არის თუ არა საზიანო ჯანმრთელობისათვის
მობილური ტელეფონი და საბაზო სადგური?

7-8 დეკემბერს ლონდონმა უმასპინძლა კონფერენციას სახელწოდებით ?მობილური ტელეფონი: არის თუ არა რისკი ჯანმრთელობისათვის?? ამ კონფერენციის შემდეგ ნახევარ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ, ჩვენი აზრით, იქ განხილულ თემას ჯერჯერობით აქტუალობა არ დაუკარგავს. ამიტომ თუმცა მოგვიანებით, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, მობილური სისტემის ჯანმრთელობასთან კავშირის თემას დავბრუნებოდით.

ბევრ ქვეყანაში მობილური ტელეფონით მოსახლეობის ნახევარზე მეტი სარგებლობს. პროგნოზების თანახმად, 2005 წლისათვის მსოფლიოში მობილური ტლეფონის მომხმარებელთა რიცხვი 1,6 მილიარდს მიაღწევს. შესაბამისად გაიზრდება მობილური სატელეფონო ქსელების საბაზო სადგურების რიცხვიც. მობილური ტელეფონები, ისევე როგორც ქსელის საბაზო სადგურები და სხვა სატელეკომუნიკაციო სისტემები (მაგალითად, ტელე- და რადიოგადამცემი ანტენები, რადარები, სამედიცინო და სამრეწველო აპარატურა) ელექტრომაგნიტური ველის წყაროს წარმოადგენს. დღეს მთელი მსოფლიო, განვითარებული და განვითარებადი სამყარო ამ ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებას განიცდის. რამდენად უსაფრთხოა ეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის? ამ თემაზე დიდ ბრიტანეთში, 2000 წლის 7-8 დეკემბერს, საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ამ ფორუმში ქართული კომპანია მაგთი შ -იც მონაწილეობდა.

ალბათ, შემთხვევითი არ იყო ამ თემაზე კონფერენციის ჩატარება ქვეყანაში, სადაც 40 მილიონზე (!) მეტი ადამიანი სარგებლობს მობილური ტელეფონით (ეს მოსახლეობის 2/3 შეადგენს), სადაც მობილური ქსელის 4 ოპერატორის 20 000-ზე მეტი ანძაა განთავსებული, ძირითადად საცხოვრებელი სახლების სახურავებზე ან ბინებიდან უახლოეს მანძილზე.

ადამიანის ჯანმრთელობაზე ელექტრომაგნიტური ველის (EMF) ზემოქმედებას საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციები შეისწავლიან. 1996 წლიდან სამედიცინო კვლევებში წამყვანი როლი საერთაშორისო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის კვლევის პროექტს ეკუთვნის. დღეისათვის სწორედ ამ პროექტის ირგვლივაა თავმოყრილი უდიდესი ნაწილი გამოკვლევებისა და სამედიცინო შრომისა მთელი მსოფლიოდან. საერთაშორისო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციას 45-ზე მეტი პარტნიორი ეროვნული კვლევის ცენტრი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გარდა ამისა, პრობლემაზე მუშაობენ ICNIRP (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection) არაიონიზებული რადიაციისაგან დაცვის საერთაშორისო კომისია, COST 244 (Cooperation in Science and Technology) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამშრომლობის პროგრამა და ფონდი FGF (გერმანია). ეს უკანასკნელი წარმოადგენს არაკომერციულ ფონდს, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფო სექტორისა და კავშირგაბმულობისა და რადიომაუწყებლობის სფეროში მომუშავე კომპანიების მიერ.

ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, საკითხს იკვლევენ ევროპისა და ამერიკის ეროვნული კომისიებიც. სულ სამედიცინო კვლევებზე 250 მილიონი დოლარია დახარჯული. კონფერენციაზე მოყვანილი ფაქტები და გამოკვლევების შედეგები სწორედ ზემოთ მოყვანილი ორგანიზაციების კვლევებს ემყარება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წინასწარი დასკვნით, მეცნიერებას ამ ეტაპზე არავითარი საბუთი არ გააჩნია იმის დასამტკიცებლად, რომ ელექტრომაგნიტური ველი ადამიანის ჯანმრთელობაზე საზიანოდ მოქმედებს. ამ საკითხის კვლევას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საბოლოოდ 2005 წელს დაასრულებს.

როგორც კონფერენციაზე საერთაშორისო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, დოქტორმა მაიკლ რეპაკოლიმ აღნიშნა:
"ვერსიები მობილური ტელეფონების საზიანო ზეგავლენის შესახებ, ძირითადად, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება. საქმე ის არის, რომ ხშირად ზოგიერთი მეცნიერი, ნაცვლად იმისა, რომ თავისი გამოკვლევის შედეგები სხვა მეცნიერებს გააცნოს, ინფორმაციას მასმედიას აწვდის. მასმედიაც დაინტერესებულია, გაავრცელოს საინტერესო და იმავდროულად დრამატული ამბავი. ის მეცნიერები, რომლებსაც განსაკუთრებული შედეგები არა აქვთ, მასმედიის ყურადღებას ნაკლებად იმსახურებენ. საინფორმაციო საშუალებები ხომ "სენსაციური" ამბების შექმნას ცდილობენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაც მობილური ტელეფონების ვითომ მავნე ზეგავლენის შესახებ უფრო მეტ სენსაციურ ცნობას იღებს".

კონფერენციაზე მობილური ქსელის საბაზო სადგურების ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედებაზეც ისაუბრეს. ბოლო პერიოდში ეს საკითხი საქართველოსათვის ძალზე აქტუალური გახდა, თუმცა ევროპის ქვეყნებისათვის ეს, როგორც ირკვევა, ნაკლებად საინტერესო თემაა.

ჯონ მაულდერი, რადიაციული ონკოლოგიის პროფესორი, უისკონსინის უნივერსიტეტი, აშშ: "თუკი მობილური სატელეფონო ქსელის საბაზო სადგურები დაწესებული სტანდარტების დაცვით არის დამონტაჟებული, ადამიანის ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ასეთ სადგურსა და საცხოვრებელ სახლებს შორის მანძილს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. შეგიძლიათ, საბაზო სადგური საცხოვრებელი სახლის სახურავზეც კი მოათავსოთ".

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მობილური ქსელის საბაზო სადგურების მსგავს ელექტრომაგნიტურ ველს პეიჯინგისა და სხვა საკომუნიკაციო ანტენები, მაგალითად, სახანძრო, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების საკომუნიკაციო საშუალებებიც ქმნის. სხვათა შორის, სატელევიზიო და რადიოგადამცემი ანტენების ელექტრომაგნიტური ველი გაცილებით მეტია მობილური სატელეფონო ქსელების საბაზო სადგურების ველზე.

ევროპაში გამოსხივების დასაშვებ დონეს ადგენს სპეციალური ორგანო - ICNIRP. მობილური ტელეფონებისა და საბაზო სადგურების ელექტრომაგნიტური ველი ამ სტანდარტებზე 100-ჯერ ნაკლებია. გაცილებით უფრო მკაცრი სტანდარტები მოქმედებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოშიც, რომელიც ევროპულ სტანდარტებზე 50-ჯერ ნაკლებია.

ამ დროისათვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული სამედიცინო კვლევების ანალიზმა დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონები და ქსელის საბაზო სადგურები არ შეიძლება, საზიანოდ მოქმედებდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მობილურ ტელეფონზე საუბრისას რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეზე არ მიუთითებს. მიუხედავად ამისა, მომხმარებელმა შესაძლოა, საკუთარი სურვილის საფუძველზე, შეამციროს საუბრის ხანგრძლივობა. ექსპერტთა დიდი ნაწილი არ იზიარებს ელექტრომაგნიტური გამოსხივებისაგან დამცავი სპეციალური მოწყობილობის გამოყენების საჭიროებას.

დადგენილია ასევე, რომ მობილურ ტელეფონზე საუბარი მანქანაში ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევის შესაძლებლობას, ამიტომაც მძღოლებს ურჩევენ, თავი შეიკავონ მგზავრობის დროს ტელეფონზე საუბრისაგან.

ასეთ რჩევებს მხოლოდ თავის დაზღვევის მიზანი აქვს და მათი გაზიარება თითოეული მომხმარებლის პირად სურვილზეა დამოკიდებული.

ნისლიანი ალბიონის ქვეყანაში, მობილურ ტელეფონზე საუბრისას, ბრიტანელები ზომიერებით ნამდვილად არ გამოირჩევიან. საბაზო სადგურებიც ქვეყანაში სოკოებივით მომრავლებულა. ლონდონში ანტენა ყოველი მეხუთე საცხოვრებელი სახლის სახურავზეა დამონტაჟებული. პროგნოზის თანახმად, 2001 წელს ბრიტანეთის მოსახლეობის 75% მობილური ტელეფონის მფლობელი იქნება.

ეროვნული კომისიების მიერ გაწეული მუშაობის ფინანსური ნაწილი შემდეგნაირად გამოიყურება:
ქვეყანა
პროექტის დაფინანსების
მოცულობა
პერიოდი
1 ბრიტანეთი 7 მლნ გირვანქა სტერლინგი 4 წელი
2 საფრანგეთი 40 მლნ ფრანკი 5 წელი
3 შვეიცარია 4,3 მლნ შვეიცარული ფრანკი
4 ფინეთი 1,2 მლნ დოლარი 1998-2001 6 პროექტი
5 შვედეთი 8 მლნ კრონა 1997 წლიდან
6 იტალია 4,65 მლნ ევრო 3 წელი
7 უნგრეთი 1996 წლიდან 7 პროგრამა
8 ჰოლანდია 3 პროექტი
9 გენმანია 90-ზე მეტი პროექტი

ინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ შესაძლებელია, მოიპოვოთ ინტერნეტით შემდეგ მისამართზე:

http://www.who.ch/emf

თამარ ბარბაქაძე
ლევან ბუჩუკური