kb-ს (კილობაიტი), გამონაკლის შემთხვევებში კი - 32Kb-ს. SIM ბარათებში WAP ბრაუზერის პროგრამული უზრუნველყოფის განსათავსებლად საჭიროა გაცილებით უფრო დიდი მეხსიერება. ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ბარათები საშუალებას იძლევა პროგრამული მეხსიერების გაზრდისა 2Mb-მდე (მეგაბაიტი), რაც სავსებით საკმარისია როგორც WAP ბრაუზერის, ისე სხვა პროგრამული უზრუნველყოფის განსათავსებლად.

აუცილებელია, მომხმარებელი დარწმუნებული იყოს მის მიერ მობილური ტელეფონიდან განხორციელებული საბანკო და საქმიანი ოპერაციების უსაფრთხოებაში. ასეთი გარანტიების არარსებობის შემთხვევაში ახალი სერვისების წარმატებული განვითარება სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. ალიანსის კიდევ ერთი ერთობლივი პროექტი - PKI (Public Key Infrastructure) ითვალისწინებს სპეციალური უსაფრთხოების ინფორმაციის მოთავსებას საგანგებო "სმარტქარდზე", რომელიც SIM ბარათთან ერთად მობილურ ტელეფონში მოთავსდება. ასეთი ტელეფონები დიზაინით თითქმის არ განსხვავდება ჩვეულებრივი GSM სტანდარტის აპარატებისაგან. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მათ გააჩნიათ საგანგებოდ ჩამონტაჟებული "სმარტქარდის" წამკითხავი მოწყობილობა და იგი Multi-Slot ყურმილების სახელითაა ცნობილი.

PKI წარმოადგენს კოდირებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზას ინტერნეტში. ამ ინფორმაციის ერთი ნაწილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონტაჟდება პლასტიკური ბარათის მეხსიერებაში, რომელიც შემდგომ თავსდება მობილურ ტელეფონში. ხოლო მეორე იდენტური ნაწილი კი მუდმივად ინტერნეტის შესაბამის მონაცემთა ბაზაში ინახება. როდესაც მომხმარებელი ახორციელებს საბანკო ოპერაციას ან რაიმე ნივთის შეძენას, იგი კრეფს პერსონალურ კოდს თავის მობილურ ტელეფონში. კოდირებული ინფორმაცია ჯერ იგზავნება ინტერნეტში, რათა მოხდეს მისი ავთენტიფიკაცია: მოწმდება, ემთხვევა თუ არა ეს ინფორმაცია ინტერნეტის შესაბამის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მეორე ნაწილს. ამ პროცედურის აუცილებელი პირობაა, რომ კოდირებული ინფორმაციის ორივე ნაწილი დაემთხვეს ერთმანეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაცია ძალადაკარგულად ჩაითვლება. ბრიტანული კომპანია Vodafone-ის წამყვანი ეკონომიკური მკვლევარი მაიკ უოკერი განმარტავს: PKI არ იყო საჭირო როგორც აბონენტების ავთენტიფიკაციის საშუალება შესაბამის ფიქსირებულ ქსელებში. თუმცაღა, მობილური ელექტრონული კომერცია საჭიროებს ავთენტიფიკაციის გაცილებით მაღალ დონეს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია მომსახურების მომწოდებლებისა და მათი მომხმარებლის ფართო ფენებზე. მობილური ელექტრონული კომერცია, მობილური ბანკინგი და უფრო ზუსტად კი 3G (მესამე თაობის მომსახურებები) უზრუნველყოფა წარმოუდგენელია PKI-ს გარეშე. ამის განხორციელების სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს".

გასული წლების განმავლობაში ოპერატორი კომპანიები, ბანკებთან და საკრედიტო ბარათების მწარმოებელ კომპანიებთან ერთად, ამუშავებდნენ მობილური ტელეფონით გადახდის სხვადასხვა სქემას და სულ მალე დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. პირველი ასეთი კომპანია France Telecom იყო, რომელმაც 2000 წლის ივლისში საცდელ რეჟიმში გაუშვა თავისი AtiAchat მომსახურება. გამოსაცდელ პერიოდში მონაწილეობას იღებდა 7 კომერციული ბანკი, 22 სავაჭრო და მომსახურების ობიექტი და 100 აბონენტი. AtiAchat მომსახურება საშუალებას აძლევდა France Telecom-ის აბონენტებს, მოეხდინათ შესყიდვები საკუთარი მობილური ტელეფონებიდან ან პირდაპირ ინტერნეტიდან. ამ პროექტში გამოყენებულ იქნა მოტოროლას მიერ წარმოებული მოდელი Motorola StarTAC-D, რომელშიც ჩამონტაჟდა საკრედიტო ბარათის წამკითხავი მოწყობილობა.

ჯერჯერობით კომპანია მოტოროლა Multi-Slot ტელეფონების ერთადერთი მომწოდებელია ბაზარზე, თუმცა საკრედიტო ბარათების გიგანტმა Visa-მ ცოტა ხნის წინათ გაავრცელა ინფორმაცია Nokia-სა და ფინურ-შვედურ საბანკო ჯგუფ MeritaNordbanken-ის ერთობლივი პროდუქტის შექმნის შესახებ. საცდელ პროექტში გამოყენებულ იქნა Nokia 7110 მოდელი, რომელსაც დამატებით ბარათის წამკითხავი მოწყობილობა ჰქონდა ჩამონტაჟებული. იდეის ავტორების მიზანია, Visa საკრედიტო ბარათის მფლობელებს საშუალება მიეცეთ, უსაფრთხოების სრული დაცვით, შეიძინონ ესა თუ ის პროდუქცია როგორც რეალიზაციის ობიექტებში, ასევე ინტერნეტში.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა "სმარტქარდების" ინდუსტრიაში, რომელიც გასულ წელს დაფიქსირდა, არის GSM ქსელებსა და CDMA ქსელებს შორის როუმინგის შესაძლებლობა სპეციალური SIM ბარათების მეშვეობით. ეს არის უნიკალური მოვლენა მობილური კომუნიკაციის სფეროში, ვინაიდან აქამდე არ არსებობდა როუმინგის შესაძლებლობა სხვადასხვა სტანდარტებს შორის. Inter-Standart Roaming (ინტერ სტანდარტ როუმინგ) ასე ეწოდება სტანდარტს, რომელიც უზრუნველყოფს როუმინგული მომსახურების შესაძლებლობას CDMA-სა GSM ქსელებს შორის. პირველი მწარმოებელი, რომელმაც მოახერხა ორი სხვადასხვა ქსელის სტანდარტის შეთავსება ერთ SIM ბარათში, ფრანგული კომპანია Schlumberger გახდა, თავისი Simera Airflex პროდუქტით. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ CDMA ქსელის აბონენტები, როუმინგის დროს, GSM ქსელებში უბრალოდ ათავსებენ საკუთარ Inter-Standart Roaming ბარათებს GSM სტანდარტის ტერმინალში. აღნიშნული მიღწევის მნიშვნელობა ნათელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იაპონიისა და შორეული აღმოსავლეთის 30 მილიონზე მეტ CDMA ქსელის აბონენტს როუმინგით სარგებლობის პოტენციური შესაძლებლობა ეძლევა.

ამ წამოწყებამ ბიძგი მისცა SIM ბარათებისა და პლასტიკური ბარათების მწარმოებელ სხვა მსხვილ ორგანიზაციებსაც. ფრანგული კომპანია Gemplus არ დაკმაყოფილდა მიღწეულით და 2000 წლის ოქტომბერში საცდელ რეჟიმში გაუშვა საკუთარი Inter-Standart SIM ბარათი, რომელსაც GemXplore World ეწოდება. ამ ბარათის გამორჩეულ თვისებას ის წარმოადგენს, რომ იგი საშუალებას აძლევს CDMA სტანდარტის აპარატებს, ავტომატურად იმუშაოს GSM სტანდარტის ქსელებში. ამ პროექტში მონაწილეობას იღებდა ჩინეთის, სიდიდით მეორე, ოპერატორი კომპანია China Unicom, CDG-CDMA სტანდარტის განვითარების ჯგუფი და Zhong Xing Tlelcomunications Equipment Co. - ლიდერი კომპანია ჩინეთის მობილური ტელეფონების წარმოებაში.

გიორგი ავალიანი
მაგთიკომის რეალიზაციის
დეპარტამენტის უფროსი