დამზადებულია "მაგთივინში"

უძველესი დროიდან კაცობრიობა ცდილობს, ცხოვრება კომფორტული გახადოს და ეს კომფორტი, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. XIX საუკუნეში პირველი ორთქლის მანქანა შეიქმნა. ამ გამოგონებამ ენერგეტიკა კომფორტის აუცილებელ წყაროდ აქცია.
ეს იყო დიდი დასაწყისი... წლების განმავლობაში ენერგეტიკაზე მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ XX საუკუნის 60-70-იან წლებში მსოფლიოს ბევრი განვითარებული ქვეყანა ენერგეტიკულმა კრიზისმა მოიცვა. საბჭოთა კავშირს მაშინ ეს პრობლემა არ შეხებია. მაგრამ იმ ქვეყნებში სასწრაფოდ დაიწყეს ენერგიის დამზოგავი ტექნოლოგიების შექმნა და ყოველდღიურ ყოფასა და წარმოებაში მათი დანერგვა.

სწორედ ამ დროს აშშ-სა და დასავლეთ გერმანიაში ფეხს იკიდებს ხელოვნური მასალებით (პლასტმასებით) მილსადენების, სარწყავი სისტემებისა და კარ-ფანჯრების დამზადების ახალი ტექნოლოგია; ასევე იქმნება კედლების დასათბობი და გარე მოსაპირკეთებელი საშუალებები.

გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დასაცავად სპეციალურად ფანჯრებისათვის შეირჩა განსაკუთრებულად გამძლე პლასტმასა - პოლივინილქლორიდი.

კომპონენტების სწორად შერჩევის შემთხვევაში მასზე არ მოქმედებს ულტრაიისფერი სხივები, ზამთრისა და ზაფხულის ტემპერატურების მონაცვლეობა; ინერტულია სხვადასხვა ქიმიური ზემოქმედებისას და აქვს პლასტმასისათვის საკმაოდ იშვიათი თვისება - არ უწყობს ხელს ხანძრის გავრცელებას (ე.წ. თვითჩაქრობადობა).

ამ მასალისგან დამზადებული ფანჯრები მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგოხარჯებს როგორც დამზადების, ასევე ექსპლუატაციის დროს. შენობის კონსტრუქციული თავისებურებების შემთხვევაში - სართულების რაოდენობა, სართულებშორისი გადახურვა, კედლებისა და სახურავების თბოიზოლაცია - პლასტმასის ფანჯრების გამოყენება გათბობისათვის საჭირო დანახარჯებს თითქმის ანახევრებს.
პოლივინილქლორიდის ფანჯრების გამძლეობა შენობის "სიცოცხლის ხანგრძლივობის" ტოლია. მხოლოდ ზედაპირის გაწმენდა და მექანიზმების ყოველწლიური შეზეთვა საკმარისია მთელი ექსპლუატაციის მანძილზე.

ყოველივე ამას ემატება სპეციალური ტექნოლოგიით, გამომშრალი ჰაერის გამოყენებით, დამზადებული მინაპაკეტის თბოიზოლაციური და ხმაურდამცავი თვისებები.

პოლივინილქლორიდისგან დამზადებული პროფილების მექანიკური სიმტკიცის მისაღწევად ფოლადის არმირება გამოიყენება. ჩვენთან ასეთი წესით დამზადებულ ფანჯრებს "მეტალპლასტმასისას" უწოდებენ.

XX საუკუნის 90-იან წლებში ენერგეტიკული კრიზისი უკვე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უდიდეს პრობლემად იქცა, ენერგოდანახარჯების შემცირება კი - ყველაზე აქტუალურ თემად.

ჩვენი კომპანია 1996 წელს დაარსდა და "მაგთივინმა" პოლივინილქლორიდის კარ-ფანჯრების წარმოება დაიწყო. ტერიტორიული სიახლოვის გამო პარტნიორად მაღალტექნოლოგიური თურქული კომპანია "პიმაში" შევარჩიეთ, რომელიც საკუთარი პროდუქციის ხარისხს საერთაშორისო ISO 9001 სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ "პიმაში" ამ მხრივ ჯერჯერობით ერთადერთი თურქული კომპანიაა, რომლის ნაწარმი შეუზღუდავად ვრცელდება ევროკავშირის ბაზარზე და წარმოების წლიური მოცულობით (25000 ტონა) მონათესავე ევროპულ საწარმოთა შორის მეხუთე ადგილზეა.

თუმცა, ძალიან კარგი ნედლეულისგანაც შეიძლება უხარისხო პროდუქციის დამზადება. ამ პრობლემის თავიდან აცილება "მაგთივინმა" მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მეშვეობით შეძლო; აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ ჩვენი კომპანია გერმანული ELUMATEC-ის წარმოების უმაღლესი კლასის დანადგარებითაა აღჭურვილი.

1997 წლიდან "მაგთივინმა" ჰოლანდიური კომპონენტების გამოყენებით ვერტიკალური ფარდა-ჟალუზების წარმოება დაიწყო. 1999 წლიდან კი კომპანიამ ბევრი სიახლე დანერგა - მაღალი ხარისხითა და წარმოების საუკუნოვანი ტრადიციით ცნობილი ინგლისური კომპანიის კომპონენტების გამოყენებით სურათის ჩარჩოების დამზადება. ამ პროდუქციამ ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. დამკვეთს გადახდის საინტერესო ფორმა შევთავაზეთ: უპროცენტო შვიდთვიანი განვადება პარტნიორი ბანკების - "ინტელექტბანკისა" და "ბაზისბანკის" მეშვეობით. კლიენტი პირველი შენატანის სახით პროდუქციის ღირებულების 30%-ს იხდის, პარტნიორ ბანკთან უპროცენტო სესხის ხელშეკრულებას აფორმებს და დანარჩენ 70%-ს შვიდი თვის განმავლობაში ფარავს.

2000 წლის გაზაფხულიდან ალუმინის პროფილებისაგან კარ-ფანჯრებისა და ფასადების წარმოება დავიწყეთ. მათზე განსაკუთრებული მოთხოვნაა საზოგადოებრივი შენობებისათვის (მაღაზიები, ოფისები, სასტუმროები), თუმცა, საცხოვრებელი სახლებისთვისაც გამოიყენება. ჩვენი პარტნიორია ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი თურქული კომპანია CUNADAROGLU, რომელიც მრავალი საინტერესო პროექტის მონაწილეა. მათ შორისაა ისეთი ცნობილი კომპანიების სათაო ოფისების შენობები, როგორებიცაა: "საბანჯის ჰოლდინგი" სტამბულში და "გაზპრომი" მოსკოვში.

ზაფხულიდან "მაგთივინში" გვაქვს ISO 9001 სერტიფიკატით აღიარებული იტალიური წარმოების მაღალხარისხიანი საკეტები და აქსესუარები, როგორც ოთახებშორის გამავალი, ასევე გარე რკინის კარებისათვის.

შემოდგომიდან კი კანადური კომპანია KOMANDOR-ის წარმოების მრავალფეროვანი ლამინატისა და მოსრიალე კარის სპეციალური აქსესუარების გამოყენებით ჩაშენებული და ტრადიციული ავეჯის წარმოება დავიწყეთ. კარადების შიდა მოწყობა სურვილისამებრ შეიძლება; ასე რომ, დამკვეთს შეუძლია, საკუთარი ავეჯის დიზაინერი თავადვე იყოს. 2001 წლის ზაფხულიდან სამზარეულოს ავეჯის წარმოებასაც შევუდგებით.

ახალი წლისა და ახალი საუკუნის დადგომას კომპანია ისევ სიახლით შეხვდა - დავიწყეთ ხის თანამედროვე პროფილებისგან ფანჯრების დამზადება, რომლებიც პლასტმასისათვის დამახასიათებელ საუკეთესო თვისებებთან ერთად სახლში ბუნებრივი სითბოს შემნარჩუნებელიცაა.
ათასი წვრილმანითა და საზრუნავით დატვირთულ ადამიანებს ჩვენთან მომსახურებისა და პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევნის საშუალება ეძლევათ. მყუდროდ მოწყობილი სახლი და ოფისი - აი ის, რის შექმნაშიც "მაგთივინი" სიამოვნებით დაგეხმარებათ.