ქართული ჭედურობა

ახალი საუკუნე... ახალი ღირებულებები...
რას მოგვიტანს იგი, რას გვასწავლის, რას დაგვავიწყებს... ეს იცის მხოლოდ დრომ და ცხოვრებამ.
ჩვენ კი ის უნდა ვიცოდეთ, ალბათ, რისი დაკარგვა და დავიწყებაც არ შეიძლება, რაც უნდა დიდი მიღწევები და კარგი ცხოვრება მოგვიტანოს ახალმა ერამ.
გადაფასება კი იმისა არ შეიძლება, რამაც აქამდე მოგვიყვანა, რამაც დაგვიტოვა უფლება და საშუალება, ქართველები გვერქვას.
დღეს ქართულ ჭედურობაზე ვისაუბრებთ...

ქანი სხვათა ენაა და მას ქართულად ლითონი ჰქვიან... ხოლო ვარაყი (ანუ ლითონის თხელი ფენა) იგივე ქანდაა, რომლის დადება ხდება ისევე, როგორც ოქრო-ვერცხლის თხელ ფურცლებზე გამოსახულებათა მიღება - წერდა სულხან-საბა ორბელიანი.
როცა დღეს ქართული ჭედურობის უნატიფეს ნიმუშებს უცქერ, ხვდები, რომ ეს ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ერის სულიერი კულტურისა და მემკვიდრეობის, განუმეორებელი და საამაყო...
თავისუფალი ჭედვა, ტვიფვრა, გაწნევა, კვერვა, რთულ გამოსახულებათა ,,ამოყვანა". ყველაფერ ამის და კიდევ მრავალი სხვა რამის თავბრუდამხვევი ერთობლიობა ქმნიდა უცნაურ სამყაროს, სახელად ქართული ჭედურობა რომ ჰქვია.
ქართული ჭედურობის რთული და გრძელი გზა. თუმცა ისეთივე, როგორც მრავალი სხვა გზა საქართველოში.
ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის დამლევის კოლხური კულტურა, თრიალეთში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ჭედური ხელოვნების ვერცხლის ნიმუშები, მითიური ცხოველების გამოსახულებებით მოჭედილი ბრინჯაოს ქამრები, უნატიფესი სამკაულები... ოქროს ჭედური სამკაულებით განსაკუთრებით მდიდარი ანტიკური ხანის მცხეთა...
დადგა X საუკუნეც, ანუ პერიოდი, რომლიდანაც ქართული ჭედურობის აღმავლობა იწყება და XII საუკუნეში უმაღლეს საფეხურს აღწევს. ამ დროს საქართველოში უკვე არსებობს რამდენიმე სამხატვრო სკოლა, მათ შორის ყველაზე ცნობილი - ოპიზის, ტბეთისა და გელათის სკოლები. ისინი თავისებური სტილითა და განსხვავებული მიმართულებებით გამოირჩეოდნენ, ხოლო აქ მოღვაწე ჭედურობის ოსტატებმა საქვეყნო აღიარება მოიპოვეს. ესენია: ასათ მოქმედი, გაბრიელ საფარელი (X საუკუნე), ივანე მონისძე, ივანე დიაკონი, თუთაი (XI საუკუნე), ასან, თევდორე და გიორგი გვაზაისძეები, ბექა და ბეშქენ ოპიზრები (XII საუკუნე), მოგვიანებით - მამნე და სხვანი და სხვანი...
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ტბეთის სკოლა ლითონის ფურცლის სიბრტყის თავისებური ფერწერული გააზრებით გამოირჩეოდა; მაგალითად, მტირალი ღვთისმშობელი. აქ მეტია ემოციური ელემენტები... ოპიზის სკოლა მონუმენტური სტილის ტრადიციას იცავს, გელათის სკოლა კი უფრო დეკორატიული ძეგლებითაა ცნობილი.
მოოქროვილი ფურცლებით ნაჭედი ხატები და ჯვრები ახლა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული და ყოველ ჯერზე დაგვაფიქრებს მარადიულ ფასეულობათა ძალაზე, ჩვენი ცხოვრების არსზე, წარსულსა და მომავალზე.
"ზარზმის ფერისცვალების" უძველესი ხატის რელიეფი ბრტყელია და შედარებით მარტივი. სწორედ აქედან იწყება რელიეფის დამრგვალებისაკენ, ბუნებრიობისა და დინამიკურობისაკენ სწრაფვა. დაუსრულებლად მეორდება მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის თემა, მაგრამ ისინი ერთმანეთს არსად ჰგვანან. სხვაა მარტვილის ღვთისმშობელი და სხვა - ვარძიისა, სრულიად განსხვავებულია ცაგერის ღვთისმშობელი, ხახულის ხატის უბადლო მოჭედილობაზე რომ აღარაფერი ითქვას.
სხვადასხვა ზომის ჭედური ჯვრები, დიდებული და შთამბეჭდავი... XV საუკუნის გორიჯვრის საკურთხევლის ჯვრის მოჭედილობაზე წმინდა გიორგის ცხოვრებისა და წამების 15 სიუჟეტია აღბეჭდილი. საინტერესოა, რომ ზოგ ქართულ ხატზე წმინდა გიორგი გველეშაპს კი არა, ადამიანს ებრძვის. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ადამიანი რომის იმპერატორი დიოკლეტიანეა... შუა საუკუნეების ჭედურობის ნიმუშებიდან კიდევ ერთი ჯვარია შემორჩენილი, ზომით მცირე და მოკრძალებული, მაგრამ ძვირფასზე უძვირფასესი, რადგან ვარაუდობენ, რომ იგი თამარ მეფეს ეკუთვნოდა. ამ ჯვრით თუ ლოცავდა თამარი საბრძოლველად მიმავალ ქართულ ლაშქარს...
სულ სხვა თემაა ბექა და ბეშქენ ოპიზრები...
სულ სხვა სიმაღლე, სხვა სკოლა, განსხვავებული ფორმები...
"ბექამ ჩუქურთმა მთავარ მხატვრულ იდეას დაუმორჩილა და თავისებური მხატვრული სახე მისცა", -აღნიშნავდა შალვა ამირანაშვილი. მისი ხელოვნება ნამდვილად იქცა რელიეფური პლასტიკის განვითარების უმაღლეს მწვერვალად.
დღემდე ბექას შესრულებული მხოლოდ ორი ჭედური შედევრი შემოგვრჩა - ანჩის ხატის ჩარჩოს მოჭედილობა და წყაროსთავის სახარების ვერცხლის მოჭედილობა.
"ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექა ოპიზარი" - იკითხება ანჩის ხატის წარწერაზე. ამავე წარწერიდან ირკვევა, რომ ანჩელ ეპისკოპოსს, იოანეს, სწორედ ბექა ოპიზრისათვის შეუკვეთია ხატის მოჭედილობა. ანჩის ხატის ფიგურების ტექნიკურსა თუ მხატვრულ გაფორმებაში ნათლად ჩანს უდიდესი ოსტატის, მოქანდაკის, და არა უბრალოდ ოქრომჭედლის ხელი და გემოვნება.
1664 წელს თბილისელ ვაჭარ ამირჯანას სამცხიდან თბილისში ათი ხატი ჩამოუტანია. მათ შორის ანჩის ხატიც და ორი ათას მარჩილად მიუყიდია საქართველოს პატრიარქისათვის, ბატონიშვილ დომენტი მეორისათვის...
ბეშქენ ოპიზრის ნაკეთობათაგან მხოლოდ სახარების ერთ-ერთმა მოჭედილობამ მოაღწია ჩვენამდე. შალვა ამირანაშვილი ამ ნიმუშს XII საუკუნით ათარიღებს. ბეშქენის კომპოზიციებში ადამიანის გამოსახულება დიდი მასშტაბით არის მოცემული და ბექას ნამუშევრებისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ ახასიათებს თავისებური არქაიზმი, მონუმენტურობა, სიდიადე...
ძველი ქართული ჭედური ხელოვნება - ახალი ქართული ჭედური ხელოვნების უძველესი ფესვი და საწყისი...

თანამედროვე ლითონმქანდაკებელმა სოსო ქოიავამ ერთხელ შენიშნა: "რა მასალითაც არ უნდა მუშაობდეს მხატვარი, მან, პირველ ყოვლისა, თანამედროვეობა უნდა გამოხატოს ლითონში". ასეც მოხდა. მეოცე საუკუნეში ისევ გაიხსენეს ძველი ტრადიცია და დაიწყეს ახალი ქართული ჭედურობის შექმნა თანამედროვე თემატიკით. ირაკლი ოჩიაურის თქმით: ?საერთო ძველ და ახალ ჭედურობას შორის იყო მხოლოდ შესრულების ტექნიკა. თუ მაშინ რელიგიური მოტივები ჭარბობდა, თანამედროვე ჭედურობაში უფრო მეტად ეროვნულმა მოტივებმა იჩინა თავი. თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ ძველმა ახლის დაბადება გამოიწვია... ანუ მე რაღაც უკვე არსებული გავაგრძელე - სხვანაირად, მაგრამ მაინც".
ირაკლი ოჩიაურმა პირველი ნაბიჯი გადადგა...
დაბრკოლებების მიუხედავად, ახალმა ხელოვნებამ თავისი დამფასებლები მიიზიდა... ვიღაცამ იმავეს გამეორება და ახლის შექმნა სცადა, ვიღაცამ ჭედურობა საკუთარი ცხოვრების მიზნად აქცია...
მერე კი ჭედურ ხელოვნებაში მოვიდა კობა გურული, მერე - გურამ გაბაშვილი, დიმიტრი ყიფშიძე, სხვები და სხვები... გურამ გაბაშვილის "ხევსური გოგონა", კობა გურულის "გუთნისდედა" თუ "პეტრე იბერი", ირაკლი ოჩიაურის "ფიროსმანი" თუ "ხორუმი" ახალ და განუმეორებელ ხელოვნებად მოგვევლინა.
ჭედურობა საოცრად პოპულარული გახდა. უნატიფესი ხელოვნების ნიმუშების გვერდით საინტერესო სალონური ნამუშევრებიც გაჩნდა. ჭედურობა საუკეთესო საჩუქრად ითვლებოდა. სკოლებში, შრომის გაკვეთილებზე, ბავშვებმა ჭედურობის სწავლა დაიწყეს.
ეს იყო დრო, როცა ქართულმა ჭედურობამ თავისი ადგილი და ფუნქცია დაიბრუნა. ეს იყო უძველესი ქართული ხელოვნების ახალი სიცოცხლე და აღმავლობის ხანა.
დასანანია, მაგრამ დღეს ახალგაზრდა ქართველ ხელოვანთაგან სულ უფრო ცოტა მიმართავს ამ ჭეშმარიტად ქართულ და ძირძველ ოსტატობას. საგამოფენო დარბაზებსა თუ სალონებშიც სულ უფრო იშვიათად შეხვდებით თანამედროვე ქართული ჭედურობის ნიმუშებს.
მაგრამ გენსა და სისხლში ჩარჩენილი ტრადიცია თავისას იზამს, აუცილებლად გაგრძელდება საუკუნეთა სიღრმიდან მომავალი ოსტატობის სინატიფე და სილამაზე.
ღვთის მადლით, მასწავლებლები ჯერ ისევ მხნედ გვყავს.

ეკა ქევანიშვილი